
საყლაპავი მილის თიაქარი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი, წარმოადგენს სამედიცინო მდგომარეობას, როდესაც კუჭის ნაწილი დიაფრაგმაში არსებული საყლაპავის ხვრელის გავლით გულმკერდის ღრუში გადაინაცვლებს.
დიაფრაგმა კი გუმბათის ფორმის კუნთოვან-მყესოვანი ძგიდეა, რომელიც გულმკერდისა და მუცლის ღრუებს ერთმანეთისგან გამოყოფს. დიაფრაგმის კუნთში რამდენიმე ღიობია, რომელშიც ქვემო ღრუ ვენა, აორტა და საყლაპავი გაივლის.
სწორედ ამ ერთ-ერთი ხვრელიდან გამოსვლის შემდეგ უერთდება საყლაპავი მილი კუჭს. შესაძლოა ამ უკანასკნელმა მაღლა ამოიწიოს და, საყლაპავის ხვრელის გავლით, გულმკერდში აღმოჩნდეს. სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი.
ამ დაავადების სამკურნალოდ ზოგჯერ ოპერაცია არის საჭირო და შეგიძლიათ, მდგომარეობა მედიკამენტებისა და დიეტური ცვლილებების საშუალებით მართოთ.
როგორია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის ტიპები?
ზოგადად, ამ სამედიცინო მდგომარეობის სამ ტიპს განასხვავებენ.
- დაცურებული (აქსიალური) თიაქარი: ამ დროს კუჭის ზედა ნაწილი და საყლაპავის ქვედა ნაწილი დიაფრაგმის ხვრელის გავლით გულმკერდის ღრუში გადაადგილდება. ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა და შემთხვევათა 90%-ს მოიცავს.
- პარაეზოფაგური თიაქარი: ამ შემთხვევაში საყლაპავი და მუცელი რჩება იქ, სადაც უნდა იყოს, თუმცა საყლაპავის გაფართოებულ ღიობში კუჭის ფუძე ან დიდი სიმრუდე გამოდის და ადგილს საყლაპავის გვერდით იკავებს.
- შერეული: დიაფრაგმის ხვრელის თიაქრის ეს ფორმა ზემოთ ორ ჩამოთვლილ ტიპს აერთიანებს.
როგორია დაავადების გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები?
თიაქრის გაჩენის შესაძლებლობა არსებობს მაშინ, როდესაც სხეულის სხვადასხვა ნაწილის გამყოფ ქსოვილებში სუსტი ადგილი ჩნდება — სწორედ ეს ქმნის ღიობს, რომელშიც შეიძლება თიაქარი გავიდეს. კონკრეტულად საყლაპავი მილის თიაქარი კი უკვე არსებულ ღიობში გადის, თუმცა მისი ოდნავ გაფართოებაა საჭირო იმისთვის, რომ ადამიანს ეს სამედიცინო მდგომარეობა გამოუვლინდეს.
საგულისხმოა, რომ ეს დაავადება უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, ჭარბწონიანებში და 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.
ზოგჯერ კონკრეტული დაზიანება, ოპერაცია ან თუნდაც თანდაყოლილი დეფექტი იწვევს თავდაპირველ სისუსტეს, რომელიც ქმნის თიაქარს. თუმცა უფრო ხშირად, საქმე გვაქვს კუმულაციურ ზიანთან, რაც მრავალწლიანი ყოველდღიური სტრესისა და დაძაბულობის შედეგია. ყველაფერმა, რაც მუცლის ღრუზე დამატებით ზეწოლას იწვევს, დროთა განმავლობაში შეიძლება დიაფრაგმაზე გავლენა იქონიოს. საყლაპავი მილის თიაქრის წარმოქმნის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- ქრონიკული ხველა ან ცემინება;
- ქრონიკული დაჭიმულობა დეფეკაციის აქტისას;
- ქრონიკული ჭარბწონიანობა;
- ხშირი ღებინება;
- ინტენსიური ვარჯიში ან მძიმე საგნების აწევა;
- ორსულობა და მშობიარობა.
რაც შეეხება სიმპტომებს, თუ მხოლოდ აქსიალური თიაქარი გაქვთ, სავარაუდოდ, მას საერთოდ ვერ იგრძნობთ და გარედან ამობერილობასაც ვერ დაინახავთ.
