რა არის პაიდოტერინი დეკონგესტანტი და რისთვის გამოიყენება იგი?

პაიდოტერინი დეკონგესტი შეშუპების საწინააღმდეგო სიროფია, რომელიც წითელი შეფერილობისაა და მარწყვის არომატი აქვს. პაიდოტერინი გამოდის 100 მლ-იან კონტეინერში, დოზირების ჭიქასთან ერთად.

პაიდოტერინი არის ფენილეფრინის, დიფენჰიდრამინისა და ქლორფენირამინის ნაერთი. უფრო კონკრეტულად, ფენილეფრინი არის სიმპატომიმეტიური ამინი, რომელიც მოქმედებს სასუნთქი გზების ლორწოვან ალფა-ადრენერგიულ რეცეპტორებზე ვაზოკონტრიქციის გამოსაწვევად რომელიც დროებით ამცირებს ლორწოვანი გარსის ანთებასთან დაკავშირებულ შეშუპებას, რაც ფარავს ნაზალურ გზებს, მოქმედებს როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება.

დიფენჰიდრამინი და ქლორფენირამინი ანტიჰისტამინებია, რომლებიც ხელს უშლის, ჰისტამინისგან გამოწვეულ რეაქციებს. ანტიჰისტამინური საშუალებების მოქმედება ცხვირის ლორწოვანზე დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.

პრეპარატი ამსუბუქებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებას, რომელიც თან ახლავს ალერგიულ რინიტს, მრავალი წლის ან სეზონური პერიოდის განმავლობაში.

გამოიყენება თუ არა პაიდოტერინი ხველის დროს? 

პაიდოტერინის სიროფი ეფექტიანია ხველის დროსაც, რადგან იგი ძირითადად მოქმედებს ანტიჰისტამინური და დეკონგესტანტური თვისებებით. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ პაიდოტერინი მხოლოდ სიმპტომური მკურნალობისთვისაა და არ აგვარებს ხველის ძირითად მიზეზს.

ვისთვის არ შეიძლება პაიდოტერინი დეკონგესტანტის მიღება?

პაიდოტერინის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მომატებული მგრძნობელობა აქვს მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

მედიკამენტი ასევე განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერტენზია, მძიმე კარდიოვასკულარული დაავადება, გლაუკომა, პროსტატის ჰიპერტროფია და აგრეთვე შარდის ბუშტისა და შარდის შეკავებასთან დაკავშირებული პრობლემები.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულებში, რადგან შესაძლოა წარმოიშვას ცნს-ის მასტიმულირებელი ანტიქოლინერგული ეფექტები და დაუდგენელი გლაუკომის დაჩქარების რისკი.

რომელ წამლებთან ერთად არ უნდა მიიღოთ პაიდოტერინი? 

პაიდოტერინის მიღება არ არის რეკომენდებული ანტიჰისტამინებთან ერთობლივად, ასევე ცნს - დეპრესანტებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან მაო-ს ინჰიბიტორებთან და ალკოჰოლოთან ერთად, რადგან ანტიჰისტამინებმა შეიძლება გააძლიეროს ცნს-ზე ჩამხშობი ეფექტი. 

დოქსაპრამთან, მეთილდოპასთან ან ტრიმფართან ერთად მედიკამენტის გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტები. 

დიგიტალურ გლიკოზიდებთან ერთობლივად მიღება ზრდის გულის არითმიის რისკს და შესაძლოა გამოვლინდეს ერკოტ ალკალოიდებით ან მეთიზერგიდით გამოწვეული ვაზოკონსტრიქცია. რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გაახანგრძლივოს და გააძლიეროს გულის მასტიმულირებელი ეფექტები.

პაიდოტერინისა და ანესთეზიური საშუალებების ერთობლივად მიღებამ შეიძლება გაზარდოს მწვავე ვენტრიკულური არითმიის რისკი.

აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ კი იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რაიმე სახის მედიკამენტი, თუნდაც ეს იყოს რეცეპტის გარეშე შეძენილი.

პაიდოტერინი დეკონგესტანტის მიღების ინსტრუქცია  

პაიდოტერინი ინიშნება როგორც ზრდასრულებში, ასევე 1 წლამდე ბავშვებშიც. პრეპარატის დოზირება ასეთია:  

  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2,5 მლ 6-8 საათში;
  • 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 5 მლ 6-8 საათში;
  • 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 10-15 მლ 6-8 საათში;
  • 12 წლის ზემოთ ბავშვებსა და მოზრდილებში - 15-20 მლ 6-8 საათში.

პრეპარატი მიიღეთ ჭამის შემდეგ.

დოზირებისას გამოიყენეთ საზომი ჭიქა (2.5, 5, 15 და 20 მლ. გრამიანი საზომი ხაზებით) რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში, ან პატარა კოვზი (5 მილიგრამი მოცულობით). არ გადააჭარბოთ დოზას!

რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას ან გამოტოვებას?  

საჭიროზე მეტი პაიდოტერინი დეკონგესტანტი სიროფის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს მწვავე ინტოქსიკაცია.

ჭარბი დოზის ან შემთხვევითი ჩაყლაპვისას დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ტოქსიკოლოგს.

გამოიწვიეთ ღებინება და კუჭი ნატრიუმის ბიკარბონატის 5% ხსნარით, აქტივირებული ნახშირით ამოირეცხეთ. თუ გამოვლინდა ვენტრიკულური ტაქიკარდია, მიიღეთ ლიდოკაინი ან პროპრანოლოლიმ ხოლო კრუნჩხვების შემთხვევაში — დიაზეპამი. მწვავე ჰიპერტენზიის შემთხვევაში დაალიეთ ნიტროპროუსიდი ან ფენტოლამინი.  

იმ შემთხვევაში, თუ პაიდოტერინი დეკონგესტანტის დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს პაიდოტერინის მიღებას?

ისევე როგორც ყველა მედიკამენტს პაიდოტერინის სიროფსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.

პრეპარატის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენაა ძილიანობა. იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს მზეზე მგრძნობელობის მომატება, გაძლიერებული ოფლიანობა, სისხლის ცვლილება და მადის დაკარგვა. იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს აგზნებულობა, ნერვიულობა, შფოთვა და ა.შ.  

აღსანიშნავია, რომ გვერდითი მოვლენების ყველაზე მეტი შემთხვევა ბავშვებსა და ხანდაზმულ ადამიანებში ვლინდება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სიფრთხილის ზომები 

პაიდოტერინი დეკონგესტანტი შეიცავს საქაროზას, ამიტომ თუ გაქვთ შეუთავსებლობა გარკვეული სახის შაქარზე, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.

პაიდოტერინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კარიესის წარმოქმნა კბილებზე.

არ არის რეკომენდებული პაიდოტერინის გამოყენება ორსულებში, რადგან  მისი უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ასევე არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან იგი გადადის დედის რძეში და შესაძლოა, ახალშობილზე უარყოფითად იმოქმედოს. 

იმის გამო, რომ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტობილის მართვისას.