
ზოლაფრენი (Zolafren) არის მედიკამენტი, რომელიც შიზოფრენიის, ასევე საშუალო და მძიმე ხარისხის ბიპოლარული აშლილობებით განპირობებული დეპრესიული და მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ გამოიყენება.
ზოლაფრენი პერორალურად მიიღება და ის ხელმისაწვდომია ტაბლეტების სახით, რომლებიც შეიძლება იყოს 5 ან 10მგ-იანი.
როგორია ზოლაფრენის მიღების წესი და დოზირება?
ინსტრუქციის თანახმად, მედიკამენტი დღეში ერთხელ (სასურველია ერთსა და იმავე დროს) მიიღება და მას კვებასთან კავშირი არ აქვს.
ზრდასრულებისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 5-20მგ-ს შეადგენს, ხოლო 18 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში ზოლაფრენის ეფექტი შესწავლილი არ არის.
რა უკუჩვენებები აქვს ამ მედიკამენტს?
ზოლაფრენის ანოტაციის თანახმად, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
- მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა (ეს იმიტომ ხდება, რომ თვალის გაფართოებული ფერადი გარსი (ირისი) თვალში სითხის სწორად გადინებას ბლოკავს).
გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოლაფრენის გამოყენება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.
ორსულობის პერიოდში მედიკამენტის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ დედისთვის მისი აუცილებლობა უფრო მაღალია, ვიდრე ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციური რისკი. ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის მიღებისას კი ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გაითვალისწინეთ: ზოლაფრენის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული მედიკამენტების სია, გარდა ამისა, მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ.
რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ზოლაფრენს?
როგორც ყველა მედიკამენტს, ზოლაფრენსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომელთა სიხშირე და სიმძიმე ინდივიდუალურია. ქვემოთ ისინი დაჯგუფებულია გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი:
- ძილიანობა;
- წონაში მატება;
- სისხლში პროლაქტინის (ჰორმონი, რომელიც ჰიპოფიზის ჯირკვალში წარმოიქმნება) დონის მომატება.
ხშირი:
- შარდსა და სისხლში შაქრის დონის მომატება;
- ლიპიდების (ცხიმოვანი ნაერთები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებს) დონის ცვლილება;
- შიმშილის გრძნობის მომატება;
- მოუსვენრობა;
- თავბრუსხვევა;
- ტრემორი (სხეულის ნაწილის რიტმული მოძრაობა, რომელიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება);
- მეტყველების პრობლემები;
- კუნთების რიგიდულობა და სპაზმები;
- პირის სიმშრალე;
- შეკრულობა;
- გამონაყარი;
- ძლიერი დაღლილობა;
- ქალებსა და მამაკაცებში ლიბიდოს დაქვეითება;
- ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში;
- ორგანიზმში წყლის შეკავება.
ამასთან, ზოგიერთ პაციენტში, მკურნალობის საწყის ეტაპზე, შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა (გულისცემის სიხშირის შენელებასთან ერთად), განსაკუთრებით მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან წამოდგომის შემთხვევაში.
არახშირი:
- გულისცემის სიხშირის შემცირება;
- მგრძნობელობა მზის სინათლის მიმართ;
- შარდვის გაძნელება;
- შარდის შეუკავებლობა;
- მენსტრუალური ციკლის შემცირება ან არარსებობა;
- მამაკაცებსა და ქალებში მკერდის ზომის ცვლილებები;
- თმის ცვენა;
- დაღლილი ფეხების სინდრომი (ასევე ცნობილია, როგორც მოუსვენარი ფეხების სინდრომი — ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებებითა და მათი მოძრაობის დაუოკებელი სურვილით).
ამასთან, დემენციის დიაგნოზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდეს:
- პნევმონია;
- ინსულტი;
- შარდის შეუკავებლობა;
- ვიზუალური ჰალუცინაციები;
- ძლიერი დაღლილობა;
- კანის გაწითლება;
- სხეულის ტემპერატურის მომატება;
- სიარულის გაძნელება.
გაფრთხილება: პაციენტთა ამ ჯგუფში რამდენიმე ფატალური შემთხვევაც აღინიშნა.
გარდა ამისა, პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში ზოლაფრენმა შეიძლება გვერდითი ეფექტების სიმპტომები გააუარესოს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის შესაძლო გვერდითი მოვლენების სრული სია. თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომი გამოგივლინდებათ, ექიმს მიმართეთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account