რა უნდა ვიცოდეთ ინტოქსიკაციის სამკურნალო პრეპარატ რეამბერინის შესახებ

რეამბერინი (REAMBERIN®) თანამედროვე სამედიცინო პრეპარატია, რომელიც სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მწვავე ენდოგენური და ეგზოგენური ინტოქსიკაციების სამკურნალოდაა განკუთვნილი. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერება განსაკუთრებული ანტიჰიპოქსიური და დეზინტოქსიკაციური თვისებებით გამოირჩევა. 

წამალი რეამბერინი 400-მილილიტრიან ფლაკონშია მოთავსებული. ის გამჭვირვალე, უფერო, საინფუზიო ხსნარის სახითაა წარმოდგენილი, რომელიც ფარმაკოთერაპიულად წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე მოქმედ ხსნარებს მიეკუთვნება. მისი უნიკალური შედგენილობა ორგანიზმში ჰიპოქსიის შემცირებასა და ტოქსიკური ნივთიერებების ეფექტიან განეიტრალებას უზრუნველყოფს, რაც  მწვავე ინტოქსიკაციების დროს რეამბერინს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად აქცევს.  

რისგან შედგება პრეპარატი

რეამბერინის ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა ნატრიუმის მეგლუმინის სუქცინატია, რომელიც ხსნარში 15 გრამის ოდენობითაა.  

დამხმარე ნივთიერებებში შედის ნატრიუმის ქლორიდი (6 გ.), კალიუმის ქლორიდი (0,30 გ.), მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი (0,12 გ. უწყლოზე გადაანგარიშებით), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (1,788 გ.) და ქარვის მჟავა, რომელიც ხსნარის pH-ის 6,0-დან 7,0-მდე შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მოცემული კომპონენტები 1,0 ლ-მდე საინიექციო წყალში იხსნება.

პრეპარატის იონური შედგებილობა თითოეულ ლიტრში ნატრიუმის 147 მმოლს, კალიუმის 4,02 მმოლს, მაგნიუმის 1,26 მმოლსა და ქლორიდების 109 მმოლს მოიცავს. ასევე, იგი სუქცინატებსა (46,0 მმოლი) და მეგლუმინს (44,7 მმოლი) შეიცავს. აღნიშნული ნივთიერებები ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების გასაუმჯობესებლად და ბიოქიმიური ბალანსის აღსადგენად ოპტიმალურადაა შერჩეული. რეამბერინის თეორიული ოსმოლარობა 353 მოსმ/ლ-ია.

რეამბერინის ანოტაცია როგორია პრეპარატის ფარმაკოდინამიკა

რეამბერინის 1.5%-იანი საინფუზიო ხსნარი 400 მლ-იან შუშის ბოთლებშია დაფასოებული. ბოთლები 450 ან 500 მლ. ტევადობისაა და რეზინის საცობებითაა დახურული, რომელთა ზედაპირს ალუმინის ან ალუმინისა და პლასტმასის კომბინირებული თავსახურები ფარავს. პრეპარატის თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფშია მოთავსებული, რომელშიც სამედიცინო გამოყენების დეტალური ინსტრუქციაა თანდართული.  

რეამბერინი ძლიერი ანტიჰიპოქსიური და ანტიოქსიდანტური მოქმედებით ხასიათდება, რაც უჯრედებში მიმდინარე ენერგეტიკულ პროცესებზე დადებით გავლენას ახდენს. პრეპარატი თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ამცირებს, ასევე ხელს უწყობს უჯრედებში აერობული მექანიზმების გააქტიურებასა და ენერგეტიკული პოტენციალის აღდგენას.  

პრეპარატი კრებსის ციკლის ფერმენტულ პროცესებს ასტიმულირებს, რითაც ცხიმოვანი მჟავებისა და გლუკოზის ეფექტიან უტილიზაციას განაპირობებს. მისი მოქმედება მხოლოდ ენერგეტიკული ცვლით არ შემოიფარგლება — რეამბერინი ორგანიზმს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მოწესრიგებასა და სისხლის აირების შედგენილობის გაუმჯობესებაშიც ეხმარება. დამატებით, მას ზომიერი დიურეზული ეფექტი აქვს.

მედიკამენტის ინსტრუქცია და მიღების წესი 

ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატი ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება და არ გროვდება, რაც მის გამოყენებას განსაკუთრებით უსაფრთხოს ხდის. რეამბერინი ინტოქსიკაციასთან და ჰიპოქსიურ მდგომარეობებთან საბრძოლველად გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში (1 წლის ასაკიდან).

