რა არის თრომბოფილია — როგორ ხდება მისი მკურნალობა ან პრევენცია

არც თუ დიდი ხნის წინ ადამიანის უეცარი სიკვდილი ან უნარშეზღუდვა ძირითადად ორი მიზეზით - ინფარქტით ან ინსულტით აიხსნებოდა.  მეოცე საუკუნის ბოლოს კი საზოგადოებაში თანდათან დამკვიდრდა ახალი ტერმინი - თრომბი, რომელსაც ხალხმა “შენელებული მოქმედების ნაღმი” უწოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მე-19  საუკუნის ბოლოს გერმანელმა მეცნიერმა რუდოლფ ვირჩოვიმ თრომბოზის სხვადასხვა მიზეზები გამოყო, რის საფუძველზეც თრომბოფილიის, როგორც კონცეფციის განვითარება დაიწყო, ეს დიაგნოზი ფართო მედიცინაში მხოლოდ 1965 წლიდან გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც  ნორვეგიელმა ჰემატოლოგმა ოლავ ეგებერგმა, თრომბოზული გართულებების მქონე ოჯახი შეისწავლა  და ამ დაავადებას თრომბოფილია უწოდა - პირდაპირი თარგმნით “თრომბოზის სიყვარული” ანუ თრომბოზისადმი მიდრეკილება. 

რა არის თრომბოფილია

თრომბოფილია, რომელსაც ზოგჯერ  ჰიპერკოაგულაციას ან პროთრომბოზულ მდგომარეობასაც უწოდებენ, არის სისხლძარღვებში სისხლის ძალიან სწრაფად შედედების პროცესი, რომელიც  თრომბების წარმოქმნის რისკს ზრდის, ავიწროებს ან ახშობს სისხლძარღვის სანათურებს და საბოლოოდ, არღვევს სისხლის მიმოქცევას.

ამ დაავადებამ არ იცის ასაკი, იგი შეიძლება თანაბრად განვითარდეს როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანშიშესულ ადამიანებში, თუმცა კვლევებით დგინდება, რომ თრომბოფილია ქალების გაცილებით დიდ პროცენტს აღენიშნება, ვიდრე მამაკაცებს. 

 

მოსალოდნელია თრომბოზი განვითარდეს სავსებით ჯანმრთელ, დაუზიანებელ სისხლძარღვში, თუმცა რა იწვევს თრომბის პროვოცირებას, ამის მიზეზი ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი არ არის.   იმ ადამიანების 50%-საც კი, რომლებსაც ფეხის არეში ღრმა ვენების თრომბოზი აღენიშნებათ, შესაძლოა პროცესი ისე განუვითარდეთ, რომ მაპროვოცირებელი სხვა მიზეზები არ ჰქონდეთ. მაგრამ, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთაც აღენიშნება შესამჩნევი თრომბოფილური ანომალია, შესაძლოა თრომბოზი  მხოლოდ დამატებითი რისკ-ფაქტორების შემთხვევაში გამოუვლინდეს.

გახსოვდეთ, თრომბოფილიას ანალიზების გაკეთება და მუდმივი კონტროლი ამ დაავადებისგან თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.  თრომბოფილიის ანალიზის ფასი ინდივიდუალურია, იგი დამოკიდებულია კვლევების სახეობასა და რაოდენობაზე და თავად სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც დამოუკიდებლად განსაზღვრავენ ლაბორატორიული მომსახურების ფასს. 

 

დაავადების სიმპტომები და  ყველაზე გავრცელებული ფორმები

როგორც ჯანდაცვის წარმომადგენლები ირწმუნებიან, თრომბოფილიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა - ღრმა ვენის თრომბოზი და ფილტვის ემბოლია, რომლებსაც ერთობლივად ვენურ თრომბოემბოლიას უწოდებენ. 

ვენების თრომბოზი ფეხებში ჩნდება და მას საკმაოდ გამოკვეთილი და მტკივნეული სიმპტომები გააჩნია:

  • კიდურის ტკივილი; 
  • შეშუპება; 
  • სიწითლე; 
  • წამოხურების შეგრძნება;
  • ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, რასაც ვენებში სარქვლების დაზიანება იწვევს. 

