რა უნდა იცოდეთ გენიტალური ჰერპესის შესახებ?

გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც ჰერპეს სიმპლექსის (HSV), იგივე მარტივი ჰერპესის ვირუსი იწვევს. 

ინფიცირების რისკის ქვეშ ორივე სქესის წარმომადგენლები არიან, ვირუსის გავრცელების ძირითადი გზა კი სქესობრივი კონტაქტია.

რა იწვევს გენიტალურ ჰერპესს? 

როგორც აღვნიშნეთ, გენიტალური ჰერპესი გამოწვეულია მარტივი ჰერპეს ვირუსით, რომლის ორი ტიპი არსებობს:

HSV-1, რომელიც უფრო ხშირად ასოცირდება გაციებასთან ან პირის ღრუს ირგვლივ ბუშტუკოვან გამონაყართან. თუმცა მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური ინფექციები.

HSV-2, რომელიც გენიტალური ჰერპესის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.

ვირუსი, როგორც წესი, კანის კანთან პირდაპირი კონტაქტით ვრცელდება, ინფიცირებულ ადამიანთან ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს. მაშინაც კი, თუ ინფიცირებულ ადამიანს ხილული წყლულები არ აქვს ან სხვა სიმპტომები არ აღენიშნება, ვირუსის გადაცემა მაინც შეუძლია.

როგორც კი ხდება დაინფიცირება, ვირუსი რჩება ორგანიზმში და, პერიოდულად, ხელახლა აქტიურდება, რაც სასქესო ორგანოზე წყლულების ან ბუშტუკების განმეორებით გაჩენას იწვევს.

გენიტალური ჰერპესის სიმპტომები 

გენიტალური ჰერპესი ადამიანებში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ზოგს სიმპტომები საერთოდ არ აქვს, ზოგში მსუბუქი გამოვლინებები იჩენს თავს. ინფიცირებულთა ნაწილში კი ვირუსი უფრო სიმპტომატურია. გენიტალური ჰერპესის საერთო სიმპტომებია:

მტკივნეული ბუშტუკები ან წყლულები: შესაძლოა ვირუსის მატარებელს სასქესო ორგანოების ან ანალურ მიდამოში, ზოგჯერ კი ბარძაყებსა ან დუნდულებზე, წვრილი წითელი მუწუკები და ბუშტუკები გაუჩნდეს. ხშირად ისინი სკდება და მტკივნეულ წყლულებად იქცევა.

ქავილი ან ჩხვლეტა: ინფიცირებულთა ნაწილი სასქესო ორგანოს მიდამოებში წყლულების გაჩენამდე ქავილს, ჩხვლეტას ან წვას გრძნობს.

გრიპის მსგავსი სიმპტომები: ინფიცირების საწყის ეტაპზე შეიძლება აღინიშნოს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ლიმფური კვანძების შეშუპება.

ტკივილი შარდვის დროს: ინფექციის გამო გაჩენილმა წყლულმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი ან ტკივილი შარდვის დროს.

გამონადენი: ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ვაგინალური გამონადენი.

რეციდივი: თავდაპირველი ინფექციის შემდეგ, ვირუსი რჩება მიძინებულ მდგომარეობაში და ის შეიძლება ხელახლა გააქტიურდეს, თუმცა ნაკლები სიმძიმით. რეციდივი, როგორც წესი, გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სტრესი, ავადმყოფობა ან დასუსტებული იმუნური სისტემა.

გენიტალური ჰერპესის რისკფაქტორები

იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ინფიცირება, საჭიროა ვიცოდეთ, გენიტალური ჰერპესის რისკფატორების შესახებ.

დაუცველი სექსუალური აქტივობა: დაუცველი ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსი ინფიცირებისა და ჰერპესის გადადების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

სექსუალური პარტნიორების სიმრავლე: ჰერპეს სიმპლექსის ვირუსით (HSV) ინფიცირების რისკს რამდენიმე სექსუალური პარტნიორის ყოლაც ზრდის.

დასუსტებული იმუნური სისტემა: დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები, მაგალითად ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ)/შიდსი, გენიტალური ჰერპესის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან და ხშირ რეციდივსაც განიცდიან.

