აუგმენტინი

აუგმენტინი

აუგმენტინი ცნობილი ანტიბიოტიკია, რომელიც ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. როგორც ანტიბიოტიკთა აბსოლუტური უმრავლესობა, ისიც ექიმთან კონსულტაციითა და მისი დანიშნულების მიხედვით უნდა მოვიხმაროთ. შესაბამისად, დაუშვებელია მისი თვითნებური მიღება. 

მედიკამენტს შემდეგი ბაქტრიული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ:

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები — აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობის ინფექცია;
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები — ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, პელვიოპერიტონიტი, გონორეა;
  • ოსტეომიელიტი;
  • სეფსისი;
  • ინტრააბდომინური აბსცესი;
  • პერიტონიტი;
  • პოსტოპერაციული ინფექციები.

ინტრავენური აუგმენტინი გამოიყენება ქირურგიული პროცედურების: გასტროინტესტინური, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, სანაღვლე გზების და სახსრების პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

აუგმენტინი განსხვავებული ავადობისა და ასაკის, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, სხვადასხვა დოზით მიიღება. მას სააფთიაქო ქსელებში შეხვდებით როგორც ტაბლეტის, ისე სუსპენზიის სახით. წარმოდგენილია: Augmentin 1000, (იგივე Augmentin 1g), Augmentin 625mg, Augmentin 457mg და Augmentin 228 mg დოზები. აუგმენტინის ფასი პსპ-ში განსხვავებულია დოზისა და მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით.

როგორია აუგმენტინის მიღების წესები და დოზები 

აუგმენტინის მიღების წესი და დოზები დგინდება ინდივიდუალურად ინფექციური პროცესის სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციისა და გამომწვევის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით. 

მაგალითად, აუგმენტინი საბავშვო დოზირებით ცალკე არ არსებობს, ისევე, როგორც ხანშიშესულებისა და ორსულებისთვის. თუმცა, საჭიროების შესაბამისად, ინიშნება განსხვავებული დოზით მიღება.

2 წლამდე ბავშვებში დოზის განსაზღვრა სხეულის წონის შესაბამისად ხდება.

დღენაკლულ ახალშობილებში 3 თვის ასაკამდე აუგმენტინი ინიშნება 30მგ/კგ დოზით, ყოველ 12სთ-ში ერთხელ მიღებით. პერინატალური პერიოდის ნორმალურ ახალშობილებში კი იგივე დოზა, თუმცა ყოველ 8სთ-ში. 

აქვე, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ, როგორც სხვა შემთხვევებში, ბავშვებთანაც მკურნალობის კურსის გახანგრძლივება ექიმის ნებართვის გარეშე 14 დღეზე მეტი ხნით რეკომენდებული არ არის.

3 თვის ასაკიდან 12 წლამდე ბავშვებში ინტრავენური აუგმენტინის რეკომენდირებული დოზა 30მგ/კგ-ია სხეულის წონაზე, 8 საათში ერთხელ მიღების შუალედით. თუმცა, ექიმის დანიშნულებით, მძიმე ინფექციების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ შუალედის 6 სთ-მდე შემცირება. 

გარდა ამისა, ხელმისაწვდომია აუგმენტინის სიროფი, რომელიც 12 წლამდე ბავშვებში ინიშნება. აუგმენტინის სიროფის ფასი პსპ-ში დაახლოებით 17 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს. 

  • 25/3.6 მგ/კგ/დღეში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ. რეციდიული ტონზილიტი, ქვედა სასუნთქი გზებისა და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები);
  • 45/6.4 მგ/კგ/დღეში მძიმე ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები მაგ., შუა ოტიტი და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები — მაგ., ბრონქოპნევმონია, და საშარდე სისტემის ინფექციები);

განსხვავებულია აუგმენტინის დოზები ბავშვებში, როცა საქმე მსუბუქ ან საშუალო სიმძიმის ინფექციას ეხება. 

  • 2-6 წლამდე ბავშვებში (13-21კგ) 5.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 228 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში ან 2.5 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში;
  • 7-12 წლამდე ბავშვებში (22-40კგ) 10.0 მლ აუგმენტინის სიროფი 228 მგ/5 მლ 2-ჯერ დღეში ან 5.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში.
  • ბავშვები 2 წელზე უფროსი ასაკის _ 45/6.4 მგ/კგ/დღეში მძიმე ინფექციების დროს
  • 2-6 წელი (13-21კგ) 10.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 228 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში ან 5.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში;
  • 7-12 წლამდე ბავშვებში 10.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში.

მოზრდილებსა და ბავშვებს 12 წლის ზევით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ენიშნებათ 625 მგ აუგმენტინის 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 1 გ აუგმენტინის ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. აგრეთვე შესაძლებელია 1.2 გ აუგმენტინის ინტრავენური ინიექცია ყოველ 8 სთ-ში.

უფრო მძიმე ინფექციების შემთხვევაში — 1.2 გ ყოველ 6 სთ-ში. ინტრავენური ინექციის დროს მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1.2 გ-ს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა — 7.2 გ-ს.

აუგმენტინი, ასევე, ინიშნება პოსტოპერაციულ პერიოდში, რათა გამოირიცხოს ქირურგიული გართულებები. თუ ოპერაცია გრძელდებოდა 1 სთ-ზე ნაკლები დროის განმავლობაში, ინიშნება 1.2 გ აუგმენტინი ინტრავენურად ნარკოზის ინდუქციის დროს.

უფრო ხანგრძლივი ოპერაციული ჩარევის დროს ინიშნება 1.2 გ 4-ჯერ დღეში 24 სთ-ის განმავლობაში. თუ ინფექციის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია, ზემოთ აღნიშნული დოზირების რეჟიმი შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით, რამდენიმე დღის განმავლობაში.

მისი გამოყენების დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენიმე გარემოებას. აუგმენტინი არ შეიძლება, ტრადიციული დოზირებით მიიღოთ, თუკი გაწუხებთ თირკმლის მძიმე დაავადებები, გაქვთ ღვიძლის პრობლემები, ალერგიული ხართ პენიცილინის ან ცეფალოსფორინის ჯგუფის პრეპერატების მიმართ, ან ამოქსაცილინისა და კლავულანის მიღებით გივითარდებათ სიყვითლე.

საშუალო და მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები საჭიროებენ აუგმენტინის დოზის კორექციას. მოზრდილებში თუკი გვაქვს მსუბუქი ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი >30 მლ/წთ) — პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას. საშუალო ხარისხის უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ) — 1.2 გ I.V. შემდეგ 600 მგ I.V. ყოველ 12 საათში. ხოლო თუკი პაციენტს აღენიშნება მძიმე ხარისხის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ) — 1.2 გ I.V. შემდეგ 600 მგ I.V. კოველ 24 საათში. 

დიალიზი ამცირებს სისხლის შრატში აუგმენტინის კონცენტრაციას და შესაბამისად აუგმენტინის დამატებითი დოზის – 600 მგ I.V. - დანიშვნა არის საჭირო დიალიზის პროცესში და დიალიზის დასრულების შემდეგ. დოზის მსგავსი კორექცია (შემცირება) დასაშვებია ბავშვებშიც.

რომელ ბაქტერიებს ებრძვის აუგმენტინი? 

აუგმენტინი (Augmentin) ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკების კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატია. ის ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის კომბინაციაა. 

ამოქსაცილინი პენიცილინის ანტიბიოტიკთა ჯგუფის პრეპარატია და ორგანიზმში მოხვედრილ კონკრეტულ ბაქტერიებს ებრძვის. აუგმენტინი აქტიურია მთელი რიგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ:

  • აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureaus (ბეტა-ლაქტამაზების მოპროდუცირე შტამების ჩათვლით), Bacillus anthracis*, Corynebacterium species, Enterococcus faecalis, Enterococcus faecium, Listeria monocytogenes, Sreptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans, Streptococcus agalactiae, Streptococcus species, Coagulase negative staphylococci (Staphylococcus epidermidis-ის ჩათვლით); 
  • ანაერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Clostridium species, Peptococcus species, Peptostreptococcus; აერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Bordetella pertussis, Brucella species, Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae, Helicobacter pylori, Klebsiella species, Legionella species, Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis), Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis Pasteurella multocida, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Salmonella species, Shigella species, Vibrio cholerae, Yersinia enterocolitica; 
  • ანაერობული გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:Bacteroides species (Bacteroides fragilis-ის ჩათვლით), Fusobacterium species. 