ამ დაავადების დროს შესაძლებელია თრომბი გაწყდეს და (ემბოლია) ფილტვების არტერიებში გადავიდეს, რაც იწვევს:

  • უეცარ ქოშინს;
  • გულმკერდის ტკივილს;
  • პალპიტაციას.

  გართულების შემთხვევაში  კი შეიძლება განვითარდეს

  • კოლაფსი;
  • შოკი;
  • გულის გაჩერება.

ვენური თრომბოზი შეიძლება ასევე მოხდეს უფრო უჩვეულო ადგილებში: თავის ტვინის ვენაში, ღვიძლში (პორტალური ვენის თრომბოზი და ღვიძლის ვენის თრომბოზი), თირკმელებში (თირკმლის ვენების თრომბოზი)  ან მეზენტერულ და მკლავების ვენებში.

ცილის C დეფიციტით გამოწვეულმა ამ პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს პურპურა ფულმინანსი (მინი სისხლჩაქცევები კანისა და ლორწოვანი გარსების დონეზე), მძიმე შედედების დარღვევა ახალშობილში და მოზრდილებში, რაც იწვევს როგორც ქსოვილის სიკვდილს, ასევე სისხლდენას კანსა და სხვა ორგანოებში. 

თრომბოფილია დაკავშირებულია სპონტანურ აბორტთან და ორსულობის სხვადასხვა გართულებებთან, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. 

 

თრომბოფილიას სახეები - გენეტიკური თრომბოფილია

 

დღეს უკვე ცნობილია, რომ თრომბოფილია  შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი/მემკვიდრეობითი ანუ გენეტიკური, ასევე შეძენილი. 

 

მეცნიერებმა თანდაყოლილი თრომბოფილიას შესწავლისას  აღმოაჩინეს მუტაციები - პოლიმორფიზმები, რომლებიც იწვევს თრომბოზებისადმი მიდრეკილებას. სწორედ ეს ფორმა გადაეცემათ ადამიანებს  მემკვიდრეობით. 

გენეტიკური თრომბოფილიის ყველაზე გავრცელებული სახეობებია ისინი, რომლებიც წარმოიქმნება კოაგულაციის ფაქტორების გადაჭარბებული აქტივობის შედეგად. ხოლო იშვიათი ფორმები გამოწვეულია ბუნებრივი ანტიკოაგულანტების (სისხლის შედედების შემაფერხებელი და თრომბის გაჩენის საწინააღმდეგო ნივთიერებები) დეფიციტით. 

ამ ეტაპზე, დადგენილი არ არის ზრდის თუ არა თრომბოფილია არტერიული თრომბოზის რისკს, რომელიც გულის შეტევისა და ინსულტის გამომწვევი მიზეზია. თუმცა,  უახლესი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ მემკვიდრეობითი თრომბოფილიის ზოგიერთი ფორმა დაკავშირებულია  არტერიული იშემიური ინსულტის გაზრდილ რისკთან.

შეძენილი თრომბოფილია — რა უნდა ვიცოდეთ?


შეძენილ თრომბოფილიას ასაკი არ აქვს, იგი შეიძლება განვითარდეს, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ხანდაზმულ ასაკში. 

მისი მთავარი გამოვლინებაა  ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. ეს გულისხმობს იმას, რომ იმუნური სისტემა “შეცდომით” ებრძვის ორგანიზმის ნორმალურ ცილებს, რაც  ვენებსა და არტერიებში თრომბების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. ყოველივე ამან კი შეიძლება გამოიწვიოს როგორც არტერიული, ასევე ვენური თრომბოზი, იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ღრმა ვენების თრომბოზი და ხშირად – სამეანო პათოლოგიაც, კერძოდ სპონტანური აბორტი, მკვდრადშობადობა და სხვა. 

