
მუხლის ტკივილი ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელმაც შეიძლება შეაწუხოს სხვადასხვა ასაკისა და სქესის წარმომადგენელი. ის ზოგჯერ მცირე ინტენსივობით ხასიათდება, ზოგჯერ კი შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ მოძრაობაში და შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში შეგვიშალოს ხელი.
რა არის მუხლის ტკივილი?
მუხლის სახსარში ან მის გარშემო მიდამოში წარმოქმნილ ტკივილს მუხლის ტკივილი ეწოდება. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს თვითონ სახსართან ან რაიმე სხვა პროცესთან, რაც აზიანებს რბილ ქსოვილებს – იოგებს, მყესებს, აბგებს.
მუხლის ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი - ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მსუბუქი, ხოლო ზოგჯერ იმდენად ძლიერი, რომ ყოველდღიური ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს.
რა იწვევს მუხლის ტკივილს?
მუხლის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
- ტრავმა - მწვავე დაზიანებები, როგორიცაა მაგალითად: მყესებისა და იოგების დაჭიმულობა და მთლიანობის დარღვევა. ეს დაზიანებები ხშირად თან სდევს სპორტულ აქტივობებს, დაცემას და სხვა.
- სახსრის არასწორი დატვირთვა - რა დროსაც მუხლის ტკივილს იწვევს განმეორებითი მოძრაობები ან მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა.
- ართრიტი/ართროზი - ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი ხშირად იწვევს მუხლის სახსრის დაზიანებას, ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას.
- ბურსიტი - სასახსრე აბგის ანთება, რომლის მთავარი სიმპტომი მუხლის ტკივილი და შეშუპებაა.
- ტენდინიტი - მყესის ანთებითი დაავადება, რომელიც შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანში, სადაც ძვალ-კუნთოვანი კავშირებია, თუმცა ყველაზე გავრცელებული ადგილებია: ცერა თითის მიდამო, მხარი, იდაყვი, ბარძაყი, მუხლი და აქილევსის მყესი.
- მენისკის დაზიანება - რომლის სიმპტომებია: სახსარში ტკაცუნი, შეშუპება, ტკივილი, სახსრის გაშლის შეუძლებლობა.
პატელოფემორალური სინდრომი - ასევე ცნობილია, როგორც “მორბენალის მუხლი”. მისთვის დამახასიათებელია ტკივილი მუხლის არეში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ცალი მუხლის ტკივილი?
მუხლების ტკივილი შესაძლოა სიმეტრიული არ იყოს და ცალმხრივი დაზიანებით მიმდინარეობდეს, თუმცა დროთა განმავლობაში მოსალოდნელია ანთებით პროცესში მეორე სახსრის ჩართვაც.
ცალი მუხლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს: ტრავმულმა დაზიანებამ, პოდაგრამ, გონართროზმა, რეაქტიულმა ართრიტმა, რეიტერის დაავადებამ, ინფექციურმა ართრიტმა და სხვა.
დეგენერაციული დაზიანებისა და ტრავმის გარდა, ცალი მუხლის ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს მეტაბოლურმა დარღვევებმაც. მაგალითად, პურინული ცვლის დარღვევამ, რის შედეგადაც ვითარდება პოდაგრული ართრიტი, რომელსაც ახასიათებს მწვავე შეტევითი ტკივილი, შეშუპება, სიწითლე და მაღალი ტემპერატურა.
ცალი მუხლის ტკივილი, ასევე ახასიათებს რეიტერის დაავადებას, იერსინიოზულ და სხვა რეაქტიულ ართრიტებს. რეიტერის დაავადებისთვის ასევე ტიპურია თვალისა და შარდსადენის ლორწოვანის ანთებითი დაზიანება, წელის ტკივილი, გულის ფრიალი და სხვა.
როგორ ვუმკურნალოთ მუხლის ტკივილს?
მუხლის ტკივილის მსუბუქი შემთხვევები ძირითადად სახლის პირობებში მკურნალობითაც გაივლის. სუსტად გამოხატული მუხლის ტკივილი კარგად ექვემდებარება თვითმკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემასთან გამკლავებას სახლშიც ახერხებენ. პაციენტს ასეთ დროს ყველაზე მეტად ეხმარება მუხლის უმოძრაოდ გაჩერება, ამიტომ ისინი ხშირად მუხლის ორთოპედიული ფიქსატორებით სარგებლობენ.
ექიმები ფიქსატორებს რეკომენდაციას უწევენ ასევე ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროსაც. ასეთ დროს ფიქსატორი მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან.
