
ათასობით წლის განმავლობაში ადამიანები იყენებდნენ შეჯვარების სხვადასხვა მეთოდს ორგანიზმების მოდიფიცირებისთვის. მათი მიზანი იყო, მაგალითად, სიმინდისთვის, მსხვილფეხა პირუტყვისთვის და ძაღლებისთვისაც კი გარკვეული სასურველი თვისებების დამატება.
თუმცა, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, მიკროორგანიზმების, კულტურების და ცხოველების დნმ შეეცვალათ.
მცენარეებისა და ცხოველების მოდიფიკაციის ტრადიციული მეთოდების პრაქტიკაში განხორციელებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. უფრო მეტიც, ისინი ხშირად იწვევს არასასურველ შედეგებს — სამიზნე თვისებებთან ერთად თავს იჩენს სხვა მახასიათებლებიც.
ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დნმ-ის სპეციფიკურმა მიზანმიმართულმა მოდიფიკაციამ მეცნიერებს საშუალება მისცა, ეს პრობლემა თავიდან აიცილონ და ორგანიზმის გენეტიკური შემადგენლობა არასასურველი მახასიათებლების გამოვლენის გარეშე გააუმჯობესონ.
რას ნიშნავს გენმოდიფიცირებული საკვები?
გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები (გმო) არის პროდუქტი, რომლის გენეტიკური მასალაც გენური ინჟინერიის მეთოდებით არის შეცვლილი. ეს პროცესი გულისხმობს ორგანიზმის დნმ-ში ახალი გენების ჩამატებას ან არსებულის შეცვლას ისეთი თვისებების მისაღებად, როგორებიც არის, მაგალითად, მავნებლებისადმი გამძლეობა, ჰერბიციდების მიმართ მდგრადობა ან კვებითი ღირებულების გაუმჯობესება.
საინტერესო ფაქტი: 1973 წელს ბიოქიმიკოსებმა — ჰერბერტ ბოიერმა და სტენლი კოენმა განავითარეს გენური ინჟინერია ერთი ბაქტერიის დნმ-ის მეორეში ჩასმით. ამ მეთოდით შექმნილი გენმოდიფიცირებული პროდუქციის პირველი ტალღა კი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 1990-იან წლებში გახდა.
ცხოველის, მცენარის ან მიკროორგანიზმის გენეტიკური მოდიფიკაციისთვის მეცნიერები იყენებენ გენური ინჟინერიის პროცესს, რომელსაც ასევე უწოდებენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიას, გენურ ტექნოლოგიას ან რეკომბინანტურ დნმ ტექნოლოგიას.
ამისთვის მეცნიერები, პირველ რიგში, განსაზღვრავენ თვისებას, რომლის მინიჭებაც კონკრეტული პროდუქტისთვის სურთ. შემდეგ ისინი პოულობენ ამ თვისების მქონე ცხოველს, მცენარეს ან მიკროორგანიზმს, შესაბამისი ინფორმაციის ასლს ქმნიან და ის სასურველი პროდუქტის დნმ-ში შეჰყავთ. საბოლოოდ კი ახალი, გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოზრდა ხდება.
ხშირად მოდიფიცირებულ საკვებს შორის არის სიმინდი და სოია. გმო შეიძლება იქცეს პროდუქტებად, როგორებიც არის სიმინდის სახამებელი, სიმინდის სიროფი, სოიას ზეთი, კანოლას ზეთი, სიმინდის ზეთი ან გრანულირებული შაქარი.
ამასთან, გენეტიკურად მოდიფიცირებული ბამბის გამოყენება შესაძლებელია ქსოვილებში.
რა არის საკვების გენეტიკურად მოდიფიცირების მიზანი?
საკვების გენეტიკურად მოდიფიცირების მიზანია მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური მასალის შეცვლა, რათა მათ სასურველი თვისებები მიენიჭოთ — ეს კი ტრადიციული სელექციის მეთოდებით რთულად მიიღწევა ან შეუძლებელია. საკვების გენმოდიფიცირების პროცესი საშუალებას იძლევა, რომ ორგანიზმებმა შეიძინონ მავნებლების, დაავადებებისა და გარემოს ზემოქმედების მიმართ გამძლეობა, გაზარდონ მოსავლიანობა და გააუმჯობესონ კვებითი ღირებულება.
მაგალითად, გენმოდიფიცირებული კულტურები შეიძლება იყოს მდგრადი ჰერბიციდების, მწერების, დაავადებების ან გვალვის მიმართ, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მეტი მოსავალი ნაკლები რესურსის გამოყენებით.
ასევე, გენმოდიფიცირებული საკვები შეიძლება შეიცავდეს ვიტამინებისა და მინერალების გაზრდილ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს კვებითი დეფიციტის შემცირებას.
ამასთან, მომავალში, გენმოდიფიცირებული საკვები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ალერგენების მოსაშორებლად, საკვები ნივთიერებების შესაცვლელად ან წარმოების პროცესის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
როგორია გენმოდიფიცირებული საკვების სარგებელი და რისკები?
გენმოდიფიცირებულ საკვებს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული უპირატესობები როგორც მწარმოებლებისთვის, ისე — მომხმარებლებისთვის. მათ შორის არის:
- მავნებლების კონტროლი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრი სასოფლო-სამეურნეო კულტურის გენეტიკურად მოდიფიცირების მიზანია მათი დაცვა მავნებლებისა და მწერებისგან. მაგალითად, Bt გენი, როგორც წესი, გენური ინჟინერიის საშუალებით შეყვანილია ისეთ კულტურებში, როგორებიც არის სიმინდი, ბამბა და სოია. მის წყაროს წარმოადგენს ბუნებრივად წარმოქმნილი ბაქტერია, რომელიც ცნობილია, როგორც Bacillus thuringiensis. ეს გენი აწარმოებს ცილას, რომელიც ტოქსიკურია რამდენიმე მავნებლისა და მწერისთვის, რაც გმო მცენარეებს გამძლეობით უზრუნველყოფს.
- ნაკლები პესტიციდი: 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ გმო ტექნოლოგიის წყალობით გლობალური მასშტაბით ქიმიური პესტიციდების გამოყენებამ 8,3%-ით დაიკლო. ამან ასევე ირიბად შეამცირა სათბურის აირების გამონაბოლქვი, ვინაიდან ფერმერებს თავიანთი მინდვრების ხშირად შეწამვლა არ სჭირდებათ.
- გაუმჯობესებული ამტანობა და მეტი მოსავლიანობა: გენმოდიფიცირებულ კულტურებში შეყვანილია გენები, რომლებიც მათ ეხმარება, გადაურჩნენ სტრესულ პირობებს (მაგალითად, გვალვა) და წინააღმდეგობა გაუწიონ დაავადებებს. ეს ყველაფერი კი ფერმერებს უკეთესი მოსავლით უზრუნველყოფს.
- გაზრდილი კვებითი ღირებულება: გენეტიკურ მოდიფიკაციას შეუძლია, გაზარდოს პროდუქტის კვებითი ღირებულება. მაგალითად, ბეტა კაროტინის შემცველი ბრინჯი, რომელსაც ასევე ოქროს ბრინჯს უწოდებენ, შეიქმნა სიბრმავის თავიდან ასაცილებლად რეგიონებში, სადაც ადგილობრივ კვების რაციონში A ვიტამინის ქრონიკული დეფიციტია.
- გაუმჯობესებული გემო: გენეტიკურ მოდიფიკაციას ასევე შეუძლია საკვების გემო და გარეგნობა გააუმჯობესოს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებობს გარკვეული რისკებიც, მაგალითად:
- ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა: როდესაც მეცნიერებს მცენარეულ უჯრედებში ახალი დნმ შეჰყავთ, ისინი ხშირად ამატებენ გენს, რომელიც მოდიფიცირებულ უჯრედებს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულს ხდის. შემდეგ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ანტიბიოტიკი მცენარის ნებისმიერი უჯრედის გასანადგურებლად, რომელმაც ახალი დნმ წარმატებით ვერ მიიღო.
თუმცა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი გენები ყოველთვის არ ქრება გმო-საკვების მონელების შემდეგ და რეალურად შეიძლება განავლის საშუალებით საკანალიზაციო სისტემებში აღმოჩნდეს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გენები შეიძლება შეიწოვონ სერიოზული დაავადებების გამომწვევმა მავნე ბაქტერიებმა, რომლებიც ბინადრობენ კანალიზაციაში ან ადამიანის ნაწლავებში. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ანტიბიოტიკოთერაპია უძლური იქნება ამ ახალი „სუპერ“ ბაქტერიების წინააღმდეგ. თუმცა ამ ეჭვს ყველა ექსპერტი არ იზიარებს — ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ამ ტიპის გენის გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა და ადამიანებისთვის მცირე რისკი არსებობს.
- ბიომრავალფეროვნების შემცირება: საკვები კულტურების გენური მოდიფიცირება, როგორც წესი, დიდი რაოდენობით სარეველების განადგურებას იწვევს. ეს უკანასკნელი კი ცხოველებისთვის საკვებსა და თავშესაფარს წარმოადგენს.
- სარეველების ევოლუცია: ჰერბიციდებისადმი მდგრადი გენმოდიფიცირებული კულტურების ფართო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სარეველების ევოლუცია, რომლებიც მდგრადნი არიან ჰერბიციდების მიმართ, რაც ართულებს მათ კონტროლს.
- გენების გავრცელება ველურ სახეობებში: გენმოდიფიცირებული მცენარეების გენები შეიძლება გავრცელდეს ველურ მცენარეებში, რაც გამოიწვევს გენეტიკურ დაბინძურებას და ეკოსისტემების დისბალანსს.
გენმოდიფიცირებული საკვები არაჯანსაღია? — მითები და რეალობა
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და სხვა წამყვანი ორგანიზაციების თანახმად, გენმოდიფიცირებული საკვების მიღება უსაფრთხოა.
მიუხედავად იმისა, რომ გენმოდიფიცირებული კულტურები ბევრად ამსუბუქებს ფერმერების ყოფას, არსებობს გარკვეული ეჭვები ამ პროდუქტების პოტენციური ნეგატიური ზემოქმედების შესახებ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგიერთი პოტენციური ეჭვი, რომელიც გენმოდიფიცირებულ საკვებთან არის დაკავშირებული:
- ალერგია: ვინაიდან, გენმოდიფიცირებული საკვები შეიცავს უცხო გენებს, ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება გარკვეული ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. თუმცა, FDA-ს თანახმად, მკვლევრები, რომლებიც გენმოდიფიცირებულ საკვებს ქმნიან, ატარებენ ტესტებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ალერგენების ერთი საკვებიდან მეორეზე გადაცემას ადგილი არ ჰქონდეს. კვლევებმა აჩვენა, რომ გმო-საკვები, თავის არაგენმოდიფიცირებულ კოლეგებთან შედარებით, უფრო მეტად ალერგიული არ არის.
- კიბო: რადგან სიმსივნე გამოწვეულია დნმ-ის მუტაციებით, ზოგიერთი ადამიანი შიშობს, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის დნმ-ზე. ამერიკის სიმსივნის საზოგადოების (ACS) თანახმად, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც გმო-საკვების მიღებას სიმსივნის განვითარების რისკის ზრდასთან ან შემცირებასთან დააკავშირებს. ამასთან, არ არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ გენმოდიფიცირებული საკვების ჭამა თქვენს დნმ-ს შეცვლის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ საჭიროა მეტი გრძელვადიანი კვლევის ჩატარება.
- ჰერბიციდის გამოყენება: გენმოდიფიცირებული კულტურების უმეტესობა მდგრადია ჰერბიციდების მიმართ, ამიტომ ფერმერებს შეუძლიათ, ისინი გარემომცველი სარეველების გასანადგურებლად გამოიყენონ, მოსავლის დაზიანების გარეშე. თუმცა ერთ-ერთი ჰერბიციდი გლიფოსატი კამათის საგანია, რადგან ჩატარებული კვლევები მათ სხვადასხვა დაავადებასთან კავშირს გამოკვეთს. არსებობს მტკიცებულება, რომ გლიფოსატის ზემოქმედებამ შეიძლება არაჰოჯკინის ლიმფომის (სიმსივნის ტიპი, რომელიც ლიმფურ სისტემაში ვითარდება) წარმოქმნის რისკი 41%-ით გაზარდოს.
- ფუტკრები: ასევე არსებობდა ეჭვი, რომ Bt კულტურების მტვერს შეიძლებოდა უარყოფითად ემოქმედა ფუტკრებზე, თუმცა, როგორც ჩანს, ამის დამადასტურებელი რაიმე მყარი მტკიცებულება ჯერჯერობით არ გამოჩენილა.
გენმოდიფიცირებული საკვების კონტროლი საქართველოში
საქართველოში გენმოდიფიცირებული საკვების კონტროლზე პასუხისმგებელია სურსათის ეროვნული სააგენტო. ჩვენს ქვეყანაში გმო-საკვების რეგულირება რამდენიმე საკანონმდებლო აქტით ხორციელდება, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინფორმირებას, მათი არჩევანის თავისუფლების დაცვას და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას. მოდით, მოკლედ განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების ეტიკეტირება
შესაბამისი კანონი ადგენს, რომ გენმოდიფიცირებული სურსათი და ცხოველის საკვები უნდა იყოს შესაბამისი ეტიკეტით აღჭურვილი. ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების არსებობის შესახებ, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.
გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტის საბაჟო კონტროლი
ასევე კანონის შესაბამისად განისაზღვრება იმპორტირებული გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების საბაჟო კონტროლის პროცედურები, მათ შორის ეტიკეტირების შესაბამისობის შემოწმება, დოკუმენტაციის გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტისას მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სურსათის უვნებლობის კონტროლი.
გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების წარმოება, ასევე მათი ბაზარზე განთავსება
კანონით განისაზღვრება გენმოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებიც. ეს დოკუმენტი ადგენს ავტორიზაციისა და სახელმწიფო კონტროლის პროცედურებს, ასევე ეტიკეტირების მოთხოვნებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის ჯანმრთელობის, ცხოველთა კეთილდღეობისა და გარემოს დაცვა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account