საშვილოსნოს მიომა და მისი მკურნალობის მეთოდები

საშვილოსნოს მიომა (Uterine fibroids) არის საშვილოსნოს სხეულის ან ყელის კედლებში კუნთოვანი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. საშვილოსნოს მიომას სამედიცინო ლექსიკონში სხვა სახელწოდებებითაც შეიძლება შევხვდეთ, როგორებიცაა: ფიბრომიომა, ფიბრომა ან ლეიომიომა.

გამომდინარე იქიდან, რომ საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა, ზოგჯერ კუნთოვანი უჯრედების არასწორად გამრავლების გამო ყალიბდება მიომური კვანძები ან დიფუზური მიომატოზი. საშვილოსნოს მიომა ხშირად ვითარდება ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში. თუმცა აღსანიშნავია, რომ, საშვილოსნოს მიომა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, იგი არ არის კავშირში საშვილოსნოს კიბოს მომატებულ რისკთან და თითქმის არასოდეს გადაიქცევა კიბოდ.

 

საშვილოსნოს მიომას ტიპები და კლასიფიკაცია  

მიომური კვანძები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შემადგენლობით. როდესაც კვანძში ჭარბობს კუნთოვანი ქსოვილი, ის შედარებით რბილია და ლეიომიომას უწოდებენ, ხოლო შემაერთებელი ქსოვილის სიჭარბის დროს კვანძი შედარებით მკვრივია და მას ფიბრომიომად მოიხსენიებენ.

მიომური კვანძები შეიძლება განსხვავდებოდეს წარმოიქმნის ადგილმდებარეობის მიხედვითაც. ისინი შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს გარეთ, საშვილოსნოს კედელში ან საშვილოსნოს ღრუში.

საშვილოსნოში კვანძების განლაგების მიხედვით არსებობს საშვილოსნოს მიომას რამდენიმე ტიპი:

    • სუბსეროზული - კვანძები ვითარდება საშვილოსნოს გარეთ. როდესაც კვანძები იზრდებიან ზომაში, შეიძლება დააწვნენ ახლომდებარე ორგანოებს და გამოიწვიონ ტკივილი. 
    • ინტრამურალური - კვანძები ვითარდება საშვილოსნოს კედლებსა და კუნთოვანი ქსოვილის სიღრმეში. ინტრამურალური ფიბრომა ყველაზე მეტადაა გავრცელებული.
    • სუბმუკოზური - კვანძები იზრდება საშვილოსნოს ღრუსკენ, ლორწოვანი გარსის ქვეშ. 
    • ინტრაკავიტარული - კვანძები ვითარდება მთელ საშვილოსნოს ღრუში.
  • საშვილოსნოს ყელის მიომები - კვანძები ვითარდება საშვილოსნოს ყელში.

 

საშვილოსნოს მიომას რისკ-ფაქტორები 

 

საშვილოსნოს მიომის ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორი არის რეპროდუქციული ასაკი. თუმცა, ცხადია არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს მიომას წარმოქმნის რისკი. ეს ფაქტორებია:

  • გენეტიკა – საშვილოსნოს მიომას წარმოქმნაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა: თუ ქალის დედას ან ბებიას ჰქონდა მიომა, მეტია რისკი იმისა, რომ მასაც განუვითარდეს.
  • რასა – აფროამერიკელ/ფერადკანიან ქალებში 3-ჯერ მაღალია საშვილოსნოს მიომას განვითარების რისკი, ვიდრე თეთრკანიან ქალებში. გარდა ამისა, აფროამერიკელ/ფერადკანიან ქალებს უფრო ახალგაზრდა ასაკში უვითარდებათ მიომა, ვიდრე თეთრკანიან ქალებს. 
  • ჰორმონული დისბალანსი – ესტროგენები ზრდის მიომური კვანძების განვითარების ალბათობას, ხოლო პროგესტერონი ამცირებს. 
  • კვებითი რეჟიმი – ხორცეული საკვები ზრდის მიომური კვანძების განვითარების რისკს, ხილ–ბოსტნეული კი ამცირებს.
  • ნაადრევი მენარქე (პირველი მენსტრუაცია) 
  • ალკოჰოლის მოხმარება
  • ჭარბი წონა
  • D ვიტამინის დეფიციტი
  • არტერიული ჰიპერტენზია. 

