ინფექციებს უროფოსით გაუმკლავდებით — რა უნდა იცოდეთ ამ პრეპარატის შესახებ

 

უროფოსი ანტიბაქტერიული პრეპარატია, რომელიც ფოსფონის მჟავას წარმოებულების ჯგუფს მიეკუთვნება. მისი აქტიური ნივთიერება, ფოსფომიცინის ტრომეტამოლი, ეფექტიანია მოზრდილებში ქვემო საშარდე გზების მწვავე, გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, უროფოსი პროფილაქტიკური მიზნებისთვის ქირურგიული და დიაგნოსტიკური პროცედურების დროს გამოიყენება.  

პრეპარატი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად განკუთვნილი 3გ. გრანულირებული ფხვნილის სახითაა წარმოდგენილი. თითო პაკეტი ფოსფომიცინის ტრომეტამოლსა (2გ. ან 3გ. ფოსფომიცინის ეკვივალენტური) და დამხმარე ნივთიერებებს შეიცავს, მათ შორის მანდარინისა და ფორთოხლის არომატიზატორებს, საქარინსა და საქაროზას, რაც მას სასიამოვნო გემოს სძენს. 

უროფოსი II ჯგუფის პრეპარატებს მიეკუთვნება და ფორმა N3 რეცეპტით გაიცემა.

უროფოსის ანოტაცია — რა დროს გამოიყენება და როგორ მიიღება

უროფოსი საშარდე გზების სხვადასხვა ტიპის ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის: მწვავე ბაქტერიული ცისტიტის, მორეციდივე ბაქტერიული ცისტიტის გამწვავების, ბაქტერიული არასპეციფიკური ურეთრიტის, ორსულობის დროს უსიმპტომო ბაქტერიურიისა და საშარდე გზების ოპერაციის შემდგომი ინფექციების დროს. პრეპარატი ასევე ეფექტიანია შარდგამომყოფი გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის, რომელიც საჭიროა ქირურგიული ჩარევისა და ტრანსურეთრალური დიაგნოსტიკური გამოკვლევების დროს.  

უროფოსი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღება, სპეციფიკური რეჟიმის დაცვით. ინფექციების მკურნალობისას პრეპარატი ერთჯერადი დოზის სახით უნდა მოიხმაროთ. ტრანსურეთრული ქირურგიული ან დიაგნოსტიკური პროცედურების დროს რეკომენდებულია ერთი პაკეტის მიღება ჩარევამდე 3 საათით ადრე და კიდევ ერთი პაკეტის მიღება 24 საათის შემდეგ.  

მიღების წესი მარტივია: პაკეტის შიგთავსი ოთახის ტემპერატურის ჭიქა წყალში იხსნება, ხსნარი კი მომენტალურად უნდა დალიოთ. უმჯობესია მშიერ კუჭზე, საკვების მიღებიდან 2-3 საათში, უპირატესად ძილის წინ, შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ.  

რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, უროფოსის მიღება 12 წლამდე ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა სათანადოდ შესწავლილი არაა. ხანდაზმულ პაციენტებში სპეციალური მითითებები არ არსებობს, თუმცა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის ექიმის რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.  

თუ პაციენტს თირკმლის მწვავე უკმარისობა აქვს, პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია, ხოლო ღვიძლის უკმარისობის დროს სპეციალური მითითებები არ არსებობს.  

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დოზის გადაჭარბების ან გამოტოვების შემთხვევაში. თუ შემთხვევით დიდი რაოდენობით უროფოსი მიიღეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ დოზა გამოტოვეთ, უმჯობესია, ის გახსენებისთანავე მიიღოთ, თუმცა გამოტოვებულის შესავსებად დოზა არ უნდა გააორმაგოთ.  

უროფოსით მკურნალობის შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა დაავადების გამწვავება ან მკურნალობის არასაკმარისი შედეგები აიცილოთ თავიდან.

