
მარტივად რომ განვმარტოთ, ჰიპოთერმია სხეულის ტემპერატურის ვარდნაა. სხეულის ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსია მიჩნეულია, ჰიპოთერმია კი ვითარდება მაშინ, როდესაც ის 35 გრადუსზე დაბლა იწევს. ცნობისთვის, 28°C-ზე დაბალი და 42°C-ზე მაღალი ტემპერატურა კრიტიკულად არის მიჩნეული.
ჰიპოთერმია არის მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი იმაზე მეტ სითბოს კარგავს, ვიდრე წარმოქმნა შეუძლია. ორგანიზმში სითბოს ჰიპოთალამუსი არეგულირებს. მას ტემპერატურის მომატების ან დაცემის შესახებ ინფორმაცია კანში თავმოყრილი თერმორეცეპტორების მიერ მიეწოდება. როდესაც ჰიპოთალამუსი მსგავს სიგნალს იღებს, ნერვულ-ენდოკრინული ჰორმონების ზემოქმედებით, ოფლის გამოყოფა და სითხის აორთქლება ძლიერდება, შედეგად კი, სხეულის ტემპერატურა მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ტემპერატურა დაბალია, სითხის გამოყოფა და აორთქლება, პირიქით, იკლებს, რაც ორგანიზმის გათბობას და მის მიერ ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მიუხედავად ამისა, არსებობს ექსტრემალური სიტუაციებიც, როდესაც სხეული დაკარგული სითბოს სწრაფად აღდგენას ვერ ახერხებს. სწორედ ამ დროს ვითარდება ჰიპოთერმია. ის შეიძლება ცივ გარემოში სხეულის ტემპერატურის ვარდნამ გამოიწვიოს. ეს მდგომარეობა თავს იჩენს ცივი წყლის ან ჰაერის სხეულზე ხანგრძლივი ზემოქმედებისას, განსაკუთრებით სათანადო ტანსაცმლისა და სითბოს შემნარჩუნებელი სხვა საშუალებების არქონის შემთხვევაში.
ამასთან ერთად, ჰიპოთერმია შეიძლება გამოწვეული იყოს ხანგრძლივი უმოძრაობით, რასაც გარემოს დაბალი ტემპერატურაც ემატება. ასე ხდება, მაგალითად, ინსულტის ან კრუნჩხვის შემდგომ, ან ინტოქსიკაციით, სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობით ან ტრავმით გამოწვეული უგონო მდგომარეობების შემთხვევაში. უმოძრაობის გამო, ორგანიზმი ნაკლებ სითბოს გამოიმუშავებს, ასეთ დროს კი, ჰიპოთერმიის განვითარების რისკი მაშინაც დიდია, თუ გარემოს ტემპერატურა არც ისე დაბალია.
იმ შემთხვევაში თუ ჰიპოთერმია დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება, ამან შესაძლოა, გულის და სასუნთქი სისტემის სრული უკმარისობა გამოიწვიოს, რაც სიკვდილის მიზეზი ხდება. დაღუპვის რისკი ჩნდება, როდესაც ტემპერატურა 31 გრადუსამდეა დაცემული. სიკვდილის ალბათობა გაცილებით იზრდება ტემპერატურის 28 გრადუსამდე დაცემისას.
თუმცა არსებობს მსუბუქი ჰიპოთერმიაც. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეულის ტემპერატურა ნორმაზე ოდნავ ქვემოთ, მაგალითად 32-35°C-ზე ეცემა. ამ დროს აღინიშნება კანკალი, კანის გაციება და მსუბუქი დაბნეულობა.
ჰიპოთერმია ბავშვებში
ჩვილები და ბავშვები ჰიპოთერმიის მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან. მათ სხეულის მასასთან შედარებით უფრო დიდი ზედაპირი აქვთ, რაც სითბოს სწრაფად დაკარგვას განაპირობებს, ვიდრე ეს მოზრდილების შემთხვევაში ხდება. ნაკლები კუნთოვანი მასა და სხეულის ცხიმის მცირე მარაგები კი, ზღუდავს მათ უნარს, გამოიმუშაონ სითბო კანკალით ან მეტაბოლური პროცესებით. რაც უფრო მცირეა ბავშვების ასაკი, მათ სხეულს მით უფრო ნაკლებად შეუძლია ტემპერატურის რეგულირება.
ბავშვებში ჰიპოთერმიის რისკს ზრდის ცივი ტემპერატურის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა, მაგალითად თოვლში თამაში, ამინდთან შეუსაბამო ან სველი ტანსაცმლის ტარება, სახლში ყოფნა, რომელიც საკმარისად არ თბება და სხვა.
ჰიპოთერმიის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია ცივ წყალში მოხვედრის შემთხვევაში. ამან შეიძლება სხეულის ტემპერატურის სწრაფი დაქვეითება გამოიწვიოს. საყურადღებოა, რომ წყალი უფრო სწრაფად აშორებს სითბოს სხეულიდან, ვიდრე ჰაერი.