სქესობრივი გზით გადამდები სხვა წინარე ინფექციები (სგგი): ინფექციებმა, როგორიცაა ქლამიდია ან გონორეა, შეიძლება ჰერპესული ინფექციის მიმართ დაუცველობა გაზარდოს.

ასაკი: მოზარდები, განსაკუთრებით ისინი, ვინც სქესობრივად აქტიურია, გენიტალური ჰერპესის გადადებისა და განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

კანთან პირდაპირი კონტაქტი: ჰერპესი შეიძლება ინფიცირებული ადამიანის კანთან მჭიდრო კონტაქტით გადაეცეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სქესობრივი კავშირი არ დამყარდება.

პრეზერვატივის არასწორი გამოყენება: პრეზერვატივის ან სხვა თავდაცვითი მეთოდების არათანმიმდევრულმა გამოყენებამ შეიძლება ჰერპესის გადაცემის შანსი გაზარდოს. მაგალითად, ჰერპესი შეიძლება მაინც გავრცელდეს იმ ადგილებში, რომლებიც პრეზერვატივით დაფარული არ არის.

ჩამოთვლილი რისკფაქტორები ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამცავი ზომები და ინფორმირებულობა გენიტალური ჰერპესის რისკის შესამცირებლად.

როგორია გენიტალური ჰერპესის გართულებები 

გენიტალური ჰერპესის გართულებები შეიძლება მსუბუქიდან მძიმემდე მერყეობდეს. მათ შორის, მოსალოდნელია შემდეგი დარღვევები:

სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების (სგგი) გაზრდილი რისკი: გენიტალური ჰერპესის სხვა სგგი-ებით დაინფიცირებას აადვილებს, რასაც ხელს უწყობს კანის ან ლორწოვანი გარსის დაზიანებული ბარიერები.

ჰერპესის გადაცემა ახალშობილისთვის: აქტიური გენიტალური ჰერპესის მქონე ორსულ ქალებს შეუძლიათ ინფექცია ბავშვს მშობიარობის დროს გადასცენ, რაც შეიძლება ჩვილის სიცოცხლისთვის მაღალი რისკის შემცველი აღმოჩნდეს. ზოგჯერ ეს ახალშობილებში სერიოზულ გართულებებს იწვევს, როგორიცაა ტვინის დაზიანება, სიბრმავე ან სიკვდილიც კი.

ფსიქოლოგიური დისტრესი: გენიტალური ჰერპესთან ასოცირებული სტიგმის გამო, ინფიცირებულები, დიაგნოზის გაგების შემდეგ, ხშირად განიცდიან შფოთვას, დეპრესიასა და სტრესს.

შარდვასთან დაკავშირებული გართულებები: ზოგიერთ შემთხვევაში, ჰერპესულმა წყლულებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდსადენის შეშუპება, რაც შარდვის გაძნელებას იწვევს.

მენინგიტი: იშვიათად, თუმცა ჰერპესმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება (ჰერპესული მენინგიტი). ეს მდგომარეობა სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.

პროქტიტი: ეს არის სწორი ნაწლავის ანთება. ის ხშირად გვხვდება ადამიანებში, რომლებსაც გენიტალური ჰერპესი, ასევე ანალური სქესობრივი კავშირი აქვთ.

როგორ ხდება გენიტალური ჰერპესის დიაგნოსტიკა 

გენიტალური ჰერპესის დიაგნოზი ჩვეულებრივ კლინიკური შეფასებისა და ლაბორატორიული ტესტირების კომბინაციით კეთდება.

კლინიკური შეფასება მოიცავს ხილულ წყლულებსა ან ბუშტუკებზე დაკვირვებას, ვინაიდან ჰერპესი სასქესო ორგანოზე ვირუსის ერთ-ერთი გავრცელებული ნიშანია.

