აქსოტრეტი აკნეს სამკურნალო პრეპარატია, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღოთ. თავად აკნე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას ძირითადად გარდატეხის ასაკში ეწყება, თუმცა არც თუ ისე იშვიათად, ეს პათოლოგია ზრდასრულებშიც გვხდება.
აკნეს გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი გენეტიკური ფაქტორია, თუმცა მისი მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ასევე ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის მომატება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ხოლმე სქესობრივი მომწიფების ასაკში. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური ცვლილებები, ჰიგიენური ფაქტორი და ა.შ.
გამოყოფენ აკნეს რამდენიმე ფორმას: მსუბუქს, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმის აკნეს. მათი მკურნალობის გზები სხვადასხვაა.
ამჯერად მძიმე ფორმის აკნეს სამკურნალო ერთ-ერთ პრეპარატს — აქსოტრეტს განვიხილავთ, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, თუმცა საკმაოდ მძიმე უკუჩვენებების გამო, სიფრთხილით უნდა მიიღოთ. ამისთვის საჭიროა, საფუძვლიანად გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, სადაც შევეცადეთ ამომწურავი ინფორმაცია მოგვეწოდებინა აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობის, უკუჩვენების, სიფრთხილის ზომების შესახებ.
რა არის და რისგან შედგება აქსოტრეტი?
აქსოტრეტი/axotret მძიმე ტიპის აკნეს (მაგალითად: კვანძოვანი ან კონგლობატური აკნე ან მუდმივი ნაწიბურების განვითარების რისკის მქონე აკნე) სამკურნალო პრეპარატია, რომელიც არ პასუხობს სისტემური ანტიბაქტერიული საშუალებებით სტანდარტულ თერაპიას და ადგილობრივ თერაპიას. აქსოტრეტი არ გამოიყენება პრეპუვერტალური აკნეს სამკურნალოდ.
აქსოტრეტი გამოდის ორი ფორმით: აქსოტრეტი 10მგ / axotret 10 mg და აქსოტრეტი 20მგ/ axotret 20 mg. პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთერება იზოტრეტინოინს, რომელიც რეტინოიდების ჯგუფის პრეპარატებს მიეკუთვნება. ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 10 მგ ან 20 მგ იზოტრეტინოინს.
მედიკამენტის დამატებითი ინგრედიენტებია: ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი, ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთი, ფუტკრის თეთრი ცვილი, დინატრიუმის ედეტატი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი, რაფინირებული სოიოს ზეთი.
10 მგ-იანი აქსოტრეტის კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინს, გლიცეროლს, რკინის ოქსიდის წითელს (E 172), ტიტანის დიოქსიდს (E 171), გაწმენდილ წყალს.
20 მგ-იანი აქსოტრეტის კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინს, გლიცეროლს, ალურა წითელს (E 129), ბრილიანტის ლურჯს (E 133), ტიტანის დიოქსიდს (E 171), გაწმენდილ წყალს.
საბეჭდი მელანის შემადგენლობაში შედის: შელაკის მინანქარი, რკინის ოქსიდი შავი (E172), n-ბუტანოლი, პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, ამონიუმის ჰიდროქსიდი.
რა უკუჩვენებები აქვს აქსოტრეტს და რა უნდა იცოდეთ მის მიღებამდე?
აქსოტრეტს საკმაოდ ბევრი უკუჩვენება აქვს, ამიტომ ამ პრეპარატით მკურნალობა აუცილებლად უნდა მოხდეს გამოცდილი დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატის მიღება ასევე არ შეიძლება თუ ხართ ალერგიული იზოტრეტინოინის, სოიოს ზეთის (არაქისის ან სოიოს) ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; აქსოტრეტი უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადების დროს, იმ შემთხვევაში თუ სისხლში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონე გაქვთ, თუ ორგანიზმში აღინიშნება A ვიტამინის ძალიან მაღალი დონე (ჰიპერვიტამინოზი A), თუ იტარებთ მკურნალობას ტეტრაციკლინებით;
რატომ არ შეიძლება აქსოტრეტის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში?
