
მასტოპათია, ასევე ცნობილი როგორც მკერდის ფიბროკისტოზური დაავადება, სარძევე ჯირკვლების პათოლოგიაა. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირია 20-დან 50 წლამდე ასაკის ქალებში, რაც, ძირითადად, ჰორმონალურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
რა არის მასტოპათია?
მასტოპათია სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც მკერდის ქსოვილის ცვლილებებით ხასიათდება. ის, ჩვეულებრივ, რეპროდუქციული ასაკის ქალებში ვითარდება და ჰორმონალურ დისბალანსთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი ესტროგენის ნორმაზე მეტ ან ნაკლებ გამომუშავებასთან.
ზოგადად, მასტოპათია არ წარმოადგენს ძუძუს კიბოსწინარე პათოლოგიას, თუმცა არსებობს დაავადების ფორმები, რომელთა ფონზეც მკერდის სიმსივნის განვითარების ალბათობა იზრდება.
არსებობს მასტოპათიის რამდენიმე ტიპი, მათ შორის:
დიფუზური მასტოპათია (მკერდის დიფუზური ფიბროკისტოზური ცვლილებები) - ამ დროს მკერდის ქსოვილში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღინიშნება. ზოგჯერ სარძევე ჯირკვლები მკვრივდება და ჩნდება წარმონაქმნები ცისტების, ფიბროზისა და შემაერთებელი ქსოვილის გასქელების გამო.
კვანძოვანი მასტოპათია (კვანძოვანი ფიბროკისტოზური ცვლილებები) - მასტოპათიის ამ ტიპს მკერდის ქსოვილში მკაფიო კვანძების ან წარმონაქმნების განვითარება ახასიათებს. კვანძოვანი მასტოპათია ხშირად მკერდის კონკრეტულ უბნებში ჩნდება, განსხვავებით დიფუზური მასტოპათიისგან, რომელიც უფრო დიდ არეალზე ახდენს გავლენას.
კისტოზური მასტოპათია - ეს ტიპი მკერდის ქსოვილში სითხით სავსე კისტების განვითარებით ხასიათდება. ისინი მენსტრუაციის წინ უფრო გამოკვეთილი და მტკივნეულია, ციკლის შემდეგ კი შეიძლება დაპატარავდეს.
ფიბროზული მასტოპათია (ფიბროზი) - ამ ტიპის დროს მკერდის ქსოვილი სქელდება და ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჭარბი ზრდის გამო მკვრივი ან მყარი ხდება. ამ ტიპის მასტოპათია ზოგჯერ შეიძლება მკერდის სხვა დაავადებებში აგვერიოს, მაგალითად, როგორიცაა სიმსივნე.
როგორია მასტოპათიის სიმპტომები
მასტოპათია ასოცირდება რამდენიმე სიმპტომთან, რომლებიც, ტიპისა და ინდივიდუალური ფაქტორების მიხედვით, ერთმანეთისგან ინტენსივობით განსხვავდება.
მასტოპათიის საერთო ნიშნებია:
მკერდის ტკივილი (მასტალგია) — ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, ხშირად მენსტრუალურ ციკლთან არის ასოცირებული. ტკივილი მენსტრუაციის დაწყებამდე მატულობს და ჩვეულებრივ, მის შემდეგ მცირდება.
წარმონაქმნები — სიმპტომებს შორისაა სიმსივნური წარმონაქმნები ან გასქელებული ქსოვილი, რომლებიც მენსტრუალური ციკლის დროს შეიძლება გაიზარდოს და მეტი მგრძნობელობით ხასიათდებოდეს. ეს წარმონაქმნები ჩვეულებრივ კეთილთვისებიანია.
შეშუპება ან სიმძიმე — სისავსის ან შეშუპების შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, როგორც წესი, უფრო შესამჩნევი ხდება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში.
გამონადენი ძუძუს თავიდან — ზოგიერთ ქალს შეიძლება სუფთა ან ოდნავ მღვრიე გამონადენი აღენიშნოს, თუმცა ეს ნაკლებად ხშირი სიმპტომია.
მკერდის ტექსტურის ცვლილებები — მასტოპათიის დროს მკერდი შეიძლება გამკვრივდეს ან გაჩნდეს კვანძები. ამის მიზეზი ჯირკვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილების ცვლილებებია.
ამ სიმპტომების სიძლიერე შესაძლოა, ჰორმონალურ ციკლთან ერთად იცვლებოდეს და უფრო ინტენსიური იყოს რეპროდუქციული ასაკის ქალებში. თუ სიმპტომები დიდხანს შენარჩუნდება ან გაუარესდება, მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, რათა სხვა უფრო სერიოზული პირობები გამოირიცხოს.
მასტოპათიის რისკფაქტორები
პირველ რიგში, მასტოპათიის რისკჯგუფში შედიან ქალები, რომლებსაც მკერდის დაავადებების ოჯახური ისტორია აქვთ. ეს მასტოპათიის განვითარების ალბათობას ზრდის.
მასტოპათიის რისკი იზრდება ესტროგენისა და პროგესტერონის დისბალანსის დროსაც. ქალები, რომლებსაც აქვთ ესტროგენის მაღალი დონე და ჰორმონალურ ციკლთან (მენსტრუაციასთან, ორსულობასთან ან მენოპაუზასთან) დაკავშირებული ცვლილებები, მასტოპათია უფრო ხშირად უვითარდებათ.
ქალები, რომლებსაც არ ჰყოლიათ შვილი, ან გვიან ასაკში იმშობიარეს, ცვალებადი ჰორმონების დონის ხანგრძლივი ზემოქმედების გამო, შესაძლოა, უფრო მაღალი რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
ორალური კონტრაცეპტივების ან ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის (HRT) გამოყენება ზოგჯერ გავლენას ახდენს მკერდის ქსოვილის ცვლილებებზე, რაც პოტენციურად მასტოპათიის გამომწვევი მიზეზია.
