უკვე არაერთი ფარმაკოლოგიური საშუალება არსებობს, რომლებითაც შეგვიძლია, განწყობა და ფსიქოლოგიური ფუნქციონირება — მათ შორის მეხსიერება, ძილი და მოტივაცია — გავიუმჯობესოთ. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტია ფენიბუტი, რომელიც ერთდროულად ფსიქოსტიმულატორი და ნოოტროპული საშუალებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩვენს ტვინს უკეთ მუშაობაში დაეხმაროს.
ფენიბუტსა და მსგავსი მოქმედების სხვა პრეპარატებს ძირითადად ექიმი ნიშნავს, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მისი მიღება დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტოთ. ბლოგში ფენიბუტის ანოტაციიდან მნიშვნელოვან დეტალებს გაგაცნობთ და ამ მედიკამენტს დეტალურად მიმოვიხილავთ.
რაში გამოიყენება და რისგან შედგება ფენიბუტი?
ეს მედიკამენტი ისეთი პრობლემების დროს გამოიყენება, როგორებიცაა:
- ასთენიით (იგივე უღონობა) მიმდინარე და შფოთვასთან დაკავშირებული მდგომარეობები, გნება-განწყობის ცვალებადობა;
- უძილობა და ღამით მიმდინარე შფოთვა ხანდაზმულებში;
- ენაბლუობა, ტიკები და შარდის შეუკავებლობა ბავშვებში;
- მენიერის დაავადება და თავბრუსხვევა, რომელიც სხვადასხვა წარმოშობის ვესტიბულარულ დისფუნქციას უკავშირდება; მგზავრობის დროს ნჯღრევისა და ზღვის დაავადების პრევენცია;
- ალკოჰოლისათვის თავის დანებებისას, რათა ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიმპტომები არ წარმოიქმნას.
წამლის შედგენილობა და ფასი
დასახელება ფენიბუტი 250 მგ. თავადვე მიგვანიშნებს, რომ ამ მედიკამენტის 1 ტაბლეტში მოქმედი ნივთიერება 250 მილიგრამი რაოდენობითაა. ეს ნივთიერებაა ამინოფენილცხიმოვანი მჟავის ჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებებია: 60 მგ. მიკროკრისტალური ცელულოზა; 8 მგ. ნატრიუმის კროსკარმელოზა; 24 მგ. კარტოფილის სახამებელი; 15 მგ. პოვიდონი; 3 მგ. კალციუმის სტეარატი.
ფენიბუტი ფასის მხრივ სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ეს როგორც მის შედგენილობასა და ტაბლეტების რაოდენობაზე, ასევე სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, ფენიბუტი 250 ფასით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ფენიბუტი 500 (500-მილიგრამიანი კაფსულები ნოოფენის სახელით შეგხვდებათ).
ამინოფენილცხიმოვანი მჟავის შემცველი საშუალებები და ფენიბუტი PSP-ს ქსელში ამ ბმულიდან შეგიძლიათ იხილოთ.
როგორ მოქმედებს ფენიბუტი?
ფენიბუტი თან ამშვიდებს, თან კი ტვინის მუშაობას ააქტიურებს. იგი ანტიაგრეგატულ (ერითროციტების შეჯგუფებას უშლის ხელს), ანტიოქსიდანტურ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებასაც ავლენს.
საქმე ისაა, რომ ეს საშუალება ნერვული იმპულსების გადაცემას ამარტივებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ამ პროცესში ამინოფენილცხიმოვანი მჟავა მონაწილეობს, ანუ მედიკამენტის მოქმედი ნივთიერება. იგი ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მეტაბოლიზმს არეგულირებს:
პრეპარატს, საერთო ჯამში, არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია:
- ახანგრძლივებს ლატენტურ პერიოდს და ამცირებს ნისტაგმის (თვალის არაკონტროლირებადი მოძრაობები) ხანგრძლივობასა და სიმძაფრეს;
- ამცირებს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: თავის ტკივილი, თავში სიმძიმის შეგრძნება, ძილის დარღვევა, გაღიზიანება და ემოციური ცვალებადობა;
-
ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, ანუ აუმჯობესებს: ყურადღებას, მახსოვრობას, სენსორულ-მოტორული რეაქციების სისწრაფესა და სიზუსტეს;
-
აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ზრდის ინტერესსა და რაიმეს კეთების მოტივაციას;
-
აქვეითებს შფოთვას, დაძაბულობასა და მღელვარებას;
-
აწესრიგებს ძილს.