მუხლის ტკივილის გაცილებით რთულ შემთხვევებში თვითნკურნალობა დაუშვებელია და პაციენტი აუცილებლად ექიმს უნდა ეჩვენოს. სამკურნალოდ ნაჩვენებია მედიკამენტური და ფიზიკური თერაპია.
მუხლის ტკივილი ბავშვებში
ბავშვებში მუხლის ტკივილს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქოდეს. იგი შეიძლება უკავშირდებოდეს ზრდის პროცესს, რაც, რა თქმა უნდა, ნორმალურია და არ საჭიროებს რაიმე ტიპის მკურნალობას. ასევე შეიძლება ბავშვს მუხლის ტკივილი ინფექციის, ტრავმის და ფიზიკური დატვირთვის გამო გამოუვლინდეს. გარდა ამისა, არსებობს სხვა დაავადებებიც, რომელიც ბავშვებში მუხლის ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს, ესენია:
- იდიოპათიური იუვენილური ართრიტი - რომელიც იწვევს მუხლის, ტერფის, მაჯის, იდაყვის და თითის სახსრების ტკივილს, შეშუპებას და ანთებას;
- ოსგუდ-შლატერის დაავადება - რომელიც გამოწვეულია მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით და ძირითადად 10-დან 18 წლამდე მოზარდებში ვითარდება. დაავადებას ახასიათებს მუხლის შესიება და ტკივილი, რომელიც დატვირთვისას ძლიერდება.
მუხლის ტკივილი და რეაბილიტაცია
მუხლის ტკივილის რეაბილიტაცია მოიცავს სხვადასხვა თერაპიის კომბინაციას, რომლებიც მორგებულია პაციენტის მდგომარეობაზე.
- მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასება.
- მკურნალობის საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია დაზიანებულ მუხლზე დატვირთვის შემცირება.
- ტკივილის და ანთების შესამცირებლად გამოიყენება სხვადასხვა ანთების საწინაღმდეგო მედიკამენტი. მათ შორისაა ვოლტარენი. ასევე გამოიყენება ისეთი თერაპიები, როგორიცაა: ულტრაბგერითი თერაპია, ელექტროთერაპია, ლაზეროთერაპია, ულტრაფონოფორეზი, დარტყმით-ტალღოვანი თერაპია.
- RICE თერაპია, რომელიც მოიცავს: დასვენებასა და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობის შემცირებას; დაზიანებულ ადგილზე ყოველ 2-3 საათში 15-0 წუთის განმავლობაში ყინულის აპლიკაციის დადებას (გაითვალისწინეთ, რომ ყინული უშუალოდ კანს არ უნდა ეხებოდეს , სასურველია ის გახვეული იყოს მსუბუქ რბილ ქსოვილში, რათა არ გამოიწვიოს კანის დაზიანება); ელასტიური სახვევის მეშვეობით კომპრესიას; დაზიანებული ადგილის ამაღლებულ პოზიციაში მოთავსებას.
როგორ ავირიდოთ თავიდან მუხლის ტრავმა?
მუხლის ტრავმის და შესაბამისად, მუხლიდ ტკივილის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება და დაცვა:
- ჯანსაღი წონის შენარჩუნება შეამცირებს მუხლის სახსარზე სტრესს.
- სწორი ფიზიკური აქტივობა მუხლის კუნთების გასაძლიერებლად და სტაბილურობის გასაუმჯობესებლად.
- ე.წ. გახურება ვარჯიშის დაწყებამდე.
- სათანადო ფეხსაცმლის შერჩევა
- სახსრის არასწორი და არადოზირებული დატვირთვის არიდება
- სხეულის ჰიდრატაცია
მნიშვნელოვანი რჩევები
არ შეზღუდოთ მოძრაობა და სიარული. პირიქით, დღეში 2-3 საათი მაინც ისეირნეთ. აუცილენლად ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი, რომელიც სიარულისას არ შეგაწუხებთ. დაიმახსოვრეთ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ხანგრძლივად სიარული ძაბავს ფეხებს და იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს.
ყოველდღიურად ადით და ჩამოდით კიბეზე. ეს ერთგვარი ვარჯიშია არა მხოლოდ მუხლისთვის, არამედ მთლიანად ფეხებისათვის. ამით გამიმაგრებთ ფეხის კუნთებს და გაიჯანსაღებთ სისხლძარღვებს.
ყურადღება მიაქციეთ კვებას. გარდა იმისა, რომ დიდი რაოდენობით შაქრისა და ცხიმების შემცველი პროდუქტები წონას მოგიმატებენ, ისინი უარყოფითად მოქმედებენ სახსრებზე. ამიტომ საკვები რაციონი ბოსტნეულით, ხილით, რძის ნაწარმითა და ზღვის პროდუქტებით გაამდიდრეთ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account