
ენდოკრინული დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა ჩიყვია, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური გადიდება იწვევს.
ჩვენი კისრის წინა მხარეს, ქვედა ნაწილში, ტრაქეის გვერდებზე მდებარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ენდოკრინული ორგანო ფარისებრი ჯირკვალი. იგი პასუხისმგებელია იმ ჰორმონების წარმოებასა და გამოყოფაზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის მეტაბოლიზმის, ენერგიის რეგულაციაში, ტემპერატურის კონტროლსა და ორგანოთა ფუნქციონირებაში. მისი ფუნქციონირების დარღვევა უარყოფითად მოქმედებს შემდეგ ორგანოებზე: თირკმელებზე, ღვიძლზე, რეპროდუქციულ სისტემაზე, ნაწლავებზე, გულსა და ასევე ტვინზე.
არსებობს ჩიყვის ორი სახე კვანძოვანი და ენდემური. კვანძოვანი ჩიყვი წარმოიქმნება, როდესაც ფარისებრ ჯირკვალში კვანძოვანი წარმონაქმნებია დაფიქსირებული, ხოლო ენდემური ჩიყვი ორგანიზმში იოდის დეფიციტის შედეგად ვითარდება. ქვემოთ ვრცლად გავეცნობით ენდემური ჩიყვის შესახებ საჭირო ინფორმაციას.
ენდემური ჩიყვის განვითარების ფაქტორები — მისი გამომწვევი მიზეზები
ენდემური ჩიყვი გარკვეული გეოგრაფიული რაიონების მცხოვრებ ადამიანთა დაავადებაა, რომელიც გარემოში არასაკმარისი იოდის შედეგად ვითარდება და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით ხასიათდება. ენდემური ჩიყვის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
- იოდის დეფიციტი – იოდი ბუნებრივად გვხვდება საკვებსა და წყალში, მაგრამ ზოგიერთ გეოგრაფიულ რეგიონში (განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, როგორიცაა ალპები, ჰიმალაები) მისი დეფიციტია. ამის გამო, მოსახლეობა უფრო მეტად არის მიდრეკილი ჩიყვის განვითარებისკენ.
- მცირე რაოდენობით იოდის შემცველი საკვები – თუ დიეტა არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით იოდს, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებს, იოდის დეფიციტის რისკი იზრდება.
- იოდის მეტაბოლიზმის ხელშემშლელი ნივთიერებები – ზოგიერთი საკვები ნივთიერება, როგორიცაა კასავა, კომბოსტო, შვრია, ფარისებრი ჯირკვალს შეიძლება ხელს უშლიდეს იოდის ეფექტურად ათვისებაში.
ასევე, ჩიყვის წარმომქმნელ მიზეზთა ჯგუფს მიეკუთვნება ე.წ ჰაშიმოტოს თირეოიდიტის და გრეივსის დაავადებები. ჰაშიმოტოს თირეოიდიტს სამედიცინო სივრცეში, იგივე ჰაშიმოტოს ჩიყვის სახელითაც იცნობენ. ქრონიკული ლიმფოციტური თირეოიდის შემთხვევაში იმუნური სისტემა თავს ესხმის ფარისებრ ჯირკვალს, აზიანებს მას, რაც ჯირკვლის ჰორმონების აქტივობისა და პროდუქციის დეფიციტს იწვევს. დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობამ შეიძლება ჩიყვის გამოწვევას შეუწყოს ხელი.
რაც შეეხება გრეივსის დაავადებას, იგი ხასიათდება ჯირკვლის ჭარბი აქტიურობით. ამ დაავადების დროს იმუნური სისტემა აწარმოებს ანტისხეულებს, რომლებიც ასტიმულირებენ ფარისებრ ჯირკვალს ზედმეტი ჰორმონის გამომუშავებაში, რაც შემდეგ იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გაფართოებას. ეს უკანასკნელი კი ჩიყვის წარმოქმნის მიზეზიც შეიძლება გახდეს.
რა სიმპტომებით ხასიათდება ენდემური ჩიყვი და მისი რა ფორმები არსებობს?
მსუბუქი ფორმის ენდემური ჩიყვის დროს ავადმყოფს შეიძლება აწუხებდეს ზოგადი ხასიათის არასპეციფიკური მოვლენები:
- საერთო სისუსტე;
- აგზნებადობა;
- ემოციური ლაბილურობა;
- შეტევითი ხასიათის წამოხურება;
- ოფლიანობა;
- დროდადრო - გულისცემის აჩქარება;
ასევე, შესაძლებელია ქალებს დაერღვეთ მენსტრუალური ციკლი და შვილოსნობის ფუნქცია.
ენდემური ჩიყვის კლინიკური გამოვლენა დამოკიდებულია ენდემიის ხარისხზე, ფარისებრი ჯირკვლის გადიდების ფორმაზე, მის მდებარეობასა და ფუნქციურ აქტივობაზე. როდესაც ეუთირეოიდული ჩიყვი მცირე ზომისაა, ავადმყოფებს ჩივილები შეიძლება სულაც არ ჰქონდეს, თუმცა ხშირად იგი ისეთი სიმპტომების სახით ვლინდება, როგორიცაა: ადვილად დაღლა, თავის ტკივილი, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნება. მკვეთრად გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი მეზობელ ორგანოებს აწვება, რასაც ხველა, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება მოჰყვება.
სისხლძარღვებზე ზეწოლამ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და გულის მარჯვენა ნახევრის გადიდება, ე.წ. ჩიყვისმიერი გული. ჰიპოთირეოიდული ენდემური ჩიყვის დროს ვითარდება ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექტი: საერთო სისუსტე, აპათია, წონის მატება, კანის სიმშრალე, ბრადიკარდია, ყაბზობა.
ენდემური ჩიყვის ტრადიციული კერები საქართველოსა და მსოფლიოში — მისი გავრცელების არეალი
სამწუხაროდ, ენდემური ჩიყვის გავრცელების არეალი საქართველოში ძალზე ფართოა და დღესდღეობით მთელი საქართველო იოდდეფიციტის ენდემურ კერას წარმოადგენს. ადრე საქართველოში ენდემური ჩიყვის გავრცელება
მხოლოდ მთაგორიანი და მდინარისპირა ადგილებისთვის იყო
დამახასიათებელი, თუმცა ეს შეხედულება ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა. პროცენტულად დღეს შიდა ქართლში გაცილებით მეტი დაავადებულია, ვიდრე სვანეთში ან რაჭა-ლეჩხუმში.
ენდემურს ზონას ისეთ ადგილს უწოდებენ, სადაც ბავშვებში ჩიყვის გავრცელება 5%-ს აღემატება. ჩიყვის მთავარი მიზეზი გარემოში არსებული იოდის დეფიციტია. ზემო აჭარა, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი და ზემო იმერეთი უმძიმესი ენდემური კერები გახლავთ. ასეთი კერები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია, რომლებიც მილიონობით წლის განმავლობაში მდინარეების, მყინვარების, წვიმის წყლის ზემოქმედებით ყალიბდებოდნენ.
რაც შეეხება იოდის დეფიციტს მსოფლიოში - თავდაპირველად იოდი ყველგან შედარებით თანაბრად იყო გადანაწილებული, შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენით, იგი ნელ-ნელა შემცირდა და დღეის მონაცემებით, ყველაზე მეტი იოდი მსოფლიო ოკეანეშია თავმოყრილი. ამგვარად, მთა იოდის გარეშე დარჩა.
ხაზგასასმელია, ჩერნობილის კატასტროფის დიდ გავლენაც გარემოზე , მას შემდეგ, რაც ყველაზე მეტი რადიაქტიური იოდ-131 ამოიფრქვა, დღეს ზღვისპირა რეგიონებშიც კი იოდის დეფიციტი 30%-ზე მეტია.
რომელია ენდემური ჩიყვის მეტად გავრცელებული მკურნალობის მეთოდები
ჩიყვის მკურნალობის ტაქტიკა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან აღსანიშნია ჯირკვლის ზომა, პაციენტის ჩივილები და მისი გამომწვევი დაავადებები. სწორედ, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ექიმი გირჩევთ მკურნალობის რომელი მეთოდია თქვენთვის საჭირო.
თუ ჩიყვი დიდი ზომის არ არის, დისკომფორტს არ იწვევს და ჯირკვლის ფუნქციაც ნორმალურია, ექიმმა შესაძლოა აირჩიოს ცდისა და დაკვირვების ტაქტიკა.
მედიკამენტური მკურნალობა საჭიროა, თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, რომელიც ამცირებს დაავადების სიმპტომებს და აქვეითებს თირეოტროპული ჰორმონის გამოყოფას. ამ შემთხვევაში გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ჯირკვლის ჰორმონულ აქტივობას და ამცირებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება დიდი ზომის ჩიყვი, რომელიც საგრძნობ დისკომფორტს, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებას იწვევს, ამის ერთადერთი გამოსავალი ოპერაციული მკურნალობაა. რა დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ან მისი გარკვეული ნაწილი იკვეთება.
მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი რადიაქტიური იოდია – ზოგ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას ჩიყვს აღნიშნული მეთოდით მკურნალობენ. რადიაქტიური იოდი იწვევს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების დაშლას. ამის შედეგად ჰორმონული აქტივობა და ჯირკვლის ზომა მცირდება, თუმცა შესაძლოა, პაციენტს სიცოცხლის ბოლომდე სხვადასხვა ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობა დასჭირდეს.
ამრიგად, ფარისებრი ჯირკვალს მნიშვნელოვანი მისია აკისრია ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. იოდდეფიციტის ენდემურ ზონაში მცხოვრებ ადამიანთათვის ენდემური ჩიყვის გაჩენის პროცენტობა გაცილებით მაღალია, ამიტომაც, ეს პრობლემა გაცილებით დიდ ყურადღებას საჭიროებს, ამისთვის აუცილებელია გაითვალისწინოთ და ყურადღება მიაქციოთ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს. რომელიმეს აღმოჩენის შემთხვევაში კი დროულად დაგეგმოთ ექიმთან ვიზიტი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account