საშვილოსნოს მიომას გამომწვევი მიზეზები  

საშვილოსნოს მიომას წარმოქმნის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გახდეს მისი განვითარების წინაპირობა.

საშვილოსნოს მიომას გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: 

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • ჰორმონული დისბალანსი (ესტროგენები და პროგესტერონი)
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის შაქრიანი დიაბეტი)
  • ადენომიოზი
  • სასქესო ოგანოების ანთებითი დაავადებები
  • ქრონიკული სისტემური დაავადებები
  • ჭარბი წონა და უმოძრაობა
  • გამუდმებული სტრესი
  • საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივების გამოყენება
  • აბორტი ან ანორგაზმია
  • ორსულობისას ჰორმონების ცვლილება (გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დროს წარმოქმნილი მიომა შეიძლება შემცირდეს ან გაქრეს ორსულობის შემდეგ, როცა საშვილოსნო დაუბრუნდება თავის ჩვეულ ზომას).

 

საშვილოსნოს მიომა და ორსულობა 

 

საშვილოსნოს მიომა, როგორც წესი, ხელს არ უშლის დაორსულებას, თუმცა ზოგიერთმა მიომამ — განსაკუთრებით სუბმუკოზურმა — შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა, ნაადრევი მშობიარობა ან ორსულობის შეწყვეტა.

 

საშვილოსნოს მიომას სიმპტომები  

საშვილოსნოს მიომას სიმპტომების გამოვლინებაზე გავლენას ახდენს ფიბროიდების ადგილმდებარეობა, ზომა და რაოდენობა.

მცირე ზომის ერთეულოვანი ან მრავლობითი კუნთშიდა და სუბსეროზული საშვილოსნოს მიომები უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. 

დიდი ზომის მიომებს კი ყოველთვის თან ახლავს სიმპტომები, რომლებიც შეიძლება შემდეგი სახით გამოვლინდეს:

  • მენორაგია (ჭარბი მენსტრუაცია) - ძირითადად ლორწქვეშა მიომებს ახასიათებთ
  • ხანგრძლივი და მტკივნეული მენსტრუაცია (დისმენორეა)
  • მუცლის ქვედა ნაწილის (მცირე მენჯის არეში) ზეწოლის შეგრძნება ან ტკივილი - უფრო მეტად სუბსეროზულ და კუნთშიდა მიომებს ახასიათებთ
  • გახშირებული შარდვა ან შარდვის გაძნელება
  • ყაბზობა
  • ტკივილი სექსის დროს
  • ტკივილი წელის არეში
  • დაღლილობა და სისუსტე
  • საშვილოსნოს პათოლოგიური სისხლდენები
  • ანემია
  • უნაყოფობა და მუცლის მოშლა
  • მეზობელი ორგანოების ფუნქციონირების დარღვევები.

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუკი გაქვთ:

  • მენჯის ტკივილი, რომელიც არ ქრება
  • ჭარბი, გახანგრძლივებული ან მტკივნეული  მენსტრუაციები
  • მენსტრუაციებს შორის მცირე სისხლოვანი გამონადენი ან  სისხლდენა
  • შარდის ბუშტის დაცლის გაძნელება
  • აუხსნელი, დაბალი სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა (ანემია).

როგორია დაავადების გართულებები და დიაგნოსტირება

 

მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს მიომა არ არის საშიში დაავადება, როგორც ვნახეთ მისმა ზომამ ან ადგილმდებარეობამ შეიძლება გამოწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები. ყველაზე მკვეთრად გართულებები გამოიხატება: უნაყოფობაში, ნაადრევ მშობიარობაში, ორსულობის შეწყვეტასა და სისხლის წითელი უჯრედების ვარდნაში (ანემია).

საშვილოსნოს მიომას დიაგნოსტირებისთვის, ჩვეულებრივ, ყველაზე ხშირად გამოიყენება ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა. თუმცა აღსანიშნავია, რომ სუბმუკოზური კვანძები შეიძლება ულტრაბგერითი კვლევისას არ გამოჩნდეს.