მნიშვნელოვანია, რომ ამის პარალელურად მედიკამენტი არ იწვევს ძილიანობას ან აღგზნებას. ამასთანავე, ხანდაზმულ პაციენტებში არ იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას.
ცნობისთვის, პრეპარატი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ეთანოლის დამთრგუნველ გავლენას ამცირებს.
ფენიბუტის ათვისება და განდევნა
ორგანიზმი ფენიბუტის დიდ ნაწილს ითვისებს; ეს პრეპარატი სისხლიდან ყველა ქსოვილში კარგად აღწევს, მათ შორის ტვინშიც. ამ ორგანოში მიღებული დოზის დაახლოებით 0.1% აღწევს, თუმცა ეს მაჩვენებელი ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებში უფრო მაღალია.
მედიკამენტი ღვიძლსა და თირკმელში თანაბრად ნაწილდება. მისი 80-95% ღვიძლში იშლება, მიღებულ ნივთიერებებს კი ორგანიზმზე გავლენა არ აქვს. პრეპარატს სხეულში დაგროვება არ ახასიათებს. იგი 3 საათის შემდეგ თანდათანობით გამოიდევნება თირკმლიდან, მისი რაოდენობა კი ტვინის ქსოვილში 6 საათით ნარჩუნდება. პრეპარატის 5% თირკმლის საშუალებით გამოიდევნება უცვლელი სახით.
ფენიბუტის გამოყენების ინსტრუქცია
ფენიბუტი 250მგ. ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს განეკუთვნება, ანუ იგი აფთიაქებიდან რეცეპტის გარეშე გაიცემა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იგი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ მივიღოთ — ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის დროს ამ პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილი არაა; არსებობს გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკიც.
რა უნდა გავითვალისწინოთ პრეპარატის მიღებამდე?
ფენიბუტი არ უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან არსებობს მასზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი. ასევე არ შეიძლება ფენიბუტის მიღება, თუკი მის რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ. ეს პრეპარატი მიზანშეწონილი არაა არც ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. იგი არ უნდა მიიღონ 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა. სიფრთხილეა საჭირო, როცა ეს მედიკამენტი ღვიძლის უკმარისობისა და კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების დროს ინიშნება.
ცნობილია, რომ ფენიბუტის მიღებამ, შესაძლოა, სხვა მედიკამენტების მოქმედება გააძლიეროს. ესენია: პარკინსონისა და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები, ასევე საძილე და ნეიროლეფსიური მედიკამენტები.
თუკი მედიკამენტი ხანგრძლივად უნდა გამოიყენოთ, პერიოდულად ღვიძლისა და სისხლის მაჩვენებლების გაკონტროლება მოგიწევთ. ფენიბუტს ძილიანობის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ თავი უნდა შეიკავოთ პოტენციურად სახიფათო საქმეებისგან, რომელთა შესრულებასაც დიდი ყურადღება სჭირდება.
რას უნდა ველოდეთ წამლის მიღების შემდეგ?
სხვა მედიკამენტების მსგავსად, გვერდითი ეფექტები ფენიბუტსაც შეიძლება მოჰყვეს. ეს შეიძლება იყოს: ძილიანობა, გულისრევა, მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნება, შფოთვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (პირველი მიღებისას) და ალერგიული რეაქციები (თუკი წამლის რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ).
ფენიბუტის დოზის გადაჭარბება შესაძლებელია. ამ დროს მისი გვერდითი ეფექტები უფრო მძაფრად გამოიხატება. ზედოზირების სიმპტომებია: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია (თუკი 7 გრამზე მეტია მიღებული), ეოზინოფილია, არტერიული წნევის ვარდნა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ზედოზირებისას კუჭის ამორეცხვას მიმართავენ ხოლმე, რის შემდეგაც აქტივირებული ნახშირის მიღებაა საჭირო. ექიმი თქვენი სიმპტომების მიხედვით გადაწყვეტს, როგორ გიმკურნალოთ ამ მედიკამენტით.
