ნაკომი — პრეპარატი, რომელიც პარკინსონის დაავადებისა და პარკინსონიზმის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება


ნაკომი (Nakom) წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც პარკინსონიზმის სინდრომისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ არის განკუთვნილი. ის ეფექტიანად ამცირებს პარკინსონიზმის მრავალი სიმპტომის გამოხატულებას, განსაკუთრებით ბრადიკინეზიასა (მოძრაობათა ზოგადი შენელება) და კუნთების რიგიდობას. 

 

ხშირად პრეპარატი ასევე წარმატებით ამცირებს პარკინსონის სინდრომთან და პარკინსონის დაავადებასთან დაკავშირებულ შემდეგ სიმპტომებს:

 

  • ნერწყვის გამოყოფა;
  • ტრემორი (სხეულის ნაწილის რიტმული მოძრაობა, რომელიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება);
  • პოსტურალური არასტაბილურობა (წონასწორობის შენარჩუნების შეუძლებლობა დინამიკურ და სტატიკურ პირობებში);
  • დისფაგია (ყლაპვის გაძნელება).

 

ნაკომი 250მგ/25მგ-იანი (აქტიური ნივთიერებები — ლევოდოპა/კარბიდოპა) ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი და მის შეფუთვაში, როგორც წესი, 100 ერთეულია მოთავსებული. ამ მედიკამენტის შეძენა პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ.

 

როგორია მედიკამენტის მიღების წესები და დოზირება? 

 

ინსტრუქციის თანახმად, ნაკომის ტაბლეტები პერორალურად, წყალთან ერთად, მიიღება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი ორ თანაბარ ნაწილად დაყოფა.

 

ნაკომის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობისა და პრეპარატზე მისი რეაქციის საფუძველზე განისაზღვრება. მკურნალობა იწყება მცირე დოზით და თანდათან იზრდება, რათა შემცირდეს გვერდითი მოვლენების რისკი.

 

სტანდარტული საწყისი დოზა კი პაციენტებისთვის შეადგენს 1/2 ტაბლეტს დღეში ერთხელ ან ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ეს დოზა 1/2 ტაბლეტით გაიზარდოს ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 8 ტაბლეტს შეადგენს. ამასთან, ნაკომის სრული ეფექტი, როგორც წესი, 7 დღის განმავლობაში მიიღწევა.

 

გაითვალისწინეთ: ჭარბი დოზირებისას მედიკამენტის გვერდითი მოვლენების გამოხატულება ძლიერდება, ამიტომ, თუ ზედმეტ დოზას მიიღებთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

 

ლევოდოპას მონოთერაპიიდან ნაკომით მკურნალობაზე გადასვლის შემთხვევაში კი, პირველი მათგანის მოხმარება უნდა შეწყდეს ნაკომის მიღების დაწყებამდე მინიმუმ 12 საათით ადრე (24 საათით ადრე, თუ ლევოდოპას შენელებული გამოთავისუფლების მედიკამენტები გამოიყენება). საგულისხმოა, რომ ნაკომის სადღეღამისო დოზა ლევოდოპას წინა სადღეღამისო დოზის დაახლოებით 20%-ს უნდა უზრუნველყოფდეს. 

 

იმ პაციენტთა უმრავლესობის შემთხვევაში კი, რომელთათვისაც ლევოდოპას დღიური დოზა 1500მგ-ს აჭარბებდა, ნაკომის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ.



რა უკუჩვენებები აქვს ნაკომს? 

 

ნაკომის ანოტაციის თანახმად, ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, თუ მათ აღენიშნებათ:

 

  • მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა (ამ სამედიცინო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზია ის, რომ თვალის გაფართოებული ფერადი გარსი (ირისი) თვალში სითხის სწორად გადინებას ბლოკავს);
  • საეჭვო ცვლილებები კანზე;
  • მელანომა (კანის სიმსივნის ერთ ერთი სახეობა) ანამნეზში.

 

ამასთან, ნაკომის მიღება არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მონოამინოქსიდაზას არასელექციურ ინჰიბიტორებს (მაო) იყენებენ. გაითვალისწინეთ, რომ მათი მოხმარება, ნაკომით მკურნალობის დაწყებამდე, მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა შეწყდეს. თუმცა საგულისხმოა, რომ ნაკომის გამოყენება დაშვებულია B ტიპის მაო-ს სელექციურ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, სელეგილინის ჰიდროქლორიდი) ერთად მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დოზებით.

 

რაც შეეხება ორსულობას, ამ დროს ნაკომის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ექიმმა მედიკამენტის მოსალოდნელი დადებითი ეფექტისა და პოტენციური რისკის შეფასების საფუძველზე უნდა მიიღოს. ლაქტაციის პერიოდში კი, თუ დედისთვის ნაკომით მკურნალობის აუცილებლობა არსებობს, მიღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

 

გარდა ამისა, ბავშვებში ამ მედიკამენტის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის, ამიტომ 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში მისი დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

 

გაითვალისწინეთ: არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში ნაკომის მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატი არა თვითნებურად, არამედ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა მიიღოთ. ამასთან, ნაკომის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

 

როგორია მედიკამენტის გვერდითი მოვლენები? 

