როგორ შეგვიძლია გაზებისგან გათავისუფლება და რა დაავადებებზე მიანიშნებს მეტეორიზმი

მეტეორიზმი, იგივე მუცლის შებერილობა მხოლოდ ახალშობილებს კი არ აწუხებთ; ამ პრობლემას მოსახლეობის 11% უჩივის. უმეტესად პრობლემა უწყინარია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის მძიმე დაავადების გამოვლინება შეიძლება იყოს. 

მოდით გავიგოთ, რა იწვევს მუცლის შებერილობას, რა გზით ხვდება ადამიანის ორგანიზმში აირები და რა დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს მუცლის შებერვით?

რა იწვევს მუცლის შებერილობას?

მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე გზით ხვდება, უმთავრესად: აირების გადაყლაპვისას, საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში მათი წარმოქმნისას, ატმოსფერული წნევის ცვლილების ფონზე აირების ნაწლავში გადანაცვლებისას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დახშობის შედეგად აირთა შეწოვის დარღვევისას.

როგორც წესი, საკვების ან სითხის მიღების დროს გადაყლაპული აირი ჯანმრთელ ადამიანს პრობლემას არ უქმნის და ის თავისთავად გამოიყოფა ბოყინის გზით, მაგრამ აირების ჭარბი გადაყლაპვა, რასაც აეროფაგია ეწოდება, უკვე პრობლემაა.

აეროფაგიის მიზეზებია: სწრაფი კვება, სითხის სწრაფად და დიდი ყლუპებით მიღება, ჭამის დროს საუბარი, საღეჭი რეზინის ღეჭვა, თამბაქოს წევა. გადაყლაპული აირის რაოდენობა დამოკიდებულია სხეულის პოზაზეც. მაგალითად, მწოლიარე მდგომარეობაში საკვების მიღების დროს გადაყლაპული აირები უფრო ადვილად აღწევს ნაწლავებში.

აირების ჭარბად წარმოქმნა ხშირად გარკვეული საკვების მიღების ბრალიცაა. საკვებით გამოწვეულ ჭარბ აირწარმოქმნას ალიმენტური მეტეორიზმი ეწოდება. მისი მიზეზია ცელულოზით, უჯრედისით, სახამებლითა და პექტინით მდიდარი საკვების მიღება, როგორებიცაა: პარკოსნები (ლობიო), ბროკოლი, კომბოსტო, ხილი, მარცვლეული (ხორბალი, სიმინდი), კარტოფილი, ლაფშა და სხვა.

ორსულობა და მეტეორიზმი

ორსულები ხშირად უჩივიან მუცლის შებერილობასა და შეკრულობას. მიზეზები იგივეა, თუმცა ამ შემთხვევაში მოქმედებს დამატებითი ფაქტორებიც. მაგალითად, ჰორმონული ცვლილებები ორგანიზმში, კერძოდ, პროგესტერონის დონის მომატება, რაც გავლენას ახდენს წვრილი და მსხვილი ნაწლავების მოტორიკაზე და ანელებს შიგთავსის გადაადგილებას. 

ორსულებში შებერილობისა და შეკრულობის განვითარებას ხელს უწყობს ასევე ფსიქოემოციური სტრესი, გადიდებული საშვილოსნოს ზემოქმედება მუცლის ღრუში სისხლის მიმოქცევაზე, ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, რკინის პრეპარატები, რომელთა მიღება ხშირად უხდებათ ორსულებს) და სხვა.

რა დარღვევებსა და დაავადებებზე შეიძლება მიგვანიშნებდეს მეტეორიზმი?

მეტეორიზმი, დიარეასა და მუცლის ტკივილთან ერთად, ხშირად ხშირად ვითარდება ლაქტოზას დეფიციტის დროს. ზოგჯერ ლაქტაზის დეფიციტი მეორეულია და იგი შეიძლება იყოს ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ნაწლავებში ბაქტერიათა ჭარბი გამრავლების შედეგი. აქედან გამომდინარე, მუცლის შებერილობა, ტკივილი და დიარეა შეიძლება ისეთ ადამიანსაც განუვითარდეს, რომელიც მანამდე კარგად იტანდა რძესა და რძის ნაწარმს.

მუცლის შებერილობის ერთ-ერთი მიზეზი არის ასევე დისპეფსია, რომელიც მუცლის ზედა ნაწილში პერიოდული ან მუდმივი დისკომფორტით ვლინდება. დისპეფსია ვლინდება: მუცლის არეში დისკომფორტით, მუცლის შებერილობით, სწრაფად დანაყრებისა და კუჭის სისავსის შეგრძნებით. ზოგჯერ ამას თან ერთვის მადის დაქვეითება, წონის კლება, გულისრევა, პირღებინება.

ნაწლავში აირების ჭარბი წარმოქმნა ზოგჯერ სერიოზულ ავადმყოფობაზე მიუთითებს. მიზეზი შესაძლოა იყოს: 

  • წყლულოვანი დაავადება;
  • გასტროეზოფაგურ რეფლუქსური დაავადება;
  • გასტრიტი;
  • დუოდენიტი;
  • წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი გამრავლება; 
  • ნაწლავების ანთებითი დაავადებები;
  • ავტოიმუნური პანკრეატიტი;
  • დიაბეტი;
  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიები;
  •  კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებები.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს და როგორია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები?

თუ თქვენ გაწუხებთ აირების დაგროვება, გახშირებული ბოყინი, გაქვთ ყაბზობა, დიარეა ან მკვეთრად დაიკელით წონაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ექიმი დაინტერესდება, თქვენი ჩივილებით, კვებითი ჩვევებითა და რეჟიმით, გადატანილი და არსებული დაავადებებით. დიაგნოსტიკითვის ინიშნება მუცლის ღრუს რენტგენი ან კოლონოსკოპია. 

კონკრეტული მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის საფუძველზე, ინდივიდუალურად. ძირითადად: ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატები (მაგალითად, ესპუმიზან ექსტრა) და ადსორბენტები; პრებიოტიკები და პრობიოტიკები. 

აღსანიშნავია, რომ მედიკამენტების უსისტემოდ, თვითნებურად, ექიმის რჩევის გარეშე მიღება არ შეიძლება — ამან შესაძლოა მდგომარეობა უფრო მეტად გაართულოს!