აქსოტრეტის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება ორსულობის ან ლაქტაციის დროს, რადგან ამ დროს პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგები. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს ჯერ არდაბადებულ ბავშვს — გამოიწვიოს ჯერ ნაყოფის თავის ტვინის, სახის, ყურების, თვალების, გულის მძიმე პათოლოგიები. აქსოტრეტის მიღება ასევე ზრდის სპონტანური აბორტის ალბათობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეპარატი მხოლოდ მცირე ხნით მიიღება.
აქსოტრეტის ასევე არ უნდა მიიღოთ, თუ მკურნალობის დროს არსებობს დაორსულების შანსი. აუცილებლობის შემთხვევაში, ქალებში, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, აქსოტრეტი ინიშნება მხოლოდ მკაცრი წესებით, გამოცდილი დერმატოლოგის მიერ.
დაორსულება არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში, ვინაიდან პრეპარატის რაღაც ნაწილი შეიძლება დარჩენილი იყოს თქვენს ორგანიზმში;
აქსოტრეტის მიღება არ შეიძლება, თუ ხართ მეძუძური დედა, რადგან ამ პრეპარატს შეუძლია გადავიდეს დედის რძეში და ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს;
მნიშვნელოვანია, მკურნალობის დაწყებამდე, გაიკეთეთ ტესტი ორსულობაზე და დაიწყოთ ექიმთან ერთად შერჩეული კონტრაცეპტული სახეობის მიღება. კონტრაცეპტივის გამოყენება აქსოტრეტის მიღებამდე ერთი თვით ადრე უნდა დაიწყოთ, გააგრძელოთ მისი მიღება პრეპარატით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში.
რეპროდუქციულად აქტიური ქალებისათვის, აქსოტრეტის დანიშვნის ხანგრძლივობა შეზღუდულია 30 დღემდე.
რა უნდა იცოდნენ კაცებმა, სანამ აქსოტრეტით მკურნალობას დაიწყებენ?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქსოტრეტი შეიცავს რეტინოიდს, თუმცა მისი დონე მამაკაცების სპერმაში, პრეპარატის მიღებისას, ძალიან დაბალია იმისათვის, რომ ბავშვის ჩასახვისას მასზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
შესაძლოა, წამლის მიღებისას გამოვლინდეს ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების გართულება, ასევე მკერდის შეშუპება კაცებში, მგრძნობელობით ან მის გარეშე.
რა სახის ფსიქიკური პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს აქსოტრეტით მკურნალობისას?
აქსოტრეტმა შესაძლოა გაამძაფროს არსებული ფსიქიკური პრობლემები, ან გამოიწვიოს ისინი. აქედან გამომდინარე, თუ ოდესმე გქონიათ რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემები, დეპრესია, აგრესიული მიდრეკილებები ან განწყობის ცვლილებები, საკუთარი თავის დაზიანების და სუიციდის აზრები, უნდა იცოდეთ, რომ აქსოტრეტის მიღებამ შეიძლება შეცვალოს თქვენი გუნება-განწყობა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ წამლის მიღებისას დაფიქსირდა დეპრესია, დეპრესიის გამწვავება, შფოთვა, აგრესიული ტენდენციები, განწყობის ცვლილებები, ქცევითი დარღვევები, ფსიქოზური სიმპტომები და იშვიათად სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობები და ა.შ.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს აქსოტრეტის მიღებას?
