რა არის გულის მანკი და რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ?

გულის მანკი არის დაავადება, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი, ისე - შეძენილი. პირველი მათგანი დაბადებისთანავე არსებობს და მისი მრავალი სახეობაა გავრცელებული. 

 

შეძენილი გულის მანკი კი შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. გარდა ამისა, შესაძლოა, ის ქრონიკული დაავადებების ან კონკრეტული მედიკამენტების გამოყენების შედეგად წარმოიქმნას. 

 

გულის მანკმა შეიძლება გავლენა იქონიოს:

  • გულის კედლებზე;
  • გულის სარქვლებზე;
  • სისხლძარღვებზე.

 

ეს დაავადება შეიძლება ხასიათდებოდეს როგორც მარტივი ფორმებით, რომლებიც არ იწვევს სიმპტომებს, ისე — კომპლექსური პრობლემებით. ეს უკანასკნელი მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ნიშნების გამოვლენას განაპირობებს.

როგორ ვითარდება გულის თანდაყოლილი მანკები?

ორსულობის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში ნაყოფის გული იწყებს ფორმირებას. ამ კრიტიკულ პერიოდში ასევე ფორმირდება ის ძირითადი სისხლძარღვები, რომლებიც გულთან არის დაკავშირებული.

 

ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე შეიძლება დაიწყოს გულის თანდაყოლილი მანკების წარმოქმნა. მკვლევრებმა არ იციან, რა იწვევს მათი უმეტესობის ფორმირებას. თუმცა, შესაძლოა, მას ხელი შეუწყოს ორსულობის პერიოდში დედის მიერ გადატანილმა სხვადასხვა ინფექციამ, ზოგიერთი მედიკამენტის თვითნებურმა მოხმარებამ ან გარკვეული ქიმიური ნივთიერებით მოწამვლამ. 

 

რა განსხვავებაა გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებს შორის?

ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ გულის თანდაყოლილი მანკი ბავშვებში წარმოადგენს პრობლემას, თუმცა ისინი შემდეგ ხდებიან ზრდასრულები, რომლებიც ამ სამედიცინო მდგომარეობით ცხოვრობენ.

 

გულის მანკი დიდებშიც ასეთივე პრობლემური საკითხია, თუმცა აღსანიშნავია, რომ არსებობს კარგად გამოკვლეული სამკურნალო მეთოდები, რომლებსაც შეუძლია, გულის ფუნქციონირება გააუმჯობესოს. ამასთან, ანატომიური პრობლემების გამოსასწორებლად, ოპერაციების ჩატარებაც შეიძლება.

 

გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკები ერთმანეთისგან რამდენიმე ძირითადი ასპექტით განსხვავდება. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.

 

როგორც აღვნიშნეთ, თანდაყოლილი გულის მანკი ახალშობილებში ვლინდება და წარმოადგენს გულის სტრუქტურულ ან ფუნქციურ დეფექტს. ზოგიერთი თანდაყოლილი მანკი არ საჭიროებს მკურნალობას. სხვები უფრო რთულ ფორმებში ვლინდება და, შესაძლოა, ბავშვს რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი ოპერაცია დასჭირდეს.

 

შეძენილი მანკი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში ვითარდება, ხშირად შუა ხნის ან მოხუც ადამიანებში. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციებით, ათეროსკლეროზით ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით, რომლებიც გულის სტრუქტურებს აზიანებს.

 

თანდაყოლილი მანკის პრევენცია რთულია, თუმცა ორსულობის დროს ჯანმრთელობისა და გარემოს კონტროლმა, ტოქსინების თავიდან აცილებამ და ინფექციებისგან თავის დაცვამ შეიძლება ამ დაავადების განვითარების რისკები შეამციროს.

 

რაც შეეხება შეძენილ მანკს, ამ შემთხვევაში პრევენციისთვის შეიძლება დაგეხმაროთ სწორი დიეტა და ფიზიკური აქტივობა; არტერიული წნევის კონტროლი; სტრეპტოკოკული ინფექციების დროული მკურნალობა; თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა.

რომელია დაავადების ძირითადი ტიპები?

მიუხედავად იმისა, რომ გულის მანკების მრავალი განსხვავებული ტიპი არსებობს, ისინი შეიძლება სამ ძირითად კატეგორიად დაიყოს:

გულის სარქვლის მანკი

ამ შემთხვევაში გულში არსებული სარქვლები, რომლებიც წარმართავს სისხლის ნაკადს, შეიძლება სრულად ვერ იღებოდეს. ეს ხელს უშლის გულის უნარს, სისხლი სწორად ამუშაოს.

გულის კედლის მანკი

ამ დროს ბუნებრივი კედლები, რომლებიც არსებობს გულის მარცხენა და მარჯვენა მხარეებს, ზედა და ქვედა კამერებს შორის, შეიძლება სწორად არ განვითარდეს, რის შედეგადაც სისხლი კვლავ გულში ბრუნდება ან გროვდება ისეთ ადგილებში, სადაც მისი ადგილი არ არის. ამ ტიპის მანკი გულს ზედმეტი დატვირთვით ამუშავებს, რამაც შეიძლება მაღალი წნევა გამოიწვიოს.

სისხლძარღვების მანკი 

ამ შემთხვევაში, არტერიებმა და ვენებმა, რომლებსაც სისხლი გულამდე და შემდეგ ისევ უკან მიაქვს, შეიძლება სწორად არ იმუშაოს. ამან კი, შესაძლოა, დაბლოკოს სისხლის მიმოქცევა, რაც ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებას გამოიწვევს.

როგორია გულის მანკის სიმპტომები?

ზოგჯერ გულის მანკი გარკვეულ ეტაპამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თანდათან, დაავადების განვითარებასთან ერთად, კი შეიძლება შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს:

 

  • სისუსტე და თავბრუსხვევა;
  • ქოშინი;
  • გულის ფრიალი;
  • წონაში მატება, რომელიც ორგანიზმში სითხის დაგროვებით არის გამოწვეული;
  • წვივების შეშუპება;
  • დისკომფორტი გულის არეში.

 

ამ დაავადების ნიშნები ჩვილებში შემდეგია:

 

  • ღია ნაცრისფერი ან ლურჯი ტუჩები, ენა ან ფრჩხილები. კანის ფერის მიხედვით, ეს ცვლილებები შეიძლება უფრო რთულად ან ადვილად შესამჩნევი იყოს;
  • სწრაფად სუნთქვა;
  • შეშუპება ფეხებში, მუცელში ან თვალების გარშემო;
  • ქოშინი კვების დროს, რაც წონაში მატებას უშლის ხელს;

 

გულის მანკის სიმპტომები უფროს ბავშვებში კი შეიძლება იყოს:

 

  • სუნთქვის გაძნელება, ადვილად დაღლა, თუნდაც გულის წასვლა ვარჯიშის ან სხვა აქტივობის დროს;
  • შეშუპება ხელებში, მუხლებში ან ტერფებში.