საკვერცხის კისტა: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

საკვერცხის კისტა (ცისტა) არის თხელი გარსის მქონე ტომრის მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება სავსე იყოს სითხით, აირით, სისხლით ან ლორწოთი. ის შეიძლება წარმოიქმნას ერთი ან ორივე საკვერცხის ზედაპირზე. 

საკვერცხეები არის ქალის წყვილი ორგანო, რომლებშიც ხდება რეპროდუქციული უჯრედების მომწიფება და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებაზე. 

როგორც წესი, საკვერცხის კისტა კეთილთვისებიანი ბუნებისაა, თუმცა უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლებელია თავი იჩინოს კისტის გასკდომამ, გადაგვარებამ და ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა ტიპის გართულებებმა.

რა ტიპის საკვერცხის კისტები არსებობს?

საკვერცხის კისტები წარმოიქმნება ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების საპასუხოდ. მედიცინაში გამოყოფენ საკვერცხის კისტების რამდენიმე ტიპს, რომლებიც ორ ძირითად ჯგუფში ერთიანდებიან:

  • ფუნქციური კისტები – საკვერცხეების კისტების ყველაზე გავრცელებული ტიპი. ამ ტიპის კისტები მენსტრუალური ციკლის ნაწილია და მალევე ქრება.

 

  • პათოლოგიური კისტები – ამ ტიპის კისტები შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი.

 

ფუნქციური კისტები

ფუნქციური კისტები არის საკვერცხის კისტის ყველაზე გავრცელებული ტიპი და არ არის დაკავშირებული რამე ტიპის ჯანმრთელობის სირთულეებთან. ისინი წარმოიქმნებიან ოვულაციის (საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების პროცესი) შედეგად. ფუნქციური კისტების არსებობა არის იმის ნიშანი, რომ  საკვერცხეები ჯანსაღად ფუნქციონირებენ. 

ფუნქციური კისტები თავის მხრივ ორი ტიპისაა:

  • ფოლიკულური კისტები - საკვერცხის კისტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ქალის საკვერცხე თვეში ერთ კვერცხუჯრედს ათავისუფლებს, რომელიც მიემართება საშვილოსნოსკენ და განაყოფიერების შემთხვევაში ჩაინერგება საშვილოსნოს შიდა გარსში (ენდომეტრიუმში). კვერცხუჯრედი თავდაპირველად მოთავსებულია ფოლიკულში, რომელიც სითხითაა სავსე. კვერცხუჯრედის მომწიფებისას, წესით, ფოლიკული უნდა გასკდეს, მაგრამ ზოგჯერ ის ან არ სკდება და კვერცხუჯრედს არ ათავისუფლებს, ან კვერცხუჯრედის გამოსვლისას არ ღვრის შიგთავსს და ყალიბდება საკვერცხის ფოლიკულური კისტა. როგორც წესი, ასეთი კისტები თავისით გაიწოვება რამდენიმე კვირაში.

 

  • ლუთეინური (ყვითელი სხეულის) კისტები - ზოგჯერ ფოლიკულის გასკდომის შემდეგ დარჩენილ ლუთეინურ სხეულში (პოსტოვულაციური ე.წ. ყვითელი სხეული) ხდება სისხლის დაგროვება. ამ ტიპის კისტები რამდენიმე თვეში თავისით ქრება, თუმცა შეიძლება გასკდეს და უეცარი ტკივილი გამოიწვიოს.

პათოლოგიური კისტები

საკვერცხის ყველა კისტა არ წარმოიქმნება მენსტრუალური ციკლის საპასუხოდ. ფუნქციური კისტების გარდა საკვერცხეების ზედაპირზე შეიძლება წარმოიქმნას პათოლოგიური კისტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გართულებები.

  • ცისტადენომა - ცისტადენომა ვითარდება უჯრედებისგან, რომლებიც გარედან ფარავს საკვერცხეს. იგი შეიძლება შეიცავდეს სქელ ლორწოვან ნივთიერებას ან სითხეს. ცისტადენომა საკვერცხეზე გარედანაა მიმაგრებული ფეხით და შეიძლება გაიზარდოს ძალიან დიდი ზომის. ამიტომაც აუცილებელია ქირურგიული ჩარევა და მისი მოშორება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ავთვისებიანი არაა.

 

  • დერმოიდული კისტები (ტერატომები) - დერმოიდული კისტები შედგება ღეროვანი უჯრედებისგან, რომლებიც ქმნიან ადამიანის სხეულის ყველა ტიპის ქსოვილს. შესაბამისად, დერმოიდული ტიპის საკვერცხის კისტაში შესაძლოა შეგვხვდეს თმა, კანი, ძვალი და ზოგჯერ კბილიც კი. დემოიდული კისტა, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანია, თუმცა აუცილებელია მისი მკურნალობა ქირურგიული ჩარევით.