ადამიანთა უმეტესობას არასოდეს უვლინდება საყლაპავი მილის თიაქრის ნიშნები, მაგრამ სიმპტომების მქონე პაციენტების უმრავლესობის შემთხვევაში ეს დაკავშირებულია გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებასთან (GERD — Gastroesophageal reflux disease). სიმპტომებს შორის არის:
- გულძმარვა;
- გულმკერდის არაგულისმიერი ტკივილი;
- საჭმლის მონელების დარღვევა;
- ბოყინი და სლოკინი;
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია);
- ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩა.
საყლაპავი მილის თიაქრით დაავადებულ ყველა ადამიანს GERD არ აქვს და არც პირიქით. თუმცა, თუ ახლახან შენიშნეთ, რომ ეს სიმპტომები სულ უფრო ხშირია, შესაძლოა, ეს ორი სამედიცინო მდგომარეობა ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს.
დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის სხვა შესაძლო გამაფრთხილებელი ნიშნები შეიძლება იყოს:
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება;
- ქოშინი;
- ზეწოლა ან ტკივილი მუცლის ზედა ან გულმკერდის ქვედა არეში.
მეტად სავარაუდოა, რომ ეს სიმპტომები უფრო დიდი პარაეზოფაგური თიაქრის შემთხვევაში გამოვლინდეს.
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარმა?
ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი იწვევს ქრონიკული გასტროეზოფაგური რეფლუქსია. ამ უკანასკნელმა შეიძლება დროთა განმავლობაში დააზიანოს საყლაპავი, თუ ის მძიმე ფორმებშია გამოხატული და მედიკამენტები მასთან სათანადოდ გამკლავებას ვერ ახერხებს.
GERD-ის გართულებებს შორის შეიძლება იყოს:
- ეზოფაგიტი. საყლაპავის ლორწოვანის ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს და დისკომფორტს ყლაპვის დროს. ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს წყლულები და სისხლდენა.
- საყლაპავის სტრიქტურა (შევიწროება). ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება საყლაპავის ქსოვილებზე ნაწიბურები გააჩინოს. ამის შედეგი კი ხშირად ყლაპვის პროცესში ჩართული კუნთების ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა და საყლაპავის შევიწროებაა.
- ბარეტის საყლაპავი. შესაძლოა, ქრონიკულმა ანთებამ საბოლოოდ გამოიწვიოს საყლაპავის ამომფენი ქსოვილის ცვლილებები, რასაც ბარეტის საყლაპავი ეწოდება. ეს მდგომარეობა თავისთავად საზიანო არ არის, მაგრამ ის კიბოსწინარედ ითვლება.
უფრო იშვიათად, საყლაპავი მილის თიაქარმა შეიძლება სხვა სახის გართულებებამდეც მიგვიყვანოს — როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როდესაც საქმე გვაქვს დაავადების ნაკლებად გავრცელებულ ტიპებთან.
როგორ მკურნალობენ დაავადებას?
საგულისხმოა, რომ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი თავისით არ ქრება. როგორც წესი, დროთა განმავლობაში ის უარესდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი თიაქარი აუცილებლად პრობლემებს შეგიქმნით. თუ თქვენს შემთხვევაში ეს სამედიცინო მდგომარეობა არანაირ სიმპტომს არ იწვევს, შეიძლება მისი მკურნალობა არც დაგჭირდეთ.
თუმცა, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, შეგიძლიათ ელოდოთ მის გაგრძელებას და შესაძლო გაუარესებას. შეგიძლიათ, გასტროეზოფაგური რეფლუქსის მსუბუქი მდგომარეობა მედიკამენტების საშუალებით მართოთ, მაგრამ უფრო მძიმე შემთხვევისას, სავარაუდოდ, ქირურგიული ჩარევა დაგჭირდებათ.
ექიმი საფუძვლიანად შეაფასებს თქვენი თიაქრის ბუნებას, გასტროეზოფაგურ რეფლუქსს და სიმპტომებს, რათა თქვენთვის საუკეთესო გრძელვადიანი მკურნალობის მიდგომის დადგენაში დაგეხმაროთ. ვარიანტები შემდეგია:
ლოდინი და მონიტორინგი. თუ საყლაპავი მილის თიაქარი გაქვთ, მაგრამ არ გაწუხებთ, შეიძლება მკურნალობა არ დაგჭირდეთ. თუმცა ექიმმა მდგომარეობს თვალი უნდა ადევნოს — სავარაუდოა, რომ დროთა განმავლობაში თიაქარი ზომაში მოიმატებს.
