ტკივილის ფენომენი 21-ე საუკუნეშიც კი ერთ-ერთ უმთავრეს სამედიცინო და სოციალურ პრობლემას წამოადგენს, თუმცა თანამედროვე მედიცინაში არსებობს სხვადასხვა სტრატეგიები და პრეპარატები, რომლებიც გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად ებრძვის ტკივილის შეგრძნებას, ვიდრე ეს ხდებოდა ათწლეულების წინ.
ტკივილის მოსახსნელად დღეისათვის ყველაზე ფართოდ გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებსაც ანთების საწინააღდეგო მოქმედებასთან ერთად სიცხის დაწევის ეფექტიც გააჩნია. ფარმაცევტულ ბაზარზე ისინი ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი.
ქვემოთ ერთ-ერთ ეფექტიან და ყველაზე ხშირად დანიშნვად პრეპარატზე — დიკლოფენაკზე ვისაუბრებთ, რომელიც გამოდის როგორც აბების, ისე გელის და საინიექციო ხსნარის სახით.
დიკლოფენაკის აბები
დიკლოფენაკი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით.
დიკლოფენაკის 1 ტაბლეტის შემადგენლობაში შედის - 100 მგ. ნატრიუმის დიკლოფენაკი, მეტოცელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (აეროსილი), მაგნიუმის სტეარატი, გარსი - Insta Moistshield.
როდის გამოიყენება დიკლოფენაკის აბები?
დიკლოფენაკის აბები გამოიყენება:
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს (რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, ფსორიაზული, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი, პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატოიდული დაზიანებები, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი, მათ შორის რადიკულური სინდრომი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი).
- სუსტად და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომის დროს (ნევრალგია, მიალგია, ლუმბო-იშალგია, პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, თავის ტკივილი, შაკიკი, ალგოდისმენორეა, ადნექსიტი, პროქტიტი, კბილის ტკივილი).
- ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას (ფარინგიტი, ტონზილიტი, ოტიტი) გამოხატული ტკივილის დროს.
რა გვერდითი მოვლენები ახლავს დიკლოფენაკის მიღებას?
დიკლოფენაკს შესაძლოა თან ახლდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა:
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის შებერილობა, დიარეა, ღებინება, ფაღარათი, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილი, პეპტიური წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; იშვიათად შესაძლოა, განვითარდეს მელენა, სისხლი განავალში, ღებინება, სიყვითლე, საყლაპავის დაზიანება, აფტოზური სტომატიტი, პირის და ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ციროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, უმადობა, პანკრეატიტი, ქოლეცისტოპანკრეატიტი, კოლიტი.
- ნერვული სისტემის კუთხით: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა ან ძილიანობა, დეპრესია, გაღიზიანება, ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები, სისუსტე, დეზორიენტაცია, კოშმარული სიზმრები, შიშის შეგრძნება.
- გრძნობათა ორგანოების მხრივ: ხმაური ყურებში, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია, გემოს შეცვლა, სმენის დაქვეითება, სკოტომა.
- კანის მხრივ: ქავილი, გამონაყარი, ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ტოქსიური დერმატიტი, პოლიმორფული ექსუდაციური ერითემა, მათ შორის სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მომატებული ფოტომგრძნობელობა, წერტილოვანი სისხლჩაქცევები.
- საშარდე სისტემის მხრივ: სითხის შეკავება, პროტეინურია, ოლიგურია, ჰემატურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, აზოტემია.
- სისხლის წარმოქმნის და იმუნური სისტემის მხრივ: ანემია (მათ შორის ჰემოლიზური და აპლასტიური ანემია), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა.
- სასუნთქი სისტემის მხრივ: ხველა, ბრონქოსპაზმი, ხახის შეშუპება, პნევმონიტი.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მომატება, გულის უკმარისობა, ექსტრასისტოლია, ტკივილი გულმკერდის არეში.
- ალერგიული რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქციები, ტუჩების და ენის შეშუპება, ალერგიული ვასკულიტი.
ვისთვის არის უკუნაჩვენები დიკლოფენაკის აბები?
დიკლოფენაკით მკურნალობა უკუნაჩვენებია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ. მათთვის, ვისაც აღენიშნება კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, “ასპირინული” ასთმა, სისხლის წარმოქმნის პროცესის დარღვევა, ჰემოსტაზი.
პრეპარატი ასევე უკუნაჩვენებია ორსულებისთვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და ლაქტაციის პერიოდში.
დიკლოფენაკი სიფრთხილით ინიშნება შემდეგი დაავადებების დროს: ანემია, ბრონქული ასთმა, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპებითი სინდრომი, გულის უკმარისობა, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ნაწლავების ანთებითი დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.
