
პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის მენოპაუზა. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მენოპაუზა ის ეტაპია ქალების ცხოვრებაში, როცა მენსტრუალური ციკლი წყდება და ორგანიზმი კვერცხუჯრედს აღარ გამოიმუშავებს.
მენოპაუზის სამედიცინო დიაგნოზი ბოლო მენსტრუალური პერიოდიდან 12 თვეში დაისმება. ეს პერიოდი ქალებში, როგორც წესი, 40-დან 60 წლამდე დგება ხოლმე.
როგორ ამოვიცნოთ მენოპაუზა? - სიმპტომები
ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ცხადია, შესაბამისი ჩვენებების გარეშე არ ჩაივლის. მაშ, რა სიმპტომები ახასიათებს მენოპაუზას?
მენოპაუზის სიმპტომები, პირველ რიგში, მენსტრუალურ ციკლთან ასოცირდება. თუმცა, თავად ამ ეტაპის დადგომამდე ქალი გადის ე.წ. ტრანზიციას, ან პერიმენოპაუზას (მენოპაუზის წინა პერიოდს).
გარდამავალ პერიოდში საკვერცხეების მიერ წარმოქმნილი ჰორმონების რაოდენობა იცვლება. ეს პერიოდი შეიძლება 2-დან 8 წლამდე გრძელდებოდეს, თუმცა, საშუალო დროდ 4 წელია მიჩნეული. ამ დროს მენოპაუზის სიმპტომები შეიძლება იყოს:
- არარეგულარული მენსტრუალური პერიოდები;
- ვაგინალური სიმშრალე;
- უეცარი სიცხის შეგრძნებები;
- ოფლიანობა ღამით;
- განწყობის ცვლილება;
- მახსოვრობის პრობლემები, ე.წ. ტვინის ნისლი.
ადამიანებში მენოპაუზის დაწყების ნიშნები განსხვავებულად ვლინდება. რაც ყველაზე ხშირად მეორდება, არის მენსტრუალური პერიოდის არარეგულარული ხასიათი.
ხშირია მენოპაუზისა და გარდამავალი პერიოდის ერთმანეთში არევა. სწორედ ამიტომ ბევრ ქალს შეიძლება ეგონოს, რომ აქვს ე.წ. ჭარბი მენსტრუაცია მენოპაუზის დროს, გახშირებული მენსტრუალური პერიოდები. თუმცა, სანამ მენსტრუალური ციკლი არ შეწყდება, მენოპაუზის დადგომაზე საუბარი ნაადრევია.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ნორმალურია პერიმენოპაუზურ პერიოდში ციკლის არევა, რამდენიმე თვის ჩაგდება და შემდეგ აღდგენა. მენსტრუალური პერიოდები შეიძლება უფრო მოკლეც გახდეს და პერიოდებს შორის სხვაობაც შემცირდეს. თუმცა, რაც უფრო ახლოა მენოპაუზა, პერიოდებს შორის დრო უფრო და უფრო იზრდება მათ დასრულებამდე.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ხშირია მითები და არასწორი წარმოდგენა არსებობს, მენოპაუზის დროს ორსულობაა. მეცნიერულად წარმოუდგენელია, მენოპაუზა და ორსულობა თანაარსებობდეს, რადგან მენოპაუზის დროს კვერცხუჯრედების წარმოქმნა წყდება. ის, რასაც მენოპაუზის დროს დაორსულებას ვეძახით, რეალურად ზემოხსენებულ გარდამავალ პერიოდში დამდგარი ფეხმძიმობაა.
სწორედ ამიტომ, თუკი პერიმენოპაუზურ პერიოდს გადიხართ და სექსუალურად აქტიურიც ბრძანდებით, მენსტრუალური ციკლის ჩავარდნის შემთხვევაში ჩაიტარეთ ორსულობის ტესტი, რათა ორსულობის შესახებ დამაჯერებელი პასუხი გქონდეთ.
გარდა ზოგად ცვლილებებზე დაკვირვებისა, შესაძლოა, გამოიყენოთ ე.წ. მენოპაუზის ტესტი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა ხელმისაწვდომი. ეს კომპლექტი ორსულობის ტესტის მსგავსად გამოიყენება და შარდში ჰორმონების საშუალებით ადგენს, მენოპაუზის რა ეტაპზე შეიძლება იყოს თქვენი ორგანიზმი.
