რა არის თავბრუსხვევა და რას შეუძლია მისი გამოწვევა

თავბრუსხვევა საკმაოდ გავრცელებული ჩივილია, რომლითაც ექიმებს ხშირად მიმართავენ. ამ ყველასთვის ნაცნობი სიმპტომის გამომწვევი მიზეზი ბევრნაირი არსებობს, მათ ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ, ახლა კი, შეგვიძლია დავსვათ კითხვა თუ რა არის თავბრუსხვევა. 

 

თავბრუსხვევის აღწერისას შეგვიძლია მოვიშველიოთ შეგრძნებები, როგორიცაა სისუსტე, არამდგრადობა ან წონასწორობის დაკარგვა. წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევების მთავარი ადრესატი ჩვენი ნერვული სისტემაა, მას ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილები ატყობინებენ შესაძლო პრობლემების შესახებ. 

 

ვესტიბულარული სისტემა მოიცავს შიგნითა ყურს და მის მაკავშირებელ გზებს სხვადასხვა ნერვულ ქსოვილებთან. შიგნითა ყური მუდმივად გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი ტანისა და თავის მოძრაობის ტრაექტორიაზე და ზოგადად ჩვენს სივრცეში მდებარეობაზე. მთლიანი ვესტიბულარული სისტემა განკარგავს ჩვენს ფიზიკურ კოორდინაციის უნარს. 

 

ჩვენი თვალები, შიგნითა ყურის მსგავსად, ასევე გადასცემენ ნერვულ ქსოვილებს სხეულის სივრცეში მდებარეობის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად ის ვიზუალური ინფორმაცია, რასაც ვიღებთ თვალების საშუალებით ასევე მნიშვნელოვანია წონასწორობის და კოორდინაციის შენარჩუნებისთვის. 

 

კუნთებში, მყესებსა და სახსრებში არსებული ნერვული სენსორები ასევე გვამცნობენ ჩვენი კიდურების ტრაექტორიასა და სივრცით მდებარეობას. ცალკე გამოვყოფ სისხლის მიმოქცევის სისტემას, რადგან მისი გამართული მოქმედება აუცილებელია სხვა ორგანოების ფუნქციონირებისთვის. რომ შევაჯამოთ, ჩამოთვლილი ორგანიზმის ნაწილებიდან, რომელიმეს ფუნქციის შეფერხებამ ან დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევის შეგრძნება. 

 

რისი ბრალია თავბრუსხვევა 

თავბრუსხვევის, როგორც სიმპტომის, გამომწვევი მიზეზი შეგვიძლია გამოვარკვიოთ თუ როდის ან რა მდგომარეობაში დაგვეუფლა მისი განცდა. რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოგროვებაა საჭირო თუ შემდეგ დავაპირებთ ექიმთან კონსულტაციას ჩვენი დიაგნოზის დასადგენად. 

 

ვესტიბულარული სისტემა 

ალბათ, ყველაზე ნაცნობი თავბრუსხვევის შეგრძნება, რომელიც ჩვენი სურვილითაც შეგვიძლია გამოვიწვიოთ, არის ტრიალის შემდეგ გაჩერებით განცდილი თავბრუსხვევა. როდესაც ვტრიალებთ, ამავდროულად ჩვენს შიგნითა ყურში არსებული სითხე — ენდოლიმფა, ჩვენი მოძრაობის შესაბამისად გადაადგილდება, ჩვენი ტანისა და თავის გაჩერების შემდეგ ენდოლიმფა ცოტახნით ისევ აგრძელებს მოძრაობას და აუწყებს ვესტიბულარული სისტემის ნერვულ უჯრედებს, რომ ისევ ვტრიალებთ, მაგრამ ჩვენი სხეულის სხვა ნაწილები, მაგალითად, თვალები ან კიდურები ჩვენს ნერვულ სისტემას გაჩერების შესახებ აუწყებენ. 

 

ეს ინფორმაციული აცდენა ტვინს “აბნევს” და შედეგად შევიგრძნობთ თავბრუსხვევას. მსგავსი ვესტიბულარული სისტემის "დაბნეულობა" თავბრუსხვევის ყველაზე ხშირი მიზეზია. მაგალითად: თავბრუსხვევა ღამით, როცა ვიძინებთ ან თავბრუსხვევა დაწოლის დროს, ხშირად დაკავშირებულია თავის პოზიციის ცვლილებასთან. 

 

მედიცინური ტერმინოლოგიით ასეთი შემთხვევები მოიხსენიება, როგორც კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუსხვევა. ეს მოვლენა არ შეიცავს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის და უბრალოდ, დროებითი უსიამოვნებაა, თუმცა თუ შეამჩნევთ, რომ თავბრუსხვევა ხშირად მეორდება, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

 

ჰაიმორიტი და თავბრუსხვევის შეგრძნება ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. ჰაიმორის ღრუს ანთების შედეგად გამოწვეული წნევა აწვება ჩვენს შუა ყურს. გაზრდილმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ვესტიბულარულ სისტემაში და შესაბამისად, თავბრუსხვევა. 

