
ძუძუს თავის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ის შეიძლება წარმოშვას ალერგიამ სარეცხ საშუალებაზე ან ბიუსტჰალტერმა, რომელიც კარგად არ არის მორგებული. ძუძუს თავის ტკივილი ხშირია მენსტრუაციის დროს, ასევე ორსულთა ან მეძუძურ დედათა შემთხვევაში.
ეს შედარებით უწყინარი მიზეზებია, თუმცა არსებობს ძუძუს თავის ტკივილის განმაპირობებელი უფრო სერიოზული ფაქტორები, როგორიცაა ინფექციები და კიბო, ამიტომ სწრაფი დიაგნოზისა და დროული მკურნალობისთვის ექიმთან კონსულტაცია მნიშვნელოვანია.
რა იწვევს ძუძუს თავის ტკივილს?
ძუძუს თავის ტკივილის შესაძლო გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
ხახუნი — ის ძუძუს თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ხახუნი შეიძლება წარმოიქმნას მაშინ, როდესაც ტანსაცმელი ან ბიუსტჰალტერი ძუძუს თავებს მჭიდროდ ეკვრის. ის განსაკუთრებით ხშირია სპორტული აქტივობების დროს, როგორიცაა სირბილი, სერფინგი, კალათბურთი და სხვა.
ძუძუს თავზე ქსოვილის ხახუნმა ტკივილთან ერთად შესაძლოა, კანის სიმშრალე, ნახეთქები და სისხლდენაც კი გამოიწვიოს.
ინფექცია — ძუძუს თავის ტკივილის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. მისი მაღალი რისკი ჩნდება ხახუნის, ალერგიული რეაქციის, ნახეთქებისა და სისხლდენის შემთხვევაში. ინფექციის რისკი ასევე იზრდება ლაქტაციისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ამ დროს ვლინდება სიმპტომები, როგორიცაა ცხელება ან შემცივნება, კანის სიწითლე მკერდის სხვადასხვა ადგილზე, სიმხურვალის შეგრძნება და შეშუპება.
ალერგია ან ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) — ზოგჯერ ამ მიზეზებით არის გამოწვეული ძუძუს თავის ტკივილი და გაღიზიანება, რომელსაც თან ახლავს კანის აქერცვლა ან ბუშტუკების წარმოქმნა. თავის მხრივ, ალერგია და ატოპიური დერმატიტი შეიძლება განვითარდეს სხეულის მოვლის საშუალებების, სარეცხი საშუალებების, სუნამოსა და ქსოვილის ზემოქმედებით.
ჰორმონალური ცვლილებები — ძუძუს თავისა და, ზოგადად, მკერდის ტკივილი შეიძლება, ქალის ყოველთვიურ ციკლში ნორმალურმა ჰორმონალურმა ცვლილებებმა გამოიწვიოს. ეს სიმპტომები, ძირითადად, მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ვლინდება, როდესაც ესტროგენისა და პროგესტერონის დონის მატება მკერდისკენ უფრო მეტ სითხეს მიმართავს და მათ შეშუპებას იწვევს.
ჰორმონალურ ცვლილებებთან დაკავშირებული ტკივილი, ჩვეულებრივ, მენსტრუაციის დაწყებისას ქრება.
კიბო და პეჯეტის დაავადება — ძუძუს თავის ტკივილი შეიძლება აღინიშნოს კიბოს დროსაც, თუმცა სიმსივნე, ჩვეულებრივ, ტკივილს არ იწვევს. პეჯეტის დაავადება არის კიბოს იშვიათი სახეობა, რომელიც ძუძუსთან არის დაკავშირებული. ის ძირითადად სარძევე ჯირკვლის სიმსივნეებთან ერთად გვხვდება.
დაავადებულ ადამიანებს შეიძლება გამოუვლინდეთ შემდეგი სიმპტომები: მოყვითალო ან სისხლიანი გამონადენი ძუძუს თავიდან, დაბრტყელებული ან ჩაბრუნებული ძუძუს თავი, ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება, მოწითალო, ქერცლიანი კანი ძუძუსა და არეოლას გარშემო.
აღსანიშნავია, რომ პეჯეტის დაავადებისა და ძუძუს კიბოს დიაგნოზის დასმა დაზიანებული უჯრედების შესწავლით ხდება.
ძუძუს თავის ტკივილი ლაქტაციის დროს
ლაქტაციის დროს, იმ შემთხვევაში, თუ დედები ახალშობილებს ძუძუთი კვებავენ, მკერდის თავის ტკივილი შეიძლება რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული.