ასევე, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ასაკში, დივერტიკულიტისა თუ შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დროს.
რა განსაკუთრებული მითითებები უნდა დავიცვათ დიკლოფენაკით მკურნალობისას?
დიკლოფენაკით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების, განავალში სისხლის არსებობის რეგულარული კონტროლი.
პრეპარატის მიღების პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
რა მოხდება პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში?
დიკლოფენაკის დოზის გადაჭარბებისას, შესაძლოა განვითარდეს: თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ღებინება, თავის ტკივილი, ქოშინი, ბავშვებში – გულისრევა, აბდომინალური ტკივილი, სისხლდენა, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მიოკლონური კრუნჩხვა.
ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ ამოირეცხეთ კუჭი და მიიღეთ გააქტივებული ნახშირი.
როგორ ურთიერთქმედებს დიკლოფენაკი სხვა წამლებთან
დიკლოფენაკის მიღება ზრდის დიგოქსინის, მეტოტრექსატის, ლითიუმისა და ციკლოსპორინის პრეპარატების კონცენტრაციას პლაზმაში. ამცირებს დიურეზული საშუალებების ეფექტს, ხოლო კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებების მიღების ფონზე მატულობს ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
ანტიკოაგულანტებთან და თრომბოლიზურ საშუალებებთან ერთად დიკლოფენაკის მიღებით იზრდება სისხლდენის რისკი (უფრო ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან), ასევე აასპ-ს და გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა.
აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს დიკლოფენაკის კონცენტრაციას სისხლში, პარაცეტამოლთან ერთდროული გამოყენება კი აძლიერებს დიკლოფენაკის ნეფროტოქსიურ ეფექტს.
დიფკლოფენაკი ამცირებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტს, ხოლო მისი მიღება ცეფამანდოლთან, ცეფოტეტანთან, ცეფოპერაზონთან, ვალპროის მჟავასთან და პლიკამიცინთან ერთად, ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების რისკს ზრდის.
ციკლოსპორინთან და ოქროს შემცველ პრეპარატებთან ერთად დიკლოფენაკის მიღება ზრდის თირკმელებში პროსტაგლანდინების სინთეზს, რაც იწვევს ნეფროტოქსიურობის მომატებას. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარების საშიშროებას ქმნის პრეპარატის ერთობლივი მიღება ეთანოლთან, კოლხიცინთან და კორტიკოტროპინთან.
დიკლოფენაკი აძლიერებს იმ მედიკამენტების მოქმედებას, რომლებიც იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას. ხოლო ის პრეპარატები, რომლებიც იწვევს თირკმლის მილაკების სეკრეციის ბლოკირებას, ზრდის დიკლოფენაკის კონცენტრაციას პლაზმაში, რაც განაპირობებს ტოქსიკურობის მომატებას.
როგორ უნდა მიიღოთ დიკლოფენაკის ტაბლეტები?
დიკლოფენაკი უნდა მიიღოთ პერორალურად, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, როგორც წესი ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. რეკომენდებული დოზაა — 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში.
დიკლოფენაკის გელი
დიკლოფენაკის გელი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელსაც ასევე გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.
დიკლოფენაკის გელის შემადგენლობაში შედის: ნატრიუმის დიკლოფენაკი – 0.25გ; დიეთილამინის ჰიდროქლორიდი, დიმეთილსულფოქსიდი, სპირტი 95%, მეთილპარაბენი, კარბოპოლი, წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და პიტნის ზეთი.
რა დანიშნულებით იყენებენ დიკლოფენაკის გელს?
დიკლოფენაკის გელი გამოიყენება:
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების სამკურნალოდ;
- რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზული, ქრონიკული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, პოდაგრული და სხვა მეტაბოლური ართრიტების, სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზის სამკურნალოდ;
- რბილი ქსოვილების რევმატული დაზიანებების: სახსრების, კუნთების, მყესების, იოგების ტრავმული დაზიანებების დროს.
- რბილი ქსოვილების და და სახსრების პოსტტრავმული ანთებისას, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს დაჭიმვით, დატვირთვით და დაზიანებით.
გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები
დიკლოფენაკის გელის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- ალერგიული რეაქციები პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში;
- ადგილობრივი რეაქციები, მაგალითად: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ჰიპერემია, აქერცვლა, ქავილი).
ხანგრძლივი გამოყენებისას ან სხეულის დიდ ფართობზე დატანისას შესაძლოა გამოვლინდეს სისტემური გვერდითი მოვლენები:
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის გამოყენება და მიმართოს მკურნალ ექიმს.
