
ჩვენი სხეული ხშირად გვაძლევს სიგნალებს, როდესაც ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა გვაქვს. ამის მიუხედავად, არსებობს დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუმჩნეველიც კი დარჩეს.
მათი სიმძიმე და გართულების რისკი ხშირად საბედისწერო შედეგებით სრულდება. ერთ-ერთი ასეთი მდგომარეობა ანევრიზმაა — სისხლძარღვის კედლის პათოლოგიური ამობურცვა. თუ ანევრიზმა გასკდა, ეს ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს.
ანევრიზმისგან გამოწვეული პრობლემები შესაძლოა, მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდეს, რაც მისი განვითარება მწვავე ფორმაში გადაიზრდება. თავის ტვინის ანევრიზმას განსაკუთრებით მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს, ამიტომ მისი დროული დიაგნოსტიკა და მართვა გადამწყვეტია.
როგორ განიმარტება ანევრიზმა?
ანევრიზმის განმარტება ასეთია: ანევრიზმა ბერძნული სიტყვაა და “გაფართოებას” ნიშნავს. ეს მდგომარეობა სისხლძარღვის კედლის დასუსტებასა და ამობურცვას გულისხმობს, რაც ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო რუპტურით (გასკდომით) სრულდება. ანევრიზმა ყველაზე ხშირად აორტისა და თავის ტვინის არტერიების მიმდებარედ ვითარდება.
თავის ტვინის სისხლით მომარაგებას ოთხი ძირითადი არტერია უზრუნველყოფს, რომლებიც უხვად იტოტება და ტვინის ყველა უბანს სწვდება. ანევრიზმა ძირითადად იქ ვითარდება, სადაც ეს არტერიები ერთმანეთს უერთდება. დაავადება გამოწვეულია სისხლძარღვის კედლის გათხელებით, რაც ე.წ. ტომრისებრ ამობურცვას განაპირობებს.
როგორია დაავადების რისკ-ფაქტორები
ანევრიზმის განვითარების უშუალო მიზეზი ხშირად უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც მის გაჩენას ხელს უწყობს:
- მოწევა: თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორად მიიჩნევა, რადგან ის სისხლძარღვის კედელს აზიანებს და მის ელასტიკურობას ამცირებს;
- მაღალი არტერიული წნევა: მუდმივად მაღალი წნევა სისხლძარღვებზე ზედმეტ დატვირთვას იწვევს, რაც ანევრიზმის განვითარებას აჩქარებს;
- ასაკი და სქესი: ანევრიზმა უფრო ხშირად 40 წელს გადაცილებულ პირებში გვხვდება, ხოლო ქალებში განსაკუთრებით მაღალი რისკია მენოპაუზის შემდეგ, რადგან ესტროგენის შემცირებისას სისხლძარღვთა ელასტიკურობა მცირდება. ამის მიუხედავად, ანევრიზმა ბავშვებშიც ვლინდება, მაგრამ იშვიათად;
- მემკვიდრეობითობა: თუ პირველი რიგის ნათესავს (დედა, მამა ან და-ძმა) აქვს ანევრიზმა, მისი განვითარების რისკი საგრძნობლად იზრდება;
- ნარკოტიკების მოხმარება: განსაკუთრებით კოკაინი, რომელიც სისხლძარღვის კედელში ანთებით პროცესსა და წნევის მომატებას იწვევს;
- სისხლძარღვთა ტრავმები და თანდაყოლილი დაავადებები: მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგიები ან ტვინის არტერიოვენური მალფორმაციები;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება: ეს ფაქტორები არტერიების დაზიანების რისკს ზრდის.
როგორია დაავადების სიმპტომები და როდის იჩენს ისინი თავს
ანევრიზმა ხშირად ფარულად მიმდინარეობს და სიმპტომები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც სისხლძარღვი მნიშვნელოვნად ფართოვდება ან სკდება.
მცირე ზომის ანევრიზმა შეიძლება გამოიხატოს:
- თვალის არეში ტკივილით;
- გუგის გაფართოებით;
- ნახევარი სახის დაბუჟებით;
- მეტყველებისა და კოორდინაციის დარღვევით;
- კონცენტრაციის გაძნელებით.
გახეთქილი ანევრიზმის ნიშნებია:
- უეცარი და ძალიან ძლიერი თავის ტკივილი;
- გულისრევა და ღებინება;
- გონების დაკარგვა ან დაბინდვა;
- მხედველობის გაორება ან გაბუნდოვანება;
- კისრის დაჭიმულობა;
- სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება.
ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენისთანავე პაციენტს სასწრაფო დახმარება სჭირდება, რადგან სიტუაცია შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს.
თავის ტვინის ანევრიზმა — საშიში დაავადება
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა. მისი პათოლოგიური ამობურცვა ყველაზე ხშირად სისხლძარღვთა გასაყარზე ვითარდება, სადაც არტერიები ერთმანეთს უერთდება. ანევრიზმის ყველაზე დიდი რისკი მისი გასკდომაა, რაც იწვევს:
- სუბარაქნოიდულ სისხლდენას;
- თავის ქალის შიდა წნევის მომატებას;
- თავის ტვინის დაზიანებას.
ანევრიზმა თავში სიმპტომების მხრივ დიდად გამორჩეული არაა და, როგორც წესი, გავრცელებული ნიშნებით ხასიათდება. კერძოდ, მსგავსი ანევრიზმის სიმპტომები მოიცავს მოულოდნელად გაჩენილ ძლიერ თავის ტკივილს. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს თვალის ტკივილი და გუგების გაფართოება, მეტყველების გაძნელება, ნახევარი სახის დაბუჟება, კოორდინაციისა და კონცენტრაციის პრობლემები, ღებინება და გულისრევა.
ასევე, შესაძლებელია თვალის ქუთუთოს დაწევა, მხედველობის დაბინდვა ან გაორება, ხოლო ანევრიზმის გახეთქვისას — გონების დაკარგვა. ამგვარი სიმპტომებისას საჭიროა დაუყოვნებლივი ექიმთან კონსულტაცია.
როგორ დავადგინოთ ანევრიზმა გვაქვს თუ არა — საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინამ თავის ტვინის ანევრიზმის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით ყველაზე ეფექტიანი მეთოდებია, რომლებიც ანევრიზმის ადგილმდებარეობისა და ზომის განსაზღვრაში გვეხმარება.
სერიოზული საფრთე — მუცლის აორტის ანევრიზმა
მუცლის აორტის ანევრიზმა ასევე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. აორტა ადამიანის სხეულში ყველაზე დიდი არტერიაა, რომელიც სისხლს გულიდან ორგანიზმის ყველა ნაწილს აწვდის. მუცლის აორტის ანევრიზმის გასკდომა ხშირად შიდა სისხლდენასა და ლეტალურ შედეგს იწვევს.
ანევრიზმა მუცელში ძირითადად ხასიათდება:
- მუცლის ან წელის არეში ძლიერი ტკივილით;
- მუცელში გულისცემის შეგრძნებით;
- გონების უეცარი დაკარგვით, რაც ანევრიზმის გასკდომაზე მიუთითებს.
მუცლის აორტის ანევრიზმის სიმპტომების გაგების შემდეგ მნიშვნელოვანია მისი დიაგნოსტიკა. მუცლის ანევრიზმის დიაგნოსტიკა ხშირად ულტრაბგერითი სკანირებით ხორციელდება, ხოლო მკურნალობა ქირურგიულია სახისაა.
როგორ მკურნალობენ დაავადებას
ანევრიზმის მართვა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. მცირე ზომის ანევრიზმებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დაკვირვება და ცხოვრების წესის შეცვლა სჭირდება. ამის მიუხედავად, თუ ანევრიზმა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტს, ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო.
თანამედროვე მეთოდებიდან აღსანიშნავია ენდოვასკულური ქირურგია, რომელიც ნაკლებად ინვაზიურია და ანევრიზმის ემბოლიზაციის (სისხლძარღვის დაბლოკვა) საშუალებას იძლევა. ამ პროცესში გამოყენებული კათეტერის მეშვეობით შესაძლებელია, რომ ექიმებმა მინიმალური ჩარევით პაციენტის სიცოცხლე იხსნან.
თუ პაციენტს ანევრიზმა აღმოაჩნდა, მაგრამ მისი მდგომარეობა სერიოზულ ჩარევას არ მოითხოვს, აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა:
- თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა;
- ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტიურობა;
- მაღალი წნევის კონტროლი;
- ალკოჰოლისა და კოფეინის მიღების შემცირება.
მაშასადამე, ანევრიზმა უხილავი, მაგრამ სერიოზული საფრთხეა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მისი დროული დიაგნოსტიკა და მართვა შესაძლოა, სიცოცხლის გადასარჩენად გადამწყვეტი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციოთ, რეგულარულად ჩაიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები და ყველა საეჭვო სიმპტომს ყურადღება მიაქციოთ. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ანევრიზმის მიერ შექმნილი რისკების შემცირება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account