რა არის ასპერგერის სინდრომი - 3 მითი ამ ქცევითი მახასიათებლის შესახებ

 

იცნობთ ამელი პულენს? ის ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო პერსონაჟია პოპულარული ფრანგული ფილმიდან “ამელი”. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გაჟღერებული და დადასტურებული ფაქტი არ არის, მაინც სხვადასხვა ფორუმზე, დისკუსიებში ამელის ასპერგერის სინდრომის მქონე ფილმის პერსონაჟების სიაშიც იპოვით. 

 

ისინი, ვინც ამ ფაქტს ამტკიცებენ, სხვა მახასიათებლებთან ერთად ამელის თავისებურობას და სენსორულ (სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემო, შეხება, მოძრაობა, წონასწორობა) ჰიპერმგრძნობელობას ასახელებენ. 

 

თუმცა, როგორც ვიცით, თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულად იქცევა, ორი იდენტური ადამიანი არ არსებობს და შესაძლოა, უბრალოდ ამ მრავალფეროვნების ნაწილი იყოს ამელის პერსონაჟი. ამ ბლოგში სწორედ ნეირომრავალფეროვნებაზე - კონკრეტულად კი, ასპერგერის სინდრომსა და მისთვის დამახასიათებელ ძირითად სიმპტომებზე მოგიყვებით. 

 

რა არის ასპერგერის სინდრომი

 

თავდაპირველად ასპერგერის სინდრომი (AS), როგორც კომუნიკაციისა და სოციალური ურთითერობების სირთულეების მქონე პირთა ქცევითი მახასიათებელი, ჰანს ასპერგერმა 1944 წელს აღწერა

 

ასპერგერის სინდრომი, ან უბრალოდ ასპერგერი  სხვადასხვა ონლაინ-წყაროში განმარტებულია, როგორც ნეიროგანვითარების დარღვევა აუტისტური სპექტრის აშლილობის ოჯახში. ასპერგერის სიმპტომატიკა ბავშვის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან ჩნდება. უმეტეს შემთხვევაში, დიაგნოსტიკა 5-9 წლის ასაკში შეიძლება დადასტურდეს, თუმცა ასევე ხშირია დიაგნოსტირების შემთხვევები ზრდასრულ ასაკში. 

 

როგორია ასპერგერის სიმპტომები

 

ასპერგერის მქონე არცერთ ორ ადამიანს არ აქვს ზედმიწევნით იდენტური სიმპტომები, თუმცა საერთოა ის ფაქტი, რომ სიმპტომები ძირითადად დაკავშირებულია ემოციურ, ქცევით და საკომუნიკაციო უნარებთან. დამახასიათებელი სიმტომები შესაძლოა იყოს:

 

  • რუტინა, რიტუალები და განმეორებადი ქცევები;
  • მოძრაობის, ან კოორდინაციის პრობლემა: არასწორხაზოვანი სიარული, ხშირად წაქცევა და სხვა;
  • ნატიფი მოტორიკის სირთულეები: შესაძლოა გაუჭირდეთ ხატვა, კონტურის მოხაზვა და ა.შ.
  • ჰიპერმგრძნობელობა განათების, ხმის, ტექსტურის მიმართ. 
  • მონოტონური მეტყველება;
  • კონკრეტული თემის, ან საკითხის აკვიატება;
  • თვალით კონტაქტის დამყარების პრობლემა;
  • სირთულეები სოციალურ სიტუაციებში. მაგალითად ასპერგერის მქონე ადამიანებმა, შესაძლოა, ვერ გაიგონ ხუმრობა ან ვერ მიხვდნენ, როგორ გააგრძელონ დიალოგი, წამოწყებული საუბარი. შესაძლოა მათ იგრძნონ თავი, ან მოიქცნენ უხერხულად სოციალურ სიტუაციებში. 
  • საკითხის გაგების ემოციური სირთულეები, ასევე სხვა ადამიანების  პერსპექტივის გაგება. 
  • არავერბალური ნიშნების (მიმიკა, ჟესტები, გამომეტყველება), ან სხეულის ენის გაგების სირთულე. 

 

ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია სიმპტომების მართვა სხვადასხვა ხერხით. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია, კოგნიტური ქცევითი თერაპია. მნიშვნელოვანია ასევე ოჯახის წევრების განათლება და მხარდაჭერა. 

 

ასპერგერის სინდრომთან დაკავშირებით გავრცელებულია მცდარი წარმოდგენები, რაც თავის მხრივ იწვევს გაუგებრობებს ურთიერთობებში, ასევე სტიგმას.

 

მცდარი წარმოდგენები ამ სინდრომის შესახებ

 

ასპერგერთან დაკავშირებული გავრცელებული მცდარი წარმოდგენები, შესაძლოა, თქვენც გაგიგიათ. აქ მხოლოდ 3 მცდარ შეხედულებას და ფაქტებს გაგაცნობთ: 

ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანები უხეშები არიან

 

ფაქტი: ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს, შესაძლოა, გაუჭირდეთ სოციალური ნიშნების წაკითხვა, თუ ამოცნობა, რაც თავის მხრივ შეიძლება არასწორად განიმარტოს, როგორც უხეშობა. ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებმა, შეიძლება, თავი აარიდონ თვალით კონტაქტს, ან არასწორად გაიგონ სოციალური ნორმები და სიტუაციები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გააზრებულად უხეშად იქცევიან. 

ასპერგერის მდგომაროება პირდაპირ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ინტელექტთან

 

ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ასპერგერის მქონე ზოგიერთ ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს მაღალი IQ, ან განსაკუთრებული ნიჭი, აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის გენერალიზება არ შეიძლება და ეს ყველასთვის მსგავსად არ არის. სპექტრი ფართოა და ასპერგერის მქონე ადამიანების ინტელექტუალური შესაძლებლობებიც განსხვავებულია. 

ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს არ აქვთ ემპთიის უნარი


ფაქტი: ეს გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა. ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანები ხვდებიან და გრძნობენ ემპათიას, მაგრამ შესაძლოა გაუჭირდეთ სტანდარტულად/ჩვეულებრივად გამოხატვა და  სხვაგვარად გამოხატონ.