რაც შეეხება უკუჩვენებებს, ესენია:
- მომატებული მგრძნობელობა სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისადმი;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- კანის მთლიანობის დარღვევა;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ პრეპარატი გელის ფორმაში ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენას არ ახდენს, ხოლო დიკლოფენაკის გელის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.
როგორია მკურნალობის ხანგრძლივობა და რა დოზებით უნდა დავიტანოთ გელი?
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დიკლოფენაკის გელი დღეში 3-4-ჯერ, თხელ ფენად უნდა დაიტანოთ და მსუბუქად შეიზილოთ დაზიანებულ ადგილზე.
იმის გათვალისწინებით, რომ გარეგანი გამოყენებისას დიკლოფენაკის მხოლოდ 6% შეიწოვება, ბავშვებში 6-დან 12-წლამდე გელი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს დღეში 2-ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ან დაზიანების გვარობაზე და მკურნალობაზე პასუხზე.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე დიკლოფენაკის გელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მომდევნო დოზა უნდა დაიტანოთ რაც შეიძლება მალე და შემდეგ მიჰყვეთ მკურნალობის პირვანდელ სქემას.
დიკლოფენაკის დაბალი სისტემური აბსორბციიდან გამომდინარე, დოზის გადაჭარბება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა იშვიათად შესაძლოა ადგილობრივად გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა წვა და ქავილი. ასეთ შემთხვევაში, კანი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დიკლოფენაკის ამპულა
დიკლოფენაკის ხსნარი გამჭვირვალე ოდნავ მოყვითალო, ბენზილის სპირტის სუსტი სუნის მქონე სითხეა, რომელიც განკუთვნილია კუნთში ინიექციისთვის.
1მლ ხსნარი შეიცავს: ნატრიუმის დიკლოფენაკს (25მგ/მლ), ბენზილის სპირტს, ნატრიუმის მეტაბისულფატს, მანიტოლს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, პროპილენგლიკოლს და საინიექციო წყალს.
რა შემთხვევაში ინიშნება პრეპარატი ინიექციის სახით?
დიკლოფერონის ინიექცია ინიშნება:
- საშუალო ინტენსივობისა და სხვადასხვა გენესის ტკივილის მკურნალობისთვის;
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატიული დაზიანება, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი (მათ შორის რადიკულარული სინდრომი);
- ლუმბაგოს, იშიაზის, ნევრალგიის დროს;
- ალგოდისმენორეის, მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი პროცესების, მათ შორის ადნექსიტის შემთხვევაში;
- პოსტტრავმული ტკივილის სინდრომის დროს, რომელსაც ახლავს ანთება;
- ოპერაციის შემდგომი ტკივილის დროს.
უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ერთ-ერთ უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი შემადგენლობისა და ზოგადად, ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლოლოვან-ეროზიული დაზიანება (განსაკუთრებით გამწვავების ფაზაში), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, “ასპირინული” ტრიადა, სისხლის წარმოქმნის დარღვევა, ჰემოსტაზის დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია), ორსულობა, 18 წლამდე ასაკი და ლაქტაციის პერიოდი.
ინიექცია ასევე დიდი სიფრთხილით ინიშნება ანემიის, ბრონქული ასთმის, გულის შეგუბებითი უკმარისობაის, არტერიული ჰიპერტენზიის, შეშუპების სინდრომის, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის, ალკოჰოლიზმის, ნაწლავის ანთებითი დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლოლოვან-ეროზიული დაზიანების, შაქრიანი დიაბეტის, დივერკულიტის, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადების დროს. ასევე მასშტაბური ქირურგიული ჩარევების შემდგომ და ასაკოვან ადამიანებში.
დიკლოფენაკით მკურნალობისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მოხმარებისგან.
როგორ უნდა მოხდეს ხსნარის შეყვანა და როგორია დოზირების წესები:
დიკლოფენაკის ამპულა ინიშნება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
ინიექცია კუნთში უნდა შეიყვანოთ ღრმად. მოზრდილებისთვის ერთჯერადი დოზაა - 75მგ (1 ამპულა), 1-ჯერ დღეში. აუცილებლობისას შეგიძლიათ ინიექციის განმეორება, მაგრამ უნდა იყოს გასული მინიმუმ 12 საათი.
გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს, თუ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა 2 დღის შემდეგაც არსებობს, უნდა გადახვიდეთ დიკლოფენაკის პერორალურ მიღებაზე.
ინტრავენურად პრეპარატი შეყავთ წვეთოვნად, ინფუზიის სახით. 1 ამპულა (75 მგ) იხსნება 100-500 მლ Nacl – ის 0.9%-იან ან დექსტროზის 5%-იან ხსნარში. ინფუზიისათვის მომზადებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე.
