რეგულონი — რა უნდა ვიცოდეთ ამ კონტრაცეპტივის მიღებამდე

რეგულონი სისტემური გამოყენების ჰორმონული კონტრაცეფციული საშუალებაა, რომელიც ორალური გზით მისაღები ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. ის არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებაში გვეხმარება, რასაც ოვულაციის, ანუ საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოთავისუფლების, დათრგუნვით ახერხებს. სწორედ ამ პერიოდში შეუძლია კვერცხუჯრედს განაყოფიერება, რასაც რეგულონი ხელს უშლის.

პრეპარატი, პირველ რიგში, ჰორმონ გონადოტროპინების სინთეზს ეწინააღმდეგება. ის, ასევე, ცერვიკალური არხის ლორწოვანში სპერმატოზოიდების გადაადგილებას აფერხებს, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის ხელის შემშლელია.

როგორია რეგულონის ანოტაცია 

ეთინილესტრადიოლი სინთეზური ესტროგენია, რომელსაც პერორალური კონტრაცეპტივების შედგენილობაში ხშირად იყენებენ. მასთან ერთად, რეგულონში შემავალი დეზოგესტრელი წარმოადგენს სინთეზურ პროგესტერონს, რომელიც პერორალური მიღებისას ოვულაციის დამთრგუნველ (მაინჰიბირებელ) ძლიერ პროჰესტაგენურ ეფექტსა და ანტიესტროგენულ აქტივობას ავლენს. დეზოგესტრელს არ ახასიათებს ესტროგენული მოქმედება, თუმცა აქვს სუსტი ანდროგენული და ანაბოლური ეფექტები.

რეგულონის ტაბლეტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მის ბირთვში შედის ალლ-რაც-ɑ-ტოკოფეროლი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სტეარინმჟავა, პოვიდონი K-30, კარტოფილის სახამებელი და ლაქტოზის მონოჰიდრატი. გარსისთვის გამოყენებულია პროპილენ გლიკოლი, მაკროგოლი 6000 და ჰიპრომელოზა.

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ფიზიკური და გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება, რაც მოიცავს არტერიული წნევის გაზომვას, ლაბორატორიულ ანალიზებს, სარძევე ჯირკვლებისა და მცირე მენჯის ორგანოების გამოკვლევას, ასევე საშოს ციტოლოგიურ კვლევას. ეს გამოკვლევები რეგულარულად უნდა განმეორდეს, ვინაიდან შესაძლებელია, მკურნალობის პროცესში უკუჩვენებები ან რისკის ფაქტორები გამოვლინდეს.

ქალი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული, რომ პერორალური კონტრაცეპტივები არ იცავს აივ-ინფექციის (შიდსის) ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისგან.

როგორია პრეპარატის მიღების წესი და დოზირება 

რეგულონის მიღების სქემა მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ექიმის დანიშნულებას. ამისთვის მნიშვნელოვანია ინსტრუქციის დეტალური გაცნობა და დოზირების რეჟიმის ზედმიწევნით დაცვა. დაიმახსოვრეთ, რომ რეგულონი და ციკლი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

რეგულონის ტაბლეტები უნდა მიიღოთ ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან დაწყებული, 21 დღის განმავლობაში, შეუსვენებლად. ამ პერიოდის შემდეგ საჭიროა 7-დღიანი პაუზა, რა დროსაც მენსტრუაციის მსგავსი, მოხსნის თანმდევი, სისხლდენა ვითარდება.

ახალი, 21-ტაბლეტიანი შეფუთვა უნდა დაიწყოთ მე-8 დღეს (ანუ 7-დღიანი შესვენების შემდეგ), მიუხედავად იმისა, დასრულებულია თუ არა მოხსნის სისხლდენა. პრეპარატის მიღების ეს სქემა, 21 დღე + 7-დღიანი შესვენება, რეგულარულად უნდა განმეორდეს იქამდე, სანამ კონტრაცეფციული დაცვა იქნება საჭირო.

თუ რეგულონის მიღება მენსტრუაციის პირველ დღეს დაიწყეთ, დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდების გამოყენება საჭირო არ არის. თუ პირველი ტაბლეტი მე-2-დან მე-5 დღის ჩათვლით მიიღეთ, პირველ 7 დღეში ბარიერული კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენება აუცილებელია.. იმ შემთხვევაში, თუ მენსტრუაცია 5 დღეზე ადრე დაიწყო, უნდა დაელოდოთ შემდეგი მენსტრუაციის პირველ დღეს და ტაბლეტების მიღება მაშინ დაიწყოთ.