ნაკომის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ მედიკამენტის გამოყენებისას შეიძლება შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს:

ძალიან ხშირად:

  • დისკინეზიები (უკონტროლო, უნებლიე მოძრაობები) დისტონიასა (მოძრაობის დარღვევა, რომელიც კუნთების უნებლიე შეკუმშვით ხასიათდება) და ქორეას (სახის კუნთებისა და კიდურების უნებლიე, უწესრიგო მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ძილში წყდება) ჩათვლით.

ხშირად:

  • ანორექსია (კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხეულის წონის გამიზნული დაკლებით, სიმსუქნის ძლიერი შიშით და საკუთარი სხეულის დამახინჯებული აღქმით);
  • ჰალუცინაციები;
  • ძილის დარღვევა;
  • გონების დაბინდვა;
  • დეპრესია (მათ შორის სუიციდური განზრახვებით ან მის გარეშე);
  • ბრადიკინეზიის ეპიზოდები („ჩართვა-გამორთვის“-სინდრომი);
  • ძილიანობა;
  • პარესთეზიები (ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება);
  • თავბრუსხვევა/ვესტიბულარული თავბრუსხვევა;
  • გახშირებული გულისცემა;
  • ქოშინი;
  • დიარეა;
  • ღებინება;
  • ტკივილი გულმკერდის არეში.

 

არახშირად:

  • აჟიტირება;
  • სინკოპე (გულისწასვლა);
  • ჭინჭრის ციება (კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც გამონაყარით ხასიათდება).

 

იშვიათად:

  • ლეიკოპენია (სისხლში თეთრი უჯრედების, ანუ ლეიკოციტების დაბალი შემცველობა);
  • აგრანულოციტოზი (სისხლში გრანულოციტების, ანუ მარცვლოვანი ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი კლება ან სრული გაქრობა);
  • თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა);
  • ანგიონევროზული შეშუპება (კანქვეშ არსებული შეშუპება);
  • ფსიქოტური რეაქციები, პარანოიდალური აზროვნებისა და ბოდვების ჩათვლით;
  • ლიბიდოს მომატება;
  • აზარტულ თამაშებზე პათოლოგიურ დამოკიდებულება;
  • დაუძლეველი სწრაფვა ფულის ხარჯვისკენ და ყიდვისკენ;
  • ბულიმია (უზომოდ გადაჭარბებული კვება);
  • გულყრები;
  • დემენცია (ეს არა კონკრეტულ დაავადებას, არამედ გონებრივი ფუნქციის დაქვეითებას წარმოადგენს, რაც საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ ყოველდღიურ, ნორმალურ ცხოვრებას ხელი შეუშალოს);
  • გულის მუშაობის დარღვევა;
  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავება;
  • სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
  • ნერწყვის გამუქება;
  • შენლეინ-ჰენოხის პურპურა (წვრილი სისხლძარღვების ანთებითი პროცესი);
  • გამონაყარი;
  • ალოპეცია (თმის ცვენა სხეულის ნებისმიერი ნაწილიდან);
  • ოფლის გამუქება;
  • შარდის გამუქება.

 

სიხშირე უცნობია:

  • მელანომა;
  • შეშუპებები;
  • წონის მომატება ან კლება;
  • დეზორიენტაცია;
  • მღელვარება;
  • უძილობა;
  • ეიფორია;
  • დოფამინის დისრეგულაციის სინდრომი (ეს სინდრომი ხასიათდება დოფამინერგული მედიკამენტების გადაჭარბებული და არაკონტროლირებადი მოხმარებით, რაც ქცევით და ფსიქოლოგიურ დარღვევებს იწვევს);
  • ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი);
  • ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა);
  • თავის ტკივილი;
  • ხელების მომატებული ტრემორი;
  • აზროვნების უნარის დაქვეითება;
  • გონების დაკარგვა;
  • დამუნჯება;
  • გაღიზიანების შეგრძნება;
  • სიარულის დარღვევები;
  • ტრიზმი (ყბების კრუნჩხვითი შეკუმშვა, სპაზმი);
  • ბლეფაროსპაზმი (თვალების თამაში);
  • გაორება თვალებში;
  • გუგის გაფართოება;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • ჰიპერემია (სხეულის რომელიმე ნაწილში ან ორგანოში სისხლის მოწოლა, დაგროვება);
  • ალები (კისრის, სახის, გულმკერდის კანზე შეხურების გარდამავალი შეგრძნება, რომელიც კანის სისხლძარღვების გაფართოებით არის გამოწვეული. დამახასიათებელია კლიმაქსისთვის);
  • სუნთქვის ანომალიური ხასიათი;
  • ხრინწიანი ხმა;
  • მომატებული ოფლიანობა;
  • დაღლილობა;
  • ზოგადი სისუსტე;
  • შარდის შეკავება;
  • შარდის შეუკავებლობა და ა. შ.

გაითვალისწინეთ: ეს არ არის გვერდითი მოვლენების სრული სია და ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი, თუ სხვა სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა დაუკავშირდეთ.