
ნევროზს ფსიქოტრავმული ფაქტორების შედეგად განპირობებული დაავადებების ჯგუფს უწოდებენ. მას ახასიათებს ფუნქციური შექცევადი ნერვულ-ფსიქოლოგიური მოშლა.
აღსანიშნავია, რომ ნევროზის დროს პაციენტი არ კარგავს დაავადებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებასა და საკუთარი ქცევის მართვის უნარს.
აღსანიშნავია, რომ ნევროზი თითქმის ერთნაირი სიხშირით გვხვდება როგორც ქალებში, ასევე კაცებში, უფრო ხშირად კი ვითარდება 24-45 წლის ადამიანებში.
ნევროზის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია ძლიერი და ხანგრძლივი სტრესი. ამასთანავე, სპეციალისტები გამოყოფენ მის ხელშემწყობ ფაქტორებსაც, ესენია:
- ფსიქოლოგიური ფაქტორი;
- ადრეული ცხოვრებისეული ტრავმული გამოცდილებები;
- პიროვნული ფაქტორები;
- გარემო სტრეს ფაქტორები;
- გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები.
როგორია ნევროზის ფორმები
ნევროზის ძირითადი ფორმებია:
- ნევრასთენია - რომელსაც ახასიათებს გაღიზიანებულობა, თვითკრიტიკის დაქვეითება და სხვა;
- ისტერია - რა დროსაც ხდება სხვადასხვა დაავადების სიმულაცია;
- აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი - რა დროსაც ადამიანი ვერ თავისუფლდება აკვიატებული აზრებისგან და უსაფუძვლო შიშებისგან;
- მოლოდინის ნევროზი - როდესაც ადამიანს მუდმივად ნეგატიურის მოლოდინი აქვს;
- ლოგონევროზი, იგივე ენაბლუობა;
- უნებლიე მოძრაობები ან არამოტივირებული ქცევების გადასვლა ჩვევაში;
- ორგანოთა ნევროზი - ორგანოს დაზიანების სიმულაციური სიმპტომები.
მნიშვნელოვანია, ნევროზი განვასხვაოთ მისივე მსგავსი ისეთი მდგომარეობებისაგან, როგორებიცაა: ნევრასთენიული სინდრომი, ისტერიოფორმული რეაქცია და სხვა.
რა სიმპტომებით ვლინდება ნევროზი?
ნევროზი შეიძლება მრავალფეროვანი კლინიკური სიმპტომებით გამოვლინდეს. სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე. ზოგადი სიმპტომები კი ასეთია:
- გადაჭარბებული შფოთვა და ფორიაქი – ადამიანი ზედმეტად შფოთავს სამსახურზე, ურთიერთობებზე, ჯანმრთელობაზე და ცხოვრების სხვა ასპექტებზე.
- უსაფუძვლო შიშები – ადამიანს აწუხებს ინტენსიური და ირაციონალური შიშები ან ფობიები სხვადასხვა საგნის, სიტუაციისა და ქმედებების მიმართ.
- გარკვეული მოქმედებების თავიდან არიდება – ადამიანს არ სურს რაიმე ქმედების განხორციელება და ცდილობს თავიდან აირიდოს გარკვეული სიტუაციები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მის სოციალურ აქტივობას.
- ობსესიური აზრები და კომპულსიები – აკვიატებული აზრები, განმეორებადი ქცევები, სხვადასხვა რიტუალები, უსაფუძვლო მღელვარება და ა.შ.
- ფსიქოსომატური სიმპტომები – ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, კუნთების დაძაბულობა, მგრძნობელობის დაქვეითება, პირის სიმშრალე, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.
ნევროზისთვის, ასევე, დამახასიათებელია:
- ხასიათის სწრაფი ცვლილება, ადვილად გაღიზიანება და სიბრაზე;
- საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა;
- შრომის უნარის დაქვეითება;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და ხანმოკლე მეხსიერება;
- ძილის დარღვევები;
- დაბალი თვითშეფასება, თავდაუჯერებლობა, ეჭვი საკუთარი შესაძლებლობების მიმართ, აპათია და სხვა.
