
ვენერული, ასევე ცნობილი, როგორც სქესობრივი გზით გადამდები, დაავადებები (სგგდ), ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა. დღესდღეობით ცნობილია 30-ზე მეტი სგგდ, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სიფილისი, გონორეა (ტრიპერი), B ჰეპატიტი, ტრიქომონიაზი, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) და მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV).
ვენერული დაავადებები გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით ან პარაზიტებით. სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია შეიძლება ადამიანიდან ადამიანს სისხლის, სპერმის, ასევე ვაგინალური და სხეულის სხვა სითხეების მეშვეობით გადაედოს.
ზოგჯერ ვენერული ინფექციები სქესობრივი კონტაქტის გარდა სხვა გზებითაც ვრცელდება. მაგალითად, სგგდ შეიძლება ჩვილებს დედის ორსულობის ან მშობიარობის დროს გადაედოს. ისინი ასევე შეიძლება სისხლის გადასხმის ან საერთო ნემსის გამოყენების შედეგად გავრცელდეს.
გაითვალისწინეთ: ვენერული დაავადებები ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს. შესაძლოა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადდეთ ადამიანისგან, რომელიც ჯანმრთელად გამოიყურება და არც არის ინფორმირებული საკუთარი სამედიცინო მდგომარეობის შესახებ.
დღეს განვიხილავთ სხვადასხვა ვენერულ დაავადებას, თითოეული მათგანის სიმპტომებს, მკურნალობის მეთოდებს და პრევენციის საშუალებებს.
რა არის სიფილისი?
სიფილისი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც ბაქტერია Treponema pallidum იწვევს. მისით მაშინ ავადდებით, როდესაც ინფიცირებულ ადამიანთან ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსი გაქვთ. ამ დაავადების სიმპტომები 10-დან 90 დღემდე პერიოდში ვლინდება.
საგულისხმოა, რომ სიფილისს ოთხი სტადია გააჩნია: პირველადი, მეორადი, ლატენტური და მოგვიანებითი. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.
რა ახასიათებს პირველად სიფილისს
სიფილისის პირველ სტადიას ახასიათებს უმტკივნეულო წყლული (შანკრი), რომელიც სასქესო ორგანოზე, სწორ ნაწლავზე ან პირში ჩნდება. ის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს და თავისთავად გაქრეს, თუნდაც მკურნალობის გარეშე.
როდის ვლინდება მეორადი სიფილისი
დაავადების მეორე ეტაპი წყლულების გაჩენიდან 3-12 კვირის შემდეგ ვლინდება. ამ დროს დაავადებულს კანზე მრავლობითი, ჰიპერპიგმენტური გამონაყარი უჩნდება, ხოლო ენაზე — მოთეთრო-მოყვითალო ფერის წყლულები. მეორადი სიფილისის გართულებას ეწოდება ნეიროსიფილისი, რომელსაც შეიძლება შემდეგი სიმპტომები ახასიათებდეს:
- კანის ქავილი;
- კუნთების ტკივილი;
- ყელისა და თავის ტკივილი;
- ცხელება;
- წონაში კლება;
- ხმის ჩახლეჩა.
როდის იჩენს თავს ლატენტური სიფილისი
მეორე სტადიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გაქრობის შემდეგ დგება ლატენტური სიფილისი, რომელიც ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაძლოა, ის წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
რა ზიანი მოაქვს მოგვიანებით სიფილისს
თუ დაავადებული ადამიანი სათანადოდ არ იმკურნალებს, მას მოგვიანებითი სიფილისი განუვითარდება. შესაძლოა, ეს სტადია პირველი ინფიცირებიდან 15-40 წლის შემდეგ დადგეს.
მოგვიანებითი სიფილისი აზიანებს სახსრებსა და ყველა ორგანოს, იწვევს დემენციას, სიბრმავეს, კუნთების ტონუსის შესუსტებას და ფატალურ შედეგებს.
აღსანიშნავია, რომ სიფილისით დაინფიცირების რისკის ქვეშ არიან, როგორც მამაკაცები, ისე — ქალები. ორივე სქესის წარმომადგენლების შემთხვევაში, დაავადების სტადიები და სიმპტომები მსგავსია.
როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
სიფილისის მკურნალობა მიმდინარეობს ანტიბიოტიკებით, რომლებიც დაავადების სტადიების მიხედვით ინიშნება. მკურნალობის შემდეგ სიფილისის ტესტი განმეორებით უნდა ჩატარდეს, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ პაციენტი განიკურნა.
როგორ შეიძლება სიფილისის პრევენცია?
თუ სქესობრივად აქტიური ხართ, სიფილისით დაავადების შანსი შეგიძლიათ შეამციროთ სექსის დროს ყოველთვის პრეზერვატივის ან რაბერ დამის (Rubber Dam) გამოყენებით.
მნიშვნელოვანია მათი სწორად მოხმარება, რათა დაინფიცირების შანსი მაქსიმალურად შეამციროთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იქონიოთ შესაბამისი ინფორმაცია თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობის შესახებ, რათა სიფილისი, თუ სხვა სახის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, თავიდან აიცილოთ.
რა არის გონორეა, ანუ ტრიპერი?
გონორეაც ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც Neisseria gonorrhoeae იწვევს. ის ზემოქმედებს როგორც მამაკაცებზე, ისე — ქალებზე, განსაკუთრებით კი მოზარდებსა და ახალგაზრდებზე.
ადამიანები ავრცელებენ ტრიპერს სექსუალური სითხეების, მათ შორის სპერმისა და ვაგინალური სითხის, მეშვეობით. გონორეა შეიძლება დაგემართოთ ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის, ასევე ინფიცირებულ ადამიანთან სექს სათამაშოების გაზიარების შედეგად. ამასთან, ის შეიძლება დედიდან შვილს გადაეცეს ბუნებრივი მშობიარობის დროს. ახალშობილებში ეს დაავადება თვალის ინფექციის სახით ვლინდება.
როგორია ტრიპერის სიმპტომები?
მამაკაცებში გონორეას სიმპტომები, რომლებიც 2-დან 8 დღის განმავლობაში ვლინდება, ყველაზე ხშირად ასეთია:
- წვა და ტკივილი მოშარდვის დროს;
- ყვითელი ან გამჭვირვალე ფერის გამონადენი ასოდან;
- სათესლე ჯირკვლების ტკივილი და შესივება.
ქალების 50%-ში ეს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება გამოიხატოს:
- ქავილი სასქესო ორგანოს მიდამოში;
- მოყვითალო-მოთეთრო ფერის გამონადენი საშოდან;
- ტკივილის და წვის შეგრძნება მოშარდვის დროს.
როგორ მკურნალობენ გონორეას?
ტრიპერსაც, ისევე, როგორც სიფილისს, ანტიბიოტიკების საშუალებით მკურნალობენ. კურსის დაწყებიდან რამდენიმე დღეში სიმპტომები ქრება და მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს პაციენტმა მედიკამენტების მიღება არ შეწყვიტოს.
როგორ შეიძლება ტრიპერის პრევენცია?