შესაძლებელია თუ არა მენოპაუზის შეჩერება
ეს საკმაოდ ხშირად დასმული კითხვაა. მენოპაუზის შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ცხადია, არსებობს გარკვეული სამედიცინო ჩვენებები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუმცა ასაკობრივად დამდგარი პერიოდის მხოლოდ მართვა არის შესაძლებელი და მენოპაუზის „სამკურნალო” წამალი, როგორც ასეთი, არ არსებობს.
გამომდინარე იქიდან, რომ პერიმენოპაუზური პერიოდი და შემდეგ მენოპაუზაც მთელ რიგ გართულებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, სჯობს, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, რომელიც შესაბამის სამედიცინო რჩევებს მოგცემთ და პროცესის მართვას გასწავლით.
მაგალითად, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პროცესში ჰორმონალური თერაპია ან სხვა სახის მედიკამენტური ჩარევა. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი შეიძლება იყოს დოპელჰერცი.
რა ვიცით მის შესახებ? - მას ხშირად მენოპაუზის წამლის სახელით მოიხსენიებენ, თუმცა, ცხადია, ის არაფრისგან არ "განგკურნავთ". პრეპარატი „დოპელჰერცი მენოპაუზა" არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს პრე, მენო, და პოსტმენოპაუზურ პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს. მდიდარია ისეთი ნივთიერებებითა და ვიტამინებით, როგორიცაა სოიოს იზოფლავონოიდები, B და D ვიტამინებითა და კალციუმით.
გერმანული წარმოების ეს მედიკამენტი (მენოპაუზის წამალი) ერთდროულად მოქმედებს ჰორმონებზეც და პრე, მენო, და პოსტმენოპაუზის პერიოდში მიმდინარე ცვლილებებს ამარტივებს, ამავდროულად კი შეიცავს იმ ვიტამინებსა და საჭირო ნივთიერებებს, რომლებიც ნერვულ და ძვალ-სახსროვან სისტემაზე, კონცენტრაციასა და ქმედუნარიანობაზე დადებითად მოქმედებს.
მენოპაუზა ტაბლეტის სმასთან არ უნდა გავაიგივოთ - ცხადია, ამ პროცესების მართვას ცხოვრების წესითაც შეგვიძლია შევუწყოთ ხელი. მაგალითად, დაბალანსებული კვება, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სპორტული აქტივობების ჩართვა რეკომენდაციის შესაბამისად მოგცემთ საშუალებას, ძველებურად აქტიური ცხოვრებით იცხოვროთ და მენოპაუზამ დრამატული ცვლილებები ცხოვრების სტილში არ შემოიტანოს.
რა ნიშნებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?
მენოპაუზა ყველას ცხოვრებაში ერთნაირი სიმპტომებით არ დგება. თუმცა, ამან არ უნდა გვიბიძგოს კონკრეტული ნიშნების წაყრუებისკენ, ან, პირიქით, ნორმალურ ჩვენებად მიჩნეული ნიშნებით შეშინებისკენ.
ხშირად დასმულია კითხვა, მენოპაუზის დროს სისხლიანი გამონადენი რას შეიძლება ნიშნავდეს. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მენოპაუზა ნამდვილად დამდგარია - ამისთვის საუკეთესო იქნება სამედიცინო სპეციალისტთან ვიზიტი და შემოწმება.
იმ შემთხვევაში, თუ მენოპაუზა ჯერ არ დამდგარა და რამდენიმეთვიანი წყვეტაა მენსტრუალურ ციკლში, სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ ისევ მენსტრუაცია იყოს სისხლდენის მიზეზი.
დადასტურებული მენოპაუზის დროს სისხლდენამ არ უნდა შეგვაშინოს, თუმცა, ვიცოდეთ ისიც, რომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ამ ტიპის სისხლდენას ასევე უწოდებენ პოსტმენოპაუზურ ვაგინალურ სისხლდენას. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის ან საშოს კიბო;
- ქსოვილების გათხელება საშვილოსნოში ან საშოში;
- საშვილოსნოს ფიბროიდები ან საშვილოსნოს პოლიპები;
- საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექცია;
- ჰორმონოთერაპია;
- ტრავმა, სექსუალური ძალადობა ან ფიზიკური შეურაცხყოფა პარტნიორის მიერ;
- სისხლდენა სხეულის მიმდებარე ნაწილებიდან, როგორიცაა საშარდე გზები ან სწორი ნაწლავი;
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, როდესაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი ძალიან იზრდება და ხდება სქელი.
როგორც დავინახეთ, სისხლდენის მიზეზი შეიძლება საკმაოდ მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა იყოს. თუმცა, ასევე შეიძლება ჯანმრთელობას ემუქრებოდეს საფრთხე. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი გინეკოლოგთან ან სხვა შესაბამის სამედიცინო პერსონალთან კონსულტაცია აუცილებელი.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ქალებს ხშირად აინტერესებთ ხოლმე, არის ენდომეტრიუმის სისქე მენოპაუზის დროს - რა არის ნორმა, რა ზომა რას შეიძლება ნიშნავდეს და ა.შ.
გინეკოლოგიისა და მეანობის კანადური ჟურნალის მიხედვით, პერიმენოპაუზურ პერიოდში ენდომეტრიუმის სისქე 4-დან 11 მმ-მდე მერყეობს, მენოპაუზის დროს ეს რიცხვი 5მმ-ს ქვემოთ ეცემა და პოსტმენოპაუზურ პერიოდშიც ასე რჩება. მისი გასქელება, თუკი ახლავს სისხლდენა, საყურადღებოა და ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს.
რაც შეეხება ენდომეტრიოზს მენოპაუზის დროს - როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ქალის სხეულში ესტროგენის დონე იკლებს. რადგანაც ენდომეტრიოზი არის ესტროგენდამოკიდებული ქრონიკული მდგომარეობა, სიმპტომები ჩვეულებრივ ქრება მას შემდეგ, რაც ადამიანი მენოპაუზას გადის. თუმცა, შესაძლებელია სიმპტომები ყველასთან არ გაქრეს - ამ შემთხვევაშიც სამედიცინო კონსულტაციის მიღებაა რეკომენდებული.
კიდევ ერთი ცვლილება, რაც ჰორმონალური ბალანსის შეცვლას მოჰყვება, მკერდის ტკივილია მენოპაუზის დროს. მნიშვნელოვანი ჰორმონების, ესტროგენისა და პროგესტერონის დონეების უეცარი ცვლილება, სწრაფი დაცემა ან მომატება, ერთგვარ ქაოსს იწვევს ორგანიზმში. მენოპაუზის დროს მკერდის ტკივილი სწორედ ამ ცვლილებების შედეგი შეიძლება იყოს.
შეიძლება თუ არა დადგეს ნაადრევი მენოპაუზა?
მენოპაუზა ნაადრევად ითვლება, თუკი 45 წელს ქვემოთ განვითარდა ქალში. მიღებულია, რომ მენოპაუზა შეიძლება დაიწყოს 20-იანი წლებიდანაც კი, თუმცა 45 წლამდე დამდგარ შედეგს ნაადრევი ეწოდება, უფრო მეტიც, თუკი ქალის ორგანიზმში მენსტრუალური ციკლი 40 წლამდე შეწყდა, ამას მოუმწიფებელ მენოპაუზასაც (premature menopause) კი ეძახიან ხოლმე. ნაადრევი მენოპაუზა (Early menopause) ქალების მხოლოდ 5%-ში გვხვდება, მოუმწიფებელი მენოპაუზა კი კიდევ უფრო ნაკლებში - 1%-ში.
ჩვეულებრივზე ადრე დამდგარ მენოპაუზას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
- ქიმიოთერაპია ან რადიაციული თერაპია სიმსივნის სამკურნალოდ;
- ოპერაცია, რომელიც საკვერცხეების მოკვეთას გულისხმობს.
- ჰისტერექტომია - ოპერაცია, როცა საშვილოსნოს კვეთენ;
- ადრეული მენოპაუზისადმი გენეტიკური მიდრეკილება - ოჯახური ისტორია ადრეულ ასაკში;
- პირველი მენსტრუაცია 11 წლამდე;
- ქრომოსომული დარღვევები;
- ავტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
- სიგარეტის მოწევა;
- მიალგიური ენცეფალომიელიტი/ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ME/CFS);
- აივ-ინფექცია ან შიდსი;
- ინფექციები, როგორიცაა ყბაყურა.
თუმცა, ნაადრევი მენოპაუზის შემთხვევების 50%-მდე არცერთ ზემოხსენებულ კატეგორიაში არ არის და ითვლება, რომ კონკრეტული მიზეზი არ აქვს.
ნაადრევი იქნება მენოპაუზა თუ მოსალოდნელი, მთავარია, პროცესის მართვაში ჩავრთოთ ჩვენი ექიმი, რათა ამ ცვლილებებმა გავლენა არ იქონიოს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account