
პროსტატის ჯირკვალი მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის შარდის ბუშტის ქვემოთ და ურეთრას (შარდსადენი მილი) ნაწილის ირგვლივ მდებარეობს.
პროსტატის ჯირკვალი წარმოქმნის სითხეს, რომლის მთავარი ფუნქცია არის სპერმის ჯანსაღი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. პროსტატის კუნთოვანი ქსოვილი კი არეგულირებს ურეთრას საშარდე ფუნქციას და ასევე, პასუხისმგებელია ეაკულაციის დროს, ურეთრის გავლით, სპერმის ნაკადის დაცლაზე.
პროსტატის ჯირკვლის პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით შუახნის კაცებში. მასთან დაკავშირებული დაავადებებია: პროსტატიტი, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და მათ შორის ყველაზე ცნობილი და მძიმე შემთხვევა - პროსტატის სიმსივნე.
ამ ბლოგში მხოლოდ პროსტატიტსა და პროსტატის ჰიპერპლაზიას განვიხილავთ. იმედი გვაქვს, რომ ეს დაგეხმარებათ ექიმთან კონსულტაციისას და ზოგადად მკურნალობის პროცესის დროს. საბაზისო ინფორმაციის გაგების შემდეგ შეგეძლებათ უკეთესად დააკვირდეთ თქვენს სიმპტომებს, შემდეგ კი ექიმთან ერთად დიაგნოსტიკის და მკურნალობის გეგმა განახორციელოთ.
რა არის პროსტატიტი — დაავადების 4 ტიპი
დაავადება პროსტატიტი პროსტატის ჯირკვლის ანთებას გულისხმობს. პროსტატის ჯირკვლის ანთების დროს ხშირად უჩივიან სირთულეს ან ტკივილს მოშარდვისას, ასევე ტკივილის საზარდულის ან გენიტალიების არეებში.
ანთებითი პროცესის გამომწვევი მიზეზები და გამოვლენილი სიმპტომები ბევრნაირი შეიძლება იყოს. პროსტატის ანთება ზოგჯერ ბაქტერიების მიერ არის გამოწვეული, თუმცა ხშირად ინფექციის კვალი არ შეიმჩნევა, ამიტომ ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა იწვევს მას. სამეცნიერო ლიტერატურაში პროსტატიტის დაავადებას ოთხ ტიპად ყოფენ.
მწვავე ბაქტერიული პროსტატიტი
მწვავე ბაქტერიული პროსტატიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს, თუმცა პროსტატიტის დაავადებებიდან ყველაზე იშვიათი სახის შემთხვევაა. პროსტატიტის ეს ტიპი, ხშირ შემთხვევაში, გამოწვეულია ნაწლავის ჩხირის ბაქტერიის (Escherichia coli) მიერ. ანთებითი პროცესი შეიძლება გამოწვეული იყოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებში აქტიური ბაქტერიების მიერ. არის შემთხვევები, როდესაც ბაქტერიები პოსტოპერაციული პროცედურების შედეგად (მაგალითად ურეთრალური კათეტერის გამოყენების ან ცისტოსკოპიის დროს) ვრცელდება ჩვენს ორგანიზმში.
მწვავე ბაქტერიული პროსტატიტის სიმპტომები, უშუალოდ დაზიანების არეში, შეიძლება მოიცავდეს:
- შარდვის სიხშირეს, შეუკავებლობას ან პირიქით შარდვის სირთულეს, შარდის შემცირებულ ნაკადს;
- ტკივილებს მუცლის ქვედა ან რექტალურ არეებში;
- ტკივილს ეაკულაციის დროს;
- ტკივილის კუჭში გასვლისას.
ასევე შეინიშნება სიმპტომები მთლიან სხეულზე:
- სიცხე, შემცივნება;
- გულისრევის შეგრძნება, ღებინება;
- ზოგადი სისუსტის შეგრძნება.
შეგახსენებთ, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები სხვა დაავადებების მახასიათებლებიც შეიძლება იყოს, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი დიაგნოსტიკა.
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი
პროსტატიტი ქრონიკულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში თუ მისი სიმპტომები მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ვლინდება. ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი იშვიათი შემთხვევაა. მისი სიმპტომები მწვავე ბაქტერიულ პროსტატიტზე შედარებით მსუბუქია, თუმცა ახასიათებს შემობრუნება და დარჩენა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მისი სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ტკივილი - წელის, მუცლის ქვედა ან პერინეუმის (გენიტალიებისა და ანუსს შორის) არეში;
- სისხლის შემცველობა შარდში ან სპერმაში;
- უსიამოვნო სუნის შარდი;
- ტკივილი ეაკულაციის ან შარდვის დროს;
- ტკივილი კუჭში გასვლის დროს.
ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი სიმპტომის შემჩნევისას საჭიროა დაუკავშირდეთ ექიმს.
ქრონიკული (არაბაქტერიული) პროსტატიტი/მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომი
ქრონიკული პროსტატიტი, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის და პროსტატის სიმსივნის შემდეგ, პროსტატის ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზის დაფიქსირება საკმაოდ რთულია. პროსტატის ანთების მიუხედავად ქრონიკული პროსტატიტი არ ავლენს ბაქტერიების და ინფექციის კვალს.
ქრონიკული პროსტატიტის ძირითადი სიმპტომი არის ტკივილის შეგრძნება მენჯის, პერინეუმისა ან გენიტალიების არეში. ტკივილის შეგრძნება შეიძლება ყრუდ და უწყვეტად მიმდინარეობდეს. სხვა სიმპტომები, რაც შეიძლება გამოვლინდეს, არის:
- შარდის შემცირებული ნაკადი;
- შარდვის შეკავება ან პირიქით გახშირება;
- ტკივილის შეგრძნება ეაკულაციის დროს, რაც ხშირად დაკავშირებულია სექსუალურ დისფუნქციასთან.
ქრონიკული პროსტატიტის ჩამოთვლილი სიმპტომები ხშირად იწვევენ ძილის პრობლემებს და აზიანებენ ჩვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. მენტალურმა სტრესმა კი, თავის მხრივ, შეიძლება უფრო გაამწვავოს პროსტატიტის სიმპტომები.
ასიმპტომური ანთებითი პროსტატიტი
ასიმპტომური ანთებითი პროსტატიტი გულისხმობს პროსტატიტის უსიმპტომო დაავადებას, ძირითად შემთხვევაში, ის აღმოჩენილია კლინიკური ანალიზის შემდეგ. რადგან ასიმპტომურ პროსტატიტს თან არ ახლავს შემაწუხებელი სიმპტომები, ის არ საჭიროებს მკურნალობას.
პროსტატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობის გზები
მწვავე ბაქტერიული პროსტატიტის დადგენა შესაძლებელია პაციენტის ანამნეზის (ჩივილებისა და ავადმყოფობის შესახებ ცნობები) და ფიზიკური გამოკვლევის შედეგად.
ფიზიკური გამოკვლევა გულისხმობს რექტალურ შემოწმებას. პროსტატის ჯირკვლის გასინჯვა შესაძლებელია სწორი ნაწლავის გზით. ექიმი სამედიცინო ხელთათმანზე ლუბრიკანტის წასმის შემდეგ, თითს მოათავსებს სწორ ნაწლავში და შეამოწმებს პროსტატის ჯირკვლის მდგომარეობს. ექიმი ამ შემთხვევაში იკვლევს მის გადიდებას, შეშუპებას და სირბილეს. ფიზიკურ კვლევასთან ერთად ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ:
- სისხლის ანალიზი;
- შარდის ანალიზი, რომ შეამოწმოს შარდში სისხლის, ლეიკოციტების ან ბაქტერიების შემცველობა;
- ურეთრის ნაცხის კვლევა, რომ შეამოწმოს თქვენი ორგანიზმი გონორეას ან ქლამიდიოზის ნიშნებზე;
- ცისტოსკოპია, რომ შეამოწმოს ინფექციის ნიშნები ურეთრასა და შარდის ბუშტში;
- უროდინამიკული კვლევა, რომ შეამოწმოს შარდის ბუშტის ფუნქციური პრობლემები.
მსგავსი დიაგნოსტიკური პროცესი ესაჭიროება ქრონიკულ ბაქტერიულ პროსტატიტის სიმპტომებს და ქრონიკულ არაბაქტერიულ პროსტატიტის სიმპტომებსაც. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შეიძლება დამატებით მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) გახდეს საჭირო, რადგან ექიმმა გამორიცხოს პროსტატის სიმსივნე და უკეთესად დააკვირდეს თქვენს მენჯის ღრუს, შესაძლო ანთებითი პროცესის გამოსავლენად.
