რა არის ტრიპერი, იგივე გონორეა და როგორ ხდება მისი გავრცელება

ტრიპერი, იგივე გონორეა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. ტრიპერის გამომწვევი ბაქტერია ძირითადად გვხვდება გენიტალურ სითხეებში. 

 

მისი გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორისადმი შეიძლება სხვადასხვა სახის (ვაგინალური, ორალური, ანალური) სქესობრივი კონტაქტის დროს. გონორეა ასევე შეიძლება ორსული დედისგან მის ბავშვსაც გადაეცეს. სხვა შემთხვევები არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რადგან გონორეას ბაქტერია დიდხანს ვერ ცოცხლობს ადამიანის სხეულის გარეთ. 

 

ტრიპერის (გონორეას) სიმპტომები  

ტრიპერის (გონორეის) ინფექციის სიმპტომები ძირითადად ვლინდება გენიტალიების არეში.

გონორეა ქალებში ვლინდება როგორც: 

  • ტკივილის ან წვის შეგრძნება შარდვისას; 
  • მომატებული ვაგინალური გამონადენი, რომელიც შეიძლება იყოს თხელი და მწვანე ან ყვითელი შეფერილობის; 
  • მენსტრუალურ ციკლებს შორის სისხლდენა ან უფრო მძიმე მენსტრუალური ტკივილები. 

გონორეა კაცებში ვლინდება როგორც: 

  • ტკივილის ან წვის შეგრძნება შარდვისას; 
  • უჩვეულო გამონადენი პენისიდან, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი ან მწვანე შეფერილობის; 
  • ჩუჩის შეშუპება.

გარდა გენიტალიებისა, ინფექცია შეიძლება შეგვხვდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც. სწორი ნაწლავის არეში ინფექცია შეიმჩნევა ანალური ქავილის, გამონადენისა და ტკივილების სიმპტომებით. ყელის არეში გონორეა შეიძლება გამოვლინდეს ყელის ტკივილის სიმპტომით. 

 

თვალების ინფიცირების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თვალების ტკივილისა და შეშუპების სიმპტომები. ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, შესაბამისი მკურნალობისთვის. 

 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა  

ხშირ შემთხვევებში ტრიპერის სიმპტომები ცალსახად და გამოკვეთილად არ ვლინდება, რაც ნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება, ავადმყოფობა მკურნალობის გარეშე დარჩეს. აქედან გამომდინარე, ზოგადად რეკომენდებულია სქესობრივი კავშირის დროს სიფრთხილის ზომების მიღება და ექიმთან რეგულარული შემოწმება. 

 

ინფექციის ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებელია სპეციალურად გონორეის ტექსტის ჩატარება. 

 

საქსტატის მიხედვით, 2023 წელს ტრიპერი (გონორეა) პირველად დადასტურებული დიაგნოზით 497 პაციენტს დაუდგინდა. დადასტურებული დიაგნოზის, ან საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში (მაგალითად თქვენს პარტნიორს დაუდგინდა ინფექცია) ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ გონორეის ანალიზი და შემდეგ მისი მკურნალობა. 

 

ძირითადად, გონორეა ანტიბიოტიკების ინიექციის საშუალებით იკურნება. მკურნალობასთან ერთად მისი სიმპტომები წესით რამდენიმე დღეში უნდა შემცირდეს. თერაპიის დასრულებისას, სიმპტომების შეწყვეტის მიუხედავად, მაინც რეკომენდებულია გონორეაზე ხელახალი ტესტის გაკეთება, რათა დარწმუნდეთ, რომ თავისუფალი ხართ მისი ბაქტერიებისგან.