როგორც ყველა მედიკამენტს, აქსოტრეტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ცხადია, ისინი ყველა პაციენტთან როდი ვლინდება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში, შემდეგია :
- სისხლის დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სისხლის სხვადასხვა უჯრედზე. მკურნალობის დროს უნდა ჩატარდეს სისხლის კონტროლი;
- თვალის (კონიუნქტივიტი) და ქუთუთოების (ბლეფარიტი) ანთება;
- თვალის სიმშრალე და გაღიზიანება. უნდა სთხოვოთ ფარმაცევტს თვალის წვეთები, რომელმაც შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები;
- მშრალი კანი, განსაკუთრებით ტუჩებისა და სახის გარშემო;
- წელის ტკივილი. იმის გათვალისწინებით, რომ მიალგია და ართრალგია ხშირად აღინიშნებოდა აქსოტრეტით თერაპიის დროს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, უნდა შეამციროთ ფიზიკური აქტივობა თერაპიის დროს;
- რეგულარულად ჩატარებულ სისხლის ანალიზებში, მკურნალობის დროს ღვიძლის ფერმენტების მომატება;
- სისხლში ტრიგლიცერიდების მომატება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცირება;
ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, შემდეგია:
- ნეიტროპენია (ინფექციებთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სისხლის თეთრი უჯრედების — გრანულოციტების რაოდენობის შემცირება);
- თავის ტკივილი;
- ცხვირის სიმშრალე, ცხვირიდან სისხლდენა და ნაზოფარინგიტი;
- სისხლში ქოლესტერინის მომატება, სისხლში გლუკოზის მომატება;
- ჰემატურია, პროტეინურია.
იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, შემდეგია:
- დეპრესია ან მასთან დაკავშირებული დარღვევები;
- დეპრესიის გამწვავება;
- ძალადობისა და აგრესიისკენ მიდრეკილება;
- კანის ალერგიული რეაქცია, როგორიცაა: გამონაყარი და ქავილი;
- ანაფილაქსიური რეაქცია, ჰიპერმგრძნობელობა. მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები) შეიძლება გამოვლინდეს გულ-მკერდში მოჭერის შეგრძნების ან სუნთქვის გაძნელების სახით. თუ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ აქსოტრეტის მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
- თმის ცვენა. (მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას);
- ალოპეცია.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს 10000-დან1-ზე ნაკლებ ადამიანში:
- თვითდასახიჩრების ან სუიციდალური აზრები;
- მოულოდნელი ქცევა;
- ფსიქოზის სიმპტომები: რეალობასთან კავშირის დაკარგვა;
- კრუნჩხვები, ძილიანობა, თავბრუსხვევა;
- ვასკულიტი;
- ლიმფადენოპათია;
- კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის შემთხვევები, განსაკუთრებით ტეტრაციკლინების ერთდროული გამოყენებისას. თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება და მხედველობის დარღვევა, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ გაქვთ კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს;
- ღამით მხედველობის გაძნელება და მხედველობის სხვა პრობლემები, მათ შორის მხედველობის დაბინდვა, მხედველობის დამახინჯება და ა.შ.
- სმენის პრობლემები;
- კუჭ-ნაწლავის მძიმე დარღვევები (მაგ.: პანკრეატიტი, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, დივერტიკულიტი, ილეიტი, კოლიტი);
- თირკმლის ანთება;
- დიაბეტი;
- სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია);
- ჭარბი ოფლიანობა;
- ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით ასთმის მქონე პაციენტებში, ხმის ჩახლეჩვა;
- აკნეს სიმპტომების გაუარესება;
- ართრიტი, ძვლის დარღვევები;
- ღვიძლის მძიმე პრობლემები (ჰეპატიტი). კანის ან თვალების გაყვითლება და დაღლილობის შეგრძნება. ეს შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშნები. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აქსოტრეტის მიღება და მიმართეთ ექიმს;
- მომატებული კრეატინ ფოსფოკინაზა;
- გრანულაციური ქსოვილი, სისუსტე.
უცნობია აქსოტრეტის მიღების დროს კანის მძიმე რეაქციების, სტივენ ჯონსონის სინდრომის, ანთების ან წყლულების განვითარების სიხშირე.
სიფრთხილის რა დამატებითი ზომები უნდა დავიცვათ აქსოტრეტის მიღებისას?
უკვე აღვნიშნეთ, რომ ორსულობის, ლაქტაციის ან ორსულობის დაგეგმვნის დროს დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება.
გარდა ამისა, არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატის სხვისთვის მიცემა. გთხოვთ, მკურნალობის ბოლოს გამოუყენებელი კაფსულები წაუღოთ თქვენს ფარმაცევტს.
დაუშვებელია სისხლის დონაცია აქსოტრეტის მკურნალობის მიმდინარეობისას და მისი შეწყვეტიდან 1 თვის განმავლობაში.
მკურნალობის დროს გამოიყენეთ კანის დამატენიანებელი მალამო ან კრემი და ტუჩების ბალზამი, ვინაიდან იზოტრეტინოინით მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ან ტუჩების სიმშრალე, ან ორივე.
ალერგიული რეაქციის (კანის სიწითლე, ქავილი) ან მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად.
აქსოტრეტის გამოყენებისას ძალიან იშვიათად ფიქსირდება უწყვეტი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან მხედველობის დარღვევა. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აქსოტრეტის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.
ძალიან იშვიათად, აქსოტრეტით მკურნალობასთან დაკავშირებულია ნაწლავების ანთებით დაავადება. მძიმე სისხლიანი ფაღარათის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ აქსოტრეტის მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.
რეტინოიდის შემცველობის გამო, თქვენი კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის გამოსხივების მიმართ, ამიტომ უნდა მოერიდოთ მზეს ან გამოყენოთ მზისგან დამცავი პროდუქტები.
სასურველია, არ ჩაიტაროთ კანის კოსმეტიკური პროცედურები, მათ შორის ლაზერული პროცედურები აქსოტრეტით მკურნალობის დროს და თერაპიის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. ასე შეიძლება ნაწიბურების განვითარების რისკის წინაშე დადგეთ.
როგორ ურთიერთქმედებს აქსოტრეტი სხვა პრეპარატებთან?
აქსოტრეტით მკურნალობის დროს არ უნდა გამოიყენოთ A ვიტამინის ან ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შემცველი პრეპარატები.
აქსოტრეტის მიღებისას არ მიიღოთ A ვიტამინის დანამატები, რადგან ეს გაზრდის გვერდითი მოვლენების რისკს.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
როგორ უნდა მიიღოთ აქსოტრეტი?
აქსოტრეტი უნდა მიიღოთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის ზუსტი გათვალისწინებით.
ჩვეულებრივი საწყისი დოზაა დღეში 0,5 მგ კგ სხეულის მასაზე (0,5 მგ/კგ/დღეში). რამდენიმე კვირის შემდეგ ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი. პაციენტების უმეტესობისთვის რეკომენდებული დოზირებაა 0,5-დან 1,0 მგ/კგ/დღეში.
თუ აქსოტრეტი ძალიან ძლიერი ან სუსტი ეფექტის შთაბეჭდილებას ქმნის, საჭიროა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კაფსულები მიიღება ჭამის დროს, პერორალურად, დღეში ერთხელ ან ორჯერ.
თუ ორგანიზმი ვერ ეგუება რეკომენდებულ დოზას, შეიძლება უფრო დაბალი დოზა დაინიშნოს: ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მკურნალობა საჭრო გახდება უფრო ხანგრძლივად და შეიძლება ისევ განვითარდეს აკნეს რეციდივი.
ზოგ შემთხვევაში აკნე უარესდება მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში. როგორც წესი, ის უმჯობესდება მკურნალობის გაგრძელებისას.
მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ გრძელდება 16-დან 24 კვირამდე, შედეგი კი შესაძლოა დადგეს მკურნალობის დასრულებიდან 8 კვირის განმავლობაში. პაციენტების უმეტესობას მხოლოდ ერთი კურსი სჭირდება.
როგორ უნდა მოქცეთ დოზის გადაჭარბების ან დოზის გამოტოვების შემთხვევაში?
თუ შემთხვევით აქსოტრეტის ძალიან ბევრი კაფსულა მიიღეთ ან ვინმე სხვა შემთხვევით მიიღებს თქვენს პრეპარატს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს.
იმ შემთხვევაში კი, თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ და დოზა გამოტოვეთ, საჭიროა იგი მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა, თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, სასურველია გამოტოვოთ დავიწყებული დოზა.
აქსოტრეტი და ალკოჰოლი
აქსოტრეტის ალკოჰოლთან ერთად მიღება რეკომენდებული არ არის, რადგან ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენს ორგანიზმზე. გარდა ამისა, ალკოჰოლის დალევა მედიკამენტთან ერთად ნიშნავს, რომ მან შეიძლება არც ისე კარგად იმოქმედოს და სასურველი მკურნალობის ეფექტი ვერ მიიღოთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account