დეკოლეროლი ფორტე — D ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად

დეკოლეროლი ფორტე თურქული წარმოების პრეპარატია, რომელიც წვეთებისა და კაფსულების სახით არის წარმოდგენილი. ის D ვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის დროს გამოიყენება.

აფთიაქებში ხელმისაწვდომია დეკოლეროლი ფორტე 15000სე 10 მლ, რომლის 1 მლ წვეთი 0.375 მგ ვიტამინ D3-ს შეიცავს. დეკოლეროლი ფორტე 5000სე და დეკოლეროლი ფორტე 20000სე კაფსულების სახით არის წარმოდგენილი, რომლებშიც ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) შედის.

დეკოლეროლი ფორტე III ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და PSP-ის აფთიაქების ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

როდის იყენებენ დეკოლეროლი ფორტეს?

როგორც აღვნიშნეთ, დეკოლეროლი ფორტე D ვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის დროს გამოიყენება. მას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად და პრევენციისთვის მიმართავენ.

დეკოლეროლი ფორტეს პაციენტებს უნიშნავენ რაქიტის სამკურნალოდ. ეს არის ძვლის დაავადებაა, რომელიც D ვიტამინის დეფიციტითაა გამოწვეული. პრეპარატს მიმართავენ ოსტეომალაციის დროსაც - დაავადება, რომელიც ძვლის შემადგენლობაში მინერალების შემცირებასთან არის დაკავშირებული.

ეს მედიკამენტი გამოიყენება ძვლის დაშლის, იმავე ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. როგორც დამხმარე საშუალებას, მას მიმართავენ ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკის თავიდან არიდების მიზნით.

პრეპარატი, ასევე დამხმარე საშუალების სახით, ჰიპერპარათიროიდიზმის მკურნალობისასაც გამოიყენება. ეს არის დაავადება, რომელიც პარათიროიდულ ჯირკვალში სიმსივნეების წარმოქმნასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ჯირკვალი გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც ორგანიზმში კალციუმის ცვლის რეგულაციაში მონაწილეობს.

წვეთების გამოყენების წესი და დოზები

დეკოლეროლის წვეთები პერორალურად, დღეში ერთხელ მიიღება. 1 მლ დეკოლეროლი ფორტე 25 წვეთს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა მიიღოთ. თუმცა, ჩვეულებრივ, დეკოლეროლი ფორტეს წვეთების რეკომენდებული დოზა შემდეგნაირად განისაზღვრება:

D ვიტამინის დეფიციტის ან უკმარისობის დროს - დღეში 1-6 წვეთი, რაც 600-3600სე-ს შეადგენს (D3 ვიტამინის რაოდენობა სე ეკვივალენტში)

მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის - დღეში 1-3 წვეთი, რაც 600-800 სე-ს უტოლდება.

მალაბსორბციით გამოწვეული D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობის მიზნით - დღეში 1-16 წვეთი, რაც 600-9600 სე-ს ეკვივალენტია.

ჩვილებსა და ბავშვებში რაქიტის მკურნალობისას - 1 წლამდე ასაკში ინიშნება 5 წვეთი (3000 სე) დღეში; 1 წლის ზემოთ ასაკში 10 წვეთი (6000 სე) დღეში. შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს დღეში 1 წვეთს (600 სე).

D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ოსტეომალაციის მკურნალობის დროს - რეკომენდებულია დღეში 16 წვეთი (9600 სე). შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს დღეში 2-3 წვეთს (1200-1800 სე).

ოსტეოპოროზის დროს, დამხმარე მკურნალობის სახით, კალციუმთან ერთად ან ანტიოსტეოპოროზულ აგენტებთან კომბინაციაში - დოზა შეადგენს დღეში 1 წვეთს (600 სე).

ოსტეოპოროზული მოტეხილობების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში პროფილაქტიკის მიზნით - ინიშნება ასევე დღეში 1 წვეთს (600 სე).

მეორადი ჰიპერპარათიროიდიზმის დროს - რეკომენდებულია დღეში 2-5 წვეთი (1200-3000 სე).

აქვე აღსანიშნავია, რომ რუტინული გამოყენებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, რეკომენდებული სადღეღამისო დოზა 400-800 სე-ს შეადგენს, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დღიური დოზის 4000 სე-მდე გაზრდა, დაკვირვების ქვეშ.

