რა არის ლორანექსი და როდის იღებენ პრეპარატს

დიდია შანსი, რომ ალერგია რაიმე ფორმით ერთხელ მაინც გექნებათ გამოცდილი. ცნობილია, რომ ეს პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის 30-40%-ს აწუხებს, ხოლო ბავშვებში კი მისი გავრცელების მაჩვენებელი 40-50%-საც კი უდრის. 

 

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მსგავსი გამოვლინებები უფრო და უფრო ხშირდება, თუმცა პრობლემის საპასუხოდ უკვე არაერთი ეფექტიანი საშუალება არსებობს. ბლოგში ალერგიის საწინააღმდეგო (ანუ ანტიჰისტამინურ) ერთ-ერთ საშუალებას გაგაცნობთ — ესაა ლორანექსი.   

 

რა არის ლორანექსი? 

 

ლორანექსი ალერგიის საწინააღმდეგო ტაბლეტებია (ლორანექსი 5მგ.), რომლებიც მოქმედ ნივთიერება დესლორატადინს შეიცავს. ეს პრეპარატი ალერგიული რინიტისა და ქრონიკული ჭინჭრის ციების (იგივე ურტიკარია) დროს გამოიყენება. ლორანექსი სიროფის სახითაც (იხილეთ ლორანექსის სუსპენზია) არის ხელმისაწვდომი.

 

მედიკამენტს არაერთი შემაწუხებელი სიმპტომი შეუძლია შეამსუბუქოს, მათ შორის: ცემინება; ცხვირისა და სასის ქავილი; ცხვირში “გაჭედვის” შეგრძნება და წყალწყალა გამონადენი; დასუსხვის მსგავსი გამონაყარი და კანის ქავილი. 

 

რაც შეეხება შედგენილობას, ლორანექსის ტაბლეტი, თითო აბი, 5 მგ დესლორატადინს შეიცავს. დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ლს-ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და ფხვნილი გარსისთვის.

 

ლორანექსის ფასი ამ პრეპარატის ფორმაზე, სააფთიაქო ქსელებსა და სააქციო პერიოდებზეა დამოკიდებული. ლორანექსის სიროფის ფასი განსხვავდება მისი ტაბლეტების ფასისგან.

როგორ მუშაობს ლორანექსი 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლორანქესი ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომლის მოქმედი ნივთიერებაა დესლორატადინი. 

ეს პრეპარატი პერიფერიულ H1-ჰისტამინორეცეპტორებს თრგუნავს. ამით იგი სხეულში ჰისტამინის გამოყოფას უშლის ხელს — ჰორმონის, რომელიც ალერგიის სიმპტომებს იწვევს. ამ გზით ლორანქესი ალერგიული რეაქციის განვითარებას აფერხებს და მის მიმდინარეობას ამსუბუქებს. უფრო ზუსტად:

  • ახასიათებს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება;
  • ამცირებს კაპილარების გამტარობას;
  • ხელს უშლის ქსოვილების შეშუპებასა და გლუვკუნთოვანი სპაზმის განვითარებას;
  • სისხლიდან არ აღწევს ტვინში;
  • არ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე;
  • არ იწვევს ძილიანობას;
  • არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე;
  • არ იწვევს ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებას. 

ამ მოქმედების მისაღწევად ლორანექსი ალერგიისა და ანთების გამომწვევ სხვადასხვა პროცესს თრგუნავს. ესენია: 

  • პროანთებითი ციტოკინების გამოყოფა (მათ შორის ინტერლეიკინ-4, ილ-6, ილ-8, ილ-13);
  • პროანთებითი ქემოკინების გამოყოფა;
  • აქტივირებული პოლიმორფულ-ბირთვული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქცია;
  • ეოზინოფილიების ქემოტაქსისი და ადჰეზია;
  • ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესია (P-სელექტინი და სხვა);
  • ჰისტამინის, პროსტაგლანდინ D2-ის და ლეიკოტრინ C4-ის იმუნოგლობულინ E- დამოკიდებული გამოყოფა. 

დესლორატადინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კარგად შეიწოვება და მოქმედებას მიღებიდან დაახლოებით 30 წუთში იწყებს. სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია 3 საათში მიიღწევა. პრეპარატს ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს, ანუ სიმპტომებს მინიმუმ 24 საათის განმავლობაში ამსუბუქებს. 