აქვს თუ არა დიკლოფენაკის ინიექციას გვერდითი ეფექტები?
პრეპარატების უმრავლესობის მსგავსად, გვერდითი ეფექტები აქვს დიკლოფენაკის ინიექციასაც. ისინი შეიძლება იყოს 1%-ზე ხშირი, ან 1 %-ზე იშვიათი.
1%-ზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: აბდომინალური ტკვილები, მუცლის შებერვის შეგრძნება, საჭმლის გადამუშავების დარღვევა, დიარეა, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პეპტიური წყლულის გართულება სისხლდენით ან/და პერფორაციით, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, კანის ქავილი, კანის გამონაყარი, სითხის შეკავება.
1%-ზე იშვიათ გვერდითი მოვლენებია: ღებინება, სიყვითლე, მელენა, განავალში სისხლი, საყლაპავის დაზიანება, აფტოზური სტომატიტი, პირისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ღვიძლის ნეკროზი, ციროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, მადის ცვლილება, პანკრეატიტი, ქოლეცისტოპანკრეატიტი, კოლიტი, ძილის დარღვევა, ძილიანობა, დეპრესია, გაღიზიანება, ასეპტიური მენინგიტის (უხშირესად სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემურიდ დაავადებებით დაავადებულ პაციენტებში), კრუნჩხვები, სისუსტე, დეზორიენტაცა, კოშმარული სიზმრები, შიშის შეგრძნება, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია, გემოვნების დარღვევა, სმენის შექცევადი ან შეუქცევადი დაქვეითება, სკოტომა, ჭინჭრის ციება, ეგზემა, ტოქსიური დერმატიტი, ალოპეცია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, მომატებული ფოტომგრძნობელობა, წერტილოვანი სისხლჩაქცევები, ოლიგურია, ჰემატურია, ნეფროტოქსიური სინდრომი, პროტეინურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, თირკმლის მწვაევე უკმარისობა, აზოტემია, ანემია (მათ შორის ჰემოლიზური და აპლაზიური ანემიები), თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა, ინფექციური პროცესების მიმდინარეობის გაუარესება, პნევმონიები, ხველა, ხორხის შეშუპება, ბრონქოსპაზმი, არტერიული წნევის მომატება, გულის უკმარისობა, ექსტრასისტოლია, ტკვილი გულ-მკერდის არეში, ალერგიული ვასკულიტი, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ტუჩებისა და ენის შეშუპება.
კუნთში შეყვანისას ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები, როგორებიცაა: წვა, ინფილტრატი, ასეპტიური ნეკროზი, ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზი.
რა მოხდება ჭარბი დოზირების შემთხვევაში?
ჭარბი დოზირებისას შესაძლოა აღინიშნოს: ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ცნობიერების დაბინდვა.
ბავშვებში პრეპარატის ზედოზირებისას დაფიქსიებულია მიოკლონური კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილები, სისხლდენები, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ასეთ დროს უნდა ჩატარდეს სიმპტომური თერაპია, ფორსირებული დიურეზი და ჰემოდიალიზი.
რომელ სამკურნალო საშუალებებთან ერთად არ არის რეკომენდებული დიკლოფენაკის ინიექციის გამოყენება?
დიკლოფენაკის ინექცია ზრდის სისხლის პლაზმაში დოგოქსინის, მეტოტრექსატის, ლითიუმის პრეპარატებისა და ციკლოსპორინების კონცენტრაციას. დიურეტიკებთან ერთობლივად გამოყენებით ძლიერდება ჰიპერკალიემიის რისკი; ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური საშუალებების (ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა) ფონზე კი მატულობს სისხლდენების რისკი (ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან).
დიკლოფენაკის მიღება ამცირებს ჰიპოტენზიური და საძილე საშუალებების ეფექტიანობას.
თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იგი ამცირებს სისხლში დიკლოფენაკის კონცენტრაციას.
პარაცეტამოლთან, ციკლოსპორინებთან და ოქროს პრეპარატებთან ერთად გამოყენება ზრდის დიკლოფენაკის ნეფროტოქსიური ეფექტების განვითარების რისკს.
დიკლოფენაკი ასევე ამცირებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტს. ცეფოტეტანი, ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ვალპროის მჟავა და პლიკამპიცინი ზრდიან ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების სიხშირეს.
კოხლიცინთან, კორტიკოტროპინთან, ეთანოლთან და კრაზანას პრეპარატებთან ერთდროლად დანიშვნისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენების განვითარების რისკი.
გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ორი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ერთდროული მიღება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account