ამ დაავადებით დაინფიცირებისა და გავრცელების რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ, შემდეგი ნაბიჯები გადადგათ:
- სქესობრივი აქტის დროს ყოველთვის გამოიყენეთ პრეზერვატივი ან რაბერ დამი;
- უარი თქვით სექსზე ადამიანთან, რომელსაც აქტიური ინფექცია აქვს;
- უარი თქვით სექსზე ადამიანთან, რომელსაც გონორეის სიმპტომები აღენიშნება;
- შეზღუდეთ სექსუალური პარტნიორების რაოდენობა;
- ჩაიტარეთ ტესტი გონორეაზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ.
არ არსებობს სრულყოფილი დაცვა გონორეისგან, თუ სექსუალურად აქტიური ხართ. მაგალითად, გაითვალისწინეთ, რომ პრეზერვატივი შეიძლება დაზიანდეს. მიუხედავად ამისა, სექსის დროს მისმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ინფიცირების რისკი.
რა არის ტრიქომონიაზი?
ტრიქომონიაზს ერთუჯრედიანი პარაზიტი — Trichomonas vaginalis იწვევს. ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ვინც სექსუალურად აქტიურია. აღსანიშნავია, რომ ის უფრო მეტად მოქმედებს ქალებზე (განსაკუთრებით ხანდაზმულებზე), ვიდრე — მამაკაცებზე.
ეს პარაზიტი ადამიანებს შორის ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის საშუალებით ვრცელდება.
მამაკაცებში ტრიქომონიაზი შემდეგ სიმპტომებს იწვევს:
- დისკომფორტი და წვა მოშარდვის დროს;
- ქავილი სასქესო ასოს თავზე;
- გამონადენი სასქესო ორგანოდან.
ქალებში კი ამ დაავადების სიმპტომებია:
- დისკომფორტი შარდვის დროს;
- სასქესო ორგანოს სიწითლე, წვა და ქავილი;
- გამჭირვალე, თეთრი, მომწვანო ან მოყვითალო, თევზის სუნის მქონე გამონადენი საშოდან.
როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
ამ დაავადებას ანტიბიოტიკების საშუალებით მკურნალობენ 5-7 დღის განმავლობაში. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ერთდროულად როგორც პაციენტის, ისე მისი პარტნიორის მკურნალობა.
როგორ შეიძლება ამ ტრიქომონიაზის პრევენცია?
ტრიქომონიაზის პრევენციისთვის შეგიძლიათ, შემდეგ მეთოდებს მიმართოთ:
- ყოველთვის დაიცავით თავი სექსის დროს;
- ჩაიტარეთ რუტინული ტესტი ტრიქომონიაზზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ;
- იქონიეთ მონოგამიური ურთიერთობა ერთ სექსუალურ პარტნიორთან;
- შეზღუდეთ სექსუალური პარტნიორების რაოდენობა.
რა არის ქლამიდიოზი?
ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია — Clamidya trachomatis. ამ ინფექციით ავადდება როგორც მამაკაცი, ისე — ქალი, ამიტომ, მისი აღმოჩენის შემთხვევაში, სქესობრივად აქტიური ორივე პარტნიორის შემოწმებაა აუცილებელი.
ეს დაავადება ადამიანებს შორის შეიძლება გავრცელდეს ვაგინალური, ანალური და ორალური სექსით, გენიტალიების ან ანუსის მანუალური სტიმულაციით, სექს სათამაშოების საშუალებით.
როგორია ამ დაავადების სიმპტომები?
ქლამიდიოზი საშარდე მილის ანთებას იწვევს, რაც მოშარდვის დროს ტკივილსა და წვას გულისხმობს. მამაკაცების შემთხვევაში ამ დაავადებას ახასიათებს ტკივილი სათესლე ჯირკვლების ან ანუსის მიდამოში. ქალებში კი ქლამიდიოზი, როგორც წესი, ვლინდება ვაგინალური გამონადენით, ტკივილით მუცლის ქვედა არეში და სისხლდენით საშოდან.
როგორ მკურნალობენ ქლამიდიოზს?
ქლამიდიოზის მკურნალობა მიმდინარეობს 7 დღის განმავლობაში, ანტიბიოტიკების საშუალებით. აუცილებელია, რომ ამ პერიოდში ექიმმა პაციენტს მეთვალყურეობა გაუწიოს, ხოლო დაავადებულმა ყველა საჭირო მედიკამენტი მიიღოს.
როგორ შეიძლება ამ დაავადების პრევენცია?
ქლამიდიის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა ამ ინფექციით დაავადებულ ადამიანთან ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსისგან თავის შეკავება. ამასთან, სექს სათამაშოები, რომლებზეც ქლამიდიის ბაქტერიებია, თქვენს სასქესო ორგანოს არ უნდა შეეხოს.
ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის ცოდნა, აქვს თუ არა ამჟამინდელ ან პოტენციურ პარტნიორს ქლამიდია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისით დაავადებული ბევრი ადამიანი სიმპტომებს ვერ ამჩნევს. პრევენციის მიზნით, კარგი იდეაა, რომ უსაფრთხო სექსის პრაქტიკა თქვენი სექსუალური ცხოვრების რეგულარულ ნაწილად აქციოთ:
- გამოიყენეთ პრეზერვატივი და რაბერ დამი;
- არ გაუზიაროთ სხვას სექს სათამაშოები, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ, ისინი ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ. ამასთან, ის სათამაშოები, რომლებიც პენეტრაციისთვის გამოიყენება, პრეზერვატივით დაფარეთ;
- ჩაიტარეთ ტესტი ქლამიდიოზზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ;
- დაკავდით სექსით მხოლოდ ერთ პარტნიორთან, რომელსაც სქესობრივი კავშირი მხოლოდ თქვენთან აქვს.
რა არის პაპილომა ვირუსი (HPV)?
ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომლის 150-ზე მეტი სახეობა არსებობს, ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. HPV-ის 30-ზე მეტმა შტამმა შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის სასქესო ორგანოებზე. ეს მოიცავს როგორც დაავადების უვნებელ ფორმებს, ისე — ზოგიერთ მაღალი რისკის შემცველ შტამებს, რომლებიც შეიძლება სიმსივნეში გადაიზარდოს.
ზოგადად, HPV დიდ რისკს უქმნის ქალებს, რადგან, შესაბამისი მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში, ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი რისკის შემცველი შტამები შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოში გადაიზარდოს.
როგორც წესი, ეს დაავადება ნაკლებ რისკს წარმოადგენს მამაკაცებისთვის. მათ შემთხვევაში HPV-მ შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭები, თუმცა ინფექციების უმეტესობა თავისთავად გადის. ამასთან, მამაკაცებში ადამიანის პაპილომა ვირუსმა შეიძლება განაპირობოს ასოს, ანუსის, თავისა და კისრის კიბო, თუმცა სიმსივნის ეს ფორმები იშვიათია.
HPV შეიძლება ადამიანებს შორის კანის კანთან კონტაქტით გავრცელდეს.
რა სიმპტომები ახასიათებს HPV-ს?
პაპილომები, რომლებიც ზემოქმედებს სასქესო ორგანოებზე, ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებს. მათი გამოჩენის შემთხვევაში კი, ვირუსის ყველაზე გავრცელებული ნიშანი არის მეჭეჭები სასქესო ორგანოზე (კონდილომები). გენიტალური მეჭეჭები არის უხეში, ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავსი წანაზარდები, რომლებიც კანზე იზრდება. ისინი შეიძლება დაბალი რისკის შემცველი HPV-ით დაინფიცირებიდან კვირების, თვეების ან წლების შემდეგაც კი გამოჩნდეს. კონდილომები გადამდებია (როგორც ყველა სახის HPV). მათ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ქავილი.
