
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, “ჭარბწონიანობა და სიმსუქნე განისაზღვრება, როგორც ცხიმის არანორმალური ან გადაჭარბებული დაგროვება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას”.
სხეულის მასის ინდექსი (სიმაღლესა და წონას შორის ფარდობა) კი გვეუბნება, რომ თუკი ეს რიცხვი 25-ს აჭარბებს, ეს ჭარბ წონად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამავე ინდექსით სიმსუქნე 30 და უფრო დიდ მაჩვენებელს ეწოდება. ისევ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რომ დავეყრდნოთ, 2019 წელს გარდაცვალებების დაახლოებით 5 მილიონი შემთხვევა სხეულის მაღალი მასის ინდექსით, ან სიმსუქნის დაავადებით, იყო გამოწვეული.
ორგანიზაცია გვამცნობს, რომ ეს მაჩვენებლები მსოფლიო მასშტაბით იზრდება მოზრდილებშიც და ბავშვებშიც. მათი სტატისტიკით, 1990 წლიდან 2022 წლამდე, სიმსუქნე ბავშვებში 5-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გაიზარდა 2%-დან 8%-მდე გლობალურად, ხოლო 18 წელს გადაცილებული ჭარბწონიანი მოზრდილების რიცხვი გაიზარდა 16%-მდე.
სიმსუქნის გამომწვევი მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებულია არასწორი კვება, მალნუტრიცია და ცხოვრების არაჯანსაღი წესი.
რატომაა სიმსუქნე პრობლემური?
ეს მდგომარეობა არა მხოლოდ ვიზუალური დისკომფორტია, არამედ სიმსუქნე დაავადებაცაა, რომელიც ზრდის სერიოზული გართულებების რისკს. ასეთი გართულებები მოიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს, მაღალი წნევას, მორბიდულ სიმსუქნესა და გარკვეულ სახის სიმსივნეებსაც კი.
გარდა ამისა, მდგომარეობა პრობლემურია, რადგან სიმსუქნის მკურნალობა საკმოად კომპლექსურია - ეს შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტურ ჩარევას, ქირურგიას, ცხოვრების წესში მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სხვას.
რა იწვევს სიმსუქნეს?
სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები, როგორც უკვე ვთქვით, მრავალფეროვანია და მოიცავს გენეტიკურ, ჰორმონალურ, ქცევით და გარემო ფაქტორებს. გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს: მშობლებისგან გადაცემული გენი გავლენას ახდენს სხეულში ცხიმის რაოდენობაზე, მის განაწილებასა და კვებით მოთხოვნილებებზე. თუმცა, უნდა გვახსოვდეს - გენეტიკა მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია.
გარდა ამისა, გავლენას ახდენს ქვემოთ მოყვანილი პირობები:
- ცხოვრების წესი: მაღალკალორიული საკვების მოხმარება, ნაკლებად აქტიური ცხოვრება და დაუბალანსებელი დიეტა სიმსუქნის უმთავრესი გამომწვევებია. ცხიმის დონე სიმსუქნის დროს სისხლში იმატებს, რაც უფრო მეტად აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იწვევს სისხლძარღვოვან დაავადებებს, ან მათ გართულებას.
- სტრესი და ჰორმონები: სტრესის დროს ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნის ე.წ. სიმსუქნის ჰორმონს, კორტიზოლს - ის კი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით მუცლის არეში. საბოლოოდ ეს აბდომინალური სიმსუქნის მთავარი მიზეზია.
- ინაქტიური ცხოვრება: ნაკლები ფიზიკური აქტივობა, ჭარბი დრო ეკრანებთან და თანამედროვე ცხოვრების მოტანილი სხვა ყოველდღიურობები, როგორიცაა ლიფტების მოხმარება და ავტომობილები, მნიშვნელოვნად ამცირებს კალორიების წვას. ეს კი მიღებული ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს.
ერთმანეთთან კავშირში შეიძლება იყოს ჰიპოთირეოზი და სიმსუქნე. ეს დაავადება იწვევს ორგანიზმში მეტაბოლიზმის შენელებას, რაც, თავის მხრივ, წონის მატების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა ყოველთვის გამოიწვევს სიმსუქნეს და არც იმას, რომ ჭარბწონიან ადამიანს აუცილებლად აქვს ჰიპოთირეოზი. თუმცა, ამის გადამოწმება ყოველთვის კარგი იდეაა - თუკი უეცრად წონაში მოიმატეთ, შესაძლოა, პრობლემა სწორედ ფარისებრი ჯირკვალი იყოს.
როგორია სიმსუქნის კლასიფიკაცია და მისი დიაგნოსტირება?
სიმსუქნის დასადგენად ყველაზე ხშირად გამოიყენება სხეულის მასის ინდექსი (BMI). როგორც აღვნიშნეთ, ეს არის ჩვენი წონის ფარდობა სიმაღლესთან. მაგალითად, თუკი ხართ 1.71მ სიმაღლის, ხოლო თქვენი წონა არის 65კგ, BMI-ის შემდეგნაირად დაითვლით:
წონა/სიმაღლე კვადრატში, ამ შემთხვევაში 65/1.71*1.71=22.229
ეს ნიშნავს, რომ თქვენი წონა ითვლება ჯანმრთელი ადამიანის წონად.