როდესაც კვებისას ჩვილს ძუძუ არასწორად უჭირავს, მისი თავი შესაძლოა ღრძილსა და სასას შორის მოექცეს, ხახუნისა და ზეწოლის შედეგად კი ტკივილი წარმოიქმნას.
გარდა ამისა, ხანგრძლივმა ან ხშირმა ძუძუთი კვებამ, განსაკუთრებით ადრეულ დღეებში, შეიძლება ძუძუს თავის ნახეთქები, ტკივილი და ზოგჯერ სისხლდენაც გამოიწვიოს. ეს, ჩვეულებრივ, დროებითია და ძუძუთი კვების რეჟიმის სტაბილიზაციასთან ერთად აღმოიფხვრება.
როგორც აღვნიშნეთ, ლაქტაციისა და ძუძუთი კვების პერიოდში ტკივილი შეიძლება ინფექციით იყოს გამოწვეული. მათ შორის ყველაზე ხშირია სოკოვანი ინფექცია, კანდიდოზი. ამან ტკივილთან ერთად შეიძლება სხვა სიმპტომებიც წარმოქმნას, მათ შორის ქავილის შეგრძნება ძუძუს არეში, რომელსაც ხშირად თან ახლავს კანის აქერცვლა. ამ მდგომარეობის მკურნალობა ზოგჯერ როგორც დედას, ასევე ჩვილსაც სჭირდება.
ლაქტაციის დროს ძუძუს თავის ტკივილის გამოწვევა შეუძლია რძის ჩაკეტილ სადინარს ან მასტიტს (ძუძუს ინფექცია). მას ხშირად ახლავს თან შეშუპება, სიმხურვალე და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
ძუძუს თავის ტკივილი შესამჩნევია ვაზოსპაზმის დროსაც. ეს მდგომარეობა ხშირად ჩვილის კვების შემდეგ იჩენს თავს და ძუძუს სისხლძარღვების შევიწროებით არის განპირობებული.
ძუძუს თავის ტკივილი კაცებში
ძუძუს თავის ტკივილი კაცებში შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, დაწყებული უვნებელი მდგომარეობიდან ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემებამდე. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
გინეკომასტია — ეს არის მოზარდ ბიჭებში ან ზრდასრულ მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, რასაც ჰორმონალური ცვლილებები იწვევს. გინეკომასტიას ხშირად ახლავს თან მკერდის ქსოვილის შეშუპება, რამაც შეიძლება ძუძუს თავისა და მისი მიდამოების ტკივილი გამოიწვიოს.
ტრავმა — ფიზიკურმა დაზიანებამ, ზეწოლამ ან ხახუნმა მჭიდრო ტანსაცმლის ტარების ან ინტენსიური ვარჯიშის შედეგად შეიძლება ძუძუს თავი გააღიზიანოს და მისი ტკივილი გამოიწვიოს.
სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები — მათ შორის, ძუძუს თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობამ, როგორიცაა მასტიტი. თუმცა ის უფრო ხშირია ქალებში. მამაკაცებში მასტიტი, ძირითადად, იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ჭრილობა ან მკერდის მიდამოში დაზიანება აღინიშნება.
მამაკაცებში ძუძუს თავის ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია, ძუძუს კიბო (იშვიათად), ეგზემა ან დერმატიტი.
ძუძუს თავის ტკივილი ბავშვებში
ძუძუს თავის ტკივილი ბავშვებში არც ისე ხშირია, თუმცა, ის შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით.
სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როგორც ბიჭების, ასევე გოგონების შემთხვევაში მკერდის ქსოვილი იზრდება, რამაც შესაძლოა, ძუძუს თავის ტკივილი წარმოშვას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გინეკომასტია ზოგჯერ მოზარდ ბიჭებშიც გვხვდება, რაც ხშირად სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ამან შეიძლება ძუძუს თავის მგრძნობელობა გაზარდოს და მისი ტკივილი გამოიწვიოს.
გარდა ამისა, ბავშვებში ძუძუს თავის ტკივილი შეიძლება იმავე მიზეზით გაჩნდეს, როგორითაც ქალებსა და მამაკაცებში. მათ შორის ტრავმის შედეგად, ეგზემისა და დერმატიტის დროს ან ინფექციის განვითარების შემთხვევაში.
რა თქმა უნდა, ძუძუს თავის ტკივილის ზუსტი მიზეზის დასადგენად უმჯობესია ექიმთან ვიზიტი, დისკომფორტის შესამსუბუქებლად კი მისი რეკომენდაციების გათვალისწინება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account