თუმცა შეძენილი თრომბოფილიის გამომწვევი მიზეზები ამით არ ამოიწურება. არსებობს ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენია;  თრომბოზის რისკი შეიძლება გაზარდოს ჰემატოლოგიურმა მდგომარეობამ, რომელიც დაკავშირებულია დუნე სისხლის ნაკადთან; ასევე მიელოპროლიფერაციულმა დარღვევებმა, როდესაც ძვლის ტვინი წარმოქმნის ძალიან ბევრ სისხლის უჯრედს;  გარდა ამისა, ის შეიძლება გამოიწვიოს კიბომ, განსაკუთრებით მეტასტაზურმა. ასევე არსებობს თრომბოზის რისკის აღიარებული ფაქტორები - ნეფროზული სინდრომი, რომლის დროსაც თირკმელების დაავადების გამო სისხლის მიმოქცევიდან ცილა გამოიყოფა შარდში; ნაწლავის ანთებითი დაავადება (წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება); ესტროგენები, რომელიც გამოიყენება კომბინირებული ჰორმონალური ჩასახვის კონტროლისა და მენოპაუზის ჰორმონოთერაპიის დროს (პროგესტოგენებთან ერთად) და ა.შ. 

 

ვინ შეიძლება იყოს რისკ-ჯგუფში?


მიუხედავად იმისა, რომ თრომბოფილიის ორი სახეობაა დადგენილი - გენეტიკური და შეძენილი, არსებობს  ხელისშემწყობი პირობებიც, რომელიც ამ დაავადების რისკფაქტორებს ზედის. 

რა უწყობს ხელს ამ პათოლოგიის განვითარებას? რისკ-ჯგუფში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ:

  • ჭარბი წონა;
  • სიმსივნური პროცესი;
  • ორსულობა და ლოგინობის ხანა;
  • ოპერაციული ჩარევა;
  • ქრონიკული ანთებითი დაავადება;
  • ტრავმა;
  • ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი ამა თუ იმ მძიმე დაავადების შემთხვევაში;
  • ათეროსკლეროზი;
  • დიაბეტი;
  • ფრენა ექვს საათზე მეტხანს, რაც ხშირად იწვევს სისხლის შეგუბებას ქვედა კიდურების ვენებში;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ჰიპერკოაგულაციის ოჯახური ანამნეზი;
  • პერორალური კონტრაცეფცია;
  • ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია;
  • შეწყვეტილი ორსულობები;
  • ხანდაზმული ასაკი.

 

თრომბოფილია და ორსულობა — რას უნდა მივაქციოთ ყურადღება


როგორც ცნობილია, ორსულობის პროცესი ქალის ორგანიზმში უამრავ ცვლილებას იწვევს, რომელიც სასარგებლოსთან ერთად, ხშირად სახიფათოა როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.  მათ შორისაა სისხლის შედედების ზრდა -   ჰიპერკოაგულაცია, რომელიც ვითარდება საშვილოსნო-პლაცენტისა და პლაცენტა-ნაყოფის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. 

მართალია, სისხლის შედედების ზრდა ფეხმძიმობის პერიოდში აუცილებელიცაა, რადგან იგი მშობიარეს სისხლისგან დაცლისგან იცავს, მაგრამ ამ პროცესს აქვს უარყოფითი მხარეც, რადგან მას უმეტესად თან ახლავს თრომბოფილიის განვითარებით გამოწვეული საფრთხეებიც. 

განსაკუთრებით ეს ეხება ორსულებში ყველაზე გავრცელებულ ვენურ თრომბოზს - ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომის, რომელიც ძირითადად ქვედა კიდურების ღრმა ვენებშია ლოკალიზებული. ეს პათოლოგია მეან-გინეკოლოგებისთვის ყველაზე  დიდი თავისტკივილია, რადგან მას საკმაოდ ბევრი პრობლემა უკავშირდება. კერძოდ: 

  • ორსულობის განმეორებითი დანაკარგები - სხვადასხვა ვადაზე და მათ შორის პრეემბრიონული დანაკარგები;
  • მძიმე ტოქსიკოზი;
  • ემბრიონის პათოლოგიური პლაცენტაცია;
  • ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა;
  • ნაყოფის ზრდის შეფერხების სინდრომი;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • ნაყოფის ანტენატალური დაღუპვა;
  • წარუმატებელი In Vitro განაყოფიერება;
  • ეკლამპსია-პრეეკლამპსია  (ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზია და სხვა გართულებები);
  • სხვა ტიპის გინეკოლოგიური პათოლოგიები.