 

  • ენდომეტრიული კისტები - იგივეა, რაც საკვერცხის ენდომეტრიოზი/ენდომეტრიომა. ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა ქსოვილი (ენდომეტრიუმი) გვხვდება საშვილოსნოს გარეთ. მათ შორის, შეიძლება შეგვხვდეს საკვერცხეზეც ენდომეტრიოიდული კისტის სახით. მას ყოველთვიურად ახასიათებს ჩამოფცქვნა და სისხლდენა. შესაბამისად, ენდომეტრიულ კისტას თან ახლავს მტკივნეული მენსტრუაცია და დისპარეუნია (მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი).

 

  • საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი - ჰორმონული დისბალანსის შედეგად გამოწვეული სინდრომი, რომლის ფონზეც საკვერცხეებში ყალიბდება  ფოლიკულები, რომლებიც არ სკდება და რჩება კისტების სახით.

 

  • საკვერცხის კიბო - კისტები (სიმსივნური წარმონაქმნები), კიბოს უჯრედების მყარი მასები.

რატომ და როდის ჩნდება საკვერცხის კისტა?

საკვერცხის კისტის წარმოქმნა სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება, თუმცა ძირითადი მიზეზები შემდეგია:

საკვერცხის კისტების მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ოვულაცია. თუმცა საკვერცხის კისტებს შეიძლება ჰქონდეს სხვა გამომწვევი მიზეზებიც:

  • ატიპური უჯრედების წარმოქმნა - ატიპური უჯრედების განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს კისტების წარმოქმნა. მაგალითად, ასეთი კისტებია: დერმოიდული კისტები და ცისტადენომა.

 

  • ენდომეტრიოზი - დაავადება, რომლის დროსაც საშვილოსნოს შიგნითა ქსოვილი (ენდომეტრიუმი) გვხვდება საშვილოსნოს გარეთ. მათ შორის, შეიძლება შეგვხვდეს საკვერცხეზეც ენდომეტრიოიდული კისტის სახით.

 

  • მენჯის ანთებითი დაავადება (PID) - მენჯის მძიმე ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეებში კისტების წარმოქმნა.

საკვერცხის კისტა ძირითადად რეპროდუქციულ (ასაკი, როდესაც ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ძირითადად 15-დან 44 წლამდე) ასაკში მყოფ ქალებს უვითარდებათ.

საკვერცხის კისტა და ორსულობა

საკვერცხის კისტა ხშირად წარმოიქმნება ორსულობის პერიოდში და ნარჩუნდება ორსულობის დროსაც. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ის იშვიათად, თუმცა მაინც შეიძლება იქცეს დაორსულების ხელისშემშლელ ფაქტორად. 

თუკი საკვერცხის კისტა დიდი ზომისაა ან განვითარებულია საკვერცხის გარკვეულ უბნებში, ამან შეიძლება გაართულოს კვერცხუჯრედის საშვილოსნოში შეღწევა. მოზრდილმა ან მრავლობითმა კისტებმა კი შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ორსულობის პერიოდში, მაგალითად: ნაყოფის არასწორი პოზიცია, ნაადრევი მშობიარობა, მშობიარობის გართულება და ა.შ. 

გასათვალისწინებელია, რომ საკვერცხის კისტების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგთან კონსულტაცია, ორსულობის დაგეგმვა და ორსულობის პროცესის მონიტორინგი.

რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას

საკვერცხის კისტის სიმპტომებზე საუბრისას, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ტიპის ან პატარა ზომის კისტებმა შესაძლოა არც კი გამოიწვიონ სიმპტომები. 

ზოგადად, საკვერცხეზე კისტის არსებობას შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგი სიმპტომები:

  • მოვლითი ტკივილი მენჯის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს წელისა და თეძოების მიდამოებს;

 

  • სისხლდენა საშვილოსნოდან, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან;

 

  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მტკივნეული, ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია;

 

  • ქაჩვითი ან ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა არეში;

 

  • დისპარეუნია – ტკივილი სქესობრივი აქტი დროს ან მის შემდეგ;

 

 

  • სისხლის მიმოქცევის გაძლიერება სარძევე ჯირკვლებში;

 

  • გახშირებული შარდვა;

 

  • ტკივილი დეფეკაციის (კუჭში გასვლა) დროს;

 

  • მაღალი ტემპერატურა;

 

  • მუცლის მოცულობის გაზრდა (დიდი ზომის კისტოზური სიმსივნის არსებობის დროს);

 

  • ზოგიერთ შემთხვევებში წონაში მატება;

 

  • დაორსულებასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ მდგომარეობამ?

