რა სიმპტომებით ვლინდება ადენოვირუსი და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს

ადენოვირუსები წარმოადგენს ვირუსების დიდ ჯგუფს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სახის ინფექციების გამოწვევა. იგი აზიანებს თვალებს, ნაწლავების ლორწოვან გარსს, სასუნთქ ორგანოებსა და ლიმფურ კვანძებს. კერძოდ, იწვევს სასუნთქი გზების მწვავე კატარს, კონიუნკტივიტს, ენტეროკოლიტს, ატიპურ პნევმონიასა და სხვა. 

ადენოვირუსით შესაძლოა დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუმცა განსაკუთრებით ხშირად მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები ავადდებიან. 

ადენოვირუსის გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები

დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში ლატენტურ მდგომარეობაში არსებული ადენოვირუსის ინფექციით. ინფექციის წყაროს ძირითადად წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, რომელიც ცხვირ-ხახიდან ან განავლის მეშვეობით გამოყოფს ვირუსს. ინფექცია უმთავრესად გადაეცემა კონტაქტური და ჰაერ-წვეთოვანი გზით.

ადენოვირუსით დაავადების ძირითადი მიზეზებია:

  • დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი და მისი ნივთების გამოყენება;
  • საკვებში დაავადებული პროდუქტების, ან დაბინძურებული წყლის გამოყენება. 

რა სიმპტომები ახასიათებს ამ ვირუსს?

ადენოვირუსული ინფექციის სიმპტომები დამოკიდებულია მის ლოკალიზაციაზე.

სასუნთქი სისტემის ან თვალების დაზიანებისას შესაძლოა, განვითარდეს გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები, ზედა სასუნთქი გზების კატარი, კონიუქტივიტი. 

სიმპტომებია: ხველა; ცხელება; სურდო; ყელის ტკივილი, თვალების სიწითლე და გამონადენი; ყურის ინფექცია; ლიმფური კვანძების გადიდება; ბრონქიტი; პნევმონია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებისას, ვითარდება გასტროენტერიტი (კუჭ - ნაწლავის ანთება), შემდეგი სიმპტომებით: დიარეა; გულისრევა; ღებინება; ტკივილი მუცლის არეში.

იშვიათად, ადენოვირუსმა შესაძლოა დააზიანოს საშარდე ან ნერვული სისტემა და გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექცია, ან  ენცეფალიტი და მენინგიტი. სიმპტომებია: ხშირი შარდვა; სისხლიანი შარდი; თავის ტკივილი; სიცხე; კუნთების ან სახსრების ტკივილი; დაღლილობა ან სისუსტე; მენინგეალური სიმპტომები.

როგორ ხდება ადენოვირუსის დიაგნოსტიკა?

ადენოვირუსის დიაგნოზის დასადგენად ინიშნება მთელი რიგი გამოკვლევები და ანალიზები, ესენია:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • თვალებისგან გამომყოფი, ცხვირ-ხახის არხების გამოკვლევა;
  • განავლის ანალიზი;
  • ცხვირის ღრუსა და გულმკერდის რენტგენოგრაფია.

აუცილებლად უნდა ჩატარდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა გრიპზე, პნევმონიაზე, კონიუქტივიტსა და ტუბერკულოზზე.

როგორ მკურნალობენ ადენოვირუსს?

ადენოვირუსს სხვადასხვა მედიკამენტებითა და პროცედურებით მკურნალობენ, ესენია: 

  • ანტიბაქტერიული პრეპარატები;
  • სიცხის დამწევი პრეპარატები;
  • ამოსახველებელი საშუალებები;
  • ტუტოვანი ინჰალაცია;
  • სისხლძარღვების აღმდგენი პრეპარატები;
  • პოლივიტამინები;
  • ფიზიოთერაპევტული პროცედურები.

ინფექციის გართულების შემთხვევაში, ინიშნება ანტიბიოტიკები, წოლითი რეჟიმი და ჰოსპიტალიზაცია.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ინფექციას?

ადენოვირუსის ინფექცია მკურნალობის გარეშე შესაძლოა გართულდეს:

  • ლარიგნოსპაზმით;
  • სინუსიტით;
  • შუა და შიდა ყურის ოტიტით;
  • ბრონქიტით;
  • პნევმონიით;
  • ანგინით.

მცირეწლოვან ბავშვებში დაავადების გართულებამ შესაძლოა სიკვდილიანობაც გამოიწვიოს.

შეგვიძლია თუ არა ამ ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკა? 

ადენოვირუსის თავიდან აცილება შესაძლებელია. პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია:

  • პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
  • სამუშაო და საცხოვრებელი ფართის მუდმივი განიავება;
  • დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტისთვის თავის არიდება;
  • გადაციებისა და გადახურებისგან თავის დაცვა.

როგორ მიმდინარეობს ადენოვირუსული ინფექცია ბავშვებში და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ადენოვირუსული ინფექციები ბავშვებში განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება: 

  • ცხელება, განსაკუთრებით 40° ან ცხელება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გაუწყლოვნების სიმპტომები (3-ზე ნაკლები სველი საფენი 24 საათის განმავლობაში);
  • მივარდნილობა და ძილიანობა;
  • გულ-მკერდის ტკივილი, ყურის სრესა  ან გამონადენი ყურიდან.

დაბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ  დაავადების გადატანის შემდეგ, 100-დან 95 შემთხვევაში ორგანიზმში ჩნდება ადენოვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ამიტომ ადამიანებს, რომლებმაც ბავშვობაში გადაიტანეს ეს ინფექცია, იშვიათად ხვდებათ ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვთ ადენოვირუსი.