განსაკუთრებით საშიშია ორსულობისა და მშობიარობის პროცესში თრომბოფილიის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გართულება დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი (დსშ). ამ დროს შესაძლოა, ერთდროულად განვითარდეს თრომბოზი და სისხლდენა, რაც სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული მშობიარის გარდაცვალების მიზეზი გახდეს.

გართულებები ვლინდება ლოგინობის პერიოდშიც. ამიტომ თრომბოფილიის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით რომლებსაც საკეისრო კვეთა უტარდებათ, ოპერაციიდან 12 საათის შემდეგ, ორი, ზოგჯერ კი ექვსი კვირის განმავლობაშიც  სისხლის გამათხელებლების საპროფილაქტიკო დოზა ენიშნებათ.

გახსოვდეთ, თრომბოფილია ორსულობის პერიოდში იშვიათად ფიქსირდება.  მთავარია იყოთ ყურადღებით და იცოდეთ სიმპტომები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ:

  • კიდურების შეშუპება, მათზე გამოხატული ვენური ქსელი ან მიკროსისხლჩაქცევები; 
  • არტერიული წნევის მომატება;
  • წინა ორსულობის თვითნებური შეწყვეტა ან მკვდარი ნაყოფი.

ხოლო, პირველივე გართულებისთანავე მიმართოთ ექიმს, რადგან  დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა თქვენი და თქვენი პატარის ჯანმრთელობის გარანტიაა.  

 

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა

როგორც უკვე აღვნიშნეთ თრომბოფილია საკმაოდ არაპროგნოზირებადი დაავადებაა და მისი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. აქედან გამომდინარე, ამ დაავადების დიაგნოსტიკაც საკმაოდ რთული პროცესია და იგი მხოლოდ ანალიზებით ან სიმპტომებით არ დგინდება. პირიქით, სწორი დიაგნოსტიკისთვის სრული კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების შეჯერებაა საჭირო. 

აშშ-სა და ევროპის ბევრ ქვეყანაში თრომბოფილიის დიაგნოსტიკისთვის მისი გამომწვევი მუტაციების მოლეკულურ-გენეტიკური სადიაგნოსტიკო კვლევები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ტარდება. სამწუხაროდ,  საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს  ასეთი თანამედროვე გენეტიკური ლაბორატორიები და არ გვყავს კვალიფიციური კადრები, შესაბამისად, ვერც ეს ანალიზები კეთდება.

ჩვენთან ძირითადად დიაგნოსტიკა ხდება იმუნოლოგიური და კოაგულაციური ტესტების ჩატარებით, ანუ ლაბორატორიებში კეთდება სისხლის ანალიზები, რომლებიც განსაზღვრავს შედედების სხვადასხვა ფაქტორის რაოდენობას და აქტივობას სისხლში.   

მაგალითად, გენეტიკური თრომბოფილიის კვლევა მოიცავს:

  • ლეიდენის V ფაქტორის მუტაციას;
  • პროთრომბინის II ფაქტორის მუტაციას;
  • მეთილენტეტრაჰიდროფოლატ რედუქტაზას (MTHFR) გენის მუტაციას;
  • PAI-1 გენის მუტაციას.

ექიმების რეკომენდაციით, ეს ანალიზი აუცილებლად უნდა განმეორდეს თორმეტი კვირის შემდეგ.  

სხვათა შორის, ჯანმრთელი ადამიანების 5%-ს ყოველთვის აქვს ეს ანტისხეულები, ამიტომ მათი არსებობა ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს. როგორც პროფესიონალი მედიკოსები ირწმუნებიან, თუ პაციენტს ანამნეზში არ უდასტურდება სპონტანური აბორტი ან არტერიული`ვენური თრომბოზი, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.