HPV-ის მაღალი რისკის შემცველი ფორმები ხშირად არ იწვევს სიმპტომებს მანამ, სანამ ისინი სიმსივნეში არ გადაიზრდება.
გენიტალურმა მეჭეჭებმა შეიძლება ქალებში შემდეგი სიმპტომები გამოიწვიოს:
- ემოციური პრობლემები;
- დისკომფორტი და ტკივილი სასქესო ორგანოს მიდამოში;
- ქავილი და წვა საშოს მიდამოში.
როგორ მკურნალობენ ადამიანის პაპილომა ვირუსს?
არ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც HPV-ს სრულად გააქრობს. მასთან დაკავშირებული დაავადებების მურნალობა კი ქსოვილების დესტრუქციის მეთოდით არის შესაძლებელი. გენიტალური მეჭეჭების მკურნალობა მათ მოშორებას გულისხმობს, ხოლო საშვილოსნოს ყელის შემთხვევაში ეს დამოკიდებულია მისი დაზიანების ხარისხზე.
როგორ შეიძლება HPV-ის პრევენცია?
ადამიანის პაპილომა ვირუსის პრევენციისთვის შეგიძლიათ, შემდეგ მეთოდებს მიმართოთ:
- გაიკეთეთ HPV ვაქცინა მანამ, სანამ სექსუალურად აქტიურ ცხოვრებას დაიწყებთ;
- რეგულარულად ჩაიტარეთ ტესტი HPV-ზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ;
- ყოველთვის დაიცავით თავის სექსის დროს.
რა არის მარტივი ჰერპესის ვირუსი?
მარტივი ჰერპესის ვირუსი (HSV) წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომლის გადაცემაც შესაძლებელია როგორც სქესობრივი კონტაქტით, ისე დაავადებულის ტუჩსაცხის საშუალებით ან მისი ჭურჭლის გამოყენებით.
ამ ვირუსის ორი ტიპი არსებობს: HSV-1 და HSV-2.
რა სიმპტომები ახასიათებს მარტივი ჰერპესის ვირუსს?
ვირუსით გამოწვეული სიმპტომები ჩნდება რამდენიმე დღიდან 1-2 კვირამდე პერიოდში. ზოგადად მარტივი ჰერპესის ვირუსი ხშირად ვლინდება, შემდეგ კი ქრება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ბუშტუკოვანი გამონაყარი სასქესო ორგანოზე (გენიტალური ჰერპესი);
- ბუშტუკოვანი გამონაყარი სახეზე, ენაზე და ტუჩებზე (ორალური ჰერპესი);
- ქავილი, გაღიზიანება, წვა და ტკივილი სასქესო მიდამოებში;
- კუნთების ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- ცხელება;
- გამონადენი საშოდან;
- სასქესო ორგანოს გაწითლება და შეშუპება;
- შესაძლოა ლიმფური კვანძების შეშუპებაც.
როგორ მკურნალობენ HSV-ს?
ჰერპესის სამკურნალოდ ექიმი ნიშნავს მის დამთრგუნავ ანტივირუსულ მედიკამენტებს. გარდა ამისა, საჭიროა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ მკურნალობას შეუძლია ჰერპესის სიმპტომების შემცირება, თუმცა მისი სრულად განკურნების გზა არ არსებობს.
როგორ შეიძლება მარტივი ჰერპესის ვირუსის პრევენცია?
ამ დაავადების პრევენციისთვის შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ:
- მოერიდეთ ახლო კონტაქტს ადამიანებთან, რომლებსაც HSV ვირუსი აქვთ;
- რეგულარულად ჩაიტარეთ ტესტი მარტივი ჰერპესის ვირუსზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ;
- ყოველი სექსუალური კავშირის დროს დამცავი საშუალებები გამოიყენეთ.
რა არის აივ ინფექცია/შიდსი?
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსი) იწვევს. აივ ინფექცია ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას T-უჯრედების (იმუნურ სისტემას მიკრობებთან ბრძოლაში ეხმარება და ადამიანს დაავადებისგან იცავს) განადგურებით მანამ, სანამ ავადმყოფისთვის მცირე დაავადებებთან გამკლავებაც კი შეუძლებელი გახდება.
ადამიანს შეიძლება ეს ინფექცია ჰქონდეს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე. ტესტირების ჩატარება და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება ხანგრძლივი ცხოვრების საუკეთესო შანსს იძლევა.
აივ ინფექციის გადადება შეიძლება ინფიცირებული ადამიანის სისხლით, სპერმით, ვაგინალური სითხეებით, დედის რძით და რექტალური სითხეებით. აივით შეიძლება დაინფიცირდეს როგორც კაცი, ისე — ქალი, ამასთან ვირუსის გამავრცელებელიც შეიძლება ორივე სქესის წარმომადგენელი იყოს.
ვირუსი შეიძლება ადამიანის ორგანიზმში პირის ღრუს, ასოს, ანუსის, საშოს ან ჭრილობის მეშვეობით აღმოჩნდეს. ის ვერ გაივლის თქვენს კანში, თუ ჭრილობა არ გაქვთ. საგულისხმოა, რომ აივ ინფექციით დაავადებულმა ორსულებმა შეიძლება ნაყოფიც დააინფიცირონ.
როგორია აივ ინფექციის განვითარების ეტაპები?
აივ ინფექციის განვითარების სამი ეტაპი არსებობს:
მწვავე აივ ინფექცია
ზოგიერთ ადამიანს აივ ინფექციით დაავადებიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ გრიპის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება. ეს ნიშნები ხშირად ერთი კვირიდან ერთ თვემდე პერიოდში ქრება.
ქრონიკული სტადია
მწვავე სტადიის შემდეგ, შესაძლოა აივ ინფექცია ადამიანს მრავალი წლის განმავლობაში ავადმყოფობის შეგრძნების გარეშე ჰქონდეს. გაითვალისწინეთ, რომ დაავადებულს შეუძლია, ინფექცია სხვებზე გაავრცელოს მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობს.
შიდსი
შიდსი აივ ინფექციის ყველაზე სერიოზული ეტაპია. ამ სტადიაზე მას უკვე საგრძნობლად შესუსტებული აქვს ადამიანის იმუნური სისტემა და სხვა ინფექციებით დაავადების შანსებიც გაზრდილია.
რა სიმპტომები ახასიათებს აივ ინფექციას?
ამ დაავადების სიმპტომები ძირითადად ორივე სქესისთვის ერთნაირია. თუმცა შეიძლება, გარკვეული განსხვავებები არსებობდეს. მაგალითად, ქალები უფრო მეტად განიცდიან სოკოვან ინფექციებს და მენსტრუაციის პერიოდების ცვლილებას. მამაკაცებს კი შეიძლება გამოუვლინდეთ ერექციის პრობლემები, სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა და სწორი ნაწლავის ანთება (პროქტიტი).
ორივე სქესის ადამიანებში, მკურნალობის უგულებელყოფის და დაავადების განვითარების შემთხვევაში, შეიძლება შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს:
- ცხელება;
- თავის ტკივილი;
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
- შეშუპებული ჯირკვლები და ლიმფური კვანძები;
- ღამის ოფლიანობა;
- წონაში კლება;
- დიარეა;
- ყელის ტკივილი და წყლულები პირის ღრუში;
- გამონაყარი.
როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
ამჟამად აივ ინფექციის განკურნების საშუალება არ არსებობს, თუმცა ხელმისაწვდომია მკურნალობის მრავალი ვარიანტი, რომელსაც მისი პროგრესირების მნიშვნელოვნად შენელება შეუძლია.
აივ ინფექციას მკურნალობენ მედიკამენტების (აბების) კომბინაციით, რომლებიც ყოველდღიურად ორალური სახით მიიღება. ტაბლეტების ამ კომბინაციას ანტირეტროვირუსულ თერაპიას (ART) უწოდებენ.
აბების კომბინაციის მიღება ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აივ ინფექციის გამრავლებისთვის ხელის შესაშლელად და მისგან ადამიანის უჯრედების დასაცავად.
როგორ შეიძლება აივ ინფექციის პრევენცია?
აივ ინფექციის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ, შემდეგი ნაბიჯები გადადგათ:
- დაიცავით თავი ნებისმიერი სახის სქესობრივი კავშირის დროს;
- არ გამოიყენოთ ცხოველური პროდუქტებისგან დამზადებული პრეზერვატივი (როგორის არის, მაგალითად, ცხვრის ტყავი);
- გამოიყენეთ წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტები;
- არასოდეს გაუზიაროთ ვინმეს ნემსი;
- რეგულარულად ჩაიტარეთ ტესტი აივ ინფექციაზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ.
რა არის B ჰეპატიტი?
B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ღვიძლს აზიანებს. ის იწყება, როგორც მწვავე ინფექცია, რომელიც, ჩვეულებრივ, ხანმოკლეა. მაგრამ ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში B ჰეპატიტი იქცევა ქრონიკულ ინფექციად, რომელიც არასოდეს ქრება.
ამ ინფექციის გავრცელება შესაძლებელია როგორც სქესობრივი გზით, ისე — სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების საშუალებით.
როგორია ამ დაავადების სიმპტომები?
სიმპტომები ყველას არ აქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაავადებული ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში გადამდებია.ამასთან, მამაკაცებსა და ქალებს, როგორც წესი, B ჰეპატიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, მაგრამ ისინი განიცდიან განსხვავებულ გართულებებს ღვიძლის დაზიანების ან მისი უკმარისობის შემთხვევაში. ინფექციის ტიპური სიმპტომებია:
- ცხელება;
- მადის დაკარგვა;
- გულისრევის შეგრძნება და ღებინება;
- მუცლის ტკივილი;
- სისუსტე და დაღლილობა;
- სახსრების ტკივილი.
ინფიცირებულს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეს ღვიძლის დაავადების სიმპტომები, მათ შორის:
- სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის (სკლერა) გაყვითლება);
- მუქი ფერის შარდი;
- ღია ან თიხის ფერის განავალი;
- მუცლის ან ხელებისა და ფეხების შეშუპება.
როგორ მკურნალობენ B ჰეპატიტს?
B ჰეპატიტის მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის ფორმაზე. დაავადების მწვავე ფორმის შემთხვევაში, რომელიც 6 თვეზე ნაკლებ დროს მოიცავს, შეიძლება მკურნალობა არ დაგჭირდეთ და ამის ნაცვლად ექიმმა დასვენება, საკმარისი სითხის მიღება და ჯანსაღი კვება გირჩიოთ. მძიმე შემთხვევებში ჩნდება ანტივირუსული მედიკამენტების მიღებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება.
ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულთა უმეტესობას სიცოცხლის ბოლომდე მკურნალობა უწევს. ეს იწვევს ღვიძლის დაავადებების განვითარების რისკების შემცირებას და ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. ამ ფორმის B ჰეპატიტის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გულისხმობდეს ანტივირუსული მედიკამენტების მიღებას, ინტერფერონის ინიექციებს ან სულაც ღვიძლის გადანერგვას.
როგორ შეიძლება ამ დაავადების პრევენცია?
B ჰეპატიტის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- ყოველთვის დაიცავით თავი ნებისმიერი სექსუალური კონტაქტის დროს;
- არავის გაუზიაროთ პერსონალური ნივთები, რომლებსაც შეიძლება შეხება ჰქონდეს სისხლთან;
- რეგულარულად ჩაიტარეთ ტესტი B ჰეპატიტზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ;
- თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ინფიცირებული იყოთ, შეგიძლიათ რისკი 24 საათის განმავლობაში ვაქცინის და B ჰეპატიტის იმუნოგლობულინის დოზის მიღებით შეამციროთ.
ამ დაავადების პრევენციისთვის რეკომენდებულია ვაქცინაცია:
- ახალშობილებისთვის;
- ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც დაბადებისას არ აუცრიათ;
- ღვიძლის ქრონიკული დაავადების მქონდე ადამიანებისთვის;
- B ჰეპატიტის მქონე პირის პარტნიორებისთვის;
- ადამიანებისთვის, რომლებიც B ჰეპატიტით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში გეგმავენ მოგზაურობას.
რა არის მიკოპლაზმოზი?
მიკოპლაზმა არის ბაქტერია, რომელიც იწვევს ინფექციებს სხეულის სხვადასხვა უბანში, მათ შორის სასუნთქ, საშარდე და სასქესო ტრაქტებში. მიკოპლაზმოზის გავრცელება ხშირად ხდება დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს. ამასთან, შესაძლოა მისით ადამიანი აუზებსა და აბანოებში სტუმრობისასაც დაავადდეს.
გარდა ამისა, მიკროპლაზმოზი შეიძლება დედიდან ნაყოფს ორსულობის ან მშობიარობის დროს გადაეცეს.
რა სიმპტომები ახასიათებს მიკოპლაზმოზს?
მიკოპლაზმოზით დაავადების შემთხვევაში შეიძლება ქალებში შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს:
- გამონადენი საშოდან ;
- ქავილი და წვა სასქესო ორგანოს არეში;
- ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
- დისკომფორტი შარდვისა და სქესობრივი კონტაქტის დროს.
მამაკაცებში:
- ტკივილი და წვა შარდვისას;
- გამონადენი შარდსადენი მილიდან;
- შენელებული და გართულებული შარდვა;
- პოტენციის დაქვეითება.
როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ანტიბიოტიკი მიკოპლაზმის ბაქტერიების წინააღმდეგ არაეფექტიანია, ექიმის მითითებების შესაბამისად მიღების შემთხვევაში მათ აღმოფხვრაში მაკროლიდების კლასის ანტიბიოტიკები დაგეხმარებათ. მათ შორის არის: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, აზითრომიცინი, დოქსიციკლინი.
მიკოპლაზმური ინფექციების ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება დამოუკიდებლად აღმოიფხვრას, ამიტომ მკურნალობა ყოველთვის არ არის საჭირო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მსუბუქი სიმპტომები გაქვთ. თუ ეჭვი გაქვთ ინფექციაზე, დაუკავშირდით ექიმს, რათა თქვენთვის შესაფერის მკურნალობის ვარიანტებს გაეცნოთ.
როგორ შეიძლება მიკოპლაზმოზის პრევენცია?
მიკოპლაზმის ინფექციის თავიდან ასაცილებლად ვაქცინა არ არსებობს, ამავდროულად, ეს ბაქტერია ძალიან გადამდებია. მისგან საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად კი შეგიძლიათ, შემდეგი ზომები მიიღოთ:
- დაიცავით ჰიგიენა ხელების ხშირად და საფუძვლიანად დაბანით;
- როგორც ხველებისას, ისე ცემინებისას დაიფარეთ პირი და ცხვირი;
- დარჩით სახლში, თუ ავად ხართ, ან გაიკეთეთ პირბადე, რათა დაავადების გავრცელება თავიდან აიცილოთ;
- მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკები ინსტრუქციის მიხედვით;
- რეგულარულად ჩაიტარეთ ტესტი მიკოპლაზმოზზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ;
- დანერგეთ უსაფრთხო სექსის პრაქტიკა ნებისმიერი გენიტალური სიმპტომის შესახებ საუბრით, პარტნიორების რაოდენობის შეზღუდვითა და სქესობრივი აქტის დროს თავდაცვის საშუალებების გამოყენებით.
რა არის ურეაპლაზმა?
ურეაპლაზმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ცოცხალი ორგანიზმია და მისი დანახვა მიკროსკოპითაც კი შეუძლებელია.
როგორც წესი, ურეაპლაზმა წარმოადგენს ადამიანის ნორმალური მიკროფლორის ნაწილს, თუმცა გარკვეულ პირობებში მისმა ზედმეტად გამრავლებამ შეიძლება ინფექციური პროცესები გამოიწვიოს.
ურეაპლაზმა ჩვეულებრივ გადადის სქესობრივი კონტაქტით. ის ძალიან ხშირია სექსუალურად აქტიურ ზრდასრულებში. მას შეუძლია, ორგანიზმში საშოს ან შარდსადენის მეშვეობით მოხვდეს.
საგულისხმოა, რომ ურეაპლაზმა ასევე შეიძლება დედიდან შვილს გადაეცეს. როგორც წესი, ინფექცია ქრება რამდენიმე თვეში, ამასთან ის იშვიათია ბავშვებსა და სექსუალურად არააქტიურ ზრდასრულებში.
რა სიმპტომები ახასიათებს ამ სამედიცინო მდგომარეობას?
ურეაპლაზმური ინფექცია შარდსადენის ანთების (ურეთრიტი) შესაძლო მიზეზია. როგორც მამაკაცებმა, ისე ქალებმა შეიძლება განიცადონ ურეთრიტის შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი შარდვის დროს;
- წვის შეგრძნება;
- გამონადენი.
ამასთან, ურეაპლაზმა ბაქტერიული ვაგინოზის შესაძლო მიზეზიცაა. მისი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- წყლიან ვაგინალურ გამონადენს;
- უსიამოვნო ვაგინალურ სუნს.
საგულისხმოა, რომ ურეაპლაზმური ინფექციის მქონე ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ უვლინდება რაიმე სიმპტომი.
ურეაპლაზმამ ასევე შეიძლება გაზარდოს სხვა სამედიცინო მდგომარეობების რისკი. მათ შორის არის:
- კენჭები თირკმელში;
- ნაადრევი მშობიარობა;
- რესპირატორული დაავადებები ახალშობილებში.
როგორ მკურნალობენ ურეპლაზმურ ინფექციას?
როგორც წესი, მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკების კურსს. ურეაპლაზმური ინფექციისთვის სასურველი ანტიბიოტიკებია აზითრომიცინი ან დოქსიციკლინი. თუ ამ მედიკამენტებმა პაციენტზე არ იმოქმედა, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა ტიპის ანტიბიოტიკი, რომელსაც ფტორქინოლონები ეწოდება.
როგორ შეიძლება ამ ინფექციის პრევენცია?
ურეაპლაზმური ინფექციით დაავადების შანსების შემცირებაში დაგეხმარებათ შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
- ნებისმიერი სექსუალური კონტაქტის დროს თავი დაიცავით;
- შეზღუდეთ პარტნიორების რაოდენობა;
- რეგულარულად ჩაიტარეთ ტესტი ურეაპლაზმურ ინფექციაზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ.
რა არის ბაქტერიული ვაგინოზი?
ბაქტერიული ვაგინოზი ვაგინალური ინფექციაა, რომელიც ბაქტერიების ჭარბი ზრდით არის გამოწვეული. ყველა ჯანსაღი საშო შეიცავს ბაქტერიებს და, როგორც წესი, ისინი ერთმანეთს აბალანსებს. ხანდახან „ცუდი“ ბაქტერიები ზედმეტად მრავლდება და „კარგების“ რაოდენობას აჭარბებენ. ეს კი საშოში ბაქტერიების ბალანსს არღვევს და ბაქტერიულ ვაგინოზს იწვევს.
საგულისხმოა, რომ ბაქტერიული ვაგინოზი არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, მაგრამ სექსუალურმა აქტივობამ შეიძლება ინფექციის გამოვლენის რისკი გაზარდოს.
რა სიმპტომებით ხასიათდება ეს ინფექცია?
ბაქტერიული ვაგინოზის მქონე ადამიანების 84%-ს ამ სამედიცინო მდგომარეობასთან დაკავშირებული სიმპტომები არ აღენიშნება. თუმცა ამ ინფექციით დაავადების შემთხვევაში შეიძლება შემდეგი ნიშნები გქონდეთ:
- თეთრი, ნაცრისფერი ან მომწვანო ფერის ვაგინალური გამონადენი;
- თევზის მსგავსი სუნის მქონე ვაგინალური გამონადენი, განსაკუთრებით სექსუალური აქტის შემდეგ;
- ვაგინალური ქავილი ან გაღიზიანება;
- წვის შეგრძნება მოშარდვისას.
როგორ მკურნალობენ ბაქტრიულ ვაგინოზს?
ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს, როგორც წესი, მეტრონიდაზოლის კრემს ან კლინდამიცინს. ეს მედიკამენტები გელის ან კრემის სახით არის ხელმისაწვდომი და მათი დატანა ხდება საშოს შიგნით. ზოგიერთი ანტიბიოტიკი აბების სახითაც იყიდება და მათი მიღება შეგიძლიათ პერორალურად.
მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის კურსი დაასრულოთ და ექიმის მითითებების მიხედვით იმოქმედოთ. ანტიბიოტიკების მიღების ადრეულ ეტაპზე შეწყვეტა, მხოლოდ იმიტომ, რომ სიმპტომები გაქრა, ბაქტერიული ვაგინოზის ხელახლა გაჩენის რისკს ზრდის.
როგორ შეიძლება ამ ინფექციის პრევენცია?
ბაქტერიული ვაგინოზის თავიდან აცილება შეუძლებელია, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი სიფრთხილის ზომების მიღებამ შეიძლება მისით დაავადების რისკები შეამციროს:
- არ მიმართოთ საშოს გამორეცხვის პროცედურებს — ეს ბუნებრივ ვაგინალურ ბალანსს არღვევს, რაც შეიძლება ინფექციის გამომწვევი გახდეს;
- მოერიდეთ ვაგინალურ კონტაქტს ყველაფერთან, რაც თქვენს ანუსს შეეხო;
- შეზღუდეთ სექსუალური პარტნიორების რაოდენობა;
- თავი დაიცავით ნებისმიერი სექსუალური კონტაქტის დროს;
- შეამცირეთ ვაგინალური გაღიზიანება;
- ატარეთ მთლიანად ბამბის ან მისი სარჩულის მქონე საცვლები.
რა არის დონოვანოზი, ანუ ვენერული გრანულომა?
დონოვანოზი არის თქვენი სასქესო ორგანოების ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ძირითადად სქესობრივი კონტაქტით, იშვიათ შემთხვევებში კი მის გარეშეც გადადის.
ვენერული გრანულომა შეიძლება გადაედოს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ვაგინალური ან ანალური სქესობრივი კავშირი აქვს ამ დაავადების მქონე პარტნიორთან.
იშვიათ შემთხვევებში ეს ბაქტერია შეიძლება გავრცელდეს:
- ორალური სექსით;
- კანის კანთან კონტაქტით სქესობრივი კავშირის გარეშე.
ვენერული გრანულომა იწვევს წყლულებს სასქესო ორგანოებზე და მკურნალობის გარეშე ეს სამედიცინო მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდება. დონოვანოზმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურები სასქესო ორგანოებზე, ქრონიკული ანთება და ზოგჯერ სიმსივნეც.
როგორია ვენერული გრანულომის სიმპტომები?
როგორც წესი, ვენერული გრანულომის სიმპტომები ინფიცირებიდან 1-დან 12 კვირამდე პერიოდში ვლინდება. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ეს ერთი წლის განმავლობაშიც არ მოხდეს.
დონოვანოზის პირველი სიმპტომია უმტკივნეულო წითელი მუწუკი (დაზიანება ან წყლული) სასქესო ორგანოზე ან მის მახლობლად.
მუწუკი ნელ-ნელა იზრდება და შემდეგ იშლება ცუდი სუნის მქონე წყლულებად, რომლებიც შეიძლება მტკივნეული იყოს.
როგორც წესი, მამაკაცებს ეს წყლულები უჩნდებათ საზარდულის, ბარძაყისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის გარე ნაწილებზე, მათ შორის:
- სასქესო ასოზე;
- სათესლის პარკზე.
ქალებს კი ჩვეულებრივ ასეთი წყლულები აღენიშნებათ რეპროდუქციული სისტემის ნაწილებზე, მათ შორის:
- ვაგინაზე;
- ვულვაზე.
ანალური ან ორალური სქესობრივი კავშირის შემთხვევაში, ეს წყლულები შეიძლება, შესაბამისად, ანუსზე ან დუნდულებზე და პირის გარშემო გაჩნდეს.
როგორ მკურნალობენ დონოვანოზს?
ვენერული გრანულომის სამკურნალოდ ექიმი, როგორც წესი, ნიშნავს ანტიბიოტიკებს, რომლებიც პაციენტმა მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია მკურნალობის სრული კურსის ჩატარება. ექიმმა ასევე შეიძლება პაციენტს კუნთში ან ვენაში ანტიბიოტიკის ინიექცია გაუკეთოს.
როგორ შეიძლება ვენერული გრანულომის პრევენცია?
დონოვანოზის პრევენციაში შემდეგი მეთოდები დაგეხმარებათ:
- მოერიდეთ დაუცველ სექსს;
- რეგულარულად ჩაიტარეთ ტესტი ვენერულ გრანულომაზე და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ;
- შეზღუდეთ სექსუალური პარტნიორების რაოდენობა.
რა არის შანკროიდი, ანუ რბილი შანკრი?
შანკროიდი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება. მართალია, ის ძალიან გადამდები, თუმცა განკურნებადია. ადამიანებს შორის რბილი შანკრის გადაცემა ორი გზით ხდება. პირველი არის სქესობრივი კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც აქვს ღია წყლულები. მეორე გზა კი გულისხმობს წყლულებისგან წარმოქმნილი ჩირქოვანი სითხის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას სხვა სახის ფიზიკური კონტაქტით. თუ შანკროიდული წყლულების მქონე დაავადებული ჯერ მათ, შემდეგ კი სხვა ადამიანს შეეხება, ამით შეიძლება ეს უკანასკნელი დააინფიციროს.
რა სიმპტომები ახლავს თან შანკროიდს?
შანკროიდის საინკუბაციო პერიოდი დაახლოებით 3-7 დღეს შეადგენს. მისი სიმპტომებია:
- მტკივნეული მუწუკები სასქესო ორგანოების კანზე;
- წყლულები, რომლებიც ამ მუწუკებისგან ვითარდება;
- გაწითლებული და ბზინვარე კანი წყლულებზე;
- ჩირქისა და ინფექციური სითხის გაჟონვა;
- ამ წყლულების უფრო დიდ არეალებზე გავრცელება.
ქალებმა შეიძლება ეს წყლულები საერთოდ ვერ შეამჩნიონ, მაგრამ შესაძლოა, მათ ტკივილი გამოიწვიოს მამაკაცებში.
როგორ მკურნალობენ რბილ შანკრს?
თუ შანკროიდი გაქვთ და მას არ მკურნალობთ, სავარაუდოდ, წყლულები თავისთავად გაქრება ერთ ან ორ თვეში. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩირქოვანი რბილი ქსოვილების ინფექციის — ლიმფადენიტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით.
შანკროიდის სამკურნალოდ კი ექიმი, როგორც წესი, ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიბიოტიკებიდან ერთ-ერთ დაგინიშნავთ:
როგორ შეიძლება შანკროიდის პრევენცია?
არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლის გამოყენებას შეგიძლიათ რბილი შანკრის განვითარების რისკის შესამცირებლად, მათ შორის:
- სექსუალური კავშირი მხოლოდ ერთ არაინფიცირებულ პარტნიორთან;
- უსაფრთხო სექსის პრაქტიკის დანერგვა.
რა არის რეიტერის სინდრომი, ანუ რეაქტიული ართრიტი?
რეიტერის სინდრომი წარმოადგენს ანთებითი ართრიტის იშვიათ, დროებით ფორმას, რომელიც ბაქტერიული ინფექციით არის გამოწვეული. ის განაპირობებს ტკივილსა და უძრაობას სახსრებში, განსაკუთრებით ქვედა ტანში. რეიტერის დაავადებას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაღლილობა და სიმპტომები სხეულის სხვა ქსოვილებში, როგორებიც არის თვალები და კანი. თუმცა, ართრიტის ტიპების უმეტესობისგან განსხვავებით, ეს არ არის უწყვეტი მდგომარეობა და, როგორც წესი, ერთ წელზე ნაკლებ ხანს გრძელდება.
რეაქტიული ართრიტი ვლინდება მაშინ, როდესაც ინფექცია საშარდე გზებში, სასქესო ორგანოებში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში ან ყელში იმუნური სისტემის უჩვეულო რეაქციას იწვევს. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ინფექციებთან საბრძოლველად ანთებას წარმოქმნის. თუმცა რეიტერის სინდრომის შემთხვევაში, იმუნური სისტემა აგზავნის ანთებას ორგანიზმის იმ ნაწილში, სადაც ინფექცია არასდროს ყოფილა.
რეაქტიული ართრიტი არ წარმოადგენს გადამდებ დაავადებას. თუმცა, ამ სამედიცინო მდგომარეობის გამომწვევი ბაქტერიები შეიძლება გადაეცეს სქესობრივი კონტაქტით ან საკვების მეშვეობით. ამ ბაქტერიებით ინფიცირებულ პირებს შორის მხოლოდ მცირეოდენ ნაწილს უვითარდება რეაქტიული ართრიტი.
რეიტერის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ბაქტერიებმა:
- ქლამიდია;
- გონორეა;
- სალმონელა;
- შიგელა;
- კამპილობაქტერია;
- იერსინია;
- მიკოპლაზმა;
- კლოსტრიდიუმ დიფიცილე;
- სტრეპტოკოკი.
რა სიმპტომებით ხასიათდება რეიტერის სინდრომი?
რეაქტიული ართრიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სახსრების ტკივილი და უძრაობა, განსაკუთრებით:
- ზურგის ქვედა ნაწილში;
- მუხლებში;
- კოჭებში;
- ფეხებში.
თუმცა დაავადებულს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეს სხვა სიმპტომი, მათ შორის:
- თვალის ტკივილი შეშუპებით და სიწითლით;
- კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორებიც არის კუჭის ტკივილი და დიარეა;
- ხშირი შარდვა და ტკივილი მოშარდვისას;
- კანის ანთებითი გამონაყარი და წყლულები პირის ღრუში;
- აქილევსის მყესის ანთება (ტენდინიტი) და ქუსლის ტკივილი;
- სახსრების შეშუპება, განსაკუთრებით ხელისა და ფეხის თითების არეში;
- გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორებიც არის ცხელება, დაღლილობა და სხეულის ტკივილი.
როგორ მკურნალობენ რეაქტიულ ართრიტს?
რეაქტიული ართრიტის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ექიმის მიერ შემდეგი ტიპის მედიკამენტების დანიშვნას:
- ანტიბიოტიკები;
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
- დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატიული პრეპარატები;
- კორტიკოსტეროიდები.
როგორ შეიძლება რეიტერის სინდრომის პრევენცია?
რეაქტიული ართრიტის თავიდან აცილებისთვის შეგიძლიათ, შეამციროთ ბაქტერიების ზემოქმედება, რომლებმაც შეიძლება ეს სამედიცინო მდგომარეობა გამოიწვიოს.
შეინახეთ საკვები სათანადო ტემპერატურაზე და კერძები სწორად მოამზადეთ — ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ მრავალი საკვები ბაქტერია (მათ შორის სალმონელა, შიგელა, იერსინია და კამპილობაქტერია), რომელმაც შეიძლება რეაქტიული ართრიტი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ვინაიდან ამ სამედიცინო მდგომარეობის გამომწვევი ბაქტერიები შეიძლება სქესობრივი კონტაქტითაც გავრცელდეს, მნიშვნელოვანია სექსის დროს თავის დაცვა.
რა არის ციტომეგალოვირუსი?
ციტომეგალოვირუსი (CMV) არის დაავადება, რომელსაც ადამიანი ჰერპესის ვირუსისგან იღებს. როგორც წესი, სიცოცხლის განმავლობაში ამ ვირუსით ბევრი ადამიანი ინფიცირდება, თუმცა მათი უმეტესობა სიმპტომებს საერთოდ არ, ან მცირე დოზით, განიცდის. საგულისხმოა, რომ ციტომეგალოვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.
ციტომეგალოვირუსის ადამიანებს შორის გადაცემის გავრცელებული გზებია:
- შარდთან და ნერწყვთან პირდაპირი კონტაქტით;
- სექსუალური კავშირის საშუალებით;
- ციტომეგალოვირუსის აქტიური ინფექციით დაავადებული ქალის მიერ ბავშვის ძუძუთი კვების გზით;
- სისხლის გადასხმის ან ორგანოს გადანერგვის საშუალებით.
რა სიმპტომები ახლავს თან ამ დაავადებას?
ციტომეგალოვირუსის სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
- როგორი იმუნური სისტემა აქვს ინფიცირებულ ადამიანს — ჯანსაღი, თუ დაქვეითებული;
- ინფექცია თანდაყოლილია, თუ შემდეგ ვლინდება.
სიმპტომები ჯანსაღი იმუნური სისტემის შემთხვევაში
ჯანსაღი იმუნური სისტემის მქონე ადამიანების უმეტესობას არ აღენიშნება ციტომეგალოვირუსის სიმპტომები. შესამჩნევი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ადამიანებს ხშირად აქვთ CMV მონონუკლეოზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს:
- უკიდურესი დაღლილობა;
- კუნთების ტკივილი;
- ოფლიანობა;
- თავის ტკივილი;
- ყელის ტკივილი;
- ლიმფური კვანძების გადიდება;
- გამონაყარი.
სიმპტომები დაქვეითებული იმუნური სისტემის შემთხვევაში
თუ თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია, შესაძლოა ციტომეგალოვირუსით დაავადდეთ ან ხელახლა გააქტიურდეს ადრე გადატანილი ინფექცია, როდესაც თქვენი სხეული მის წინააღმდეგ ბრძოლას ვეღარ ახერხებს. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რომელ ნაწილს აინფიცირებს ვირუსი და შეიძლება მოიცავდეს:
- ცხელებას;
- დაღლილობას;
- CMV პნევმონიტი (ქოშინი, ხველა, კუნთების ტკივილი, სისუსტე);
- CMV რეტინიტი (ბუნდოვანი ხედვა ან მხედველობის დაკარგვა);
- CMV გასტრიტი ან კოლიტი (კუჭის ტკივილი, სისხლი განავალში, გულისრევა, ღებინება, დიარეა);
- CMV ენცეფალიტი (კრუნჩხვები, თავის ტკივილი, დაბნეულობა).
თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსის სიმპტომები
თანდაყოლილი CMV წარმოადგენს შემთხვევას, როდესაც ვირუსი ორსული ქალისგან ნაყოფზე გადადის. ზოგიერთ ახალშობილს დაბადებისას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, მაგრამ გარკვეული ნიშნები მოგვიანებით ვითარდება. დაბადებისას გამოვლენილი სიმპტომები მოიცავს:
- დაბალი წონა დაბადებისას ან წონაში ნორმალურად მატების პრობლემა;
- ანემია;
- მოყვითალო კანი და თვალები;
- სისხლის წითელი ლაქები კანის ქვეშ, რომელიც გამონაყარს ჰგავს;
- გადიდებული ღვიძლი;
- გადიდებული ელენთა;
- მცირე ზომის თავი;
- კრუნჩხვები;
- სმენის დაქვეითება;
- შეფერხებები ან განსხვავებები მოტორული უნარების განვითარებაში.
როგორ მკურნალობენ ციტომეგალოვირუსს?
ამ დაავადების სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც აბების სახით მიიღება ან ვენაში კეთდება. როგორც წესი, ექიმები ციტომეგალოვირუსს მკურნალობენ იმ ადამიანებში, რომლებსაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ ან ჩვილებში, რომლებიც ამ სამედიცინო მდგომარეობით იბადებიან. ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში CMV ჩვეულებრივ მკურნალობის გარეშე ქრება.
საგულისხმოა, რომ ანტივირუსული მედიკამენტები უკვე მიყენებული ზიანს ვერ აღმოფხვრის. ამასთან, მათ შეუძლია ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შემცირება ციტომეგალოვირუსით დაბადებულ ჩვილებში, მაგრამ, შესაძლოა, საფრთხეების სრულად აღკვეთა ვერ მოხერხდეს.
გაითვალისწინეთ, რომ მაშინაც კი, თუ ციტომეგალოვირუსით დაავადებულ პაციენტს ჯანსაღი იმუნური სისტემა აქვს, სიმპტომები შეიძლება მაინც დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. შესაძლოა, დაავადებულმა რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე იგრძნოს დაღლილობა ან სისუსტე.
როგორ შეიძლება ამ დაავადების პრევენცია?
ორსულებს და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, CMV-ის რისკი სხვა ადამიანების სხეულის სითხეებთან კონტაქტის თავიდან აცილების გზით შეამცირონ. ამ დაავადების პრევენციისთვის შემდეგ მეთოდებს მიმართეთ:
- ნუ გაუზიარებთ ბავშვს საკვებს, ასევე ჩანგლებს, კოვზებს, ჭიქებს ან სხვა ჭურჭელს;
- არ ჩაიდოთ პირში ბავშვის საწოვარა;
- ბავშვისთვის საფენის გამოცვლის ან ბუნებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დახმარების შემდეგ ხელები თბილი წყლითა და საპნით დაიბანეთ;
- გამოიყენეთ პრეზერვატივი ორალური, ანალური ან ვაგინალური სექსის დროს, მაშინაც კი, თუ სქესობრივი კავშირი ყოველთვის ერთსა და ამისკენ თქვენს სექსუალურ პარტნიორსაც მოუწოდეთ.
გარდა ამისა, თუ ორგანო გადაინერგეთ, CMV-ის თავიდან ასაცილებლად ექიმმა შეიძლება ანტივირუსული მედიკამენტებით გიმკურნალოთ.
რა არის კანდიდოზი?
კანდიდოზი არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ადამიანის სხეულზე მობინადრე ერთ-ერთი საფუარის — კანდიდა ალბიკანსის (Candida albicans) ჭარბი ზრდით. კანდიდოზის ინფექცია ხშირად თავს იჩენს კანზე, საშოში ან პირში — იქ, სადაც კანდიდა ბუნებრივად არსებობს მცირე რაოდენობით.
თქვენს ორგანიზმში არსებული ჯანსაღი ბაქტერიები ხელს უშლის კანდიდას ჭარბ ზრდას. დაბალანსებული მდგომარეობა ნარჩუნდება მანამ, სანამ ის სტრესის, არასწორი კვების, იმუნური სისტემის დასუსტების ან უკონტროლო სამედიცინო მდგომარეობის გამო არ დაირღვევა. ჯანსაღ ბაქტერიებსა და კანდიდას შორის ბალანსის დარღვევის შემთხვევაში კანდიდოზის ინფექცია ჩნდება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს:
- ანტიბიოტიკების, სტეროიდების, ორალური კონტრაცეპტივების, პირის სიმშრალის გამომწვევი მედიკამენტების ან ჯანსაღი ბაქტერიების გამანადგურებელი პრეპარატების მიღება;
- სტრესი;
- ნახშირწყლების, შაქრის ან საფუარის მაღალი შემცველობის საკვების მიღება;
- უკონტროლო დიაბეტი, აივ ინფექცია, სიმსივნე ან დასუსტებული იმუნური სისტემა;
- ჰორმონალური ცვლილებები (ორსულობა).
როგორია ამ დაავადების ტიპები და მათი სიმპტომები?
ვინაიდან საფუარი ბუნებრივად ბინადრობს ადამიანის ორგანიზმში, არსებობს კანდიდოზის სხვადასხვა ტიპი, ინფექციის ლოკაციის მიხედვით. ესენია:
ვაგინალური კანდიდოზი: ეს გავრცელებული ინფექცია შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი კონტაქტის დროს გადაედოს. ვაგინალური კანდიდოზი იწვევს შემდეგ სიმპტომებს:
- ქავილის ან წვის შეგრძნება საშოში და ვულვაში;
- სქელი, თეთრი, ხაჭოს მსგავსი ვაგინალური გამონადენი;
- საშოსა და ვულვის სიწითლე და შეშუპება;
- მცირე ჭრილობები ან წვრილი ბზარები ვულვის კანზე;
- წვის შეგრძნება მოშარდვისას.
კანის კანდიდოზი: ინფექცია კანზე, რომლის მთავარი სიმპტომია გამონაყარი. ეს უკანასკნელი ხშირად იწვევს ძლიერ ქავილს. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფექციამ შეიძლება კანის დაბზარვა და ტკივილი გამოიწვიოს. ამასთან, შესაძლოა, კანზე ბუშტუკებიც გაჩნდეს.
ორალური კანდიდოზი: ინფექცია, რომელიც იწვევს თეთრ წყლულებს პირის ღრუში, ყელში, საყლაპავში ან ენაზე.
კანდიდა გრანულომა: მძიმე ქრონიკული ინფექცია, რომელიც მოიცავს კანს, პირს ან ფრჩხილებს.
ინვაზიური (სისტემური) კანდიდოზი: სერიოზული ინფექცია, რომელიც, იმუნური დეფიციტის შედეგად, ვლინდება მთელ სხეულში, ხშირად სისხლის ნაკადში, გულის ან თავის ქალის გარსზე.
საგულისხმოა, რომ კანდიდოზი შეიძლება მამაკაცის სასქესო ორგანოზეც მოხვდეს. მამაკაცის შემთხვევაში პენისის თავზე ამ ინფექციის განვითარების შანსი იზრდება მაშინ, თუ მას ვაგინალური კანდიდოზით დაავადებულ პარტნიორთან აქვს სქესობრივი კონტაქტი.
სიმპტომები კი ასეთია:
- წვა, ქავილი და გაღიზიანება პენისის თავის ირგვლივ და ჩუჩის ქვეშ;
- სქელი, თეთრი, ხაჭოს მსგავსი გამონადენი;
- უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი;
- ჩუჩის გადაწევის გაძნელება;
- მბზინავი წყლულები ან ბუშტუკები სასქესო ასოზე.
როგორ მკურნალობენ კანდიდოზს?
ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მკურნალობის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი კანდიდოზის იმ ტიპის მიხედვით, რომლითაც ხართ დაავადებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის პროცესი მოიცავს სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას, რომლებიც შეიძლება იყოს პერორალური, მაგალითად ტაბლეტი, ან ადგილობრივი (კრემი ან მალამო). თითოეულ ასეთ პრეპარატს სპეციფიკური ინსტრუქციები გააჩნია, ამიტომ ექიმს სთხოვეთ, ამ საკითხში საფუძვლიანად გაგარკვიოთ.
მაშინაც კი, თუ სიმპტომები მოსალოდნელზე ადრე გაქრება, უმჯობესია, ექიმის მიერ დადგენილ მკურნალობის გეგმას ბოლომდე მიჰყვეთ, რათა ინფექცია აღმოფხვრათ და მისი ხელახლა განვითარება თავიდან აიცილოთ.
როგორ შეიძლება ამ დაავადების პრევენცია?
კანდიდოზის პრევენცია შეგიძლიათ შემდეგი გზებით:
- სათანადოდ დაიცავით ფიზიკური და პირის ღრუს ჰიგიენა;
- კვების რაციონში შეამცირეთ არაჯანსაღი საკვები, როგორიც არის რაფინირებული ნახშირწყლები და შაქარი;
- მართეთ სტრესი;
- იმკურნალეთ მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობებზე, როგორებიც არის დიაბეტი, სიმსივნე ან აივ ინფექცია;
- ექიმს აცნობეთ თქვენ მიერ გამოყენებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებმაც შეიძლება, გვერდითი ეფექტის სახით, კანდიდოზი გამოიწვიოს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account