რა იწვევს საკვერცხეში კისტის განვითარებას და რა შემთხვევაში შეიძლება ის კიბოდ გადაგვარდეს?

საკვერცხის კისტა ქალის სასქესო ჯირკვალში განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც თხევადი შიგთავსითაა სავსე. კისტის მოცულობა დროთა განმავლობაში იზრდება, რასაც მისი შიგთავსის ზრდა განაპირობებს. 

დიდი ზომის კისტებმა კი შეიძლება ახლომდებარე ორგანოებზე მოახდინოს ზეწოლა და სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს.

ხშირად ასეთ წარმონაქმნებს საშვილოსნოს კისტას უწოდებენ, თუმცა კისტები ქალის სხვა რეპროდუქციულ ორგანოში — საკვერცხეებში ჩნდება. 

საკვერცხის კისტის ორ ძირითად ტიპს განასხვავებენ, ესენია: ფუნქციონალური და პათოლოგიური.

ფუნქციონალური კისტები ვითარდება ოვულაციის დარღვევის შედეგად, რა დროსაც ხდება ფოლიკულის ზრდა და მასში სითხის დაგროვება. 

ასეთი კისტები, როგორც წესი, მკურნალობის გარეშე გაიწოვება და არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.

გაცილებით სახიფათოა  პათოლოგიური კისტები, რომელთაც  მიეკუთვნება:

ა) ყვითელი სხეულის კისტა - რომელიც წარმოიქმნება არარეგრესირებული ყვითელი სხეულის ცენტრში, სადაც სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად, გროვდება ჰემორაგიული სითხე. ასეთი კისტის მაქსიმალური ზომა 80 მმ-მდეა.

ბ) პარაოვარიალური კისტა - იგი არის თხელკედლიანი, ერთკამერიანი წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოიქმნება საკვერცხიდან. მისი მაქსიმალური ზომა 2 სმ-ს აღწევს.

გ) დერმოიდული კისტა - ეს არის მრგვალი ფორმის, ტიხრებიანი წარმონაქმნი, რომლის შიგთავსი შეიძლება იყოს თმა, ცხიმის უჯრედები, კბილის ან ძვლის ქსოვილებიც კი. დერმოიდულ კისტას სქელი კაფსულა აქვს და მისი მაქსიმალური დიამეტრი 15სმ-ს შეადგენს.

ასეთი კისტები, როგორც წესი, ნელა იზრდება, მაგრამ როდესაც მიაღწევს დიდ ზომებს ზეწოლას ახდენს მეზობელ ორგანოებზე და მუდმივ ტკივილს იწვევს.

დ) ენდომეტრიოიდული კისტა - წარმოიქმნება საკვერცხეში ენდომეტრიუმის ქსოვილის ზრდის შედეგად და 20-22სმ-ს აღწევს. ასეთი კისტები ზომაში ყოველი მენსტრუაციული ციკლის შემდეგ იმატებენ.

ე) საკვერცხის კისტომები - ეს არის ე.წ. ფეხიანი კისტები. რაც უფრო გრძელია ფეხი მით უფრო დიდია რისკი მათი შემოგრეხის და გასკდომის. ასეთი კისტომები დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ.

კისტის ზოგიერთი ტიპი არ წარმოადგენს საფრთხეს და თავისით გაიწოვება. ზოგიერთი კი პირიქით, სახიფათოა და შესაძლოა უშვილობის, ან უარეს შემთხვევაში, საკვერცხის კიბოს გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.

როგორია საკვერცხის კისტის სიმპტომები?

ზოგჯერ საკვერცხის კისტა შეიძლება იყოს უსიმპტომო  დიდი ხნის განმავლობაში და მხოლოდ მოგვიანებით გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:  

რამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი წარმონაქმნების განვითარება?

საკვერცხის კისტების წარმოქმნის ზუსტი მიზეზები დადგენილი არ არის, თუმცა სპეციალისტები გამოყოფენ მათი განვითარების რისკ-ფაქტორებს. ესენია:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • ჰორმონალური დარღვევები;
  • პირველი მენსტრუაციის ძალიან ადრე დაწყება;
  • გვიანი მენოპაუზა;
  • ანოვულაციური ციკლები პოლიკისტოზურ საკვერცხეებში;
  • უნაყოფობა;
  • აბორტები;
  • მენჯის ღრუს ორგანოების ქრონიკული ანთება;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  • ენდოკრინული დაავადებები.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ მდგომარეობას?

საკვერცხის კისტას შესაძლოა მოჰყვეს შემდეგ გართულებები:

კისტის აპოპლექსია - ფარული სისხლდენა მუცლის ღრუში;

შემოგრეხვა - ეს ხდება ე.წ. ფეხიანი კისტების შემთხვევაში, როდესაც შეიძლება „ფეხი“ შემოიგრიხოს და ამის შედეგად დაირღვეს საკვერცხის სისხლით მომარაგება. ეს იწვევს მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერ ტკივილს .

გასკდომა – საკვერცხის კისტა შეიძლება გასკდეს, რაც ასევე ძლიერ ტკივილს და ზოგჯერ სისხლდენასაც იწვევს

კიბო – ზოგიერთი ტიპის საკვერცხის კისტა შესაძლოა კიბოდ გადაგვარდეს.

როგორ ხდება საკვერცხის კისტის დიაგნოსტირება?

საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა ითვალისწინებს შემდეგი კვლევების ჩატარებას:

სისხლის საერთო ანალიზი – განსაკუთრებით კისტის საეჭვო ანთების, გახეთქვის ან შემოგრეხის დროს;

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - HE-4 და CA-125 ონკომარკერების განსაზღვრისათვის;

მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი სკანირება დოპლეროგრაფიით – წარმონაქმნის ზომის, სტრუქტურის, სისხლის მიმოქცევის ხასიათის და კისტის სავარაუდო ტიპის დასადგენად.

ოპერაციის დროს ამოღებული პრეპარატის ჰისტოლოგიური გამოკვლევა - ტარდება ყველა შემთხვევაში, რადგან ის საბოლოო დიაგნოზის დადგენისა და ავთვისებიანი პროცესის გამორიცხვის საშუალებას იძლევა.

როგორია საკვერცხის კისტის მკურნალობის მეთოდები?

საკვერცხის კისტის მკურნალობა კისტის ტიპზე, ზომაზე, პაციენტის ასაკზე და სხვა მთელ რიგ სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ძირითადად არსებობს მკურნალობის ორი მეთოდი: მედიკამენტური და ქირურგიული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საკვერცხის კისტის ზოგიერთი შემთხვევა საერთოდ არ საჭიროებს მკურნალობას და პაციენტს მხოლოდ დინამიკაში დაკვირვება სჭირდება.

ფოლიკულური და ყვითელი სხეულის კისტა, როგორც წესი, თავისით ქრება. მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად პაციენტს შეიძლება დაენიშნოს ჰორმონული კონტრაცეპტივები, რომლებიც ხელს უშლიან ოვულაციას და მოქმედებენ პოტენციური კისტის – ფოლიკულის ან ყვითელი სხეულის სუბსტრატზე, რაც ხელს უშლის მათ წარმოქმნას.

ცისტის გასკდომის და მცირედი ინტრააბდომინალური სისხლდენისას, თუ პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე და არ ვლინდება ანემიის განვითარება, მკურნალობა ასევე კონსერვატიულია. მკურნალობა მოიცავს სისხლდენის შესაჩერებელ წამლებს და საჭიროების შემთხვევაში – არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

კისტის ნაწილობრივი შემოგრეხისას მკურნალობის პირველი ეტაპი არის მედიკამენტური, ხოლო თუ ამან შედეგი არ გამოიღო, ხდება ქირურგიული ჩარევა.

ენდომეტრიოიდული კისტის დროს ნაჩვენებია ქირურგიული ჩარევა. თუმცა დიდი ზომის ენდომეტრიოიდული კისტის შემთხვევაში, ოპერაციამდე პაციენტს ჰორმონული თერაპიის კურსი ენიშნება, რომელიც კისტის დიამეტრის შემცირებას ისახავს მიზნად, რათა ოპერაცია ტექნიკურად გაადვილდეს და შეუცვლელი ქსოვილების დაზიანების რისკი შემცირდეს.

თანამედროვე გინეკოლოგიაში ოპერაციული ჩარევის არჩევისას უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიულ ოპერაციას.

შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების პრევენცია? 

საკვერცხის კისტების პრევენციის კონკრეტული მეთოდები არ არსებობს, მაგრამ გარკვეული ღონისძიებები ხელს უწყობს მათი წარმოქმნის რისკის შემცირებას. ესენია:

  • მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროული მკურნალობა;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევების კორექცია;
  • რეპროდუქციული ფუნქციის დროული რეალიზაცია;
  • ადეკვატური კონტრაცეფცია აბორტის თავიდან ასაცილებლად.