მშობიარობა - ქალების გზამკვლევი ორსულობისას

მშობიარობა არის ნაყოფის დაბადების ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც განსხვავდება ინდივიდიდან ინდივიდამდე და წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, თუ როგორი იქნება იგი. 

მშობიარობისთვის ოპტიმალური ასაკი და ხანდაზმული მშობიარობა

 

ფაქტია, რომ ასაკთან ერთად ქალის შვილოსნობის უნარი მცირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია და მედიცინაც მნიშვნელოვნად განვითარდა, გვიანი ორსულობისა და მშობიარობის ასაკიც გაიზარდა.

 

ზოგადად, რეპროდუქციისთვის ოპტიმალურ ასაკად მიიჩნევა 18-30 წელი და შვილოსნობის პიკი 20-29 წელია. თუმცა ეს მხოლოდ პირველ ორსულობასა და მშობიარობას ეხება, მეორე და მომდევნო შვილის გასაჩენად კი სხვა ასაკებიც ოპტიმალურად მიიჩნევა.

 

დღეისთვის გვიან ორსულობად და ხანდაზმულ მშობიარობად მიიჩნევა პირველი ორსულობა 35 წლის შემდეგ.

 

რომელ კვირაზე იწყება მშობიარობა და რამდენ ხანს გრძელდება იგი

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მშობიარობა ინდივიდუალური პროცესია და შესაბამისად, განსხვავდება მშობიარობის დაწყების ვადებიც. თუმცა, როგორც წესი, მშობიარობის პროცესი შეიძლება დაიწყოს ორსულობის 37-დან 42 კვირამდე.

 

ფიზიოლოგიური (ვაგინალური) მშობიარობის პროცესი 3 ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, შესაბამისად, რთულია წინასწარ განისაზღვროს თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი.

 

ეტაპები - როგორ უნდა მივხვდეთ რომ მშობიარობა იწყება? 

 

ფიზიოლოგიური (ვაგინალური) მშობიარობა სამი ეტაპისგან შედგება. 

 

  • ეტაპი 1: ლატენტური ფაზა და აქტიური მშობიარობა - წინა სამშობიარო პერიოდი;

  • ეტაპი 2: ჭინთვების დაწყება და დაბადება;

  • ეტაპი 3: პლაცენტისა და სანაყოფე გარსების გამოდევნა სხეულიდან.

 

ეტაპი 1: ლატენტური ფაზა და აქტიური მშობიარობა


მშობიარობის პირველი ეტაპი ყველაზე ხანგრძილივი შეიძლება იყოს და გაგრძელდეს 12-დან 19 საათამდე.

ამ ფაზაში იწყება წინა სამშობიარო ტკივილები და საშვილოსნოს ყელი იწყებს გაფართოებას და გათხელებას. ყელის გახსნას თან ახლავს ვარდისფერი, ბლანტი გამონადენი. ამასთანავე, შესაძლოა იგრძნოთ არარეგულარული და შედარებით დაბალი ინტენსივობის ტკივილები. შეკუმშვას შეიძლება განიცდიდეთ 5-15 წუთის ინტერვალით და გრძელდებოდეს დაახლოებით 1 წუთი. 

 

თავის მხრივ, მშობიარობის პირველ ეტაპს აქვს მეორე ფაზაც - აქტიური მშობიარობა. აქტიური მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელი 6 სმ-დან 10 სმ-მდე ფართოვდება. ასევე თანდათან იზრდება და ხშირდება ტკივილის ინტენსივობა. ამ დროს ტკივილები ხშირდება და 60-90 წამი შეიძლება გაგრძელდეს.  გექნებათ ზეწოლის შეგრძნება სწორ ნაწლავზე და მოგინდებათ გაჭინთვა.  

 

აქტიური მშობიარობის ეტაპზე მოსალოდნელია გულისრევის შეგრძნება, ღებინება და კუნთების სპაზმი. ამ დროს დიდი ალბათობაა, რომ დაღვაროთ სანაყოფე სითხე. ყოველივე ეს უნდა იყოს თქვენთვის მანიშნებელი იმისა, რომ მშობიარობის პროცესი იწყება. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და გადახვიდეთ კლინიკაში.

ეტაპი 2: ჭინთვების დაწყება და დაბადება 

 

მშობიარობის მეორე ეტაპი იწყება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნის შემდეგ (10 სმ და მეტი). როგორც წესი, მშობიარობის მეორე ეტაპი ყველაზე რთულია და ის შეიძლება გაგრძელდეს ნახევარი საათიდან რამდენიმე საათამდე.

მეორე ეტაპზე შეკუმშვა ხდება ყოველ 2-5 წუთში ერთხელ და გრძელდება დაახლოებით 60-90 წამი. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია გაჭინთვა. ჭინთვის შეგრძნება განსხვავდება პირველი ეტაპის ტკივილებისაგან. საჭიროების მიხედვით, ექიმი გიკარნახებთ როდის უნდა გაიჭინთოთ, ან დაელოდება თვითნებურ გაჭინთვას, რადგან მნიშვნელოვანია, ეს სწორად გააკეთოთ. ეს თავიდან აგარიდებთ ჩახევას. მეორე ეტაპზე ჭინთვების შედეგად ნაყოფი იწყებს საშოდან გამოსვლას თავით.

ეტაპი 3: პლაცენტისა და სანაყოფე გარსების გამოდევნა სხეულიდან

 

მშობიარობის მესამე ეტაპი ყველაზე ხანმოკლეა და გრძელდება არაუმეტეს 20 წუთი. ბავშვის დაბადების შემდეგ საჭიროა პლაცენტისა და სანაყოფე გარსების გამოდევნა სხეულიდან. მშობიარობის მესამე ეტაპზე ექიმი გაგიკეთებთ ინიექციას, რათა გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა და ჭიპლარის ტრაქციით (დაქაჩვით) პლაცენტის გამოდევნა სხეულიდან. 

 

მშობიარობის რა ტიპები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ? 

 

ფიზიოლოგიური (ვაგინალური) მშობიარობის გარდა არსებობს სხვა ტიპის მშობიარობებიც, როგორებიცაა, მაგალითად: 

  • დამხმარე ვაგინალური მშობიარობა (ვაკუუმით მშობიარობა);
  • საკეისრო კვეთა;
  • VBAC (ვაგინალური მშობიარობა საკეისრო კვეთის შემდეგ);
  • წყალში მშობიარობა.

 

განვიხილოთ თითოეული მათგანი. 

ფიზიოლოგიური (ვაგინალური) მშობიარობა

 

როგორც ვნახეთ, ფიზიოლოგირი (ვაგინალური) მშობიარობა არის ბავშვის გაჩენის ყველაზე სასურველი და გავრცელებული პროცედურა, რადგან ის ყველაზე ნაკლებ რისკებს შეიცავს.

ფიზიოლოგიური (ვაგინალური) მშობიარობის უპირატესობებია:

 

  • უსაფრთხოა ბავშვისა და მშობლისთვის;
  • მშობელი სწრაფად უბრუნდება ჯანმრთელობის ჩვეულ მდგომარეობას;
  • დაბალია ინფიცრების რისკი;
  • ჩვილებს აქვთ რესპირატორული პრობლემების დაბალი რისკი და ამასთან, აქვთ ძლიერი იმუნური სისტემა;
  • უფრო მარტივია ლაქტაცია და ძუძუთი კვება.

თავის მზრივ, ფიზიოლოგიური (ვაგინალური) მშობიარობა შეიძლება იყოს სპონტანური ან გამოწვეული.

სპონტანურია ვაგინალური მშობიარობა, როდესაც მშობიარობის პროცესი იწყება თავისთავად, მშობიარობის გამომწვევი/დამაჩქარებელი მედიკამენტების გარეშე. 

 

გამოწვეული ვაგინალური მშობიარობაა, როდესაც მშობიარობის პროცესის დაჩქარებისთვის/დაწყებისთვის გამოიყენება მედიკამენტები ან სხვა ტექნიკა.

დამხმარე ვაგინალური მშობიარობა (ვაკუუმით მშობიარობა)

 

დამხმარე ვაგინალური მშობიარობა (ვაკუუმით მშობიარობა) არის პროცედურა, რომლის დროსაც მშობიარობის პროცესის დასაჩქარებლად მეან-გინეკოლოგი იყენებს  სამეანო მაშებს ან ვაკუუმს. 

 

აღნიშნული ჩარევა გამოიყენება მშობიარობის მეორე ეტაპზე, ჭინთვების დროს წარმოქმნილი შეფერხებისას, როდესაც აუცილებელია სამშობიარო გზებიდან ნაყოფის სასწრაფოდ გამოყვანა. 

 

სამეანო მაშები არის რკინის ტოტები, რომლებსაც ნაყოფს თავზე ადებენ, მოქაჩავენ და ასე გამოჰყავთ გარეთ ახალშობილი. თუმცა დღესდღეობით მშობიარობის პროცესში მაშებს ნაკლებად იყენებენ და უპირატესობას ანიჭებენ ვაკუუმს. ვაკუუმის აპარატი არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ნაყოფს თავზე ეჭიდება და დაბადებაში ეხმარება.

 

ვაკუუმით მშობიარობა ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც:

 

  • ხანგრძლივად გრძელდება მშობიარობის პროცესი;
  • პაციენტი ძალიან დაღლილია და გართულებულია ჭინთვები.

საკეისრო კვეთა

 

საკეისრო კვეთა მშობიარობის ქირურგიული მეთოდია, რომელიც, როგორც წესი, წინასწარ იგეგმება. თუმცა, შეიძლება დაუგეგმავადაც დაგჭირდეთ, თუკი მშობიარობის დროს გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა.

საკეისრო კვეთა საჭირო ხდება, თუ:

 

  • არსებობს საკეისრო კვეთის წინა გამოცდილება;
  • გამოვლინდა პლაცენტა პრევია (პლაცენტის წინმდებარეობა);
  • ფიქსირდება ნაყოფის მაკროსომია;
  • ფიქსირდება საშვილოსნოს ფიბრომა ან სხვა ობსტრუქცია;
  • არსებობს ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს გარკვეული პრობლემების წარმოქმნის მაღალი რისკი:  ნაყოფის დისტრესი, ჭიპლარის პროლაფსი, ძლიერი სისხლდენა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საკესირო კვეთას თან ახლავს ყველა იმ გართულების რისკი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ქირურგიულ ჩარევას. ფიზიოლოგიური მშობიარობისგან განსხვავებით, საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდს ახასიათებს ტკივილი ჭრილობის არეში. 

 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჭრილობას დამატებითი მოვლა და ყურადღება სჭირდება და რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ.

ზოგადად, საკეისრო კვეთის გართულებები შეიძლება მოიცავდეს:

 

  • ინფექციის შეჭრას ჭრილობაში;
  • სისხლის დაკარგვას;
  • ემბოლიას;
  • ნაწლავის ან შარდის ბუშტის დაზიანებას;
  • ადჰეზიებს.

თუმცა, საკეისრო კვეთას აქვს უპირატესობებიც ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით, კერძოდ:

  • ნაყოფის ტრავმირების დაბალი რისკი;
  • ნაყოფის ჟანგბადის ნაკლებობის დაბალი რისკი;
  • შეუკავებლობის ან სექსუალური დისფუნქციის შესაძლო დაბალი რისკი.

საკეისრო კვეთის დაგეგმვამდე და ზოგადად მშობიარობამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ტკივილის თავიდან არიდება ორი ტიპის ანესთეზიით – სპინალური და ზოგადი ანესთეზიით.

სპინალური ანესთეზიის შემთხვევაში საანესთეზიო საშუალება ხერხემალში შეჰყავთ. ეფექტი რამდენიმე წუთში დგება და რამდენიმე საათი გრძელდება. ამ დროს ორსულს არ სძინავს, მხოლოდ ტკივილს ვერ გრძნობს.

