დიარეა — რა უნდა ვიცოდეთ ამ სიმპტომის შესახებ?

დიარეა, იგივე ფაღარათი ძალიან გავრცელებული სიმპტომია, რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც საკვების მიღებისგან გამოწვეული დარღვევა, ასევე სხვადასხვა დაავადების გამოხატულება.

დიარეა გამოიხატება ნაწლავების ხშირი მოქმედებითა და თხევადი განავლოვანი მასებით, რაც ძალიან შემაწუხებელია.

დიარეა ზოგჯერ რამდენიმე დღე გრძელდება, ხოლო თუ იგი უფრო მეტად გახანგრძლივდა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ ორგანიზმში სხვა პრობლემის არსებობა.

კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ასხვავებენ დიარეის სამ ტიპს:

  •   მწვავე წყლიანი დიარეა, რომელიც რამდენიმე საათი ან დღე გრძელდება;
  •   მწვავე სისხლნარევი დიარეა;
  •   გახანგრძლივებული დიარეა, რომელიც 14 დღე და მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება.

რა იწვევს და რით შეიძლება გართულდეს დიარეა?

ჩვეულებრივ, დიარეას იწვევს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • ვადაგასული ან დაბინძურებული საკვები;
  • ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები (როტავირუსი, ნოროვირუსი, საპოვირუსი, ადენოვირესების E ჯგუფი, ეშერიხია, შიგელა, სალმონელა, კამპილობაქტერი, იერსინია, კლოსტრიდია, გიარდია დუოდენალისი და სხვა.
  • ზოგიერთი ჯგუფის მედიკამენტები - მაგალითად ანტიბიოტიკები, რომლებიც ანადგურებენ როგორც პათოგენურ ასევე ნაწლავის ფლორის შემქმნელ ბაქტერიებს;
  • ლაქტოზას აუტანლობა - ვისაც აღნიშნული პრობლემა აქვს, რძის პროდუქტების მიღების შემდეგ აღენიშნებათ დიარეა;
  • ფრუქტოზა (ხილსა და თაფლში შემავალი შაქარი) - თუ ადამიანის ორგანიზმისთვის ფრუქტოზის გადამუშავება რთულია, მისი მიღებისას შესაძლოა განვითარდეს დიარეა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ცელიაკია, წყლულოვანი კოლიტი, წვრილი ნაწლავის მიკროფლორის ჭარბი ზრდა და სხვა;
  • ქირურგიული ოპერაციები ნაწლავებზე, კუჭსა და ნაღვლის ბუშტზე;
  • ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი (ნიაცინის, ფოლის მჟავას დეფიციტი) ან ჰიპერვიტამინოზით (ვიტამინი C, ვიტამინი B3).

დიარეამ შესაძლოა მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს, მათ შორის ყველაზე საშიშ გართულებას წარმოადგენს დეჰიდრატაცია (სითხის დაკარგვა), რაც უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის. დეჰიდრატაციის ნიშნებია: პირის ან კანის სიმშრალე, წყურვილის გრძნობა, ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, გადაღლილობა, მუქი ფერის შარდი, იშვიათი შარდვა.

დეჰირატაციის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დიარეას დროს აუცილებელია მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე - წყალი, ხილის წვენი, მინერალური წყალი ან ჩაი. გარდა ამისა, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელი, რადგან ეს ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას.

რა სიმპტომები ახასიათებს დიარეას?

დიარეას სიმპტომებია: 

  • ნაწლავების მოქმედების გახშირება
  • მუცლის ტკივილი;
  • შებერილობა;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ლორწო განავალში;
  • სისხლი განავალში;
  • ცხელება.

როგორ ვრცელდება სიმპტომის გამომწვევი ინფექციები? 

დიარეის გამომწვევი ინფექციები ძირითადად ორალურ-ფეკალური გზით გადაეცემა, ანუ დაავადებას განაპირობებს ფეკალიებიდან გამოყოფილი გამომწვევის პირში მოხვედრა. ინფექცია ხშირად დაბინძურებული წყლისა და საკვების მეშვეობითაც გადაეცემა. 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს და რა კვლევები უნდა ჩატარდეს დიარეის დროს?

იმ შემთხვევაში თუ დიარეის ხანგრძლივობა 2 დღეს აღემატება და მკვეთრადაა გამოხატული დეჰიდრატაციის ნიშნები, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

დიარეის გამომწვევი მიკროფლორის სადიაგნოსტიკოდ რეკომენდებულია ლაბორატორიული ტესტების ჩატარება. აუცილებელი კვლევები ჩვეულებრივ მოიცავს სისხლის, განავლის საერთო ანალიზს, სისხლში კრეატინისა და შარდის გამოკვლევას, მუცლის ექოსკოპიურ გამოკვლევას. პრინციპულია განავლის ბაქტერიოლოგიური შესწავლა. საჭიროების მიხედვით შესაძლოა გაკეთდეს ანტიბიოტიკოგრამა. 

როგორ მკურნალობენ დიარეას?

დიარეის მკურნალობა კომპლექსურია და დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. ინფექციით გამოწვეული დიარეის დროს მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია და ინიშნება ანტიბიოტიკები ან სხვა მედიკამენტები. მაგალითად, ექიმები ხშირად ნიშნავენ ენტეროლს, რომელიც მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეის დროს გამოიყენება.  

არაინფექციური დიარეის მკურნალობა გაცილებით რთული და ხანგრძლივია და შესაძლოა ოპერაციული ჩარევაც კი დასჭირდეს. რაც შეეხება დაუდასტურებელი მიზეზის მქონე დიარეის მკურნალობას, იგი ხორციელდება ემპირიულად და წამყვან სამკურნალო მეთოდს წარმოადგენს პაციენტის მიერ სითხის დაკარგვის პრევენციაზე ზრუნვა. 

ბევრი ადამიანი თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე იღებს ანტიბიოტიკებს, რაც დაუშვებელია, რადგან დიარეის მიზეზი შეიძლება ვირუსი იყოს, რომელზეც ანტიბიოტიკი არ მოქმედებს და, პირიქით, ზიანსაც კი აყენებს ნაწლავურ ფლორას.