
როზულიპი (Rosulip), რომლის მოქმედ ნივთიერებასაც როზუვასტატინი ეწოდება, მიეკუთვნება სტატინების ჯგუფს — ეს პრეპარატები სისხლში ცხიმების (ლიპიდების) შემცველობის რეგულირებისთვის გამოიყენება. ლიპიდების ყველაზე გავრცელებული ფორმა კი ქოლესტერინია.
საგულისხმოა, რომ სისხლში ქოლესტერინი განისაზღვრება ორი ფორმით — „კარგი” ქოლესტერინი (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინი) და „ცუდი“ ქოლესტერინი (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ქოლესტერინი).
როზულიპი კი თქვენი ორგანიზმის მიერ ამ უკანასკნელის გამომუშავებას ბლოკავს, ამასთან სისხლიდან მის გამოდევნას აადვილებს და, ამავდროულად, მასში „კარგი“ ქოლესტერინის შემცველობას ზრდის.
როზულიპი ტაბლეტების სახით არის ხელმისაწვდომი და ის შეიძლება 10მგ-იანი ან 20მგ-იანი იყოს. გარდა ამისა, არსებობს მედიკამენტის სხვა ვერსიაც — როზულიპი პლუსი. ამ უკანასკნელის მოქმედი ნივთიერება, როზუვასტატინინთან ერთად, არის ეზეტიმიბიც, რომელიც საკვებიდან შეწოვილი ქოლესტერინის მოცულობას ამცირებს. საგულისხმოა, რომ პრეპარატის შეფუთვაზე წარმოდგენილი წარწერები — 5/10მგ; 10/10მგ; 20/10მგ; 40/10მგ სწორედ ტაბლეტებში თითოეული აქტიური ნივთიერების კონცენტრაციაზე მიუთითებს. როზულიპის ზემოთ ნახსენები ვერსიების შეძენა პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ, ფასი კი ყველა მათგანისთვის განსხვავებულია.
როგორია მედიკამენტის მიღების წესები და დოზირება?
ინსტრუქციის თანახმად, როზულიპის ტაბლეტი მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, წყალთან ერთად უნდა გადაყლაპოთ. მისი დალევა დღის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, თუმცა მიზანშეწონილია ტაბლეტის ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება, რათა სადღეღამისო დოზა არ გამოტოვოთ.
გაითვალისწინეთ: როზულიპით მკურნალობის პარალელურად უნდა დაიცვათ სტანდარტული დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და შეინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა.
რაც შეეხება დოზირებას, როზულიპით მკურნალობა 5 ან 10მგ-იანი დოზით უნდა დაიწყოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარსულში მოიხმარდით სხვა სტატინს დიდი დოზებით. ექიმის მიერ თქვენთვის საწყისი დოზის შერჩევა დამოკიდებული იქნება:
- სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციაზე;
- იმ ფაქტორების არსებობაზე, რომლებიც განსაზღვრავს გაზრდილ მიდრეკილებას გვერდითი ეფექტების განვითარებისადმი;
- ინსულტის ან მიოკარდიუმის ინფარქტის (გულის შეტევა) განვითარების რისკის ხარისხზე.
ამასთან, ექიმმა შეიძლება მედიკამენტის მინიმალური დოზა (5მგ) დაგინიშნოთ იმ შემთხვევაში, თუ:
- თქვენი ასაკი 70 წელს აღემატება;
- ხართ აზიის მკვიდრი (ჩინელი, იაპონელი, ვიეტნამელი, ფილიპინელი, ინდოელი ან კორეელი);
- აღგენიშნებათ თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევა;
- არსებობს კუნთის ტკივილის გაჩენის რისკი.
შესაძლოა, მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ექიმმა როზულიპის დოზის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც დამოკიდებული იქნება სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის მიმდინარე მაჩვენებლებზე, თანმხლები პათოლოგიის არსებობაზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული არასასურველი მოვლენების განვითარების რისკზე. მკურნალობის როზულიპის 5მგ-იანი ტაბლეტებით დაწყების შემთხვევაში შესაძლოა ექიმმა დოზა ჯერ 10მგ-მდე, შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, 20 და 40 მგ-მდე გაზარდოს.
გაითვალისწინეთ: დოზის გაზრდისას დაცული უნდა იყოს 4-კვირიანი ინტერვალები.
საგულისხმოა, რომ როზულიპის მაქსიმალური დღიური დოზა 40მგ-ს შეადგენს. ის ინიშნება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე და ინსულტის ან ინფარქტის განვითარების მომატებული რისკი მედიკამენტის 20მგ-იანი დოზით მკურნალობის ფონზე.
თუ როზულიპის მიღება დაგავიწყდათ, უბრალოდ განრიგს მიჰყევით და კომპენსირების მიზნით დოზას ნუ გააორმაგებთ. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას მიმართეთ.
გაფრთხილება: მედიკამენტის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თვითნებურად არ შეწყვიტოთ, გარდა გარკვეული გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც მომდევნო ორ ქვეთავშია აღწერილი.
რა უკუჩვენებები აქვს როზულიპს?
როზულიპის ანოტაციის თანახმად, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ, თუ:
- აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- გაქვთ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- გაქვთ ღვიძლის დაავადება;
- გაწუხებთ კუნთების აუხსნელი ან მორეციდივე ტკივილი;
- იღებთ მედიკამენტს სახელწოდებით „ციკლოსპორინი“;
- ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ. თუ როზულიპის მოხმარების პერიოდში გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ და ექიმს დაუკავშირდით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა, რომლებიც როზულიპს იყენებენ, ორსულობისგან თავი დაიცვან კონტრაცეფციის საიმედო საშუალებებით, მაგალითად, როგორებიც არის: ჰორმონალური კონტრაცეპტივები, საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ან პრეზერვატივი.