გარდა ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევისა, საშვილოსნოს მიომას დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს შემდეგი კვლევები:

  • ჰისტეროსონოგრაფია – საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ ფიზიოლოგიური ხსნარი (NaCl 0.9%). ულტრაბგერითი კვლევის დროს ხსნარის ფონზე საშვილოსნოს ღრუ უკეთ ჩანს.
  • ჰისტეროსკოპია – წვრილი გრძელი მილის საშუალებით ათვალიერებენ საშვილოსნოს ღრუს, რათა გამორიცხონ ლორწოვანქვეშა კვანძების არსებობა.
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ძალიან მკვეთრად ჩანს მიომური კვანძების ზუსტი განლაგება და ზომა. 
  • ენდომეტრიუმის ბიოფსია – ავთვისებიან სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუდან მიკროსკოპით შესასწავლად იღებენ მცირე ზომის ქსოვილს.

როგორ მკურნალობენ საშვილოსნოს მიომას  

საშვილოსნოს მიომას შემთხვევების მხოლოდ 10-20% საჭიროებს მკურნალობას. არსებობს საშვილოსნოს მიომას მკურნალობის რამდენიმე საშუალება: დინამიკური დაკვირვება, მედიკამენტოზური მკურნალობა და ქირურგიული ჩარევები.

დინამიკური დაკვირვება გულისხმობს პაციენტის მიერ 6 თვეში ერთხელ მიომის კვანძების ულტრაბგერით კონტროლს. 

მედიკამენტოზური მკურნალობა გამოიყენება საშვილოსნოს მიომას მსუბუქი ფორმის დროს. მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ტკივილგამაყუჩებლებს მენსტრუალური ტკივილის შესამცირებლად, კონტრაცეპტივებს, ინტრაუტერიული მოწყობილობას პროგესტერონის შესამცირებლად.

რაც შეეხება ქირურგიულ მეთოდებს, ისინი გამოიყენება მაშინ, როდესაც მიომა არის დიდი ზომის, აღარ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას და იწვევს სისხლდენებს, ტკივილს, მეზობელი ორგანოების ფუნქციონირების მოშლას. 

საშვილოსნოს მიომას მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს განეკუთვნება:

  • მიომექტომია - კვანძების ამოღება. პროცედურა რეკომენდებულია ქალებთან, რომლებიც დაორსულებას აპირებენ. პროცედსურის შედეგად ნარჩუნდება საშვილოსნო და მხოლოდ ცალკეული კვანძების ამოკვეთა ხდება, თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ პაციენტთა 25%-ს ოპერაციის შემდეგ ახალი კვანძები უჩნდება.
  • საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია (UFE) – პროცედურა გამოიყენება საშვილსონოს მიომას მძიმე სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორებიცაა: ანემია ან ძლიერი ტკივილით გამოწვეული კრუნჩხვები. 
  • ენდომეტრიუმის აბლაცია - ენდომეტრიუმის ქსოვილის თხელი ფენის ამოღება ან განადგურება. პროცედურა გამოიყენება მენსტრუალური სისხლდენის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად.
  • მიოლიზისი – მიომური კვანძის დაშლა შესაძლებელია მოყინვით, ლაზერის გამოყენებით.
  • ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა) – რეკომენდებულია ქალებისთვის, რომლებიც შვილის გაჩენას აღარ აპირებენ და რომლებთანაც მედიკამენტური თერაპია უშედეგოა.

როგორაა შესაძლებელი საშვილოსნოს მიომას პრევენცია 

საშვილოსნოს მიომას გამომწვევი მიზეზების მუდმივი კვლევისა და შესწავლის მიუხედავად, მცირეა მეცნიერული მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაავადების პრევენცია.

არსებული ინფორმაციით, საშვილოსნოს მიომას თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, სწორი კვებით, ფიზიკური დატვირთვითა და ვარჯიშით. გარდა ამისა, საშვილოსნოს მიომას პრევენციის გზად მიიჩნევა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებაც.