
ჰიპოტენზია, ანუ დაბალი არტერიული წნევა, არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულიდან გამოტყორცნილი სისხლი არტერიის კედლებს ძალიან სუსტად უბიძგებს.
გულის ყოველი შეკუმშვისას არტერიებში სისხლის ახალი ტალღა გადაიტყორცნება. შეკუმშვის მომენტში არტერიული წნევა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს – მას სისტოლური წნევა ეწოდება (ე. წ. ზედა წნევა), – მოდუნების მომენტში, გულისცემებს შორის კი ყველაზე დაბალს – დიასტოლური წნევა (ე.წ. ქვედა წნევა).
ზოგადად არტერიული წნევა იზომება ვერცხლისწყლის მილიმეტრებში (mmHg). მაგალითად, 120`80 mmHg ნიშნავს, რომ სისტოლური წნევა 120 მმ-ია, ხოლო დიასტოლური – 80მმ.
დაბალი არტერიული წნევის მაჩვენებელი არის 90/60 mmHg-ს ქვემოთ. გასათვალისწინებელია, რომ ის, რაც მიიჩნევა დაბალ წნევად ერთი ადამიანისთვის, შეიძლება სხვისთვის იყოს ნორმალური არტერიული წნევა.
დაბალი არტერიული წნევის რისკ-ფაქტორები
დაბალი არტერიული წნევა შეიძლება გამოუვლინდეს ნებისმიერ ადამიანს. თუმცა, ჰიპოტენზიას მაინც აქვს შემდეგი რისკ-ფაქტორები:
- ასაკი: არტერიული წნევის დაქვეითება ადგომისას ან ჭამის შემდეგ ძირითადად გვხვდება 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში. ნერვული ჰიპოტენზია კი ძირითადად ვლინდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში.
- მედიკამენტები: ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება იწვევს დაბალ არტერიულ წნევას.
- გარკვეული დაავადებები: პარკინსონის დაავადებამ, დიაბეტმა და ზოგიერთმა გულის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევა.
- ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები: ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს დაბალი არტერიული წნევის რისკი.
როგორია ჰიპოტენზიის ტიპები
მედიცინაში დაბალი არტერიული წნევის (ჰიპოტენზიის) რამდენიმე ტიპს გამოყოფენ.
- ორთოსტატული ჰიპოტენზია (ასევე უწოდებენ პოსტურალურ ჰიპოტენზიას) - მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომის შემდეგ არტერიული წნევის უეცარი დავარდნა სამ წუთზე მეტხანს. გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: დეჰიდრატაცია, ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი, ორსულობა, გარკვეული სამედიცინო მდგომარეობა და ზოგიერთი მედიკამენტი. ამ ტიპის დაბალი წნევა ხშირია ხანდაზმულებში.
- პოსტპრანდიალური ჰიპოტენზია (ჭამის შემდგომი ჰიპოტენზია) - არტერიული წნევის ვარდნა ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ. ყველაზე მეტად ვლინდება ხანდაზმულებში.
- ნერვული ჰიპოტენზია - არტერიული წნევის ვარდნა ხანგრძლივად ფეხზე დგომის შემდეგ. ამ ტიპის დაბალი წნევა უმეტესად მოზარდებსა და ბავშვებში ვლინდება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გულსა და ტვინს შორის კომუნიკაციის პრობლემებით.
- მძიმე ჰიპოტენზია - დაკავშირებულია შოკურ მდგომარეობასთან და არის სიცოცხლისთვის საშიში.
- აბსოლუტური ჰიპოტენზია - არტერიული წნევის მაჩვენებელი დასვენების დროსაც კი მუდმივად არის 90/60 mmHg-ზე ქვემოთ.
- მრავლობითი სისტემური ატროფია ორთოსტატული ჰიპოტენზიით - იშვიათი ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა ორგანიზმის უნებლიე (ავტონომიური) ფუნქციები, მათ შორის სისხლის წნევა, გულისცემა, შარდის ბუშტის მოქმედება და მონელება. მრავლობითი სისტემური ატროფია ორთოსტატული ჰიპოტენზიით დაკავშირებულია ძალიან მაღალ წნევასთან წოლის დროს. მას ასევე უწოდებენ Shy-Drager-ის სინდრომს.
დაბალი არტერიული წნევა მოზარდებსა და ორსულებში
როგორც დაბალი არტერიული წნევის ტიპების განხილვისას ვნახეთ, ჰიპოტენზია შეიძლება გამოვლინდეს ბავშვებსა და მოზარდებშიც. მოზარდებში ძირითადად ვლინდება ნერვული ჰიპოტენზია, ანუ არტერიული წნევის ვარდნა ხანგრძლივად ფეხზე დგომის შემდეგ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გულსა და ტვინს შორის კავშირის პრობლემებით.
ჰიპოტენზიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის ორსულობა. გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობისას სისხლძარღვოვანი ქსელი ძალიან სწრაფად ფართოვდება, არტერიული წნევა მცირდება. ორსულობის პირველი ორი ტრიმესტრის განმავლობაში მცირდება ნორმალური წნევის მაჩვენებელი. თუმცა, მშობიარობის შემდეგ არტერიული წნევა კვლავ უბრუნდება იმ მაჩვენებელს, რაც ორსულობამდე იყო.
რა იწვევს დაბალი წნევას — ძირითადი მიზეზები
ზოგადად არტერიული წნევის ცვლილებას ადამიანთა ცხოვრების წესი იწვევს. მაგალითად, დაბალი წნევით გამოირჩევიან: ათლეტები და ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ ან ფიზიკურად იტვირთებიან, არამწეველები და ადამიანები, რომლებიც სწორად იკვებებიან.
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა. გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად ხდება შემდეგი ფაქტორები:
- ორთოსტატული ჰიპოტენზია — მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციიდან ადგომის შემდეგ არტერიული წნევის უეცარი დავარდნა 3 წუთზე მეტხანს.
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები — მაგალითად, პარკინსონის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის არტერიულ წნევაზე.
- გულის პათოლოგიები — ჰიპოტენზია შეიძლება გამოიწვიოს გულის სარქველების პრობლემებმა, გულის უკმარისობამ, გაიშვიათებულმა გულისცემამ და ა.შ.
- სისხლდენა — ჰიპოტენზია შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმიდან კრიტიკული რაოდენობის სისხლის დაკარგვამ.
- ჰორმონალური დარღვევები — ჰიპოტენზიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები.
- ორსულობა — როგორც ზემოთ აღინიშნა, ორსულობისას სისხლძარღვოვანი ქსელი ძალიან სწრაფად ფართოვდება, შესაბამისად, არტერიული წნევა მცირდება. გესტაციის პირველი 24 კვირის განმავლობაში სისტოლური წნევა, ჩვეულებრივ – 10, დიასტოლური კი 10-15 mm-ით იკლებს. მშობიარობის შემდეგ არტერიული წნევა, ჩვეულებრივ, უბრუნდება იმ მაჩვენებელს, რაც ორსულობამდე იყო.
- მედიკამენტები — ჰიპოტენზია შეიძლება გამოიწვიოს იმ მედიკამენტებმა, რომლებითაც მკურნალობენ მაღალ წნევას (მაგალითად: დიურეტიკები - შარდმდენი მედიკამენტები), გულის უკმარისობას, ერექციულ დისფუნქციას, ნევროლოგიურ პრობლემებს (მაგალითად: პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები), დეპრესიას (მაგალითად: ანტიდეპრესანტები) და ა.შ.
- დეჰიდრატაცია — როდესაც სხეულს არ აქვს საკმარისი რაოდენობის წყალი, ორგანიზმში სისხლის რაოდენობაც მცირდება და ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება. დეჰიდრატაციის მიზეზი შეიძლება იყოს ძლიერი ფაღარათი, ღებინება, ცხელება, ზომაზე მეტი ვარჯიში ან ფიზიკური შრომა.
- მძიმე ინფექციები (სეპტიცემია) — ინფექციის გავრცელება მთელს ორგანიზმში იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ ვარდნას, რასაც შესაძლოა სეპტიკური შოკი და ადამიანის გარდაცვალებაც კი მოჰყვეს.
- ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) — წამალზე, მწერის ნაკბენზე ან საკვებზე ალერგიულმა რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი, ხორხის შეშუპება, ქავილი და არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა.
- კვების დარღვევები — ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინ B12-ის ნაკლებობა იწვევს ანემიას, რომელსაც თავის მხრივ, ახასიათებს ჰიპოტენზია.
- ალკოჰოლი და რეკრეაციული ნარკოტიკული საშუალებები — ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებამ და ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს არტერიული წნევა.
დაბალი არტერიული წნევის სიმპტომები
დაბალი არტერიული წნევა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ჰიპოტენზიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- თავბრუსხვევას;
- გულის წასვლას;
- პულსის აჩქარებას;
- მხედველობის დაბინდვას;
- გულისრევას;
- კონცენტრაციის უნარის დაკარგვას;
- სუნთქვის აჩქარებას ან შესუსტებას;
- დაღლილობას ან სისუსტეს;
- უენერგიობას ან ძილიანობას;
- წყურვილის შეგრძნებას;
- აჟიტირებას ან ქცევის სხვა უჩვეულო ცვლილებებს.
ძალიან დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს შოკური მდგომარეობა, რომლის სიმპტომებიცაა:
- დაბნეულობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში;
- ცივი, ნამიანი კანი;
- კანის ფერის ცვლილება, გაფერმკრთალება;
- სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა;
- აჩქარებული პულსი.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ჰიპოტენზიას?