ამასთან, როზულიპის ბავშვებში დანიშვნა რეკომენდებული არ არის, ვინაიდან მათთვის ამ პრეპარატის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.
გარდა ამისა, არ უნდა მიიღოთ როზულიპი 40მგ-იანი, ანუ მაქსიმალური, დოზით, თუ:
- დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია;
- აღგენიშნებათ თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევები;
- წარსულში გაწუხებდათ კუნთების მორეციდივე ან აუხსნელი ტკივილი;
- თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრებს, სისხლში ქოლესტერინის დაქვეითებისთვის განკუთვნილი სხვა მედიკამენტის მიღებისას, კუნთოვანი სისტემის დარღვევები აღგენიშნებოდათ;
- ხართ აზიის მკვიდრი (ჩინელი, იაპონელი, ვიეტნამელი, ფილიპინელი, ინდოელი ან კორეელი);
- რეგულარულად იღებთ ალკოჰოლს მოცულობით, რომელიც აღემატება: 2 ბოკალ ლუდს, 60 მლ მაგარ სასმელს ან 200 მლ ღვინოს მამაკაცებისათვის; 1 ბოკალ ლუდს, 30 მლ მაგარ სასმელს ან 100 მლ ღვინოს ქალებისათვის;
- მოიხმართ სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებელ სხვა მედიკამენტებს, კონკრეტულად ფიბრატებს.
გაითვალისწინეთ: გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არის გარკვეული მდგომარეობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება და სამკურნალო საშუალებები, რომლებთან კომბინაციაში როზულიპის მოხმარება რეკომენდებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეპარატი არა თვითნებურად, არამედ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე უნდა მიიღოთ. ამასთან, როზულიპის გამოყენებამდე, ექიმს გააცანით თქვენ მიერ გამოყენებული პრეპარატების სია, ასევე მოუყევით მას იმ სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებიც გაქვთ ან წარსულში გქონიათ. ამ რეკომენდაციის გათვალისწინება გართულებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
როგორია პრეპარატის გვერდითი მოვლენები?
სხვა მედიკამენტების მსგავსად, გარკვეულ გვერდით მოვლენებს როზულიპიც იწვევს, თუმცა საგულისხმოა, რომ ისინი ყველა პაციენტს არ აღენიშნება. ამასთან, როგორც წესი, ეს სიმპტომები მსუბუქი ხასიათისაა და სწრაფად ქრება.
გაფრთხილება: შეწყვიტეთ როზულიპის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე გამოგივლინდებათ:
- ტუჩების, ენის სახის და (ან) ხახის შეშუპება, რომელიც ყლაპვის გაძნელებას იწვევს;
- სუნთქვის გაძნელება ტუჩების, ენის, სახის და (ან) ხახის შეშუპებასთან ერთად, ან ამ სიმპტომების გარეშე;
- კანის გამოხატული ქავილი პაპულური გამონაყარით (პაპულა — ძალიან პატარა, მაგარი, შეწითლებული, ანთებადი, მუწუკის მსგავსი წარმონაქმნი);
- კუნთების უჩვეულო ტკივილი, რომელიც მოსალოდნელზე დიდხანს გრძელდება — იშვიათ შემთხვევაში ასეთ არასასურველ გვერდით მოვლენას თან ახლავს სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებასთან, რაბდომიოლიზთან არის დაკავშირებული;
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის, თვალის, პირის ღრუსა და გენიტალიების ლორწოვანი გარსის მძიმე დაზიანება, რასაც თან ახლავს ბუშტუკების წარმოქმნა).
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, როზულიპის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ხშირად:
- შეუძლოდ ყოფნა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- სისუსტის შეგრძნება;
- კუნთების ტკივილი;
- შეკრულობა;
- ტკივილები მუცლის არეში;
- შარდში ცილების შემცველობის მომატება (როგორც წესი, ეს საკითხი დამოუკიდებლად გვარდება და როზულიპით მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს).
არახშირად:
- კანის ქავილი;
- გამონაყარი;
- ჭინჭრის ციება (კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც გამონაყარით ხასიათდება);
- მძიმე ალერგიული რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია);
- კუნთების დაზიანება (კუნთების სისუსტეს, მათი ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა);
- სისხლში ღვიძლის ფერმენტების კონცენტრაციის მომატება;
- კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებასთან დაკავშირებული ძლიერი ტკივილები მუცლის არეში.
იშვიათად:
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
- სიყვითლე (თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა);
- შარდში სისხლის მინარევის არსებობა;
- სახსრების ტკივილი;
- ზედა და ქვედა კიდურების პერიფერიული ნერვების ფუნქციის დარღვევა;
- მახსოვრობის დაკარგვა.
სიხშირე უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან გამომდინარე განსაზღვრა შეუძლებელია):
- დიარეა (ხშირი და თხელი განავალი);
- გაძნელებული სუნთქვა;
- ხველება;
- შეშუპება;
- ძილის დარღვევა (კოშმარული სიზმრებისა და უძილობის ჩათვლით);
- დეპრესია;
- სასქესო ფუნქციის დარღვევა;
- სუნთქვის დარღვევა (ქოშინის, ხველების ან ციებ-ცხელების ჩათვლით).
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი, თუ სხვა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად ექიმს მიმართეთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account