
შეშუპება ყელის არეში, ყლაპვის გაძნელება, ქავილის, ნაკაწრების შეგრძნება, წვა, ტკივილი — ალბათ თქვენც გამოგიცდიათ, თუ როგორი სიმპტომებით იწყება და მიმდინარეობს ყელის ტკივილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილი, განსაკუთრებით წელიწადის ცივი თვეების განმავლობაში, როდესაც რესპირატორული დაავადებები გახშირებულია.
შესაძლოა, ამ სიმპტომებს თბილი სასმელებითა და სუპებით ებრძვით, ან ექიმს მიმართავთ პრეპარატების რეკომენდაციებისთვის. ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება სწორედ ყელის ტკივილისა და პირის ღრუს სხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ — ორონორმის კომბინირებული სპრეია.
როგორია ორონორმის შედგენილობა და ფარმაკოლოგიური თვისებები
ანოტაციის მიხედვით, ორონორმი განმარტებულია როგორც ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება. მის შედგენილობაშია როგორც ბენზოკაინი, ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი, ცეტალკონიუმის ქლორიდი, ისე სხვა დამატაბითი კომპონენტები.
ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან ბენზოკაინი ადგილობრივი ანესთეტიკია, ხოლო ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი მოქმედებს, როგორც ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. კიდევ ერთი შემადგენელი ნივთიერება, ცეტალკონიუმის ქლორიდი მოქმედებს, როგორც ანტისეპტიკი.
ყელის ტკივილის გარდა, ჩვენებები, როდესაც ორონორმის სპრეის გამოყენება შეგიძლიათ, შემდეგია:
- სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება);
- გინგივიტი (ღრძილის ანთება);
- კბილის ამოღების თუ სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების დროს;
- პირის ღრუსა და ხახის სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.
ანოტაციის მიხედვით, ორონორმის სპრეი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირის ღრუს არომატიზატორი, პროფილაქტიკური ანტისეპტიკი, მაგალითად პირის ღრუს გასაწმენდად.
გამოყენების წესები და განსაკუთრებული მითითებები
ორონორმის მიღების წესი და დოზები, როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების, უნდა განგისაზღვროთ თქვენმა მკურნალმა ექიმმა. რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ყოველი გამოყენების წინ ორონორმის სპრეის ბალონი უნდა შეანჯღრიოთ. სპრეი არ უნდა მოგხვდეთ თვალებში.
ანოტაციის მიხედვით, მოზრდილებს შეუძლიათ, მიმართონ ორ შესხურებას ყოველ 2-3 საათში, მაგრამ 24 საათში არ უნდა გადააჭარბოთ 16 შესხურებას. ხოლო ბავშვების დოზად გაწერილია ერთი შესხურება ყოველ 2-3 საათში, 24 საათში კი არ უნდა გადააჭარბოთ 8 შესხურებას.
ანოტაციაში განსაზღვრულია, რომ პრეპარატის მიღება შესაძლებელია ბავშვებში 2 წლის ასაკიდან, ხოლო ორონორმის სპრეის გამოყენება არ არის რეკომენდებული ასაკოვან პაციენტებში, ყლაპვის შესაძლო გაძნელების რისკების ზრდის გამო.
ყურადღებით გაეცანით ორონორმის შედგენილობას, თუკი რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა, სპრეი არ უნდა გამოიყენოთ.
გვერდითი მოვლენის სახით შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქცია. გაითვალისწინეთ, რომ ორონორმის სპრეის მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში საკვების მიღება არ არის რეკომენდებული. ასევე, არ შეიძლება საღეჭი რეზინის დაღეჭვა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account