
აუტისტური სპექტრის აშლილობები ნეირობიოლოგიურ დარღვევებს მიეკუთვნება. ისინი “სპექტრად” მოიხსენიება, რადგან მდგომარეობებისა და სიმპტომების მრავალფეროვნებას მოიცავს, ამიტომ ე.წ. ქოლგა-ტერმინია. შესაბამისად, აუტიზმის მქონე ადამიანებში სხვადასხვა მახასიათებლები გვხვდება, განსხვავებული ხარისხითა და სიმძიმით.
აუტიზმის ზოგადი და გავრცელებული ნიშნები სოციალური კომუნიკაციის, ურთიერთობებისა და გარემოსთან ურთიერთქმედების გაძნელებაა. მსგავსი პრობლემები სპექტრის ამა თუ იმ “დიაპაზონში” განსხვავებულად ვლინდება.
შეიძლება, ისინი მკვეთრად იყოს გამოხატული ან პირიქით — ძნელად შესამჩნევი. ისტორიულად, ამ უკანასკნელს “მაღალფუნქციურ აუტიზმად” მოიხსენიებდნენ, მაგრამ ბოლო წლებში ფსიქოლოგები აღნიშნული ტერმინს ნაკლებად იყენებენ.
იგივე მოხდა “ასპერგერის სინდრომის” შემთხვევაშიც, რომელიც აუტიზმის სპექტრში გაერთიანდა და ცალკე აღარ განიხილება.
როდის ვითარდება აუტიზმი
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი აშლილობების გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ამის მიუხედავად, დანამდვილებით ვიცით, რომ აუტიზმი შეძენილი ვერ იქნება.
შეძენილად ზოგჯერ რეგრესიულ აუტიზმს მოიხსენიებენ, რომლის დროსაც ბავშვი თავდაპირველად ჩვეულებრივ ვითარდება, შემდეგ კი მოულოდნელად პრობლემები იჩენს თავს, მაგალითად, ის მეტყველებას წყვეტს.
მართალია, აუტიზმის ერთი განმაპირობებელი მიზეზი უცნობია, მაგრამ რამდენიმე რისკ-ფაქტორი არსებობს:
- სქესი აუტიზმის რისკს ზრდის. კერძოდ, ბიჭებში ის უფრო გავრცელებულია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხშირად გოგოებში აუტიზმი არადიაგნოსტირებული რჩება, რადგან მათ სიმპტომების “შენიღბვა” უკეთ შეუძლიათ;
- აუტიზმი გენეტიკურია იმ მხრივ, რომ გამოვლენილია რამდენიმე გენეტიკური მუტაცია, რომლებიც ამგვარი აშლილობების რისკს უკავშირდება. მაგალითად, თუ ოჯახში აუტიზმი ერთ ბავშვს აქვს, დიდი შანსია, რომ ის მის დას/ძმასაც აღმოაჩნდეს;
- რისკ-ფაქტორია ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა მყიფე X-ქრომოსომის სინდრომი, ტუბეროზული, სკლეროზი და რეტის სინდრომი;
- აუტიზმის გამოვლენის შანსი დიდია ნაადრევად, 36 კვირის ვადამდე, დაბადებულ ბავშვებში.
ხშირად ისმის კითხვა, აუტიზმი იკურნება თუ არა. პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ აუტიზმი დაავადება არ არის, რომ განიკურნოს. ის ნეირობიოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ქრონიკულად არსებობს, თუმცა სპეციალისტის დახმარებით აუტიზმის მქონე ადამიანები სპეციფიკურ სიმპტომებთან ერთად ცხოვრებას სწავლობენ ისე, რომ გარემოსთან ურთიერთქმედება გაუმარტივდეთ.
როდის ვლინდება აუტიზმის სიმპტომები ბავშვებში
აუტიზმის სპექტრის აშლილობები თავის ტვინის განვითარების ადრეულ ეტაპზე მომხდარ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რის გამოც მისი სიმპტომები ყველაზე მეტად 18-36 თვის ასაკში ვლინდება.
კვლევები აჩვენებს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ინტერვენციის ეფექტიანობისთვის გადამწყვეტია. აუტიზმი პატარებში კლინიკურად სხვადასხვაგვარად გამოიხატება და დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე, თანმხლებ პრობლემებსა და კოგნიტიურ უნარებზე.
ასაკის მატებასთან ერთად, ასევე გარემოს ზემოქმედებითა და ინტერვენციის გავლენით, სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს.
ბავშვთა აუტიზმის ნიშნები, როგორც წესი, სამ წლამდე ასაკში ფიქსირდება. მისთვის დამახასიათებელია სოციალური ურთიერთობების და კომუნიკაციის სირთულეები, ასევე განმეორებადი და სტერეოტიპული ქცევები.
ამ ნიშნებთან ერთად ზოგჯერ ჩნდება არასპეციფიკური სიმპტომები, როგორიცაა ფობიები, აგრესია ან ძილის დარღვევები. ამ მხრივ აუტიზმი და ძილი ზოგჯერ ურთიერთდაკავშირებულია.
აუტიზმის ტესტი ბავშვის კოგნიტიური ფუნქციებისა და ადაპტაციური უნარების შეფასებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია მეტყველებისა და სმენის კვლევა, რათა სმენის დარღვევები გამოირიცხოს.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში სიმპტომები და ქცევითი პატერნები უნიკალურია და განსხვავებულ დონეზე აისახება. ზოგს სწავლა უძნელდება, ხოლო ზოგს ნორმალური ან მაღალი ინტელექტი აქვს, თუმცა სოციალური კომუნიკაცია და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება უჭირს.
რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?
აუტიზმი მოზრდილებში ისევე გვხვდება, როგორც ბავშვებში, ვინაიდან ის ქრონიკული ხასიათისაა. აუტიზმის მქონე პატარებსა და ზრდასრულებში შემდეგი სიმპტომები იჩენს თავს:
- მზერით კონტაქტის დამყარების გაძნელება;
- სახელით მიმართვისას ურეაქციობა;
- ჩახუტების ან შეხებისგან თავის არიდება;
- ემოციების გამოხატვისა და სხვისი ემოციების გაგების სირთულე;
- სახის გამომეტყველების, სხეულის ენისა და ხმის ტონის გაანალიზების გაძნელება;
- სხვისთვის ინტერესის გაზიარების სურვილის არქონა;
- საუბრის წამოწყების გაძნელება, მონოტონურად საუბარი ან შეძენილი მეტყველებითი უნარების დაკარგვა (ზოგადად, აუტიზმი და მეტყველება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია);
- ერთი და იმავე სიტყვების/ფრაზების გამეორება.
ქცევითი სიმპტომები:
- განმეორებადი მოძრაობები (რწევა, ტრიალი, ხელების ქნევა);
- თვითდაზიანებითი მოძრაობები (მაგალითად, თავის მიზანმიმართულად დარტყმა რაიმე ზედაპირზე);
- ობიექტების კონკრეტული კომპონენტების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი (როგორიცაა სათამაშო მანქანის ბორბლები და არა მთლიანად სათამაშო);
- იმიტაციურ/გამოგონილ თამაშებში ვერჩართვა;
- სინათლის, ხმაურისა და შეხების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა;
- მზერის ხანგრძლივად შეჩერება ერთ ობიექტზე.
აუტიზმი და კვება, ანუ კვებასთან დაკავშირებული სიმპტომები:
- საკვების არჩევა შეზღუდულად და გარკვეული ტექსტურის მქონე საჭმელზე უარის თქმა;
- ერთი კონკრეტული საკვების ხშირად მიღება;
- საკვებად გამოუსადეგარი რაღაცების ჭამა (როგორიცაა, მაგალითად, მიწა).
ჯანმრთელობის პრობლემები:
- ძილის დარღვევა;
- კუჭ-ნაწლავის გაუმართავი ფუნქციონირება;
- შფოთვა და პანიკური შეტევები;
- გულყრები.
აცრა და აუტიზმი? - მითის დამსხვრევა
აუტიზმისა და ვაქცინაციის კავშირი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და არასწორი მითია, რომელსაც მეცნიერება არ ადასტურებს. მითის საფუძვლად იქცა იდეა, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის შემოღებასთან ერთად, თითქოს, აუტიზმის შემთხვევები გაიზარდა.
ამის მიუხედავად, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს. ასევე, ვინაიდან აუტიზმის დიაგნოსტირება ხშირად სწორედ ვაქცინაციისთვის შესაბამის ასაკში ვლინდება, სიმპტომებს აცრების შედეგად აღიქვამენ, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.
საყურადღებოა ისიც, რომ მითი თიმეროზალთანაც კავშირშია, რომელიც ვაქცინებში კონსერვანტის როლს ასრულებდა. თიმეროზალი მძიმე ლითონების ნაერთებს შეიცავს, რის გამოც გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის ტვინის ფუნქციონირებაზე ახდენდეს გავლენას.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) და სხვა სამეცნიერო ორგანიზაციებმა მრავალი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ თიმეროზალს აუტიზმთან კავშირი არ აქვს.
მეტიც, ვაქცინებიდან თიმეროზალის ამოღების შემდეგ აუტიზმის შემთხვევების რაოდენობა არ შემცირებულა. ეს მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია აუტიზმის გამომწვევი ფაქტორი არაა.
მეცნიერები და ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტიანი პროცესია, რომელიც უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას იცავს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ეყრდნობოდეს მეცნიერულ მონაცემებს და არა ცრუ თეორიებს, რომლებიც საფუძველს მოკლებულია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account