
მონკასტა - ბრონქიალური ასთმის პრევენციისა და მკურნალობისთვის, ასევე, სეზონური ალერგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად განკუთვნილი პრეპარატია, რომელიც გამოდის ტაბლეტების სახით და შეგიძლიათ შეიძინოთ პსპ-ს აფთიაქებში.
რისგან შედგება პრეპარატი მონკასტა და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?
მონკასტას აქტიური ინგრედიენტია მონტელუკასტი, რომელიც წარმოადგენს ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტს. აღნიშნული ნივთიერება ბლოკავს ლეიკოტრინებს - ფილტვებში ბუნებრივად წარმოქმნად ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებას და შევიწროვებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ასთმისა და ალერგიულ სიმპტომებს. ლეიკოტრინების აქტივობის დაბლოკვა კი ამსუბუქებს ასთმისა და სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომების გამოვლინებას.
აღნიშნული თვისებების გამო, პრეპარატი აქტიურად გამოიყენება ბრონქიალური ასთმის პრევენციისა და მკურნალობისთვისა და სეზონური ალერგიის დღისა და ღამის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
როგორ მივიღოთ მონკასტა — წესები და დოზირება
მონკასტა უნდა მიიღოთ მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით. პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- 15 წელს ზემოთ ასაკის, ასთმის ან ალერგიული რინიტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებული დოზაა 10 მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში;
- 2-დან 6 წლამდე ბავშვებში- 4მგ. მონკასტა 1-ჯერ დღეში, დასაღეჭად;
- 6-დან 14 წლამდე ბავშვებში - 1 საღეჭი აბი 1-ჯერ დღეში.
- მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის შესწავლილი 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში, ამიტომ მისი მიღება ამ ასაკობრივ ჯგუფში შეზღუდულია.
მიუხედავად სიმპტომების არსებობისა ან არარსებობისა, მკურნალობა უნდა გააგრძელოთ ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმავლობაში, რათა შეინარჩუნოთ ასთმის სიმპტომების კონტროლი.
გაითვალისწინეთ: პრეპარატს შეუძლია ასთმის სიმპტომების გაუმჯობესება, მხოლოდ მისი ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში.
რა უნდა იცოდეთ დოზის გადაჭარბების ან გამოტოვების შემთხვევებში?
თუ შემთხვევით გადააჭარბეთ მონკასტას საჭირო დოზას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
დოზის გადაჭარბებისას ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტებია: მუცლის ტკივილი, ძილიანობა, წყურვილი, თავის ტკივილი, ღებინება და ჰიპერაქტივობა.
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ მონკასტას მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად და განაგრძეთ მკურნალობა ჩვეულ რეჟიმში.
რა უნდა იცოდეთ პრეპარატის მიღებამდე? - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მონკასტას მიღებამდე აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ნებისმიერი სამედიცინო პრობლემის ან ალერგიის შესახებ, რომელიც გაქვთ ან გქონიათ ახლო პერიოდში.
- მონკასტას მიღება არ შეიძლება, თუ გაქვთ მაღალი მგრძნობელობა მონტელუკასტის ან მონკასტას ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ;
- იმ შემთხვევაში, თუ ასთმის სიმპტომები გაუარესდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს;
- თუ თქვენ გესაჭიროებათ ბეტა-აგონისტი ინჰალატორის ჩვეულებრივზე უფრო ხშირი მიღება, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
გაითვალისწინეთ: მონკასტა არ არის მწვავე ასთმური შეტევების სამკურნალო პრეპარატი, ამიტომ იგი ვერ დაგეხმარებათ მწვავე ასთმური შეტევის დროს და შესაბამისად, არ უნდა იქნას გამოყენებული ამ მიზნით.
მონკასტამ არ უნდა ჩაანაცვლოს კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, რომლებსაც უკვე იღებთ.
რომელ პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება მონკასტას მიღება?
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლოა შეაფერხოს მონკასტას მოქმედება და პირიქით - შეიძლება, მონკასტამ მოახდინოს სხვა პრეპარატების ეფექტიანობის შემცირება.
მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:
- ფენობარბიტალი;
- ფენიტოინი;
- რიფამპიცინი.
ასევე არ არის რეკომენდებული მონკასტას მიღება ისეთ მედიკამენტებთან, რომელთა შემცველობაში ასევე შედის ნივთიერება მონტელუკატსი.
შეიძლება თუ არა მონკასტას მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში?
თუ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, მონკასტას მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან. ორსულობაში მონკასტას მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არის გამოწვეული. მკურნალობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობით.
ასევე არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა მონკასტა დედის რძეში. ამიტომ თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ ჩვილს ან აპირებთ მის ძუძუთი კვებას, მონკასტას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს პრეპარატის მიღებას?
ყველა პრეპარატის მსგავსად, მონკასტამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა იშვიათ შემთხვევაში.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: მუცლის ტკივილი და თავის ტკივილი. აღნიშნული მოვლენები ჩვეულებრივ არის სუსტი.
თუმცა არსებობს მონაცემები უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენების შესახებ, როგორიცაა:
- სისხლდენისკენ მიდრეკილება;
- ალერგიული რეაქციები - გამონაყარი, სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება;
- უძილობა, ღამის კოშმარები, ადვილად გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, აგზნებადობა, დეპრესია, ტრემორი;
- თავბრუსხვევა, ძილიანობა, ჩხვლეტის შეგრძნება და/ან დაბუჟება, პაროქსიზმი;
- ტაქიკარდია;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- დისპეპსია, დიარეა, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება;
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი).
- სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ქავილი, სუსტი წითელი ლაქები კანქვეშ;
- სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი;
ასთმის მქონე პაციენტებში, პრეპარატით მკურნალობისას, ძალზე იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გრიპის მსგავსი დაავადება, ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებსა და ხელებში, მათი დაბუჟება, პულმონალური სიმპტომების გაუარესება, გამონაყარი (ჩარგ-სტრაუსის სინდრომი).
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, ან ზოგიერთმა სიმპტომმა მიიღო სერიოზული სახე, აუცილებლად დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account