დაბალ არტერიულ წნევას შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა სახის გართულებები. მაგალითად:
- თავბრუსხვევის შეგრძნება;
- სისუსტე;
- გაბრუება;
- დაცემა და დაცემასთან დაკავშირებული დაზიანებები;
- შოკი;
- ძლიერ დაბალ წნევას შეუძლია შეამციროს ორგანიზმში ჟანგბადის დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის და ტვინის დაზიანება.
როგორ ხდება დაბალი არტერიული წნევის დიაგნოსტირება
ხშირ შემთხვევაში დაბალი არტერიული წნევის სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს. დაბალი არტერიული წნევის დიაგნოსტირების ერთადერთი გზა წნევის გაზომვაა. ჰიპოტენზიის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად დაბალია.
როგორ გავზომოთ წნევა სწორად?
იმისთვის, რომ დაისვას არტერიული ჰიპოტენზიის დიაგნოზი, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია წნევის გაზომვის დროს დავიცვათ გარკვეული წესები, კერძოდ:
- არტერიული წნევის გაზომვის წინ, ნახევარი საათით ადრე, არ ივარჯიშოთ, არ მიიღოთ საკვები, ყავა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელები, ალკოჰოლი და ნიკოტინი.
- საჭიროა, წნევის გაზომვის მომენტში, სავსე არ იყოს თქვენი ნაწლავები ან შარდის ბუშტი.
- დაჯექით სკამზე კომფორტულ და მშვიდ გარემოში. მიეყრდენით საზურგეს და არ გადააჯვარედინოთ ფეხები.
- არ ილაპარაკოთ ხუთი წუთი წნევის გაზომვამდე, არც უშუალოდ გაზომვის დროს.
- გაითავისუფლეთ მკლავი, რათა დაიმაგროთ მანჟეტი – ის შიშველ კანზე უნდა გაიკეთოთ და არა ტანსაცმელზე.
- მანჟეტი კარგად უნდა იყოს შეკრული, არც ზედმეტად მჭიდროდ მოიჭიროთ და არც ხალვათად.
- წნევის საზომი აპარატის მანჟეტი მოთავსებული უნდა იყოს მკლავზე, გულის დონეზე. ამისთვის კი სასურველია ხელი დააყრდნოთ მაგიდას.
- წნევა გაიზომეთ 1-2-წუთიანი ინტერვალით ორჯერ. თუკი განსხვავებული მაჩვენებელი დაფიქსირდა, გამოვთვალეთ ორივე გაზომვით მიღებული შედეგის საშუალო მაჩვენებელი.
გარდა წნევის გაზომვისა, ექიმმა შეიძლება მოითხოვოს ლაბორატორიული გამოკვლევებიც. მაგალითად:
- ლაბორატორიული ტესტები (სისხლის და შარდის ანალიზები);
- ულტრაბგერითი ტესტები (რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ექოკარდიოგრაფია).
დაბალი წნევის მკურნალობა — როგორ ავწიოთ წნევა?
დაბალი წნევის მკურნალობა წნევის გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული. ჰიპოტენზიის მკურნალობა იწყება იმის გარკვევით, თუ რამ გამოიწვია იგი. თუ მიზეზი მედიკამენტია, ჩვეულებრივ, დოზის დარეგულირება ან მედიკამენტის შეცვლაა საჭირო.
თუკი დაბალი წნევის გამომწვევი მიზეზი დაავადებაა, აღნიშნული დაავადების მდგომარეობის მართვა არის მკურნალობის საუკეთესო გზა და ა.შ. მკურნალობის პროცესში გავრცელებული საშუალებაა კოფეინის მიღება, რაც წნევის ასაწევად აპრობირებული საშუალებაა.
დაბალი წნევის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია:
- მიიღოთ მეტი სითხე (წყალი, კომპოტი, მინერალური წყალი, ახლადგამოწურული წვენები) - სითხის რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ ასაკი და არსებული დაავადებები. სითხე თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას, რაც მნიშვნელოვანია ნორმალური წნევის შესანარჩუნებლად.
- მიიღოთ მეტი მარილი - ჰიპოტენზიის დროს სუფრის მარილს შეუძლია სასარგებლოც კი იყოს თქვენთვის. ბუნებრივია, აღნიშნული რეკომენდაცია არ ეხება გულის პათოლოგიების მქონე ადამიანებს.
- შეამციროთ ალკოჰოლის მიღება - ალკოჰოლის ზემოქმედებით ხდება სისხლძარღვების გაფართოება და დეჰიდრატაცია, რაც ამცირებს არტერიულ წნევას.
- არ წამოდგეთ სწრაფად საწოლიდან და სკამიდან - თავდაპირველად ნელა წამოჯექით და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ადექით ფეხზე.
- შეცვალოთ კვების რაციონი - მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ჯანსაღი საკვები. მიირთვით მცირე ულუფები 3-4-ჯერ დღეში.
- თავი აარიდოთ ცხელი წყლით ბანაობას, მზეზე დიდხანს ყოფნასა და გაუნიავებელ ოთახში ყოფნას.
თუ დაბალი წნევის სიმპტომები ვლინდება ხანგრძლივად, მიმართეთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account