ფენიბუტი ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის — მიღების წესი
ფენიბუტი, როგორც წესი, 2-3 კვირით ინიშნება. იგი ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ პრეპარატის 250 მგ. დოზაში თითო ტაბლეტი იგულისხმება.
მოზრდილებისა და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის: დღეში 3-ჯერ 250-500 მგ. (მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2500 მგ.); 3-იდან 8 წლამდე ბავშვებისთვის — დღეში 3-ჯერ 50-100 მგ.; 8-იდან 14 წლამდე ასაკის მოზარდებში — დღეში 3-ჯერ 250 მგ.
ერთჯერადი მაქსიმალური დოზა 14 წელს ზემოთ ასაკში 750 მილიგრამია, 60 წელს გადაცილებულ პირებში — 500 მგ., 8 წლამდე ასაკის ბავშვებში — 150 მგ., 8-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებში — 250 მგ.
ფენიბუტი დღეში 3-ჯერ 250 მგ. დოზით მიიღება, როცა ამ პრეპარატით თავბრუსხვევასა (ვესტიბულარული აპარატის დისფუნქციისას) და მენიერის დაავადებას მკურნალობენ. ასეთ დროს იგი 14 დღით ინიშნება.
რწევის პროფილაქტიკის დროს 250-500 მგ. მიიღება ერთჯერადად. იგი რწევის დაწყებამდე 1 საათით ადრე ან ზღვის დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენის დროს უნდა გამოიყენოთ. რაც მაღალია პრეპარატის დოზა, მით ძლიერია ნჯღრევის საწინააღმდეგო მოქმედებაც.
თუკი ზღვის დაავადება ძალიან მძაფრად ვლინდება (მათ შორის, ახლავს ღებინება), ფენიბუტი 750-1000 მგ. დოზებითაც კი ნაკლებად ეფექტიანია.
შეიძლება თუ არა პრეპარატის მიღება ალკოჰოლთან ერთად
პრეპარატს იმ სიმპტომების მოსახსნელად ან საპრევენციოდაც იყენებენ, რომლებიც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შეწყვეტისას ჩნდება. ამ მდგომარეობას ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი ჰქვია.
ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომისას ფენიბუტი მიიღება: 3-ჯერ დღეში 250-500 მგ. და ღამით 750 მგ.; სადღეღამისო დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს და მოზრდილებისათვის ჩვეულებრივ დოზამდე ჩამოვიდეს.
ცნობილია, რომ ამ მედიკამენტთან ერთად ალკოჰოლის მოხმარება შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.
ფენიბუტი ნერვული სისტემის დეპრესანტების, მათ შორის ალკოჰოლის, ზემოქმედებას ამძაფრებს. შედეგად, შესაძლოა, სედაციური გავლენა გაიზარდოს და ტვინის ფუნქციონირება დაქვეითდეს; შესაძლოა, ამან სუნთქვის ჩახშობა და ჟანგბადის ნაკლებობაც გამოიწვიოს.
პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებისას თავიდან ზოგჯერ ძლიერი თრობის შეგრძნება ჩნდება, თუმცა შემდგომში სწრაფი რეაგირების უნარი ქვეითდება და აზროვნება ირევა. შესაძლებელია ალკოჰოლის გაუაზრებელი ზედოზირება, გონების დაკარგვა და სიკვდილიც კი.
შესაბამისად, თუკი ბოლო 24 საათის განმავლობაში ფენიბუტი გაქვთ მიღებული, ალკოჰოლის დალევისგან თავი შეიკავეთ. თუკი ეს მაინც გააკეთეთ, მომდევნო დღეს ძლიერი ნაბახუსევის მსგავსი სიმპტომებია მოსალოდნელი.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
ფენიბუტი გამოშვებიდან 3 წლის განმავლობაშია ვარგისი. ამ ვადის გასვლის შემდეგ იგი არ უნდა გამოიყენოთ. ეს წამალი მაქსიმუმ 25°C ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია — მედიკამენტი მაქსიმალურად ეფექტიანი და უსაფრთხო სწორედ მაშინაა, როცა ამ პირობებს ზედმიწევნით ვიცავთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account