
ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო მოგზაურობა უსიამოვნო შეგრძნებასთან არის დაკავშირებული, რადგან მგზავრობა პირდაპირ ასოცირდება გულისრევასთან, ღებინებასა და თავბრუსხვევასთან. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ტრანსპორტით მგზავრობს ავტომობილით, გემით, თვითმფრინავით თუ ისეთი უპრობლემო ტრანსპორტით, როგორიცაა მატარებელი.
მგზავრობის აუტანლობა ხშირად ადრეული ბავშვობიდან ეწყებათ და შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე ვერ დააღწიონ თავი. სამწუხაროდ, ეს დაავადება იმდენად ჩვეულებრივ პროცესად არის აღქმული, რომ უმეტესად ექიმთან მისვლას, რეალური მიზეზის დადგენას და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი თვლის საჭიროს.
სამაგიეროდ, ძალიან ბევრმა იცის, რომ ამ უსიამოვნო პროცესის მოგვარების ეფექტური და უპრობლემო გზაა მედიკამენტი დრამინაა, რომელიც აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება, ადვილად ხელმისაწვდომია და ყველაფერთან ერთად, უსაფრთხო წამლის სახელიც აქვს დამკვიდრებული.
რა დაავადების დროს გამოიყენება მედიკამენტი დრამინა
თუ ტრანსპორტში გულისრევა, ღებინება და თავბრუსხვევა გაწუხებთ, ამას უბრალოდ მგზავრობის აუტანლობას ნუ დაარქმევთ, ამ უსიამოვნო მდგომარეობას რამდენიმე დაავადება იწვევს, რომლის განკურნებაც ნამდვილად შესაძლებელია თუ დროულად მიმართავთ სპეციალისტს.
დაავადებები კი შეიძლება იყოს:
- ზღვის ავადმყოფობა - აქ მთავარია თავის ტვინის ქერის როლი. ავადმყოფობის პირველი ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს გემის დანახვისთანავე, თუ ადამიანი ვერ იტანს გემის რყევას და ეშინია ზღვაში მოგზაურობის;
- „ჰაერის“ დაავადება - იწვევს ფრენის შიში და თვითმფრინავის რყევის აუტანლობა;
- მენიერის დაავადება - ანუ შიდა ყურის პათოლოგია, რომელიც ძლიერ თავბრუსხვევას იწვევს და თან ახლავს სმენითი დაქვეითება, შუილი ყურებში, წნევის შეგრძნება შიდა ყურში და ა.შ.
- ლაბირინთული დარღვევაა - რომელიც შიგნითა ყურის ცვლილებებით არის გამოწვეული;
- ვესტიბულური დარღვევა - ეს სისტემა შიგნითა ყურში არსებული ორგანოა, რომელიც სხეულს სივრცეში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება.
მთლიანობაში ყველა ეს დაავადება ვესტიბულური სისტემის დაზიანებასთან არის დაკავშირებული - ზღვაში, ჰაერში ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში რყევისას სწორედ ეს ორგანო ზიანდება, რასაც თან სდევს სპეციფიკური სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, წონასწორობის დარღვევა, სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილება, არტერიული წნევის მერყეობა, ოფლდენის გაძლიერება, სახისა და კისრის შეწითლება ან გაფერმკრთალება და ა.შ.
ანოტაცია — როგორია პრეპარატის შედგენილობა
სლოვენიაში წარმოებული დრამინას მოკლე აღწერილობა ასეთია - მოძრაობის დაავადების (ზღვის, ავტომობილის, ჰაერის დაავადება), ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევების სიმპტომების (თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება) საპროფილაქტიკო და სამკურნალო მედიკამენტი.
მისი 1 ტაბლეტი 50 მგ დიმენჰიდრინატს შეიცავს, ხოლო დამხმარე ნივთიერებაა ლაქტოზა მონოჰიდრატი.
წამალი დრამინა შიგნითა ყურის აპარატზე მოქმედებს, რითაც მგზავრობის აუტანლობით გამოწვეული პრობლემების დარეგულირებას ახერხებს.
აქვე აღვნიშნავთ, თუ გულისრევა, ღებინება, თავბრუ გამოწვეულია სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით, ამ შემთხვევაში დრამინას მოქმედება არ არის ეფექტიანი, ამიტომ ექიმები მისი მიღების რეკომენდაციას არ გასცემენ.
დრამინას გამოყენება ბავშვებში - დოზები და მიღების წესები
მგზავრობის აუტანლობა განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შუა ყურში მდებარე ე.წ. წონასწორობის ორგანო, ვესტიბულარული აპარატი, სხეულის ნებისმიერ მოძრაობაზე სწრაფად და მგრძნობიარედ რეაგირებს. ეს ორგანო ადამიანში საბოლოოდ 10-12 წლისთვის, ზოგ შემთხვევაში კი 15 წლის ასაკში ყალიბდება. სწორედ ამიტომ მცირე ასაკში ტრანსპორტისგან გამოწვეული რწევა შედარებით რთული გადასატანია, რაც გულისრევაში, ღებინებასა და თავბრუში გამოიხატება.
ამიტომ მგზავრობისას დრამინა ბავშვებისთვის დამხმარე და მშობლებისთვის საყვარელი მედიკამენტია.
თუმცა ვიდრე პატარას მედიკამენტს დაალევინებთ, კარგად დაიმახსოვრეთ დრამინას დოზები.
პირველ რიგში, უნდა დაიცვათ დარამინას მიღების წესი - წამალი ბავშვმაც და ზრდასრულმაც უნდა დალიოს გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე.
- 1-დან 6 წლამდე ასაკის მოზარდმა დრამინა უნდა მიიღოს 1/4-1/2 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ;
- ხოლო 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვს დაალევინეთ 1/2-1 აბი 2-3 ჯერ დღის განმავლობაში;
- 12 წლის ზევით კი მოზრდილების დოზის მიღებაა დაშვებული - 1 ან 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
აქვე იცოდეთ, რომ საბავშვო დრამინა არ არსებობს და აფთიაქებში ძებნას ნუ ეცდებით.
მომხმარებელი ხშირად სვამს შეკითხვას, როგორია დრამინას მოქმედების დრო. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ზუსტი დრო არ არის დადგენილი, ვინაიდან მედიკამენტის მოქმედების ხანგრძლივობა ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალობაზეა დამოკიდებული.
რას იწვევს დოზის გადაჭარბება და როგორია პრეპარატის უკუჩვენებები
დაიმახსოვრეთ, მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილთათვის არ უნდა აღემატებოდეს 7 აბს, რადგან გადაჭარბება იწვევს პირისა და ყელის სიმშრალეს, სუნთქვის გაძნელებას, ცნობიერების აღრევას და სხვ. თუ ჰიპერდოზირების შემთხვევაში ეს სიმპტომები გამოგივლინდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომ შესაბამისი მკურნალობა დაგინიშნოთ.
მიუხედავად იმისა, რომ დრამინა შედარებით უპრობლემო მედიკამენტების რიცხვს მიეკუთვნება, მისი მიღება ყველასთვის არ არის სასურველი. მათ შორის არიან:
- პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობის მქონე ადამიანები;
- 1 წლამდე ბავშვები;
- ორსულები;
- ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები.
შესაძლებელია თუ არა დრამინას მიღება ორსულობის დროს და რა გართულებებია მოსალოდნელი პრეპარატის მიღებისას
ბევრი ქალი ორსულობისას, განსაკუთრებით ტოქსიკოზის დროს, ხშირად უჩივის გულისრევას და ღებინებას, ამ დროს დრამინას მიღება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან იგი როგორც ქალის ორგანიზმისთვის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ალბათ, გსმენიათ, რომ დრამინას მიღების შემდეგ ადამიანის ტრანსპორტში ეძინება, ეს ამ მედიკამენტის გვერდითი ეფექტია, ასევე შეიძლება იგრძნოთ:
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- ზოგადი სისუსტე;
- პირის სიმშრალე;
- გულისრევა;
- მხედველობის დაბინდვა;
- მოძრაობითი რეაქციების შეფერხება.
თუ წამლის მიღების შემდეგ ეს სიმპტომები გამოგივლინდათ, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს და მიიღეთ დამატებითი რჩევები.
გაითვალისწინეთ: არის დაავადებები, რომელთა დროსაც დრამინა დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს. მაგალითად, კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის, ბრონქული ასთმის დროს - თუ თქვენ, ან თქვენ ახლობელს აღნიშნული გართულებები აქვს, იცოდეთ, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე ამ მედიკამენტის მიღება სახიფათოა.
ასევე, დრამინას დალევის შემთხვევაში, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვისას, რადგან იგი თავბრუსხვევას და მოდუნებას იწვევს.
როგორ ურთიერთქმედებს პრეპარატი სხვა წამლებთან
გახსოვდეთ, დრამინა აძლიერებს სედატიური და ძილისმომგვრელი პრეპარატების, ანტიდეპრესანტების და ამინოგლიკოზიდების მოქმედებას, ამიტომ ეცადეთ ეს მედიკამენტები პარალელურად არ დალიოთ.
ამასთან, თუ ალკოჰოლი გაქვთ მიღებული ან აპირებთ დალევას, დრამინას ნუ მიაყოლებთ, რადგან იგი ალკოჰოლის მოქმედებას აძლიერებს.
არსებობს თუ არა დრამინა ძაღლებისთვის?
შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ვესტიბულური აპარატის პრობლემა როგორც ადამიანებს, ასევე აწუხებთ ძაღლებსაც. შესაბამისად, მგზავრობის დროს შეიძლება ძაღლსაც დაუფიქსირდეს ღებინება. ამიტომ პატრონი ამ პრობლემის მოსახსნელ გზებს ეძებს და ხშირად კითხულობს, შეიძლება დაალევინოს თუ არა ძაღლს დრამინა.
ვეტექიმების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მედიკამენტი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც შვების მომგვრელია. თუმცა საჭიროა დოზის მკაცრი კონტროლი. ამიტომ ვიდრე შინაურ ცხოველთან ერთად მოგზაურობას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის ექიმთან, რადგან ცხოველებში მედიკამენტები მათი წონის მიხედვით ინიშნება.
დრამინას შენახვის ვადაა 3 წელი, კარგად დააკვირდით გამოცემის თარიღს და ვადის გასვლისთანავე გადააგდეთ. ვარგისიანობის პერიოდის დასრულების შემდეგ, მისი დალევა დაუშვებელია. მედიკამენტი მშრალ და დაცულ ადგილას უნდა შეინახოთ.
დრამინა ის პრეპარატია, რომელიც მოგზაურობით დატკბობაში დაგეხმარებათ. ამიტომ ვიდრე გამგზავრებას გადაწყვეტთ, კარგად გაეცანით დრამინას ინსტრუქციას, შეიძინეთ იგი და იყავით დაცული, რადგან არავინ იცის, როდის ან რა ვითარებაში შეიძლება დაემართოს მგზავრობის აუტანლობა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account