შეფუთვაზე დატანილი ციფრები და ისრები ტაბლეტების სწორად მიღებას უწყობს ხელს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს პრეპარატის მიღების დაწყების დღე, რაც ყოველდღიურად გამოყენებული ტაბლეტების შემოწმების შესაძლებლობას იძლევა. ამისთვის საჭიროა, ფოლგაზე კვირის შესაბამისი დღის ადგილი გაიხვრიტოს.

თუ ტაბლეტის მიღება დაგავიწყდათ, მნიშვნელოვანია, რამდენიმე ძირითადი წესი დაიცვათ:

  • ტაბლეტების მიღება არ უნდა შეწყდეს 7 დღეზე მეტი ხნით (7-დღიანი უწყვეტი მიღება აუცილებელია ჰორმონული ბალანსის შესანარჩუნებლად და კონტრაცეფციული ეფექტის უზრუნველსაყოფად);
  • თუ ტაბლეტის მიღება ჩვეულ დროს გამოგრჩათ, 12 საათის განმავლობაში დალიეთ, შემდეგი ტაბლეტი კი ისევ ჩვეულ დროს მიიღეთ. ამ შემთხვევაში, კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდები საჭირო არ არის;
  • თუ ტაბლეტის მიღება 12 საათზე მეტი ხნით დაგავიწყდათ, კონტრაცეპტივის ეფექტი შესაძლოა, დაქვეითდეს. ასეთ დროს მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი დაუყოვნებლივ, როგორც კი გაიხსენებთ, მაშინაც კი, თუ ეს დღეში ორი ტაბლეტის მიღებას ნიშნავს. მომდევნო 7 დღის განმავლობაში გამოიყენეთ კონტრაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდები.

არის თუ არა საჭირო გამოვრიცხოთ ორსულობა კონტრაცეპტივის მიღებამდე?

რეგულონის ტაბლეტების გამოყენებამდე აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. თუ პრეპარატის მიღების პერიოდში დაორსულდებით, საჭიროა, პრეპარატის მიღება შეწყვიტოთ.

არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით, ორსულობამდე პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენება ახალშობილებში თანდაყოლილი მანკების რისკს არ ზრდის. გარდა ამისა, ორსულობის ადრეულ ეტაპზე მათი შემთხვევითი მიღებას ტერატოგენული (ნაყოფზე მავნე) გავლენა არ აქვს.

რეგულონის მიღება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის, რადგან მსგავსი პრეპარატები დედის ორგანიზმში რძის წარმოქმნას უშლის ხელს, მის
შედგენილობას ცვლის და მედიკამენტის კომპონენტები რძეში გადადის. ეს შესაძლოა, ჩვილის კვებაზე უარყოფითად აისახოს. ქალებს, რომლებიც ძუძუთი კვებავენ, ურჩევენ, პრეპარატის მიღებას თავი აარიდონ.

მუცლის მოშლის ან აბორტის შემდეგ რეგულონის მიღება შესაძლებელია დაუყოვნებლივ. ასეთ შემთხვევაში, კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდების გამოყენება საჭირო არ არის. თუ ქალი ჩვილს ძუძუთი არ კვებავს, რეგულონის მიღება შესაძლებელია მშობიარობიდან ან ორსულობის მეორე ტრიმესტრში შეწყვეტიდან 21-28-ე დღეს. დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდები ამ დროსაც არაა აუცილებელი.

თუ პრეპარატის მიღება მოგვიანებით დაიწყო, პირველ 7 დღეში რეკომენდებულია კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების დამატება. თუ  სქესობრივი აქტი ორსულობის შემდეგ შედგა, რეგულონის მიღება უნდა გადაიდოს მომდევნო მენსტრუაციამდე.

როგორია რეგულონის უკუჩვენება 

რეგულონის მიღება გარკვეულ მდგომარეობებში არ არის რეკომენდებული, რადგან ის შესაძლოა, სერიოზულ გართულებებს დაედოს საფუძვლად. პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ მისი მიღებისას ანამნეზში გამოვლინდება შემდეგი მდგომარეობები:

  • დადასტურებული ან სავარაუდო ორსულობა;
  • საშუალო სიმძიმის ან მწვავე ჰიპერტონია;
  • ჰიპერლიპოპროტეინემია;
  • არტერიული ან ვენური თრომბოემბოლია/თრომბოემბოლიის სერიოზული რისკფაქტორები;
  • ღვიძლის მძიმე დაავადებები, მათ შორის სიმსივნე, და სიყვითლე;
  • გაურკვეველი მიზეზით საშვილოსნოდან სისხლდენა;
  • ესტროგენზე დამოკიდებული სიმსივნეები ან ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია;
  • სერიოზული ქავილი, ორსულობის დროს გამოვლენილი ჰერპესი ან ოტოსკლეროზი;
  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • ქოლელითიაზი;
  • წითელი მგლურა.