ლორანექსის მიღების წესი — რა უნდა გავითვალისწინოთ გამოყენებამდე და შემდეგ 

ლორანექსი III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია, ანუ აფთიაქებიდან იგი ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის არ შეიძლება მისი მიღება და როგორია თავად მიღების წესი. 

როდის არ შეიძლება ლორანექსის მიღება 

არ მიიღოთ დესლორატადინი, თუ:

  • მისი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა გაქვთ;
  • ლაქტაციის პერიოდი გაქვთ;
  • ორსულად ხართ;
  • მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა გაქვთ.

დადგენილი არაა, თუ რამდენად უსაფრთხოა ორსულებისთვის ეს პრეპარატი, ამიტომ მისი მიღება ფეხმძიმობისას რეკომენდებული არაა.  

ამ წამლის მიღება არ შეიძლება 1 წლამდე ბავშვებისთვის, რადგან ამ ასაკობრივ კატეგორიაში მისი ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არაა. დესლორატადინი დედის რძეში გადადის, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდშიც არაა მიზანშეწონილი. 

ასევე, თუკი მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობა გაქვთ, დესლორატადინის მიღება მხოლოდ ექიმის ნებართვით შეგიძლიათ. 

როგორ მივიღოთ ლორანექსის აბი 

ლორანექსი 5 მგ. პერორალურად უნდა მიიღოთ, სასურველია ერთსა და იმავე დროს. აბს ცოტაოდენი წყალი უნდა მიაყოლოთ. არ აქვს მნიშვნელობა, პრეპარატს საკვებთან ერთად მიიღებთ თუ მის გარეშე. 

ლორანექსი საბავშვო ფორმით არ არსებობს, თუმცა, შესაძლოა, რეკომენდებული დოზების მიღება მისი სიროფით უფრო გაგიმარტივდეთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითო ტაბლეტი ლორანექსი 5 მგ. აქტიურ ნივთიერებას შეიცავს.

    • მოზრდილებსა და 12 წელს მიღწეულ მოზარდებში დღეში თითო აბი (5 მგ.) მიიღება;
  • 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში — დღეში 2.5 მგ., ანუ ნახევარი ტაბლეტი;
  • 1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში — დღეში 1.25 მგ., ანუ ტაბლეტის მეოთხედი.

პრეპარატი გამოშვებიდან 2 წლის განმავლობაშია ვარგისი. იგი 15-25°C ტემპერატურაზე ინახება, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რას უნდა ველოდეთ ლორანექსის მიღების შემდეგ

დესლოროტადინს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. შესაძლოა, გამოიწვიოს: დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე და თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათად მის მიღებას თან ახლავს: ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, ალერგიული რეაქციები და გამონაყარი.

 

კვლევებით არ გამოვლენილა, რომ პრეპარატის მიღებას ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე რაიმე გავლენა ჰქონდეს. არ გამოვლენილა ისიც, რომ იგი სხვა სამკურნალო საშუალებებთან მნიშვნელოვნად ურთიერთქმედებდეს. ლორანექსი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. 

 

მნიშვნელოვანია, რომ დესლორატადინის ჭარბი დოზირება შესაძლებელია. კვლევის ფარგლებში 5 მგ. დოზაზე ხუთჯერ მეტის მიღებისას რაიმე სიმპტომი არ გამოვლენილა. არ გამოვლენილა არც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მნიშვნელოვანი დარღვევები, როცა 20 მგ. დესლორატადინს 14 დღის მანძილზე იღებდნენ. არ დაფიქსირებულა QT ინტერვალის გახანგრძლივება ან სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენა მაშინ, როცა დღეში 45 მგ პრეპარატს იღებდნენ 10 დღის განმავლობაში.

რეკომენდებულზე დიდი დოზის მიღებისას კუჭის ამორეცხვას მიმართავენ და აქტივირებულ ნახშირს იღებენ. ჰემოდიალიზი ამ დროს ეფექტიანი არაა; პერიტონეალური დიალიზის სარგებლიანობა დადგენილი არ არის. თუკი ექიმი საჭიროდ ჩათვლის, ზედოზირების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობა ჩაგიტარდებათ.