საქართველოში მყარად არის დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ თრომბოზის განვითარების რისკი პროთრომბინის მაღალი ინდექსის მქონე პაციენტებში კიდევ უფრო მომატებულია. ამიტომ  ადამიანები თრომბოზისგან თავდაცვის მიზნით პერიოდულად იმოწმებენ პროთრომბინის ინდექსს. 

ეს ტესტი სისხლში შედედების ოთხი ფაქტორის (II, VII, IX, X) კონცენტრაციას აჩვენებს და თავის დროზე იმისთვის შეიქმნა, რომ იოლი ყოფილიყო სისხლის გამათხელებელი საშუალებების (ფენილინის, ვარფარინის) დოზის განსაზღვრა. დღეს ამისთვის იყენებენ INR-ს.  თუმცა ამჟამად მედიცინა ირწმუნება, რომ  მაღალი პროთრომბინი სულაც არ ნიშნავს თრომბოფილიის განვითარების აუცილებლობას. თრომბი შეიძლება განუვითარდეს, პროთრომბინის როგორც მაღალი, ასევე დაბალი ინდექსის მქონე ადამიანს. 

ასევე საინტერესოა დ-დიმერთან დაკავშირებული კვლევები.  ვინაიდან ეს ნივთიერება თრომბის, ანუ შედედებული სისხლის დაშლისას წარმოიქმნება, მის მომატებასთან დაკავშირებითაც  საზოგადოებაში მომეტებული შიშები არსებობს. არადა, როგორც ირკვევა დ-დიმერის ინდექსი  შეიძლება მომატებული იყოს ნებისმიერი ანთებითი დაავადების დროსაც. 

როგორც მიხვდით სისხლის შედედების დონის განსასაზღვრად საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანი კვლევების გაკეთება შეიძლება, თუმცა თრომბოფილიისგან თავის დაზღვევის მთავარი გზა, საბოლოოდ, სწორ და ეფექტიან მკურნალობამდე მიდის.

როგორ ხდება თრომბოფილიის მკურნალობა და პრევენცია 

 

თრომბოფილია ნამდვილად არ არის მარტივი და პროგნოზირებადი დაავადება. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი - დაბალანსებული კვება, სათანადო რაოდენობის სითხის მიღება, აქტიური სპორტი, წონის კონტროლი - ამ პათოლოგიების განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თრომბისკენ მიდრეკილება დაგიფიქსირდათ და ის სიმპტომები გამოგივლინდათ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ ექიმს, რომ დროულად მოხდეს შესაბამისი კვლევების ჩატარება, სწორი დიაგნოსტიკა და ეფექტიანი მკურნალობის დანიშვნა.

ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, პირველ რიგში, ექიმები სისხლის შედედების შემაფერხებელ და თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო  მედიკამენტურ მკურნალობას მიმართავენ.  

ამ შემთხვევაში მედიკოსების დიდი ნაწილი არჩევანს იტალიაში წარმოებულ ანგიოფლუქსზე აკეთებს, რომელიც თრომბოფილიით გამოწვეული დაავადებების ფართო სპექტრზე გამოიყენება, კერძოდ: ქრონიკული ვენური წყლულის, ფლებოპათიის (ვარიკოზული დაავადება), ღრმა ვენების თრომბოზის, ასევე თრომბის წარმოქმნის რისკით გამოწვეული პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზის;  შაქრიანი დიაბეტის დროს განვითარებული ანგიოპათიების - მიკროანგიოპათიის (ნეფროპათია, რეტინოპათია, ნეიროპათია) და მაკროანგიოპათიის (დიაბეტი) დროს.  

დაბოლოს, იცოდეთ რა არის თრომბოფილია, არ მოადუნოთ ყურადღება პირველივე სიმპტომის გამოვლენისას, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და აუცილებლად მიმართეთ ექიმს - გამოსავალი ისეთ “ნელი მოქმედების ნაღმთან” დაკავშირებითაც არსებობს, როგორიც ეს დაავადებაა.