ჭარბ წონად და სიმსუქნედ განისაზღვრება მაჩვენებელი 25-დან. სიმსუქნის კლასიფიკაცია კი BMI-ის მიხედვით შემდეგნაირია:
- ჭარბი წონა - BMI 25-29.9
- პირველი ხარისხის სიმსუქნე: BMI 30-35.
- მეორე ხარისხი: BMI 35-40.
- მესამე ხარისხის სიმსუქნე: BMI 40-ზე მეტი. მეორენაირად ამას მორბიდული სიმსუქნეც ჰქვია, რომელსაც ასევე "კლინიკურად მძიმე სიმსუქნესაც" უწოდებენ.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ BMI მხოლოდ ზოგადი სურათის მოცემას ახერხებს. მაგალითად, არსებობს ვისცერალური სიმსუქნე, რომელიც მოიცავს შინაგან ორგანოებზე ცხიმის დაგროვებას - ეს კი ხშირად არ ჩანს მხოლოდ BMI-ის შეფასებით. ასეთ შემთხვევებში დამატებით გამოიყენება წელის გარშემოწერილობის საზომი. წელის ზომის 40 ინჩზე (102 სმ-ზე) მეტი მამაკაცებში და 35 ინჩზე (89 სმ-ზე) მეტი ქალებში გულის დაავადებებისა და დიაბეტის რისკს აორმაგებს.
ზემოქმედება ჯანმრთელობაზე
სიმსუქნე გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმში მოქმედ ყველა სისტემაზე. ის ზრდის სხვადასხვა სერიოზული დაავადების რისკს. ეს შეიძლება იყოს:
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: მაღალი წნევა და ქოლესტერინის მაღალი დონე სიმსუქნესთან მჭიდროდ შეიძლება იყოს დაკავშირებული.
- დიაბეტი: სიმსუქნე ამცირებს ორგანიზმის უნარს, ნორმალურად მოიხმაროს ინსულინი, რაც იწვევს II ტიპის დიაბეტს.
- ძილის პრობლემები: ჭარბწონიანობა ხელს უწყობს სუნთქვის პრობლემების გაჩენას ძილში, რაც საბოლოოდ მის ხარისხზეც მოქმედებს.
- ოსტეოართრიტი: სიმსუქნე ზრდის დატვირთვას სახსრებზე, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესები, ტკივილი და დისკომფორტი.
- ღვიძლის გაცხიმოვნება კიდევ ერთი პრობლემაა, რაც სიმსუქნეს შეიძლება სდევდეს თან. შედეგად კი ღვიძლში ზედმეტი ცხიმის დაგროვება შეიძლება სერიოზული დაზიანების მიზეზიც გახდეს.
- ფერტილობა: სიმსუქნე და უნაყოფობა ასევე არის ერთმანეთთან კავშირში, რადგან ჭარბი წონა რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.
როგორ შეგვიძლია სიმსუქნის მკურნალობა ან პრევენცია
სიმსუქნის მკურნალობა თუ პრევენცია მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მოიცავს მრავალ ასპექტს, დაწყებული ჯანსაღი კვებით, ზოგ შემთხვევაში სამედიცინო ჩარევითაც.
პირველ რიგში, ეს არის დაბალანსებული კვება - მივიღოთ ნაკლები არაჯანსაღი ცხიმი, მეტი ბოსტნეული და ხილი, ცხოველური და მცენარეული ცილა.
ამას უნდა დავუმაროთ ფიზიკური აქტივობის ზრდა. უმრავლესობისთვის ცხოვრების წესი არააქტიურია, რაც დიდხანს ჯდომასა და ნაკლებ მოძრაობას გულისხმობს. ამიტომაც, დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად დადიხართ ფეხით, ვარჯიშობთ და სხეულს მოდუნების საშუალებას არ აძლევთ.
გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მედიკამენტოზური ჩარევაც გახდეს საჭირო - უმეტესწილად ეს მაშინ ხდება, როცა კვებისა და აქტივობის კორექტირება საკმარისი არ არის. სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატებიდან ერთერთია ორლიპი - ქართული წარმოების წამალი, რომელიც ექიმის რეცეპტით გაიცემა და ცხიმების დაშლას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, სიმსუქნის წინააღმდეგ გამოიყენება ქირურგიული ჩარევებიც - ბარიატრიული ოპერაციები, როგორც წესი, მორბიდული სიმსუქნის საწინააღმდეგოდ ტარდება.
სიმსუქნის პრობლემა საქართველოში
სიმსუქნე საქართველოშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტის, „სიმსუქნის პრევენციის სტრატეგია საქართველოში" მიხედვით, „სიმსუქნე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. არაჯანსაღი კვება და დაბალი ფიზიკური აქტივობა მთავარი რისკ-ფაქტორებია ისეთი მნიშვნელოვანი არაგადამდები დაავადებებისათვის, როგორიცაა კარდიო-ვასკულური დაავადებები, სიმსივნე და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2".
სიმსუქნე მოზარდებში და ბავშვებში უფრო და უფრო გავრცელებულ პრობლემად იქცევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ზრდამ და ინაქტიურმა ცხოვრების სტილმა ამ პრობლემას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის ერთობლივ ფორუმზე 2024 წლის 20 ნოემბერს საერთაშორისო ექსპერტებმა განაცხადეს, რომ საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა, როგორც WHO-ის ევროპის რეგიონულ მონაცემებში, ასევე მთელ მსოფლიოში. ათი ზრდასრული ადამიანიდან ექვსზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის სამი კი მსუქანი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account