რეამბერინი ვენაში წვეთოვანი მეთოდით შეჰყავთ, სიჩქარისა და დოზირების მკაცრი კონტროლით. მოზრდილებში შეყვანის სიჩქარე 1-4.5 მლ/წთ-ს შეადგენს, რაც წუთში დაახლოებით 90 წვეთს უდრის. საშუალო დღიური დოზა 10 მლ/კგ-ზე განისაზღვრება, ხოლო თერაპიული კურსის ხანგრძლივობა შეიძლება 11 დღემდე გაგრძელდეს.  

ბავშვებისთვის პრეპარატის დოზა წონის მიხედვით იცვლება და დღეში 6-10 მლ/კგ-ს შეადგენს, 3-4 მლ/წთ-იანი შეყვანის სიჩქარით. ისევე, როგორც მოზრდილებში, თერაპიის მაქსიმალური ხანგრძლივობა 11 დღეა.  

ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ამ ჯგუფზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. რეკომენდებულია შეყვანის დაბალი სიჩქარით დაწყება — 20-40 წვეთი (1-2 მლ) წუთში, რის შემდეგაც საჭიროების მიხედვით სიჩქარის კორექტირება შესაძლებელია.  

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებშიც პრეპარატის სიფრთხილით გამოიყენება, რადგან ამ ჯგუფზე კვლევები არ ჩატარებულა. მსგავსი სიფრთხილე საჭიროა გაუწყლოების ან ალკალოზის შემთხვევაშიც. თუ აღინიშნება დეკომპენსირებული ალკალოზი, პრეპარატის მიღება სისხლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებამდე უნდა შეწყდეს. 

რეამბერინი ანტიბიოტიკებთან, წყალში ხსნად ვიტამინებთან და გლუკოზის ხსნართან თავსებადია. ამის მიუხედავად, სხვა პრეპარატებთან ბოთლში შერევა რეკომენდებული არ არის, ხოლო კალციუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად მისი ვენაში შეყვანა დაუშვებელია. ამის მიზეზი კალციუმის სუქცინატის დალექვის რისკია.  

აუცილებელია ხსნარის ფერის ცვლილების ან ნალექის არსებობის შემთხვევაში მისი გამოყენებისგან თავის შეკავება. პრეპარატის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის შემცირება და შარდის ტუტე რეაქცია. შაქრიანი დიაბეტის ან გლუკოზისადმი დაქვეითებული ტოლერანტობის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონის რეგულარული კონტროლია საჭირო.  

რეამბერინის გამოყენების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა რეკომენდებული არაა, რადგან ეს პრეპარატი შესაძლოა,ზეგავლენას ახდენდეს ყურადღებისა და რეაქციის უნარზე.

რეამბერინის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

რეამბერინი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა აღენიშნებათ. მისი მიღება უკუნაჩვენებია ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ, თუ ამას თან ახლავს ტვინის შეშუპება; ასევე, თირკმლის მწვავე უკმარისობის ან თირკმელების ქრონიკული დაავადების მე-5 სტადიის დროს, როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე 15 მლ/წთ-ზე ნაკლებია. 

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან ამ ჯგუფებზე კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ალკალოზისა და თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის გამოყენებას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან ამ მდგომარეობებში მისი მიღება შესაძლოა, დამატებით რისკებს უკავშირდებოდეს. 

არასასურველი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა, პრეპარატის გამოყენების დროს გამოვლინდეს, სიხშირის მიხედვით განსხვავდება. სწრაფი შეყვანის შემთხვევაში არასასურველი რეაქციების განვითარების ალბათობა განსაკუთრებით იზრდება.

ზოგადად, პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად შესაძლებელია ისეთი სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა სხეულის სისუსტე, ოფლიანობა, კანკალი ან შეყვანის ადგილას ჰიპერემია, ტკივილი და შეშუპება. იმუნური სისტემის მხრივ იშვიათად აღინიშნება ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება ან ანაფილაქსიური შოკი.  

კანის დაზიანებები იშვიათია და შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული გამონაყარის, ქავილის ან ჭინჭრის ციების სახით. სასუნთქი სისტემის მხრივ შესაძლებელია ქოშინი ან მშრალი ხველა, ხოლო გულის მხრივ — ტაქიკარდია, ტკივილი გულმკერდის არეში ან არტერიული წნევის ცვლილებები.  

კუჭ-ნაწლავთან ურთიერთქმედებით პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, მეტალის გემო პირში, მუცლის ტკივილი ან დიარეა. შესაძლოა, გამოვლინდეს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი ან შფოთვა.  

არასასურველი ეფექტების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის შეყვანის სიჩქარისა და დოზირების მკაცრი დაცვაა რეკომენდებული. არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა შეყვანის სიჩქარის შემცირება და ექიმთან კონსულტაცია. თუ პრეპარატის გამოყენებისას განვითარდა რომელიმე არასასურველი ეფექტი, რომელიც ინსტრუქციაში მითითებული არ არის, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს.