ბენევრონი — B ჯგუფის ვიტამინებით გამდიდრებული პრეპარატი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ

ბენევრონი თურქული წარმოების პრეპარატია, რომელიც შაქრის გარსით დაფარული ტაბლეტებისა და ამპულებში მოთავსებული ხსნარის ფორმით არის ხელმისაწვდომი. ის B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს შეიცავს. პრეპარატის ორივე ვერსია - ბენევრონი BF და ბენევრონი B - ფარმაცევტული პროდუქტების III ჯგუფს მიეკუთვნება და PSP-ის აფთიაქების ქსელებში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

რას შეიცავს ტაბლეტები და ხსნარი? 

ბენევრონი BF-ის თითოეულ ტაბლეტში 250 მგ ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი), 15 მგ ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), 200 მგ ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), 0,50 მგ ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) და 0,25 მგ ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) შედის.

გარდა ამისა, ტაბლეტები დამხმარე ნივთიერებების სახით პოვიდონს (K30), მიკროკრისტალურ ცელულოზას, კალციუმის ჰიდროფოსფატს, გასუფთავებულ ტალკს, მაგნიუმის სტეარატს, სილიციუმის კოლოიდურ უწყლო დიოქსიდს, ნატრიუმის მეტაბისულფიტს, დინატრიუმის ედეტატს, ნატრიუმის მეთილპარაბენს, ნატრიუმის პროპილპარაბენსა და ნატრიუმის კროსკარმელოზას შეიცავს.

ტაბლეტების გარსი შელაკის, საქაროზას, ტიტანის დიოქსიდის, გუმიარაბიკის, პონსო 4R სუპრას, კალციუმის კარბონატის, ჟელატინის, თეთრი ცვილისა და კარნაუბის ცვილისგან შედგება.

რაც შეეხება ბენევრონი B-ის, პრეპარატის ერთ ამპულაში 250 მგ ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი), 4 მგ ვიტამინი B2 (რიბოფლავინი, რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატის ფორმით), 250 მგ ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) და 1500 მკგ ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) შედის.

დამხმარე ნივთიერებების სახით ხსნარი შეიცავს ბენზილის სპირტს, მონოთიოგლიცეროლს, ნატრიუმის ჰიდროკარბონატს, დინატრიუმის ედეტატსა და საინიექციო წყალს.

რას მკურნალობენ ბენევრონით? 

ბენევრონი B1, B2, B6 და B12 ვიტამინების ჰიპო- და ავიტამინოზის დროს გამოიყენება. მას ასევე მიმართავენ ნერვული სისტემის დაავადებების სიმპტომური მკურნალობისთვის, მაგალითად, როგორიცაა პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, პერიფერიული პარეზები და დამბლები, ნევრალგიები, რადიკულიტები, სარტყლისებრი ჰერპესი, ნეკნთაშორისი ნევრალგიები, სახის ნერვის პარეზები, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, სამწვერა და სახის ნერვის ნევრალგია, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები და სხვა.

პრეპარატს უნიშნავენ დიაბეტური, ალკოჰოლური, პოსტტრავმული ენცეფალოპათიით დაავადებულ ადამიანებს. მისი მიღება რეკომენდებულია სხვადასხვა გენეზის ანემიების დროსაც.

ბენევრონით მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, მათ შორის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას, ქრონიკულ გასტრიტს, ენტეროკოლიტს, ღვიძლის ციროზსა და ჰეპატიტს.

პრეპარატი კანის დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება. მაგალითად, მას მიმართავენ ეგზემისა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზების, ასევე დერმატიტებისა, ნეიროდერმიტებისა და ფსორიაზის დროს.

მედიკამენტი გამოიყენება სახსრების დაავადებების: ართრიტის, ოსტეოართროზის, რევმატიზმისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. ის ეფექტიანია მომატებული ფიზიკური დატვირთვის დროსაც.

ბენევრონოთ ოფთალმოლოგიურ დაავადებებს, მათ შორის ჰემერალოპიას, კონიუნქტივიტს, კერატიტს, ირიდოციკლიტს, კატარაქტასა და რქოვანას წყლულს მკურნალობენ.

მას ასევე მიმართავენ იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკისა და კორექციისთვის.

რა დოზებით და როგორ უნდა გამოვიყენოთ პრეპარატი?

ბენევრონი BF პერორალურად, პირის ღრუს გავლით მიიღება. პრეპარატის რეკომენდებული დოზა ჭამის დროს 1 ტაბლეტს შეადგენს. წამალი დღე-ღამეში 1-3-ჯერ უნდა დალიოთ.

2-დან 5 წლამდე ბავშვებში ინიშნება ნახევარი ტაბლეტი, 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში კი – 1 ტაბლეტი დღე-ღამეში 1-2 ჯერ მისაღებად.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ავადმყოფის მდგომარეობის ცვლილებაზეა  დამოკიდებული.

რაც შეეხება ბენევრონი B-ის, ხსნარი ორგანიზმში ინსტრამუსკულარული შეყვანის გზით აღწევს. პრეპარატის დოზირების რეჟიმსა და გამოყენების ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.

თუმცა, ჩვეულებრივ, 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება 3 მლ (1 ამპულა) ერთხელ დღეში. საინიექციო ხსნარი კუნთში ღრმად შეჰყავთ.

ექიმის დანიშნულებით შეიძლება პაციენტმა პრეპარატის 1 ამპულა 2-3 დღეში ერთხელ გამოიყენოს.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება აღინიშნოს ბენევრონის მიღების შემდეგ? 

პრეპარატების დიდი ნაწილის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება ბენევრონის მიღების შემდეგაც აღინიშნოს. მაგალითად, იმუნური სისტემის მხრივ ზოგჯერ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ვლინდება, მათ შორის: ანაფილაქსია, გამონაყარი ან ჭინჭრის ციება.

ნერვული სისტემის მხრივ პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს პარესთეზია; სისხლძარღვების მხრივ კი - ჰიპოტენზია.

ორგანიზმში ხსნარის შეყვანის შემდეგ ზოგჯერ ინიექციის ადგილას ტკივილი და შეშუპება აღინიშნება. სხვა დაფიქსირებულ სიმპტომებს შორისაა ცხელება, შემცივნება, ალები, თავბრუსხვევა, გულისრევა, აკნე, ბულოზური გამონაყარი, ტრემორი და სხვა.

მეგალობლასტური ანემიის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების პირველი კვირების განმავლობაში რეაქტიული თრომბოციტოზის განვითარების რისკი იზრდება.