ზოგადი ანესთეზიის შემთხვევაში კი ორსულს სძინავს და მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ აღვიძებენ.


მსგავსი საკითხების განსახილველად მნიშვნელოვანია მკურნალ ექიმთან და ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია.

VBAC (ვაგინალური მშობიარობა საკეისრო კვეთის შემდეგ) 

 

თუ პირველი მშობიარობა გქონდათ საკეისრო კვეთით, ეს არ გამორიცხავს მეორე მშობიარობას ფიზიოლოგიურად. აღნიშნულ პროცედურას ეწოდება VBAC, ანუ ფიზიოლოგიური (ვაგინალური) მშობიარობა საკეისრო კვეთის შემდეგ.

 

ფიზიოლოგიურ (ვაგინალურ) მშობიარობას საკეისრო კვეთის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საკეისრო კვეთის დროს მეან-გინეკოლოგმა გააკეთა დაბალი, განივი ჭრილობა;

  • არ გაქვთ საშვილოსნოს სხვა ნაწიბურები ან დარღვევები;

  • არ გქონიათ საშვილოსნოს გახევის გამოცდილება.

 

წყალში მშობიარობა

 

წყალში მშობიარობა ფიზიოლოგიური (ვაგინალური) მშობიარობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მას გარკვეული უპირატესობები აქვს:

  • ხელს უწყობს სხეულის ყველა კუნთის მოდუნებას;

  • ამსუბუქებს ტკივილს, შესაბამისად, იკლებს ანესთეზიის საჭიროება;

  • ამცირებს მშობიარობის ხანგრძლივობას;

  • შეიძლება შეამციროს საშოს მძიმე ტრავმების რისკი და გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა საშვილოსნოში.

თუმცა, მეან-გინეკოლოგთა ამერიკული კოლეჯის (ACOG) ორსულობისა და მშობიარობის გაიდლაინების თანახმად, წყალში მშობიარობას მშობიარობის პირველ ეტაპზე შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სარგებელი, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ითვლება ექსპერიმენტულ პროცედურად, რომელიც გარკვეულ რისკებს შეიცავს, კერძოდ:

  • დედას ან ბავშვს შეიძლება შეეჭრას ინფექცია;

  • ბავშვს შეიძლება მოწყდეს ჭიპლარი, სანამ წყლიდან ამოიყვანენ;

  • ახალშობილის სხეულის ტემპერატურა შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, ან ძალიან დაბალი;

  • ბავშვმა შეიძლება შეისუნთქოს აუზში არსებული წყალი;

  • ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს გულყრები და ვერ შეძლოს ჩასუნთქვა.

წყალში მშობიარობა მიზანეწონილი არ არის, თუ:

  • ხართ 17 წელზე უმცროსი ან 35 წელზე უფროსი;
  • გაქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადეები;
  • გაქვთ ისეთი გართულებები, როგორებიცაა: პრეეკლამფსია ან დიაბეტი;
  • გაქვთ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა: ნაყოფის ჰიპოქსია;
  • გაქვთ კლინიკურად ვიწრო მენჯი;
  • მშობიარობთ ტყუპებზე;
  • ნაყოფი მჯდომარე პოზიციაშია;
  • ნაყოფი დიდი ზომისაა.

სხვა საკითხები, რომლითაც შეიძლება ორსული დაინტერესდეს

 

არსებობს კიდევ რამდენიმე ტერმინი, რომლებიც უნდა იცოდეთ მშობიარობამდე, თუკი მშობიარობის დროს საჭირო გახდება გარკვეული პროცედურების ჩატარება. მაგალითად, ასეთია ეპიზიოტომია და ამნიოტომია. 

 

ეპიზიოტომია არის ქირურგიული ჭრილობა, რომელიც გაკეთებულია პერინეუმში, საშოსა და ანუსს შორის, მშობიარობის გართულების დროს. ეპიზიოტომიის მიზანია საშოს გახსნა და გაფართოება. ხოლო ამნიოტომია სანაყოფე ბუშტის გახსნის ოპერაციაა და ტარდება მშობიარობის სტიმულაციისათვის.