რა უნდა გაითვალისწინოთ მკურნალობის დაწყებამდე

უროფოსის მიღება არაა რეკომენდებული, თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი სხვა კომპონენტების მიმართ. ასევე, მისი გამოყენება დაუშვებელია თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ჰემოდიალიზის პირობებში. პრეპარატი არ მიიღოთ, თუ ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალტაზას ნაკლოვანება გაწუხებთ.  თუ გაქვთ რაიმე ეჭვი ამ მდგომარეობებზე, მედიკამენტის მიღებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 

სიფრთხილეა საჭირო დიაბეტის შემთხვევაშიც, რადგან უროფოსის თითო პაკეტი 2.173 გრამ საქაროზას შეიცავს. ასევე, არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება, თუ თირკმლების ანთებითი პროცესები გაწუხებთ, როგორიც ნეფრიტი ან პიელონეფრიტია.  

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მკურნალობის პერიოდში ან მის შემდეგ წარმოშობილ მძიმე ან გახანგრძლივებულ დიარეას, რაც შესაძლოა, ნაწლავის ანთებითი პროცესის (ფსევდომემბრანული კოლიტი) ნიშანი იყოს.  

ორსულობის დროს უროფოსის მიღება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამ პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოებაზე საკმარისი მონაცემები არ მოგვეპოვება. თუ ორსულობა მკურნალობისას დადგინდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ლაქტაციის პირობებში უცნობია, გადადის თუ არა ფოსფომიცინი დედის რძეში. შესაბამისად, საჭიროა ექიმთან შეთანხმება, რათა სარგებელი და რისკი შეფასდეს.

რაც შეეხება ავტომობილის მართვასა და მოწყობილობებთან მუშაობას, რეაქციის სისწრაფეზე უროფოსის გავლენა უცნობია, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.  

მედიკამენტურ ურთიერთქმედებებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ მეტოკლოპრამიდი სისხლსა და შარდში  ფოსფომიცინის კონცენტრაციას ამცირებს, ამიტომ მათი კომბინირებული გამოყენება არაა რეკომენდებული. ამავე დროს, ციმეტიდინს ფოსფომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენა არ აქვს.  

ზოგიერთ შემთხვევაში უროფოსის მიღებამ შეიძლება დიარეა გამოიწვიოს, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. 

როგორია პრეპარატის შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, უროფოსსაც აქვს გვერდითი ეფექტების გამოწვევის პოტენციალი, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მისი კომპონენტების მიმართ მგრძნობიარენი არიან.  

თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ თქვენ განიცდით რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ სიმპტომს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას: კანზე გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, მცირე ზომის წითელი ლაქები კანზე, სახის ან ხორხის შეშუპება,ზედაპირული ვენების შესიება ან სისხლის უჯრედების მკვეთრი შემცირება, რაც აპლასტიური ანემიის ნიშანი შეიძლება იყოს.  

ასევე, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ პრეპარატის მიღების შემდეგ გაქვთ სისხლიანი ან ლორწოვანი დიარეა, ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სმენის დაქვეითება, სიყვითლე, მუცლის ტკივილი ან საშოს ლორწოვანი გარსის ანთება (ვაგინიტი). 

ეს მოვლენები სერიოზული ხასიათისაა და სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს. მწვავე გვერდითი მოვლენები იშვიათია, მაგრამ მათი გამოვლენის შემთხვევაში დროული რეაგირებაა აუცილებელი.  

თუ პრეპარატის მიღების შემდეგ ნაკლებად სერიოზული, თუმცა შემაწუხებელი სიმპტომები გამოგივლინდათ, როგორიცაა გულისრევა, დიარეა, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, მონელების დარღვევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ყელის ტკივილი, ალები ან სისხლისა და ღვიძლის მაჩვენებლების ცვლილება, ასევე მიმართეთ ექიმს. ეს სიმპტომები, როგორც წესი, ზომიერი ხასიათისაა და დროთა განმავლობაში ქრება, თუმცა სპეციალისტთან კონსულტაცია მაინც მნიშვნელოვანია. 

თუ რაიმე სხვა გვერდით მოვლენას შეამჩნევთ, რომელიც ინსტრუქციაში არ არის აღნიშნული, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.