 

ჰაიმორიტის მსგავსად თავბრუსხვევა, გაბრუება, ვესტიბულარული შაკიკის თანმხლები სიმპტომიც არის. ვესტიბულარული სისტემის პრობლემების მიერ გამოწვეული თავბრუსხვევა უფრო მძიმე დაავადებების დროსაც შეინიშნება. 

 

ასევე, შიგნითა ყურის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მენიერის მწვავე დაავადებამ. ის ძირითადად სარისკოა შუახნის ასაკში და ვლინდება ყურების დაგუბების, თავბრუსხვევის, სმენის დაქვეითების, ასევე მწვავე და ხანგრძლივი ვერტიგოს სახით. მენიერის დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად ხშირად ინიშნება ვერტიგოს საწინააღმდეგო პრეპარატი ბეტასერკი

 

სისხლის მიმოქცევის სისტემა 

თავბრუსხვევა წამოდგომისას საკმაოდ გავრცელებული შეგრძნებაა, ის გამოწვეულია უეცარი არტერიული წნევის დაცემით. ამ მოვლენას მედიცინურ ჟარგონზე ორთოსტატიკურ ჰიპოტენზიას უწოდებენ. ის, ძირითად შემთხვევაში, არ შეიცავს საფრთხეს და დროებითი შეგრძნებაა, თუმცა თუ მოსალოდნელი სისუსტის და თავბრუსხვევის შეგრძნებასთან ერთად, სხვა უფრო მძიმე სიმპტომებიც შეიმჩნევა, მაგალითად, გულის წასვლა ან სუნთქვის უკმარისობა, მაშინ საჭიროა რომ მიმართოთ ექიმს.

 

თავბრუსხვევის შეგრძნებას სისხლის მიმოქცევის მწვავე ცვლილებებიც იწვევს. როგორც წესი, ასეთ დროს მას თან ახლავს სხვა შედარებით მძიმე ფორმის სიმპტომებიც. თავბრუსხვევა ინსულტის, სხვადასხვა გულის უკმარისობების, გულის იშემიური დაავადებების ან არითმიების დროს საკმაოდ ხშირი სიმპტომია. თავბრუსხვევას ასევე იწვევს ჰემოგლობინის ნაკლებობა სისხლში, იგივე ანემია. 

 

თავბრუსხვევა მენოპაუზისა და ორსულობის დროს 

თავბრუსხვევა ქალებში მენოპაუზის დროს საკმაოდ მოსალოდნელია. ის ძირითადად გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებების მიერ. 

 

თუ თავბრუსხვევას სხვა სიმპტომებიც ახლავს, მაგალითად მკერდის არეში ტკივილი ან სუნთქვის უკმარისობა და თუ ის ხშირად გაწუხებთ, მაშინ საჭიროა კონსულტაცია თქვენს ექიმთან. 

 

თავბრუსხვევა ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის საწყის პერიოდში, ასევე გავრცელებული და მოსალოდნელია. ორსულობისას ეს სიმპტომი, ხშირ შემთხვევაში, მსუბუქია და ჰორმონალური ცვლილებების ან არტერიული წნევის ცვლილების ხარჯზე ვლინდება. 

 

ფსიქოგენური თავბრუსხვევები 

ფსიქოგენური თავბრუსხვევა გულისხმობს ჩვენი მენტალური სტრესის შედეგად გამოწვეულ თავბრუსხვევის შეგრძნებას. სხვადასხვა შფოთვითი აშლილობების, სტრესის ან დეპრესიის დროს შესაძლოა, მრავალჯერადად გამოვლინდეს თავბრუსხვევის სიმპტომი. 

როგორ შევაჩეროთ თავბრუსხვევა 

შედარებით მსუბუქი თავბრუსხვევებთან გასამკლავებლად შეგიძლიათ უბრალოდ დაისვენოთ, გადაადგილდეთ ნელა და ფრთხილად, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ბევრი სითხე. 

 

შედარებით მძიმე ვესტიბულარული თავბრუსხვევების მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. რეკომენდებულია ვიზიტი ოტოლარინგოლოგთან (ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი). 

 

საბოლოოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ, როგორც ვახსენეთ, თავბრუსხვევა საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია აქ კი მისი გამომწვევი მიზეზების მხოლოდ მოკლე მონახაზი შემოგთავაზეთ, ამიტომ კვლავ რეკომენდებულია კავშირი შესაბამის სპეციალისტებთან, უფრო ზუსტი დიაგნოზისათვის და მკურნალობისთვის.