გაზრდილმა სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰორმონალურ ბალანსზე და შეუწყოს ხელი მასტოპათიის სიმპტომების გამოვლენას ან გაუარესებას.
მასტოპათია და ორსულობა
ორსულობის დროს ჰორმონების დონე — განსაკუთრებით ესტროგენი და პროგესტერონი — მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ზოგჯერ მკერდის ქსოვილსა და მასტოპათიის სიმპტომებზე ახდენს გავლენას.
ზოგიერთ ორსულს, რომელსაც მასტოპათია აქვს, უფრო ძლიერი სიმპტომები აღენიშნება, როგორიცაა მკერდის ტკივილი, მგრძნობელობის მომატება და შეშუპება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ორსულობა ჰორმონალური ცვლილებების ფონზე პროგრესირებს, რაც მკერდის ქსოვილის განვითარებას ასტიმულირებს.
გარდა ამისა, მასტოპათიის მქონე ქალებში ორსულობისას ადრე არსებული წარმონაქმნები შეიძლება უფრო შესამჩნევი და არასასიამოვნო გახდეს. მათი უმეტესობა კეთილთვისებიანია და დაკავშირებულია ფიბროკისტოზურ ცვლილებებთან, თუმცა უფრო სერიოზული პრობლემები რომ გამოირიცხოს, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
პარალელურად, ორსულობისას რიგ შემთხვევებში ზოგიერთი სიმპტომი მსუბუქდება. პროგესტერონის მუდმივმა მატებამ მთელი ორსულობის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის ციკლური ხასიათისა და წარმონაქმნების შემცირება.
მასტოპათიით დაავადებული ქალებისთვის ორსულობის პერიოდში რეკომენდირებულია მკერდის რეგულარული გამოკვლევა, მიუხედავად იმისა, რომ ფიბროკისტოზური ცვლილებები, როგორც წესი, კეთილთვისებიანია.
რა ნაბიჯებს მოიცავს მასტოპათიის დიაგნოზი
მასტოპათიის დიაგნოზი ჩვეულებრივ მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
მკერდის კლინიკური გამოკვლევა: ექიმი ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას, რათა გამოავლინოს წარმონაქმნები, შეამოწმოს მგრძნობელობა ან ქსოვილში აღმოაჩინოს რაიმე სახის დარღვევა.
მამოგრაფია: სარძევე ჯირკვლის რენტგენი ხშირად არის ვიზუალიზაციის პირველი ტესტი, რომელიც მკერდის ქსოვილში დარღვევების შესამოწმებლად გამოიყენება.
ულტრაბგერა: ეს ტესტი სპეციალისტებს ეხმარება, განასხვაონ სითხით სავსე კისტები და მყარი წარმონაქმნები, რაც შეიძლება შემდგომ გამოკვლევას საჭიროებდეს.
წვრილი ნემსით ასპირაცია (FNA): წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში, ნემსი შეიძლება გამოყენებულ იქნას სითხის ან ქსოვილის ასპირაციისთვის, რათა დადგინდეს, ის კისტაა თუ მყარი მასა.
ბიოფსია: თუკი არსებობს რაიმე ეჭვი კიბოზე ან სიმსივნური წარმონაქმნი არ ქრება ასპირაციის შემდეგ, შეიძლება რეკომენდებული იყოს ბიოფსია და მიკროსკოპის ქვეშ ქსოვილის პათოლოგიური უჯრედების გამოკვლევა.
ჰორმონალური შეფასება: ზოგიერთ შემთხვევაში, ჰორმონალური ტესტირება ტარდება იმის გასაგებად, აღინიშნება თუ არა ჰორმონალური დისბალანსი, რაც მასტოპათიის განვითარებას უწყობს ხელს.
ამ დიაგნოსტიკური საშუალებებით დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მასტოპათიის ეფექტიანად მართვაში დაგეხმარებათ.
როგორ მკურნალობენ დაავადებას?
ცხოვრების წესის ცვლილებამ, მათ შორის კოფეინის მიღებისა და ცხიმიანი საკვების შემცირებამ შესაძლოა, ზოგიერთი ქალის შემთხვევაში მასტოპათიის სიმპტომების შემსუბუქებას შეუწყოს ხელი.
გარდა ამისა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში ხელს უწყობს ჰორმონების დონის დაბალანსებას და მასტოპათიის სიმპტომებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებას.
რაც შეეხება მასტოპათიის წამლებს, ტკივილის შესამსუბუქებლად ხშირად იყენებენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. გარდა ამისა, მასტოპათიის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილია მალამოები და გელები. ერთ-ერთი ასეთი სამკურნალო საშუალებაა მასტოქეა. ეს გელი დამზადებულია მცენარეებისგან, რომლებიც ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას და მასტოპათიური ცვლილებების პრევენციას, ასევე დაჭიმულობის შეგრძნებას ამცირებს.
იმ შემთხვევაში, თუ კისტა მტკივნეული ან დიდია, შესაძლოა, ექიმმა ასპირაციას (დრენაჟი) მიმართოს. ასპირაცია რაიმე დაავადების შედეგად სხეულის ღრუში დაგროვებული სითხის ან ჰაერის ამოსრუტვას გულისხმობს. მასტოპათიის შემთხვევაში, პროცედურა კისტების სპეციალური ნემსის გამოყენებით ტარდება.
იშვიათად, თუმცა შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა მტკივნეული კისტების ან უფრო მყარი სიმსივნური წარმონაქმნების მოსაშორებლად, რომლებიც მკურნალობის სხვა მეთოდებს არ ემორჩილება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account