რა არის ტრიქომონიაზი და როგორ მკურნალობენ მას

ტრიქომონიაზი საკმაოდ გავრცელებული, არავირუსული, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. მას იწვევს ერთუჯრედიანი მცირე ზომის პარაზიტი (Trichomonas vaginalis), რომელიც დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, ძალიან ადვილად გადაეცემა დაავადებული ადამიანიდან მის პარტნიორს. 

 

ინფექცია ძირითად შემთხვევებში გვხვდება გენიტალურ არეებში. ქალებში პარაზიტი აინფიცირებს ვაგინასა და ურეთრას (შარდის გამომტანი მილი), კაცებშიც ძირითადად ურეთრა ინფიცირდება, თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ინფექცია გავრცელდეს პენისის თავსა და პროსტატის ჯირკვლებზეც. 

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც ტრიქომონიაზის სიმპტომები არ ვლინდება და ინფექცია მკურნალობის გარეშე რჩება. სიმპტომების გამოვლენის გარეშეც დაავადებულ ადამიანს შეუძლია მისი გადამცემი იყოს, შესაბამისად რეკომენდებულია დაცული სქესობრივი კავშირი და შესაბამის დროს კლინიკური გამოკვლევა. 

 

ცალსახა პასუხი არ გვაქვს იმაზე, თუ რატომ არ უვლინდება სიმპტომები ადამიანების ნაწილს, სამსჯელო საკითხია ისიც, თუ რატომ შეინიშნება ტრიქომონიაზი უფრო მეტად ქალებში ვიდრე კაცებში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ინფექციის სპონტანური ჩაცხრომა უფრო მეტად აღენიშნებათ კაცებს. შეიძლება, ეს იყოს კაცებში ინფექციის იშვიათობაზე ერთ-ერთი პასუხი. 

 

როგორია ტრიქომონიაზის სიმპტომები 

ტრიქომონიაზის სიმპტომები, ძირითადად, ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში იჩენს თავს. სიმპტომების ფორმა განსხვავდება ბიოლოგიურ სქესებს შორის. 

 

ქალებში ტრიქომონიაზის სიმპტომები მოიცავს: 

  • დიდი ოდენობით გამონადენს ვაგინიდან, რომელიც შეიძლება იყოს უსიამოვნო სუნის და სხვადასხვა შეფერილობის; 
  • სასქესო ორგანოს სიწითლეს, ქავილს ან წვის შეგრძნებას; 
  • ტკივილის შარდვისას ან სექსის დროს. 

 

კაცებში ტრიქომონიაზის სიმპტომები მოიცავს: 

  • პენისიდან თხელ თეთრ გამონადენს; პენისის თავის არეში ტკივილს, შეშუპებას ან ქავილის შეგრძნებას; 
  • გახშირებულ შარდვას; 
  • ტკივილს შარდვისას ან ეაკულაციის დროს. 

თუ შეამჩნიეთ რომელიმე სიმპტომი ან საფუძვლიანი ეჭვი გაქვთ, რომ გესაჭიროებათ დიაგნოსტიკა (მაგალითად, თქვენს პარტნიორს გამოუვლინდა სიმპტომები) აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 

 

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა 

რადგან ტრიქომონიაზის სიმპტომები ჰგავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიმპტომებს, უშუალოდ მისი დიაგნოსტიკა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. 

 

დიაგნოზის დასადგენად, პირველ რიგში, ექიმი ატარებს ფიზიკურ გამოკვლევას, რაც გულისხმობს გენიტალიების შემოწმებას გამოხატულ სიმპტომებზე. ამის გარდა, ექიმს შეუძლია მოიშველიოს ტრიქომონიაზის ანალიზი, რომელიც ტარდება საშოდან ან პენისიდან აღებული ნაცხის მეშვეობით. ანალიზის შემდეგ, ინფექციის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმი დაგინიშნავთ ტრიქომონიაზის მკურნალობის გეგმას. 

 

უსიმპტომო ტრიქომონიაზის ან მისი მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც მკურნალობა მაინც რეკომენდებულია, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელების რისკი. 

 

ტრიქომონიაზი ანტიბიოტიკის საშუალებით მარტივად და სწრაფად იკურნება. თერაპია დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში ხორციელდება. მისი მკურნალობისთვის ხშირად უშუალოდ ტრიქომონიაზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკის — ტრიხოპოლი გამოყენება. 

 

განმეორებადი გამოკვლევა შეიძლება გახდეს საჭირო თუ სიმპტომები არ ჩაცხრება. ამ შემთხვევაში, სიმპტომების გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გახდეს, რომლის გამოვლენასაც, შესაძლოა, ტრიქომონიაზი უშლიდა ხელს.