რეგულონის მიღება მხოლოდ ექიმის კონტროლითაა რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:

  • სისხლის შედედების დარღვევა ან თრომბოზის რისკი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ეპილეფსია ან შაკიკი;
  • გულის ან თირკმლის უკმარისობა;
  • ქოლელითიაზი (ანამნეზში);
  • ენდომეტრიოზი ან ფიბრომა (რეგულონი/კისტას ურთიერთდამოკიდებულების შესახებ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია);
  • მძიმე დეპრესია ან ტრიპტოფანის მეტაბოლიზმის დარღვევა;
  • ნამგლისებრი ჰემოგლობინოპათია, რადგან ესტროგენმა შესაძლოა, თრომბოემბოლია გამოიწვიოს.

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ კონტრაცეპტივს? 

რეგულონის მიღება უნდა შეწყდეს, თუ გამოვლინდება შემდეგი სერიოზული გართულებები:

  • თრომბოზული და თრომბოემბოლიური დაავადებები — მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია ან იშვიათად არტერიული და ვენური თრომბოზი (ღვიძლი, თირკმელები, ბადურა);
  • ჰიპერტონია — პრეპარატის მიღებისას სისხლის წნევის მატების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს;
  • ჰორმონ-დამოკიდებული სიმსივნეები — ესტროგენის შემცველ პრეპარატებს შეუძლია სიმსივნეების ზრდის პროვოცირება;
  • ძუძუს კიბო — მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტიპის ზოგიერთი კიბოს (საკვერცხეები, ენდომეტრიუმი) განვითარების რისკი მცირეა, რეკომენდებულია სარგებელი-რისკის შეფარდება;
  • ქოლესტაზური სიყვითლე და ქოლელითიაზი — ღვიძლის დაავადებების ან ქოლესტაზური სიყვითლის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს;
  • ჰიპერგლიცერიდემია — ოჯახური ანამნეზის მქონე პაციენტებში შესაძლოა გაიზარდოს პანკრეატიტის განვითარების რისკი;
  • ქლოაზმა — პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ლაქების წარმოქმნა;
  • ნერვული და კანის გართულებები — სისტემური წითელი მგლურა ან ქორეა, რომელიც პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ ალაგდება.

ხშირი არასასურველი მოვლენები:

  • სასქესო ორგანოები: მენსტრუაციებს შორის სისხლდენა, მენსტრუალური სისხლდენის მოცულობის შემცირება ან არარსებობა, საშოს ინფექციების გამწვავება, ენდომეტრიოზის ან ფიბრომის მდგომარეობის გაუარესება;
  • სარძევე ჯირკვლები: ტკივილი, მგრძნობელობა, ზომის მატება, გამონადენი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: გულისრევა, ნაღვლის ბუშტის კენჭები, ღებინება და ქოლესტაზური სიყვითლე;
  • კანი: გამონაყარი, ქლოაზმა (კანის მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები);
  • თვალები: დისკომფორტი კონტაქტური ლინზების ტარებისას;
  • ნერვული სისტემა: თავის ტკივილი, შაკიკი, გუნება-განწყობის ცვლილება, დეპრესია;
  • მეტაბოლური დარღვევები: სითხის შეკავება, სხეულის წონის ცვლილება, გლუკოზის ამტანობის დაქვეითება.

რაც შეეხება კითხვას, რეგულონი ასუქებს თუ არა, ეს ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. როგორც სხვა კონტრაცეპტივებს, მასაც შეუძლია, წონის ცვლილება გამოიწვიოს, რადგან სხეულში წყლის შეკავებასა და მადის გაძლიერებას განაპირობებს. ამის მიუხედავად, ცხოვრების სტილი, მეტაბოლიზმი, კვების რეჟიმი და გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და რეგულონის გავლენით წონაში მატება ხშირად სწორედ მათზეა დამოკიდებული.

რეგულონი პსპ-ის აფთიაქში ხელმისაწვდომია. გაითვალისწინეთ, რომ რეგულონის ფასი პსპ-ის სააფთიაქო ქსელში ცვალებადია, მასზე მოქმედებს ფასდაკლებებიც. პრეპარატი ექიმის დანიშნულებით გაიცემა.