- დანაშაულის გრძნობა;
- სუსტი რეაქცია სტრესებზე;
- დეპრესია.
როგორ ხდება ნევროზის დიაგნოსტიკა?
ნევროზის დიაგნოზის დასმა მარტივი სულაც არ არის - დიაგნოზის დასმამდე უნდა გამოირიცხოს ყველა ის სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ხელს უწყობდეს ნევროზის მსგავსი სიმპტომების გამოვლენას.
როგორც წესი, მხოლოდ ამგვარი გამორიცხვის შემდეგ ისმება რაიმე ტიპის ფსიქიკური დარღვევის, მათ შორის, ნევროზის დიაგნოზი.
გარდა ამისა, აუცილებელია, ექიმმა დეტალური ანამნეზი შეკრიბოს და სიღრმისეულად შეისწავლოს პაციენტის სამედიცინო და ფსიქოლოგიური ისტორია.
ნევროზის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია კომპლექსური ნევროლოგიური და სომატური კვლევების ჩატარება, რისთვისაც გამოიყენება როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული გამოკვლევები.
როგორ ხდება მდგომარეობის მკურნალობა?
სწორი დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის პირობებში ნევროზის შემთხვევების 80%-ზე მეტი განკურნებადია.
მკურნალობა ძირითადად კომპლექსურია და მოიცავს:
ფსიქოთერაპიას - უპირატესობა ენიჭება კოგნიტიურ-ბიჰევიორულ თერაპიას, რომელიც არწმუნებს პაციენტს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა გამოწვეულია არასწორი აზროვნებით, მოვლენების არასწორი შეფასებით და ამით ეხმარება მას გარემოს სწორად აღქმაში და სტერეოტიპებისგან განთავისუფლებაში;
მედიკამენტურ თერაპიას - რომელიც მოიცავს ანტიდეპრესანტებს, შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებს/ტრანკვილიზატორებს, ნეიროლეპტიკებს და სხვა. კონკრეტული მედიკამენტების ჯგუფი შეირჩევა აუცილებლად მკურნალი ექიმის მიერ, ზუსტი დიაგნოზის შესაბამისად. შესაძლოა დაინიშნოს ერთი ან რამდენიმე სამკურნალო მეთოდიც. სპეციალისტები ხშირად ნიშნავენ პრეპარატ ვალოსედს, რომელიც სხვადახვა ფორმის ნერვოზების დროსაა ეფექტიანი.
რა შეიძლება იყოს ნევროზის გართულებები
მკურნალობის გარეშე, ნევროზი შესაძლოა ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ პრობლემად იქცეს და შესაძლოა გართულებებიც კი გამოიწვიოს. ფიზიკური გართულებები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ დაავადებებს:
- გულის პრობლემები;
- იმუნური სისტემის დისფუნქცია;
- ასთმა;
- ეგზემა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
როგორ შეიძლება ნევროზის თავიდან აცილება?
ნევროზის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია: კეთილსაიმედო ოჯახური, ყოფითი და სამუშაო გარემო-პირობების შექმნა, პოზიტიური განწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე ჩვევებისაგან გათავისუფლება, ფიზიკური აქტივობა, სპორტი, ჯანსაღი პროდუქტებით კვება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანის პიროვნული თვისებები 5 წლის ასაკისთვის ძირითადად უკვე ჩამოყალიბებულია, ამიტომ ნევროზის პროფილაქტიკაც სწორედ ბავშვობიდან იწყება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შვილებს ბავშვობიდანვე შევუქმნათ ჯანსაღი ოჯახური კლიმატი, ზომიერი ყურადღება და მზრუნველობა გამოვიჩინოთ მის მიმართ, დავაკავოთ სპორტით ან ხელოვნებით და ა.შ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account