კაფსულების მიღების წესი და დოზირება

დეკოლეროლი ფორტეს კაფსულები, წვეთების მსგავსად, პერორალურად მიიღება. კაფსული წყალთან ერთად უნდა გადაიყლაპოს. სასურველია მედიკამენტის სადილის დროს მიღება.

ზრდასრულებში ვიტამინი D-ის დეფიციტის მკურნალობისას რეკომენდებულია 40 000 სე ყოველკვირეულად, 7 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ინიშნება შემანარჩუნებელი თერაპია, რომლის დროსაც, ექიმის დანიშნულებისამებრ, დღეში 1 400-2, 000 სე მიიღება.

ვიტამინი D-ის დეფიციტის პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია 20 000 სე ყოველ 4 კვირაში ერთხელ. ზოგიერთ შემთხვევაში უმაღლესი დოზებია საჭირო.

რაც შეეხება ბავშვებს, D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ, 12-18 წლის პაციენტებში რეკომენდებულია 20 000 სე ყოველ ორ კვირაში. მკურნალობა 6 კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

D ვიტამინის დეფიციტის პრევენციის მიზნით კი, 12-18 წლის პაციენტებში, ინიშნება 20 000 სე ყოველ 6 კვირაში.

დეკოლეროლი ფორტეს კაფსულების გამოყენება არ არის რეკომენდებული ჩვილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

თქვენთვის საჭირო ზუსტი დოზის განსაზღვრისთვის, უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია.

მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები დეკოლეროლი ფორტეს გამოყენებისას

პრეპარატების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება დეკოლეროლი ფორტეს გამოყენებამაც გამოიწვიოს. ისინი ვლინდება პაციენტებში,  რომელთაც მედიკამენტში შემავალი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა აქვთ.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა დაბალია, თუ დეკოლეროლი ფორტეს რეკომენდებული დოზებით, ექიმის დანიშნულების შესაბამისად იღებთ. არასასურველი შედეგი შეიძლება მოჰყვეს D3 ვიტამინის მაღალი დოზების მიღებას და მკურნალობის პერიოდის უკონტროლოდ გაგრძელებას.

პრეპარატით მკურნალობისას, უცნობი სიხშირით, შეიძლება შარდში კალციუმის დონის მომატება, სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაცია, იგივე ჰიპერკალცემია და სისხლში ნარჩენი აზოტის მომატება აღინიშნოს. ამ ყოველივეს დადგენა სისხლისა და შარდის ტესტებით არის შესაძლებელი.

დეკოლეროლი ფორტეს გვერდით მოვლენებს შორის შეიძლება იყოს საჭმლის მონელების დარღვევა, მათ შორის ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა, მუცლის ტკივილი და გულისრევა. გარდა ამისა, წამალმა შეიძლება ცხელება გამოიწვიოს.

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ზოგჯერ ვლინდება სიმპტომებში, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, თეთრი ან მოწითალო ბუშტები კანზე (ჭინჭრის ციება).

მედიკამენტით მკურნალობისას შეიძლება შარდვის სიჭარბე (პოლიურია), მომატებული წყურვილი (პოლიდიფსია) ან შარდის გამოყოფის დათრგუნვა (ანურია) აღინიშნოს.

დეკოლეროლი ფორტეს ჭარბი დოზით მიღებისას ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი არსებობს. მისი სიმპტომებია დაღლილობა, ეიფორია, თავბრუსხვევა, გონების არევა, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, წონაში კლება, წყურვილი, ხშირი შარდვა, თირკმელებში კენჭების წარმოქმნა ან მარილის დაგროვება, ძვლებში მოჭარბებული კალციფიკაცია და თირკმელების უკმარისობა, გულის რიტმულობის დარღვევა, პანკრეატიტი და სხვა.

ამ სიმპტომების გამოვლენისას მოერიდეთ მზის ნათებას. იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტის მიღებიდან დიდი დრო არ არის გასული, გამოითავისუფლეთ კუჭი  ღებინების დახმარებით.

თუ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენიდან რომელიმე შენიშნეთ ან პრეპარატის ჭარბი დოზა მიიღეთ, ექიმს ან ფარმაცევტს მიმართეთ.