ვინაიდან ბავშვების ორგანიზმი სიცივეზე ისე ეფექტიანად არ რეაგირებს, როგორც მოზრდილების, მათ შემთხვევაში ჰიპოთერმიის სიმპტომები უფრო სწრაფად წარმოიქმნება. ის ხშირად იწყება მსუბუქი კანკალითა და კანის გაცივებით, თუმცა სხეულის ტემპერატურის კიდევ უფრო კლებასთან ერთად, კანკალი შეიძლება შეწყდეს და ბავშვს აღენიშნოს დაბნეულობა, სუნთქვის შენელება, კოორდინაციის დაკარგა და აღმოჩნდეს ლეთარგიულ ან უგონო მდგომარეობაში. ჰიპოთერმიის სიმპტომები მოზრდილების შემთხვევაშიც მსგავსია.
როგორ მკურნალობენ ჰიპოთერმიას?
ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, აუცილებელია დიაგნოზის დასმა. ჰიპოთერმიის გამოვლენა კი სხეულის ტემპერატურის რექტალური გაზომვის მეთოდის გამოყენებით ხდება. აღსანიშნავია, რომ ჰიპოთერმიის დიაგნოზის დასასმელად სპეციალურ თერმომეტრს იყენებენ, ვინაიდან სიცხის საზომი ჩვეულებრივი თერმომეტრი 34ºC-ზე დაბალ ტემპერატურას ვერ აფიქსირებს. დაავადების მიზეზის დასადგენად შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზებისა და სხვა კვლევების ჩატარება.
რაც შეეხება ჰიპოთერმიის მკურნალობას, მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენისას, თუ მიზეზი ცივ წყალთან კონტაქტია, აუცილებელია სველი პაციენტის გაშრობა და სველი ტანსაცმლის გამოცვლა. ცივი ჰაერით გამოწვეული ჰიპოთერმიის დროს პაციენტი უნდა შეიმოსოს თბილად და მიიღოს თბილი სითხეები. ეს ორგანიზმს სითხის განმეორებითი დაკარგვისგან დაიცავს.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, რეკომენდებულია გადაუდებელი დახმარების ჯგუფის გამოძახება და პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა, სადაც მასზე სპეციალისტები იზრუნებენ.
საავადმყოფოში კი პაციენტის მდგომარეობის დეტალური შეფასების შემდეგ, შესაძლოა მას გულ-ფილტვის რეანიმაცია დასჭირდეს. მანამდე ექიმი უნდა დააკვირდეს პაციენტის სუნთქვასა და გულისცემას, თუ რამდენად სუსტია ისინი. შეიძლება გარეგანი გასინჯვისას პულსი გაქრეს, თუმცა გული შეკუმშვას განაგრძობდეს. მსგავს შემთხვევაში გულ-ფილტვის რეანიმაციის მიზნით გულმკერდზე ზეწოლებს ხშირად პაციენტი სასიკვდილო არითმიამდე მიჰყავს.
ჰიპოთერმიის მძიმე ფორმის დროს პაციენტისთვის მკვეთრი მოძრაობების გაკეთება რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შეიძლება სასიკვდილო არითმიის განვითარებას შეუწყოს ხელი.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰიპოთერმიის მსუბუქი თუ მძიმე სტადიის შემთხვევაში, პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანით მას უკეთესად დავიცავთ და სწრაფად გამოჯანმრთელებაში შევუწყობთ ხელს. სამედიცინო დაწესებულებაში მის სხეულს თბილი ჟანგბადით მოამარაგებენ და გამთბარი სითხეების ინტრავენურ გადასხმას გაუკეთებენ.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სისხლის გათბობის პროცედურის ჩატარებაც, რაც ჰემოდიალიზს მოიცავს. ამ დროს ორგანიზმიდან სისხლის მთელი მოცულობის ეტაპობრივად გამოტუმბვა ხდება. ამის შემდეგ ის დიალიზის აპარატში მიედინება, სადაც იფილტრება, თბება და კვლავ ორგანიზმში ბრუნდება. გარდა ამისა, კლინიკური მკურნალობისას მიმართავენ გულ-ფილტვის აპარატის გამოყენებას. ამ შემთხვევაში ორგანიზმიდან გამოტუმბული სისხლის ნაკადი თბება და ჟანგბადით მდიდრდება.
პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა მაშინაც კი აუცილებელია, თუ მას არანაირი სასიცოცხლო ნიშნები არ უვლინდება. ზოგჯერ ლაბორატორიული კვლევის შედეგები იმ დონეზეა, რომ სხეულის გათბობა და პაციენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელია. ეს კი მხოლოდ მისი საავადმყოფოში დროულად გადაყვანის შემთხვევაში მიიღწევა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account