მედიკამენტების გამოყენება
პრეპარატების მიღება გასტროეზოფაგურ რეფლუქსს ვერ შეაჩერებს, თუმცა ისინი კუჭში მჟავის შემცველობის შემცირებაში დაგეხმარებათ. ეს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს ნაკლებად საზიანოს ხდის და მასთან დაკავშირებულ ტკივილს ამსუბუქებს.
გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობასთან ერთად უნდა შეცვალოთ ცხოვრების წესიც, მოაწესრიგოთ ძილისა და კვების რეჟიმი.
ამ სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესებაში შემდეგი რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ:
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა — ხანდახან სიმპტომების გასაქრობად ესეც კი საკმარისია;
- ხშირად და მცირე ულუფებით მიირთვით — ეს საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ კუჭის გადავსება;
- დღეში 5-6-ჯერ მიირთვით და საკვების უმეტესი ნაწილი დღის პირველ ნახევარში მიიღეთ;
- მოერიდეთ საკვებს, რომელიც ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას;
- კვების ბოლო პორცია დაძინებამდე 3 საათით ადრე მიიღეთ;
- ერიდეთ სიმძიმეების აწევას;
- თუ შებერილობა ან შეკრულობა გაწუხებთ, აუცილებლად იმკურნალეთ;
- არ მოიხმაროთ თამბაქო;
- ჭამის შემდეგ არ წამოწვეთ;
- ძილისას თქვენი წოლის პოზიცია დაარეგულირეთ — თავი მაღალ სასთუმალზე დადეთ, დაახლოებით 30 გრადუსით დახრილი კუთხით. ამასთან მარცხენა მხარზე წოლა ძილის დროს რეფლუქსის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ;
- მჭიდრო ტანსაცმელი არ ჩაიცვათ და ქამარსაც ნუ მოიჭერთ — ეს ყველაფერი რეფლუქსს ხელს უწყობს.
ოპერაცია
მცირე ქირურგიულ პროცედურას შეუძლია, თქვენი მდგომარეობა გამოასწოროს. ქირურგია ყველასთვის შესაფერისია, თუმცა ის ყველას არ სჭირდება.
ექიმი რეკომენდაციას უწევს საყლაპავი მილის თიაქრის ოპერაციას მაშინ, როდესაც:
- ის იწვევს სიმპტომებს ან გართულებებს, რომლებსაც მედიკამენტები ვერ შველის;
- პრეპარატები იწვევს გვერდით მოვლენებს, რომლებიც ზემოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე ან ცხოვრების ხარისხზე;
- თიაქარი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ სერიოზული გართულებების რისკი შექმნას.
საყლაპავი მილის თიაქრის ოპერაციას ფუნდოპლიკაცია ეწოდება. აღსანიშნავია, რომ მისი ჩატარება შესაძლებელია ლაპარასკოპიულადაც — ეს პაციენტისთვის ძალიან ხელსაყრელია ვარიანტია, რადგან სხეულზე მცირე განაკვეთები კეთდება, ამასთან სარეაბილიტაციო პერიოდი ხანმოკლეა.
ჩვეულებრივ, ოპერაციის ჩატარებიდან 2-3 დღეში ექიმი პაციენტს სახლში წასვლის უფლებას აძლევს. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში სპეციფიკური დიეტის დაცვაა აუცილებელი — ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი, როგორც წესი, კვებაზე შეზღუდვა იხსნება.
საგულისხმოა, რომ ამ ოპერაციის შემდეგ შეიძლება პაციენტმა წონაში დაიკლოს (დაახლოებით 4.5-7კგ) და ამაში უჩვეულო არაფერია.
შესაძლოა, ფუნდოპლიკაციიდან 2 თვის განმავლობაში, პაციენტი ყლაპვის გაძნელებამაც შეაწუხოს, თუმცა ესეც ნორმალურია.
გაფრთხილება: ამ ოპერაციის შემდეგ იკრძალება მძიმე საგნების აწევა, რადგან ამან შეიძლება ავადმყოფობის შებრუნება გამოიწვიოს.
რაც შეეხება ფუნდოპლიკაციის ეფექტიანობას, აღსანიშნავია, რომ ის 90%-ს აღწევს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account