გარდა ამისა, გენიტალური ჰერპესის ანალიზისთვის დაზიანებული კანიდან ნიმუშებს იღებენ, რომლებიც ლაბორატორიაში იგზავნება. დიაგნოზი ყველაზე ზუსტია, როდესაც ნიმუშები ვირუსის აქტიურ ფაზაში ყოფნისას არის აღებული, განსაკუთრებით სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში.

გენიტალური ჰერპესის დიაგნოზს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტის დახმარებითაც სვამენ. მას ჰერპეს სიმპლექსის ვირუსის გამოვლენა წყლულიდან აღებული გენეტიკური მასალიდან შეუძლია.

როდესაც ჰერპესი სიმპტომებით არ არის გამოხატული, მაშინ მის გამოსავლენად სისხლის ტესტი, სეროლოგიაა ეფექტიანი. სისხლის ტესტს ჰერპეს სიმპლექსის ორი ტიპის, HSV-1-ისა და HSV-2-ის ანტისხეულების აღმოჩენა შეუძლია.

დიაგნოზის დასასმელად წარმატებით გამოიყენება ასევე პირდაპირი ფლუორესცენტული ანტისხეულების (DFA) ტესტი. ის ჰერპესის ვირუსს სპეციალური ლაქის დახმარებით გამოავლენს, რისთვის წყლულიდან აღებული ნიმუშებია საჭირო. აღსანიშნავია, რომ ამ ტესტს HSV-1-ისა და HSV-2-ის განსხვავება შეუძლია.

ადრეული და ზუსტი დიაგნოზი ხელს უწყობს გენიტალური ჰერპესის ეფექტიანად  მართვას და მისი გადაცემის რისკს ამცირებს.

როგორ მკურნალობენ დაავადებას?  

გენიტალური ჰერპესის მკურნალობა ძირითადად სიმპტომების მართვისა და გადაცემის რისკის შემცირებისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსისგან სრულად განკურნება არ ხდება, ინფექციის გასაკონტროლებლად მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

ერთ-ერთი მეთოდია ჰერპესის მკურნალობა მედიკამენტებით. ჰერპესის სამკურნალოდ ხშირად ანტივირუსულ პრეპარატებს მიმართავენ, რომლებიც ინფექციის სიმძიმესა და ხანგრძლივობას, ასევე ვირუსის პარტნიორისთვის გადაცემის რისკს ამცირებს. ანტივირუსული საშუალებები ჩვეულებრივ ორგანიზმში ინფექციის პირველად მოხვედრისას, 7-10 დღის განმავლობაში ინიშნება.

გარდა ამისა, ჰერპესის ვირუსის მქონე პაციენტებს ზოგჯერ ტკივილგამაყუჩებლებსაც უნიშნავენ, რაც დისკომფორტის შეგრძნებას ამცირებს. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები კი შეიძლება გამოყენებულ იქნას დაზიანებულ ადგილებში ტკივილის შესამცირებლად.

ზოგჯერ გენიტალურ ჰერპესის ანტისეპტიკური საშუალებებითაც მკურნალობენ, მათ შორის იყენებენ გენიტალური ჰერპესის მალამოსა და სპრეის. ერთ-ერთი ასეთი სამკურნალო საშუალებაა დრიაჯინის ვაგინალური სპრეი, რომელიც ვაგინალური კანდიდოზისა და ბაქტერიული ვაგინოზის დროსაც გამოიყენება.

დისკომფორტის შემცირება არასამკურნალო ღონისძიებებითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, დაზარალებული ადგილის სუფთად და მშრალად შენარჩუნებით, რაც ინფექციის ხელახლა გააქტიურების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ

თავისუფალი ტანსაცმლისა და ბამბის შემცველი ქსოვილის საცვლების ტარებამ შეიძლება გამონაყარის გაღიზიანება და ტკივილი შეამციროს.

ადამიანებს, რომლებში ინფექცია ხშირი რეციდივით ხასიათდება, ან მათ, ვისაც ვირუსის გადაცემის რისკის შემცირება სურთ, შეუძლიათ ყოველდღიური სუპრესიული ანტივირუსული თერაპიით ისარგებლონ.

ინდივიდუალური შემთხვევისთვის მკურნალობის საუკეთესო კურსის დასადგენად ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.