ბაქტერიული პროსტატიტების მკურნალობა ანტიბიოტიკების და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების საშუალებით შეიძლება. მკურნალობა ძირითად შემთხვევებში ორი კვირიდან ერთ თვემდე გრძელდება. მკურნალობის განმავლობაში რეკომენდებულია რეგულარული გამოკვლევა პროგრესის შესამოწმებლად. ანტიბიოტიკებთან ერთად შეიძლება ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებაც. ასევე ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ალფა ბლოკერები, შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების შესამსუბუქებლად. მედიკამენტებით მკურნალობის განმავლობაში ასევე რეკომენდებულია სხეულის მოვლა სახლის პირობებშიც. რეკომენდებულია თბილი აბაზანები და ბევრი სითხის მიღება. უმჯობესია მოვერიდოთ ალკოჰოლს, კოფეინსა და ცხარე საჭმელს.
ქრონიკული პროსტატიტების მკურნალობის თერაპია შეიძლება ბაქტერიულის მსგავსი აღმოჩნდეს, თუმცა მათ შემთხვევაში მკურნალობა ინდივიდუალურ შემთხვევებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული. ზოგადად სიმპტომების გამკლავებისთვის პრობლემური პროსტატის მკურნალობა ვარჯიშით და ჯანსაღი კვებით საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. პრობლემური პროსტატის მკურნალობას ბალახეულ ბაზაზე დამზადებული პრეპარატებითაც ხშირად მიმართავენ. მართალია შეიმჩნევა ამ მკურნალობის დადებითი შედეგები, თუმცა ყოველთვის რეკომენდებულია ჩვენ მიერ არჩეული მკურნალობის თერაპია ექიმთან შევათანხმოთ. ქრონიკული პროსტატიტების შემთხვევაში შეიძლება ფსიქოლოგიური თერაპიის ან ანტიდეპრესანტების დანიშვნაც.
რა არის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია პროსტატის ჯირკვლის გადიდებას გულისხმობს. მისი გამომწვევი მიზეზები მკაფიოდ არ არის დადგენილი, თუმცა რადგან ასაკის მატებასთან ერთად იზრდება პროსტატის ჯირკვალი, შეიძლება ის ჰორმონალურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. პროსტატის გადიდების უსიამოვნო სიმპტომები, მაგალითად - შარდის ბუშტის დაცლის პრობლემები, ძირითადად თავს იჩენს შუახნის კაცებში.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომები
გადიდებული პროსტატის ჯირკვლის ძირითადად საშარდე სისტემას აზიანებს. გამოვლენილი პრობლემებს შორის ხშირად შეინიშნება:
- მოხშირებული შარდვა ან შარდვის შეუკავებლობის შეგრძნება;
- შარდვის დაწყების სირთულე;
- შარდის სუსტი ნაკადი ან შარდის ნაკადი რომელიც პროცესში წყდება;
- შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის სირთულე.
თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დიაგნოსტიკისთვის.
დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობის გზები
გადიდებული პროსტატის დიაგნოსტიკა პირველ რიგში მოიცავს სიმპტომების შეფასებას, შემდეგ კი რექტალურ გამოკვლევას და სისხლისა და შარდის ლაბორატორიულ ანალიზებს. უფრო ზუსტი დიაგნოზისთვის შეიძლება შარდის ბუშტის ექოსკოპიის, პროსტატის ბიოფსიის, ციტოსკოპიისა და სხვა საშარდე სისტემასთან დაკავშირებული კვლევების მოშველიება.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიას ძირითადად მედიკამენტებითა (იხილეთ პროსტამოლ უნო) და ცხოვრების სტილის შეცვლით მკურნალობენ. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ალფა ბლოკერები, 5 ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორი და ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგო მედიკამენტები.
უმჯობესია მოერიდოთ ზედმეტი ალკოჰოლის, კოფეინის ან გაზიანი სასმლის მიღებას, ასევე უმჯობესია შეამციროთ სითხის მიღება საღამო პერიოდში. რეკომენდებულია რეგულარული ვარჯიში.
თუ გადიდებული პროსტატის სიმპტომები არ შემსუბუქდება, უკიდურეს შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account