საკვერცხის კისტა, როგორც წესი, კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და შეიძლება თავისით გაიწოვოს. თუმცა მას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული სახის გართულებები. კერძოდ:

  • შემოგრეხვა – თუ კისტა წვრილი ღეროთია დაკავშირებული საკვერცხესთან, ის შეიძლება შემოიგრიხოს, შედეგად ირღვევა საკვერცხის სისხლით მომარაგება, ეს კი მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს იწვევს.

 

  • გასკდომა – საკვერცხის კისტის გასკდომას ახასიათებს ძლიერი ტკივილი. ინფიცირების შემთხვევაში ტკივილი გაძლიერდება. გასკდომას შეიძლება ახლდეს სისხლდენაც.

 

  • საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე – იშვიათად, თუმცა მაინც, საკვერცხის კისტა შეიძლება იყოს საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის საწყისი ფორმა.

როგორ ხდება დიაგნოსტირება

როგორც წესი, საკვერცხის კისტის დიაგნოსტირება იწყება გინეკოლოგის მიერ პაციენტის ვიზუალური დათვალიერებითა და სიმპტომების გამოკითხვით. დიაგნოზის დასმისთვის გინეკოლოგი აუცილებლად მოითხოვს სხვადასხვა ანალიზის/პროცედურის შედეგებს.

ეს ანალიზები/პროცედურებია:

  • სისხლის ანალიზები – ონკოლოგიური მარკერები CA-125 და ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა. 

 

  • ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) – განისაზღვრება კისტის ფორმა, ზომა, მდებარეობა, შემადგენლობა (სითხის შემცველი, მკვრივი ან შერეული).

 

  • ორსულობის ტესტი - შეიძლება იძლეოდეს მცდარ დადებით შედეგს, განსაკუთრებით ლუთეინური წარმოშობის კისტების შემთხვევაში.

 

  • ლაპარასკოპია - დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი. თუმცა ლაპარასკოპია ძირითადად გამოიყენება მაშინ, თუ კისტა დიდი ზომისაა ან აუცილებელია მისი ამოკვეთა.

როგორ მკურნალობენ საკვერცხის კისტას ან როგორ შეგვიძლია მისი პრევენცია

საკვერცხის კისტის მკურნალობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: კისტის ზომა და ტიპი, რეპროდუქციული ასაკი, გამოვლენილი სიმპტომები.

არსებობს საკვერცხის კისტის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი/ტაქტიკა:

  • მოცდის ტაქტიკა - თუკი საკვერცხის კისტა აღმოგაჩნდა, გინეკოლოგმა შეიძლება შემოგთავაზოს მოცდის ტაქტიკა და ექოსკოპიის გამეორება 1-3 თვეში, რათა გადაამოწმოს კისტის ზომის ცვლილება. 

 

  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (კონტრაცეპტივები) - ამცირებს ახალი კისტის განვითარების შანსს და უკვე არსებული კისტების ზრდის პროცესს.

 

  • ქირურგიული ჩარევა - ორი სახის ქირურგიული ჩარევა გამოიყენება საკვერცხის კისტების სამკურნალოდ: ლაპარასკოპია და ლაპარატომია.

ლაპარასკოპია – კეთდება ორი პატარა ნახვრეტი მუცლის ქვედა ნაწილში და ერთი ჭიპთან, წვრილი ინსტრუმენტით (ლაპარასკოპით) შედიან მუცლის ღრუში და ათვალიერებენ საშვილოსნოს და მის დანამატებს, იღებენ კისტას და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ამოკვეთონ საკვერცხეც.

 

ლაპარატომია – კეთდება მოზრდილი განაკვეთი მუცლის ქვედა ნაწილში. ამ მეთოდს ღია წესით ოპერაციასაც უწოდებენ. პროცედურა ტარდება იმ შემთხვევებში, თუ ეჭვია საკვერცხის კიბოზე, ან კისტა ძალიან დიდი ზომისაა. ოპერაციული მასალა ყველა შემთხვევაში იგზავნება ლაბორატორიაში ჰისტომორფოლოგიური კვლევისათვის, რის საფუძველზეც კეთდება რეპროდუქციულ ორგანოებში მიმდინარე პროცესების და ანომალიების ანალიზი. 

საკვერცხის კისტის პრევენციისთვის შეგიძლიათ პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, გაიკეთოთ ექოსკოპია და ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინოთ კისტა. იმ შემთხვევაში თუკი აღმოგაჩნდებათ მცირე ზომის კისტა, შესაძლებელი იქნება მისი მართვა და იგი დაექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას.