უნიკალური ანტიბიოტიკი პოლიდექსა — ყურის ტკივილის თუ რინიტის სამკურნალო მედიკამენტი

განსაკუთრებით ცივი ამინდების დაწყებისთანავე, სურდო, ყელის და ყურის ტკივილი ჩვენი მუდმივი სიმპტომი ხდება.  

ეს სამი ორგანო -  ცხვირის ღრუ, ყელი და ყური გაციება/ვირუსის დროს ხშირად ერთდროულად ავადდება და შემაწუხებელი სიმპტომები,  გაუსაძლის ტკივილში გადადის. 

თუ რომელიმე ორგანოზე შეიძლება ითქვას, რომ აუტანელი ტკივილი ახასიათებს, ერთ-ერთი ყურის ტკივილია. ამის გამომწვევი მიზეზი კი ისევე მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, როგორც თავად სმენის აპარატის შემადგენლობაა - გარეთა, შუა და შიგნითა ყური, რომელიც არამხოლოდ ჩვენ სმენაზე, არამედ წონასწორობის დაცვაზეც არის პასუხისმგებელი. 

ამიტომ, თუ ყურის ტკივილი დაგეწყებათ, ნუ შეხედავთ მარტივად, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომ სწორად მოხდეს დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.  

რისი წამალია პოლიდექსა 

თუ სურდოს, ყელის ან ყურის ტკივილისას ექიმმა მედიკამენტი პოლიდექსა ახსენა, არ გაგიკვირდეთ.

პოლიდექსა უნიკალური ანტიბიოტიკია. სააფთიაქო ქსელებში ამ დასახელებით შეხვდებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ორგანოების და დანიშნულების მედიკამენტს - როგორ ყურის წვეთებს, ასევე პოლიდექსა ფენილეფრინით სპრეის, რომელიც ცხვირის ღრუს, ხორხის, ცხვირის წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს გამოიყენება - ამაზე ქვევით მოგიყვებით. 

პრეპარატის ანოტაცია 

მოდით დავიწყოთ საფრანგეთში წარმოებული პოლიდექსას ყურის წვეთებით. 

თუ ყურის ტკივილის დროს ექიმმა გარე ოტიტის, გარეთა სასმენი მილის ინფექციური ეგზემას, შუა ყურის მწვავე ანთების (დაფის აპკის დაზიანების გარეშე) დიაგნოზი დაგისვათ, შესაძლოა, რომ მედიკამენტი  პოლიდექსა დაგინიშნოთ.

პოლიდექსას ყურის წვეთები არის ანტიბიოტიკი, რომლის აქტიური ნივთიერებებია ნეომიცინის სულფატი – 1გ, პოლიმიქსინის სულფატი B და  დექსამეტაზონის ნატრიუმის მეტასულფობენზოატი. ეს ნივთიერებები უშუალოდ მოქმედებენ გარეთა და შუა ყურის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებზე.

ყურის წვეთების დოზირება და მოხმარების წესი

მართალია, პოლიდექსა საბავშვო - ასეთი სახით სააფთიაქო ქსელებში არ გვხვდება, მაგრამ  პოლიდექსა ყურის წვეთები გამოიყენება როგორც ზრდასრულ პაციენტებში, ასევე მოზარდებში. დოზას კი განსაზღვრავს ექიმი, რომლის რეკომენდაციის დაცვაც სავალდებულოა.

ანოტაციის მიხედვით კი დადგენილი დოზები ასეთია: 

  • ბავშვებს, 24 საათის განმავლობაში, უნდა ჩააწვეთოთ 1 ან 2 წვეთი, თითოეულ ყურში 2-ჯერ 6-10 დღის განმავლობაში. 
  • ხოლო ზრდასრულმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს 1-5 წვეთი თითოეულ ყურში დღე-ღამეში  2 ჯერ - 10 დღის მანძილზე.
  • მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს პროფესიონალი მედიკოსი, თუმცა იგი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 დღეს.

წვეთების მოხმარებამდე კი დაიმახსოვრეთ გამოყენების წესები - ვიდრე ყურში ჩაისხამთ შესაბამისი დანიშნულების წვეთებს, ფლაკონი შეათბეთ ხელში, რადგან ცივი სითხე ყურში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს.  

ერთ ყურში მედიკამენტის ჩაწვეთების შემდეგ, აუცილებელია, რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი გადახაროთ საწინააღმდეგო მიმართულებით, რომ წამალი კარგად ჩავიდეს და გაწოვა მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მეორე ყურში პრეპარატის ჩაწვეთება - პროცედურა ამ შემთხვევაშიც გაიმეორეთ. 

რა უნდა ვიცოდეთ პოლიდექსას მიღებამდე

მიუხედავად იმისა, რომ პოლიდექსა შედარებით უპრობლემო ანტიბიოტიკების კლასში შედის, შედარებით მსუბუქად, მაგრამ მასაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები და უკუჩვენება. 

უკუჩვენება, ანუ რა დროს არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება - როდესაც ფიქსირდება დაფის აპკის ინფექციური ან ტრავმული დაზიანება და  არსებობს პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ხოლო  გვერდითი მოვლენა შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიის, ან იშვიათ შემთხვევებში კანზე გამონაყარის სახით. 

ასევე არაა გამორიცხული დაფის აპკის მთლიანობის რღვევისას, სმენისა და ვესტიბულარულ აპარატზე ტოქსიკური ზემოქმედების რისკი გაიზარდოს.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მითითებები

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის დაწყებამდე სავალდებულოა დაფის აპკის დათვალიერება, რადგან თუ მისი მთლიანობა დარღვეულია, მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გახსოვდეთ, არ შეიძლება პრეპარატის შეყვანა წნევის ქვეშ.

ასევე დაუშვებელია ნემიცინის ან პოლიმიკსინის მსგავსი სტრუქტურის მქონე სხვა ანტიობიოტიკების ერთდროული გამოყენება, რადგან ნეომიცინზე ალერგიის შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს ანტიბიოტიკების ჯვარედინი ალერგია.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება

პოლიდექსას გამოყენება  შეუთავსებადია მონომიცინთან, სტრეპტომიცინთან, გენტამიცინთან, ამიკაცინთან, ნეტელმიცინთან კომბინაციაში, რადგან ეს ურთიერთქმედება იწვევს ოტოტოქსიკური მოქმედების გაძლიერებას, ანუ სმენის ტოქსიკურ დაზიანებას.  

შეიძლება თუ არა პოლიდექსა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

პოლიდექსას სხვა ბევრი ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით, ფეხმძიმობის დროს ან ძუძუთი კვების პერიოდში, განსაკუთრებული გვერდითი ეფექტები არ ახასიათებს. მაგრამ, როგორც მედიკოსები ირწმუნებიან,  ამ პრეპარატით ხანგრძლივმა მკურნალობამ შესაძლოა  ნაყოფის სმენით ორგანოებზე იმოქმედოს. 

ამიტომ პრეპარატის მიღებისას ზუსტად დაიცავით ექიმის დანიშნულება - დოზა და ხანგრძლივობა. 


რა განსხვავებაა   პოლიდექსა ყურის წვეთებსა და პოლიდექსა ფენილეფრინით ცხვირის სპრეის შორის - დამატებით ინფორმაცია

სააფთიაქო ქსებში პოლიდექსა ყურის წვეთებს თვითნებურად ვერ შეიძენთ, რადგან იგი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რეცეპტით გაიცემა. მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ, რომ ამ დასახელებით აფთიაქებში შეგხვდებით პოლიდექსა ფენილეფრინით, რომელიც ცხვირის სპრეია და მწვავე და ქრონიკული რინიტის, რინოფარინგიტის და სინუსიტის სამკურნალოდ ინიშნება.

პოლიდექსა ცხვირის წვეთები გამოიყენება, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულ ადამიანებში და მის შესაძენადაც ექიმის მიერ გაცემული რეცეპტია საჭირო.  

ასე რომ, თუ ცხვირის ღრუს ანთება გაქვთ, ან ყურის აუტანელი ტკივილი გაწუხებთ და მკურნალმა ექიმმა პოლიდექსა დაგინიშნათ, კარგად დააკვირდით დასახელებას და ფორმას - სპრეია თუ წვეთები. მართალია, ორივე დაავადებისას ეს ანტიბიოტიკი ნამდვილად ეფექტურია, მაგრამ მისი ფორმა და შემადგენლობა სხვადასხვა ორგანოსთვის და სხვადასხვა დაავადებისთვისაა განკუთვნილი და მედიკამენტების არევე კი ნამდვილად სახიფათოა.