კლავულანის მჟავა კი, თავის მხრივ, ხელს უშლის ბაქტერიას, რომ ამოქსაცილინის წინააღმდეგ რეზისტენტობა განივითაროს.

შეიძლება თუ არა აუგმენტინის მიღება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში 

ორსულობის პერიოდში ქალებში აუგმენტინის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მწირია. მიჩნეულია, რომ ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ორსულებმა თავიდან უნდა აიცილონ აუგმენტინის მიღება, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს — ამ დროს აუგმენტინის დანიშვნა რეკომენდებულია. თუმცა, დანიშვნამდე უნდა გამოირიცხოს რძეში პრეპარატის უმცირესი რაოდენობის ექსკრეციით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის განვითარების რისკი.

კვლევებით ამ ეტაპზე არ არის გამოვლენილი პრეპარატის ტოქსიკური/მომწამვლელი გავლენა ნაყოფზე.

როგორია აუგმენტინის უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები 

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, აუგმენტინის გამოყენებასაც ახლავს თავისი გვერდითი მოვლენები და შესაძლო უკუჩვენებები, რის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ უნდა გვქონდეს. 

რა შეიძლება გამოიწვიოს აუგმენტინის მოხმარებამ? 

იშვიათად, თუმცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა. აღწერილია ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, ჰეპატიტისა და ქოლესტაზური სიყვითლის განვითარების ცალკეული შემთხვევებიც. ასევე, არსებობს ცნობები ფსევდომემბრანული კოლიტის ერთეული შემთხვევების შესახებაც.

აუგმენტინმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქციაც — იშვიათად: ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება და  ძალზე იშვიათად — მულტიფორმული ერითემა, ანაფილაქსიური შოკი, ანგიონევროზული შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი. 

გარდა ამისა, აუგმენტინის მოხმარებას შეიძლება ახლდეს თავის ტკივილი. 

ასევე, იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია გვერდითი ეფექტი იყოს პრეპარატის ბიოლოგიური ქმედებით გამოწვეული — კანდიდოზი ან სხვა სახის სუპერინფექცია. 

რაც შეეხება ადგილობრივ გვერდით ეფექტებსა და რეაქციებს — იშვიათ შემთხვევაში ინიექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს ფლებიტი, ანუ ვენის კედლების ანთება. 

აუგმენტინის მოხმარების უკუჩვენებები კი შეიძლება იყოს პენიცილინების, ცეფალოსპორინების, სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

რა განსაკუთრებული მითითებები უნდა გავითვალისწიინოთ აუგმენტინის გამოყენების წინ? 

აუგმენტინის მოხმარებისას უნდა დავიცვათ გარკვეული მითითებებიც. მაგალითად, ინტრავენურ აუგმენტინს სიფრთხილით იყენებენ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

თუკი პრეპარატის მიღებამ ურტიკარიისა და ერითემული გამონაყარის განვითარება გამოიწვია, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა.

იქიდან გამომდინარე, რომ აუგმენტინის მიღებას, შესაძლოა, ახლდეს გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები, პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის წინ.

როგორ ურთიერთქმედებს აუგმენტინი სხვა პრეპარატებთან? 

ინტრავენური აუგმენტინი ნაკლებად მდგრადია გლუკოზის, დექსტრანებისა და ბიკარბონატების შემცველ საინფუზიო ხსნარებში. ინტრავენური აუგმენტინის შერევა რეკომენდებული არ არის სისხლის შემცველ პროდუქტებთან და ცილის შემცველ სხვა სითხეებთან, როგორიც არის პროტეინული ჰიდროლიზატები ან ინტრავენური ლიპიდური ემულსიები.

აუგმენტინის ამინოგლიკოზიდებთან დანიშვნისას არ უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების ერთ შპრიცში შერევა, ამინოგლიკოზიდების ეფექტურობის დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით.