ბეტალოკი

 

ბეტალოკი (Betaloc) შვედეთსა და საფრანგეთში იწარმოება, როგორც გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი პრეპარატი. ის გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ინიშნება — მისი მუშაობის მექანიზმი კი ეფუძნება გულის მოქმედების დაბალანსებას, სისხლის წნევის დაწევასა და მიოკარდიუმის დატვირთვის შემცირებას.

 

უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ექიმები ბეტალოკს ჯანმრთელობის ისეთი გართულებების დროს ნიშნავენ, როგორებიცაა: ჰიპერტენზია, სტენოკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, მიოკარდიუმის იშემია და შაკიკის პროფილაქტიკა.

 

ბეტალოკი ზოკი პსპ-ს აფთიაქებშიცაა წარმოდგენილი როგორც აბების, ისე საინიექციო ამპულის სახით. სხვადასხვა ფორმისა და დოზირების Betaloc Zok-ის ფასი დაახლოებით 7-დან 50 ლარამდეა.

 

შემოგარსული აბის სახით წარმოებული ბეტალოკი ზოკ სამგვარი მილიგრამობით გვხვდება — ბეტალოკი 25მგ, ბეტალოკი 50მგ და ბეტალოკი 100მგ.

 

  • ბეტალოკი ზოკი 25-მილიგრამიანი ტაბლეტი — აბი თეთრი ან მოთეთრო ფერისა და ოვალური ფორმისაა, რომლის ორ თანაბარ ნაწილად გაყოფაც შეიძლება; betaloc zok 25 mg პსპ-ში 6.75 ლარი ღირს — შეფუთვა მოიცავს 14 აბს;
  • Betaloc Zok 50 mg ტაბლეტი — ასევე თეთრი ან მოთეთრო, თუმცა მრგვალი ფორმისაა. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია აბის გატეხვა, თუმცა თანაბარ დოზებად არ იყოფა — მხოლოდ იოლად გადაყლაპვისთვისაა მოაზრებული; ბეტალოკი ზოკი 50მგ პსპ-ში დაახლოებით 12 ლარი ღირს, შეფუთვაშია 30 ტაბლეტი;
  • ბეტალოკი ზოკი 100-მილიგრამიანი ტაბლეტი — ამ დოზითაც აბი თეთრი-მოთეთრო ფერისა და მრგვალი ფორმისაა. ნაპრალის ხაზი კი კვლავ იმისთვისაა განკუთვნილი, რომ მომხმარებლებმა მარტივად გატეხონ, თუკი ასე უფრო გაუადვილდებათ აბის გადაყლაპვა. გაითვალისწინეთ, რომ მისი თანაბარ დოზებად გაყოფა არ ხდება. Betaloc Zok 100mg პსპ-ში დაახლოებით 18 ლარადაა ხელმისაწვდომი და შეფუთვაშია 30 ტაბლეტი.

 

ხოლო Betaloc-ის ინიექციური ამპულები, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია 5-მილიგრამიან დოზებში.

 

ტაბლეტებსა და ამპულებს შორის ძირითადი განსხვავება კი მათი ფორმა, გამოყენების მეთოდი და მოქმედების სიჩქარეა. კერძოდ, Betaloc Zok ტაბლეტები სპეციალურად შექმნილია აქტიური ნივთიერების თანდათანობითი გამოთავისუფლებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მედიკამენტი ნელა გამოიყოფა ორგანიზმში და მოქმედებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში (24 საათამდე). ეს საშუალებას იძლევა, მედიკამენტი დღეში მხოლოდ ერთხელ მიიღოს პაციენტმა.

ბეტალოკი ამპულა — სწრაფად მოქმედებს, რადგან პირდაპირ სისხლში შედის. ის ხშირად გამოიყენება იმ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა სწრაფი შედეგი, მაგალითად, გულის მწვავე არითმიების, ჰიპერტენზიული კრიზისის ან გულის შეტევის დროს.

 

ცხადია, ორივე ფორმას აქვს თავისი უნიკალური როლი და არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა თუ საჭიროებაზე.

 

რა შემთხვევაში გამოიყენება ბეტალოკი ზოკი? 

 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, Betaloc Zok გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. აქ კი დეტალურად განვიხილავთ მის საჭიროებასა და მოქმედებას ამა თუ იმ გართულების შემთხვევაში:

 

  • არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) — ბეტალოკი ზოკი სისხლის წნევის დაწევას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ჰიპერტენზიის გართულებების რისკს, მათ შორის ინსულტისა და გულის შეტევის;
  • სტენოკარდია — აღნიშნული მედიკამენტი ხშირად ინიშნება გულის ტკივილის (სტენოკარდიის) სამკურნალოდ, რადგან გულის კუნთის დატვირთვას ამცირებს და აუმჯობესებს მის სისხლით მომარაგებას;
  • არითმიები — Betaloc Zok ინიშნება გულის არითმიების, განსაკუთრებით ტაქიკარდიის სამართავად, ვინაიდან პრეპარატი ამცირებს და აბალანსებს გულისცემის სიხშირეს;
  • გულის უკმარისობა — შესაძლოა, მედიკამენტი დაინიშნოს ქრონიკული გულის უკმარისობის დროს, რათა გააუმჯობესოს გულის ფუნქცია და შეამციროს სიმპტომების სიმძიმე;
  • მიოკარდიული ინფარქტის (გულის შეტევა) შემდეგი მდგომარეობა — Betaloc Zok ინიშნება გულის შეტევის შემდგომ პერიოდში, რათა შეამციროს რეციდივისა და ფატალური განვითარების რისკი.

 

საგულისხმოა, რომ, გარდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, ბეტალოკ ზოკს ხშირად მიმართავენ შაკიკის პროფილაქტიკისთვის. პრეპარატში შემავალი ნივთიერება მეტოპროლილი დადებითად მოქმედებს შაკიკის პრევენციაზე — მართალია, მისი მექანიზმი სრულად არაა ამ მიმართულებით შესწავლილი, მაგრამ მიიჩნევა, რომ ამცირებს ნერვული სისტემის ჰიპერაქტიურობას და ტვინში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს. ეს კი ხელს უწყობს შაკიკის შეტევების სიხშირისა და სიმძიმის შემცირებას.

 

რამდენიმე კვლევასაც თუ დავეყრდნობით, ბეტალოკ ზოკს შეუძლია შაკიკის შეტევების სიხშირე 50%-ით შეამციროს; რიგ შემთხვევებში, ეს პროცენტული მაჩვენებელი მეტიც კია. ამასთან, აღნიშნული ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია პაციენტებში, რომლებსაც ხშირად აქვთ შაკიკი და საჭიროებენ პროფილაქტიკურ მკურნალობას.

 

Betaloc Zok — შემადგენელი ნივთიერებები 

 

პრეპარატში შემავალ ნივთიერებებს შორის, პირველ რიგში, უნდა გამოვყოთ ზემოხსენებული მეტოპროლოლი (Metoprolol) — ბეტა-ბლოკატორი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ის მოქმედებს სიმპათიკური ნერვული სისტემის ბეტა-1 ადრენორეცეპტორებზე, რაც ამცირებს გულისცემის სიხშირეს, გულის დატვირთვასა და სისხლის წნევას.

 

გარდა ამისა, ბეტალოკი ზოკის შემადგენლობაში შედის:

 

  • ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა — გამოიყენება გარსის მოსამზადებლად, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის შენელებულ, თანდათანობით გამოთავისუფლებას;
  • მიკროკრისტალური ცელულოზა — ხელს უწყობს აბის ფორმირებასა და მის სტრუქტურულ სიმტკიცეს;
  • ნატრიუმის სტეარილი ფუმარატი — ხელს უწყობს აქტიური ნივთიერების ორგანიზმში შეწოვის პროცესს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მედიკამენტის ეფექტურობას;
  • პოლიმერები (მაგ., მაკროგილი) — გამოიყენება პრეპარატის გარსის დასამზადებლად, რათა ორგანიზმმა უკეთ აითვისოს და შეიწოვოს.
  • ტიტანის დიოქსიდი (E171) — გამოიყენება ტაბლეტის გარსის შეფერილობისთვის.

 

მთლიანობაში, ამ ნივთიერებების ერთობლიობა ბეტალოკი ზოკის ხანგრძლივ ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

 

 

Betaloc Zok-ის დოზირება 

 

ბეტალოკი ზოკის დოზირება დამოკიდებულია პაციენტის კონკრეტულ კლინიკურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და იმაზე, თუ რა დაავადების მკურნალობა ან პროფილაქტიკა ესაჭიროება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დოზირება და რეჟიმი დადგინდეს ექიმის მიერ.

 

თუმცა აქვე გაგიზიარებთ საერთო რეკომენდაციებს დოზირებისთვის:

 

  • არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევა) დროს საწყისი დოზა წარმოადგენს 50-100 მგ.-ს დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა კი შეიძლება გაიზარდოს 200 მგ.-მდე დღეში ერთხელ, თუ საჭირო იქნება წნევის დამატებითი კონტროლი;
  • სტენოკარდიის შემთხვევაში საწყისი დოზაა 100 მგ. დღეში ერთხელ. ის შეიძლება გაიზარდოს 200 მგ.-მდე, რაც ტკივილის პრევენციას უზრუნველყოფს;
  • გულის ქრონიკული უკმარისობისას საწყისი დოზაა 12.5-25 მგ. დღეში ერთხელ. აქაც შეიძლება გაიზარდოს 200 მგ.-მდე, დოზის თანდათანობითი მატებით და პაციენტის მდგომარეობის კონტროლით;
  • არითმიის შემთხვევაში საწყისი დოზაა 100-200 მგ. დღეში ერთხელ, რაც დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე; რაც შეეხება მაქსიმალურ დოზას, მისი გაზრდა, საჭიროებისამებრ, ექიმის რჩევით განისაზღვრება;
  • შაკიკის პროფილაქტიკის მიზნით, საწყისი დოზაა 100 მგ. დღეში ერთხელ. დამატებითი პრევენციისთვის კი, მაქსიმალური დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ.-მდე დღეში ერთხელ.

 

გაითვალისწინეთ, რომ Betaloc Zok, ჩვეულებრივ, საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ; ასევე, ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს, რათა თანმიმდევრული თერაპიული დონე უზრუნველყოთ ორგანიზმში.

 

ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს დოზა ან შეწყდეს პრეპარატის მიღება ექიმის რჩევის გარეშე. ამან შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, განსაკუთრებით, გულის პრობლემების მქონე პაციენტებში.

 

ზოგადად, Betaloc Zok-ის დოზირება მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს ექიმის დანიშნულებას, რათა მაქსიმალურად ეფექტური იყოს მკურნალობა და მინიმუმამდე დაიყვანოთ გვერდითი ეფექტების რისკი.

 

ჭარბი დოზირებისას გართულებები უფრო მეტად გამოიხატება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, თუმცა ხანდახან ბავშვებსა და მოზარდებში შეიძლება ჭარბობდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გამოვლენილი სიმპტომები, ასევე ფილტვის ფუნქციის დაქვეითება, ბრადიკარდია, I-III ხარისხის AV ბლოკადა, ასისტოლია, არტერიული წნევის გამოხატული დაწევა, შემცირებული პერიფერიული პერფუზია, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი; აპნოე, აგრეთვე, გაძლიერებული დაღლილობა, ცნობიერების მოშლა, გონების დაკარგვა, ტრემორი, კრუნჩხვა, მომატებული ოფლდენა, პარესთეზიები, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება, შესაძლებელია ეზოფაგალური სპაზმი, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით ბავშვებში) ან ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია; თირკმელებზე ზემოქმედება; ტრანზიტორული მიასთენიური სინდრომი; ალკოჰოლის, ანტიჰიპერტენზიური საშუალებების, ქინიდინის ან ბარბიტურატების თანმხლებმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის გაუარესება.

 

დოზის გადაჭარბების პირველი ნიშნები, შესაძლოა, აღინიშნოს პრეპარატის მიღებიდან 2 წუთიდან 2 საათის შემდეგ. მკურნალობისთვის კი მიმართავენ აქტივირებულ ნახშირს; საჭიროებისას შეიძლება კუჭის გამორეცხვის პროცედურის ჩატარებაც.

 

როგორია ბეტალოკ ზოკის გვერდითი ეფექტები? 

 

ჩვეულებრივ, Betaloc პაციენტების უმეტესობისთვის ყოველგვარი გართულებების გარეშე მოქმედებს, მაგრამ როგორც ყველა მედიკამენტს, მასაც აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები. თითოეული მათგანი კი სიმძიმისა და სიხშირის მიხედვით განსხვავდება — მათი ცოდნა აუცილებელია, რათა პაციენტმა მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მარტივად შეძლოს სიტუაციის მართვა და საჭიროებისას ექიმთან კონსულტაციაც გაიაროს.

 

  1. დაღლილობა და სისუსტე — ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებათ დაღლილობის ან ენერგიის ნაკლებობა;
  2. თავბრუსხვევა — ვინაიდან მეტოპროლოლი იწვევს არტერიული წნევის დაწევას, პაციენტს, შესაძლოა, თავბრუსხვევის შეგრძნება ჰქონდეს; განსაკუთრებით წნევის სწრაფად დაწევის შემთხვევაში;
  3. გულის რითმის შენელება (ბრადიკარდია) — Betaloc Zok ამცირებს გულის ცემის სიხშირეს, რაც ზოგჯერ იწვევს ბრადიკარდიას (ნორმაზე ნელი გულის ცემა);
  4. ჰიპოტენზია — შესაძლოა, რომ გამოიწვიოს ძალიან დაბალი არტერიული წნევა, რაც სხვა სიმპტომების გაჩენის რისკს ქმნის, როგორებიცაა სისუსტე და თავბრუსხვევა;
  5. გულმკერდის სუსტი ტკივილი — ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს გულმკერდის სუსტი ტკივილი ან დისკომფორტი.

 

 

შედარებით იშვიათი გვერდითი ეფექტები: 

 

  1. დეპრესია და მენტალური ცვლილებები — ზოგიერთ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს მენტალური გართულებები, როგორებიცაა დეპრესია, დაძაბულობა ან კოშმარული სიზმრები;
  2. გუნება-განწყობილების ცვლილება — შესაძლოა, თავი იჩინოს გაღიზიანებამ, შფოთვამ ან უძილობამ;
  3. სუნთქვის გართულება — პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ასთმა ან ქრონიკული ფილტვების დაავადება, შეიძლება განვითარდეს სუნთქვის გაძნელება;
  4. გლუკოზის დონის ცვლილება — მეტოპროლოლს შეუძლია, გავლენა იქონიოს სისხლში შაქრის დონეზე; განსაკუთრებით დიაბეტის მქონე პაციენტებში;
  5. გულის უკმარისობის სიმპტომების დროებითი გაძლიერება;
  6. I ხარისხის AV ბლოკადა;
  7. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მქონე პაციენტებში კარდიოგენული შოკი.

 

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები: 

 

  1. წონის მატება — ხანგრძლივი გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს სხეულის მასის ზრდა;
  2. ალკოჰოლის დეზინტეგრაცია — შესაძლოა, პრეპარატის მიღებამ გავლენა იქონიოს ალკოჰოლის მოქმედებაზე და ორგანიზმში მის შეწოვაზე.

 

მთლიანობაში, Betaloc Zok-ის გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, მსუბუქია და პაციენტებს მათთან ადაპტაცია შეუძლიათ. თუმცა, თუ რაიმე სერიოზული ან გაუგებარი სიმპტომი წარმოიქმნება, საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივი კონსულტაცია. ექიმის დახმარებით შეიძლება შეიცვალოს დოზა ან მედიკამენტი, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი გვერდითი მოვლენები.

 

რა შემთხვევაში არ შეიძლება პაციენტისთვის ბეტალოკი ზოკის მიღება? 

 

მიუხედავად ბევრი სარგებლისა, Betaloc Zok-ის მიღება გარკვეული სიტუაციებში არ არის რეკომენდებული, რადგან მისმა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

 

ეს ეხება პაციენტებს, ვისაც აწუხებს:

  • ბრადიკარდია (გულისცემის ძალიან დაბალი სიხშირე); გულის უკმარისობა;
  • გულის შეჩერების სინდრომი;
  • ჰიპოტენზია (ძალიან დაბალი წნევა);
  • ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დარღვევები;
  • ალერგიული რეაქციები მეტოპროლოლზე ან მედიკამენტის სხვა კომპონენტებზე (ალერგიული რეაქციების ნიშნებია სიწითლე, ქავილი, შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება).

 

ლაქტაცია და ფეხმძიმობა 

 

როგორც პრეპარატების უმრავლესობის შემთხვევაში, ბეტალოკ ზოკის დანიშვნა ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის და/ან ბავშვისთვის პოტენციურ რისკს; ვინაიდან შესაძლოა ისეთმა გვერდითმა ეფექტებმა იჩინოს თავი, როგორიცაა ბრადიკარდია ნაყოფში, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებსა და ბავშვებში.

 

ბეტალოკი ზოკის შემცვლელები 

 

არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომლებიც ბეტალოკი ზოკის მსგავსად მოქმედებს და ალტერნატივის სახით მათი გამოყენება შეიძლება. ცხადია, ამ პრეპარატების შერჩევა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, ექიმის რეკომენდაციებსა და რიგ სხვა ფაქტორებზე.

 

  1. ბისოპროლოლი (Bisoprolol) — ისევე, როგორც ბეტალოკი ზოკი, ბეტა-1 ადრენორეცეპტორების ინჰიბიტორია, რაც გულის მოქმედებას აბალანსებს და წნევის შემცირებას უწყობს ხელს. აღნიშნულ პრეპარატს ძირითადად მიმართავენ გულის არითმიის, სტენოკარდიისა და არტერიული წნევის შესამცირებლად. როგორც სამედიცინო კვლევები მოწმობს, ბისოპროლილს ახასიათებს ხანგრძლივი მოქმედების დრო და ნაკლები გვერდითი ეფექტები.

Bisoprolol პსპ-ში ხელმისაწვდომია 5 და 10-მილიგრამიანი აბების სახით;

  1. ნებივოლოლი (Nebivolol) — ნებივოლოლი ბეტა-1 რეცეპტორების ინჰიბიტორია, რომელიც გულის მოქმედების შენელებასა და წნევის შემცირებას უზრუნველყოფს. ასევე, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას. საგულისხმოა, რომ სხვადასხვა პაციენტთა ფართო ჯგუფისთვის დადებითი შედეგები აქვს აღნიშნული პრეპარატის გამოყენებას. თანაც ნაკლებად გამოხატული გვერდითი ეფექტები ახასიათებს. Nebivolol პსპ-ში ხელმისაწვდომია 5-მილიგრამიანი აბების სახით;
  2. კარვედილოლი (Carvedilol) — კარვედილოლი ბეტა და ალფა ადრენორეცეპტორების ინჰიბიტორია, რაც გულის მუშაობას აბალანსებს და არტერიული წნევის შემცირებასაც უწყობს ხელს. განსაკუთრებით ეფექტურია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. პრეპარატი პსპ-ში ხელმისაწვდომია 6.25 და 25-მილიგრამიანი აბების სახით;
  3. ატენოლოლი (Atenolol) —  ატენოლოლი ბეტა-1 რეცეპტორების ინჰიბიტორია და ძირითადად გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, სტენოკარდიისა და არითმიის სამკურნალოდ. საგულისხმოა, რომ მას უკვე დიდი ხანია, ფართოდ იყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში. ატენოლოლი პსპ-ში ხელმისაწვდომია 25 და 50-მილიგრიამიანი აბების სახით.

 

რომელ პრეპარატზე უნდა შევაჩეროთ არჩევანი? 

 

რა თქმა უნდა, თითოეული პაციენტისთვის შესაფერისი ალტერნატივის არჩევა ინდივიდუალურ პროცესს წარმოადგენს, რაც დამოკიდებულია სამედიცინო ისტორიაზე, მდგომარეობასა და სხვა ფაქტორებზე. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ბრონქიალური ასთმა ან სხვა რესპირატორული დაავადებები, შესაძლოა, უფრო მიზანშეწონილი იყოს ისეთ პრეპარატზე გადასვლა, რომელიც ნაკლებად მოქმედებს ბრონქებზე. ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია, რათა სწორად შეირჩეს პრეპარატი და მისი დოზირება.

 

ბეტალოკ ზოკის ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან 

 

როგორც პრეპარატების დიდი ნაწილი, ბეტალოკი ზოკიც ურთიერთქმედებს სხვა წამლებთან. ეს კი მნიშვნელოვნად მოქმედებს მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, პაციენტებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ამ ურთიერთქმედებების რისკები და ექიმთან კონსულტაციის შედეგად მიიღონ სწორი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.

 

აქვე გაგიზიარებთ Betaloc ზოკის ძირითად ურთიერთქმედებას სხვა პრეპარატებთან:

 

  • კალციუმის არხების ბლოკერები (Verapamil, Diltiazem) — შეიძლება, ამ პრეპარატებმა გააძლიეროს ბეტალოკი ზოკის გავლენა გულის მუშაობაზე, რაც ბრადიკარდიას (გულის რიტმის შენელებას) და ჰიპოტენზიას (არტერიული წნევის დაცემას) გამოიწვევს. ამიტომაც, თუკი ორივე პრეპარატი საჭიროა, შესაძლოა, ექიმმა დოზები შეამციროს ან პაციენტის მდგომარეობა უფრო ხშირი მონიტორინგით გააკონტროლოს;
  • დიაბეტის პრეპარატები (ინსულინი და პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები) — ვინაიდან ბეტალოკი ზოკს შეუძლია, ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გამოხატულება შეამციროს, მოსალოდნელია, ამან დიაბეტის მართვა უფრო რთული გახადოს. ამიტომაც, პაციენტებმა ყურადღებით უნდა გააკონტროლონ სისხლში შაქრის დონე და ექიმთან კონსულტაციით საჭიროებისამებრ შეცვალონ მკურნალობის გეგმა;
  • სხვა ბეტა-ბლოკერები — ორი ბეტა-ბლოკერის ერთად მიღებამ შეიძლება გულის მოქმედების ზედმეტად შენელება და წნევის მეტისმეტი დაცემა გამოიწვიოს. ამრიგად, ერთდროულად ორი ბეტა-ბლოკერის მიღება არაა რეკომენდებული, თუ ეს მკურნალობის მკაფიო გეგმით არ არის განსაზღვრული;
  • ანესთეზიაში გამოყენებული პრეპარატები (ჰალოთანი, იზოფლურანი) — შესაძლოა, ბეტალოკი ზოკმა ანესთეზიის დროს გაამძაფროს გულის მოქმედების შემცირება და არტერიული წნევის დაცემა. ამიტომაც, პაციენტმა აუცილებლად წინასწარ უნდა აცნობოს ექიმს Betaloc Zok-ის მიღების შესახებ, რათა საჭიროებისამებრ შეიზღუდოს ანესთეზიის დროს გამოყენებული პრეპარატები;
  • ამიოდარონი (Amiodarone) — ამიოდარონმა შეიძლება გააძლიეროს ბეტალოკ ზოკის მოქმედება გულის რიტმის შენელებაზე. ამიტომაც, ამ პრეპარატების კომბინაცია საჭიროებს სიფრთხილეს და ხშირ მონიტორინგს;
  • ანტიდეპრესანტები — მოსალოდნელია, რომ ანტიდეპრესანტებმა გააძლიეროს Betaloc ზოკის ჰიპოტენზიური ეფექტი. შესაბამისად, აუცილებელია მკაცრი კონტროლი და საჭიროებისამებრ დოზების კორექტირება.

 

ზოგადად, ბეტალოკ ზოკის გამოყენებისას მნიშვნელოვანია, პაციენტმა და ექიმმა ყურადღება მიაქციონ მის ურთიერთქმედებას სხვა პრეპარატებთან. ყოველი ახალი წამლის დანიშვნამდე ან არსებული პრეპარატის შეცვლამდე აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები და გვერდითი მოვლენები.