
სერტოსპანი საინიექციო სუსპენზიაა (მყარი და თხევადი ნივთიერების ნარევი), რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის. სერტოსპანის გამოყენება მოკლევადიანია და მისი მიზანია, რომ შეაფერხოს დაავადების სიმწვავე. სერტოსპანი ამპულის სახით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით გაიცემა.
რისთვის გამოიყენება სერტოსპანი
სერტოსპანი გამოიყენება, როგორც დამხმარე თერაპიული საშუალება სხვადასხვა მწვავე ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგოდ. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია, როგორც უშუალოდ დაზიანების კერის ასევე ზოგადი სისტემური მკურნალობისთვის, მაგალითად სახსრების მწვავე ანთების შემთხვევაში პრეპარატის ინიექცია შეიძლება უშუალოდ დაზიანებულ სახსრებში. ფართოდ გავრცელებული დაზიანების შემთხვევაში კი პრეპარატის ინიექცია კუნთოვან ქსოვილში ხორციელდება, რადგან ადვილად გავრცელდეს სისხლის ნაკადში და გავლენა ჰქონდეს მთელს ორგანიზმზე.
იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელთა მკურნალობაშიც გამოიყენებენ სერტოპანს საკმაოდ გრძელი შეიძლება იყოს, აქ მხოლოდ რამდენიმე გავრცელებულ შემთხვევას განვიხილავთ. სერტოსპანი ხშირად გამოიყენება შემდეგი დაავადებების თერაპიის დროს:
- წყლულოვანი კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც წყლულებს წარმოქმნის სწორ ან მსხვილი ნაწლავის არეში);
- ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი (სახსრების ქრონიკული ანთებითი დაავადება) ან სისტემური წითელი მგლურა (ამ დაავადების მიერ გამოწვეული ანთება შეიძლება ორგანიზმის ბევრ სხვადასხვა ნაწილში განვითარდეს).
- სხვადასხვა სახის მწვავე ალერგიული რეაქციები;
- გაფანტული სკლეროზი (ცენტრალური ნერვული სისტემის ანთება);
- მყესებისა და სასახსრე ჩანთების სხვადასხვა ანთებითი დაავადებები, მაგალითად ბურსიტი.
როგორ ეხმარება სერტსოპანი ჩვენს ორგანიზმს
როგორც სერტოსპანის ანოტაციაში ვკითხულობთ, თითო სუსპენზიაში ორი აქტიური ნივთიერება გვხვდება. სერტოსპანი 5მგ ბეტამეთაზონის დიპროპიონატს და 2მგ ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატის აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ეს ორივე ნივთიერება გლუკოკორტიკოიდებს განეკუთვნება.
გლუკოკორტიკოიდები მცირე ზომის ლიპიდური ჰორმონები არიან, მათ ადამიანის ორგანიზმი თავადაც გამოიმუშავებს. გლუკოკორტიკოიდების დამატებით რაოდენობა კი ცვლის იმუნური სისტემის მოქმედებას და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაცხრომას.
გლუკოკორტიკოიდები აფერხებენ ანთების წამახალისებელ ციტოკინებს (მცირე ზომის ცილები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს იმუნურ სისტემაზე), ასევე ამცირებენ იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი უჯრედების — ლიმფოციტების აქტივობას.
შეიძლება იფიქროთ, რომ გლუკოკორტიკოიდების მიერ ანთებითი პროცესის ხელშეშლა არაა სასარგებლო ორგანიზმისთვის, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ეს აუცილებელი შეიძლება გახდეს. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც იმუნური სისტემა გადაჭარბებულად მოქმედებს და შესაძლოა, რომ მას ორგანიზმის ჯანმრთელი უჯრედებიც შეეწირონ. გარდა ამისა, ავტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში იმუნური სისტემა რთულად ასხვავებს დაზიანებულ და ჯანმრთელ უჯრედებს, შესაბამისად მისი აქტიურობის შეფერხება უკეთესია მთელი სხეულისთვის.
როგორ უნდა გამოვიყენოთ პრეპარატი — მიღების წესი და დოზირება
სერტოსპანის დოზირება, გამოყენების ხანგრძლივობა და ინიექციის არე განისაზღვრება ექიმის მიერ, თქვენი კონკრეტული საჭიროების მიხედვით.
თერაპიის განმავლობაში სერტოსპანის მიღების ფორმა შეიძლება შეიცვალოს, მედიკამენტზე თქვენი ორგანიზმის რეაგირების შესაბამისად. პრეპარატის ინიექცია ხორციელდება ექიმის მიერ, ან ექიმთან კონსულტაციის და დადგენილების შედეგად თავადაც შეგიძლიათ განახორციელოთ.
სერტოსპანის გვერდით მოვლენები და უკუჩვენება
სერტოსპანის გვერდითი მოვლენები შეიძლება საკმაოდ მწვავე იყოს, ამიტომაც არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივი ვადით მოხმარება. მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს: მაღალი წნევები; სისხლში შაქრის შემცველობის ზრდა; იმუნური სისტემის შესუსტება და შესაბამისად ინფექციებთან გამკლავების შეფერხება; გასტრიტის რისკი; სისუსტე; უჩვეულო მომატება წონაში; მენსტრუალური ციკლის ცვლილება; განწყობის ან მენტალური მდგომარეობის გაუარესება.
პრეპარატის უშუალოდ სახსარში ინიექციას ხშირად თან ახლავს უსიამოვნო ტკივილი, იმ შემთხვევაში თუ ტკივილი გამწვავდა ან თუ შეამჩნევთ სახსრის შეშუპებას, სახსრის მოძრაობის გაუარესებას ან თუ გექნებათ მაღალი სიცხე, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მწვავე გვერდითი მოვლენების შემჩნევისთანავე უმჯობესია პრეპარატის დოზის შემცირება ან საჭიროების შემთხვევაში, სერტოსპანის ანალოგი არასაინიექციო მედიკამენტის მიღება.
სერტოსპანის ინსტრუქციის მიხედვით, პრეპარატის მიღებამდე უმჯობესია ექიმს უთხრათ, თუ გაქვთ ალერგია პრეპარატში არსებული ინგრედიენტების, მათ შორის, ზოგადად, რომელიმე გლუკოკორტიკოიდის მიმართ.
პრეპარატის დანიშვნამდე ექიმმა შეიძლება გკითხოთ, თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ: სისხლთან დაკავშირებული დაავადებები; გულის უკმარისობა; მაღალი წნევები; ღვიძლის, თირკმლების ან კუჭ-ნაწლავის პრობლემები; დიაბეტი; სხვადასხვა ინფექციები; მენტალური მდგომარეობა.
თქვენი ჯანმრთელობაზე და წარსულ დაავადებებზე სრული ინფორმაცია აუცილებელია ექიმისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროს სერტოსპანით მკურნალობის სარგებლიანობა თუ რისკები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account