
იცოდით, რომ ორგანიზმში ენერგიის გამომუშავებისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ლ-კარნიტინი ასრულებს? ეს ნივთიერება სხეულის თითქმის ყველა უჯრედში აღწევს.
სამკურნალო საშუალება, რომელზეც ამ ბლოგში მოგიყვებით, მეტაკარტინია და იგი სწორედ ლ-კარნიტინს, ასევე ცნობილს როგორც ლევოკარნიტინს შეიცავს. მედიკამენტის საერთაშორისო დასახელებაც სწორედ ლევოკარნიტინია.
მეტაკარტინი საჭმლის მომნელებელი სისტემისა და მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიურ ჯგუფს განეკუთვნება. ის გამოიყენება კარნიტინის პირველადი, ან მეორადი დეფიციტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, ასევე როდესაც კარნიტინის დეფიციტი თირკმლის უკმარისობით არის გამოწვეული, მაგალითად ტერმინალურ სტადიაზე, ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებისთვის.
დამატებით, სხვა ჩვენებები, რომელიც მედიკამენტის ანოტაციაში არის გაწერილი, შემდეგია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები, უშვილობა მამაკაცებში, გულის იშემიური დაავადებებისას მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის დარღვევები და სხვა.
პრეოარატის ანოტაცია - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ანოტაციის მიხედვით, მეტაკარტინი მეტაბოლური პროცესების კორექციისთვის გამოიყენება. იგი სააფთიაქო ქსელებში სუსტად შეფერილი, გამჭვირვალე ხსნარის ფორმით არის ხელმისაწვდომი. ერთი ფლაკონის შედგენილობაშია აქტიური ნივთიერება ლევოკარნიტინი, ხოლო დამხმარე კომპონენტების სახით: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
გაითვალისწინეთ, რომ თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ, მისი მიღება უკუნაჩვენებია.
თუკი დაიწყეთ პრეპარატის მიღება და გრძნობთ ცვლილებას საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, მაგალითად ტკივილი, ან დისკომფორტი გაქვთ მუცლის ზედა ნაწილში, ან დისპეფსიის სხვა მოვლენებს განიცდით, ასევე თუ გაქვთ კრუნჩხვების შეტევა — ეს გვერდითი მოვლენების ჩამონათვალია და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე?
მეტაკარტინის მიღებამდე უნდა შეიმოწმოთ გლუკოზის დონე, შემდეგ კი რეგულარულად აკონტროლოთ იგი, რადგანაც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მეტაკარტინის დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება, გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების შედეგად.
რაც შეეხება განსაკუთრებულ მდგომარეობებს, გაითვალისწინეთ, რომ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მეტაკარტინი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიული სარგებელი აღემატება რისკს, ამიტომ აუცილებელია თქვენს მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუკი ორსულად ხართ, ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს და საკითხი დადგება მეტაკარტინის მიღების შესახებ.
როგორ გამოვიყენოთ მეტაკარტინი — მიღების წესი
შეხსენების სახით, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, მიღების დოზა, წესი და ხანგრძლივობა უნდა იყოს მორგებული თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
რაც შეეხება ანოტაციაში მითითებულ ინფორმაციას, მეტაკარტინი შეგიძლიათ მიიღოთ პირდაპირ და გაზავების გარეშე, ასევე წყალში, ან ხილის წვენში გაზავების შემდეგ. დაიცავით თანაბარი ინტერვალი დღე-ღამის განმავლობაში პრეპარატის მიღებისას.
ანოტაციაში განსხვავდება მიღების დოზა 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. მაგალითად 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დოზას განსაზღვრავს ექიმი ბავშვის სხეულის წონის გათვალისწინებით. მოზრდილებში, ასევე 12 წლის ასაკზე უფროსი პაციენტებისთვის, საწყისი დოზა არის ერთი ფლაკონი, ანუ ლევორკარნიტინის 2 გრამი, დღე-ღამეში. დოზის ცვლილება და გაზრდა უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით.
მეტაკარტინის მიღების პარალელურად პაციენტი უნდა გადიოდეს მონიტორინგს, მაგალითად სისხლის ბიოქიმიური ანალიზით, ასევე სასიცოცხლო ფუნქციების მაჩვენებლების შეფასებით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account